"იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა. ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა. კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო, მარიამ შენგელია.
P.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ - უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, “ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, “ევროვიზიის” ვერცერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და, სამწუხაროდ, ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო…" - წერს "ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

მარიამ შენგელია - Eurovision Song Contest 2025
სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს სახელით Eurovision Song Contest 2025-ზე წარსდგა. მან საკონკურსო სიმღერა FREEDOM (თავისუფლება) შეასრულა.
სიმღერა ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
ოფიციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
სამწუხაროდ, მარიამ შენგელიამ ფინალში გადასვლა ვერ შეძლო და საქართველო კონკურსს 15 მაისს, ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ვინ არის მარიამ შენგელია
22 წლის მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა. ამჯერად მარიამი საქართველოს თავად წარადგენს.
მარიამი გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა:
მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა.