მაქსმა მზერა ჩემზე შეაჩერა და წარბები ოდნავ შეარხია, რითაც მიმახვედრა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას იწონებდა. როგორც ჩანს, არც მას ეხალისებოდა ღამის კლუბში წასვლა. ან ეზარებოდა, ან საერთოდ არ უყვარდა ღამის ცხოვრება.
_ წამო, რა, გაბი! _ შენობით მომმართა ლიკამ და ხვეწნა დამიწყო, _ ვიცეკვოთ, გავერთოთ. გთხოვ, რააა!
თავი ჯიუტად გავაქნიე.
_ მართლა არ მინდა. ისეთი რთული კვირა მქონდა, ასე მგონია, არასდროს დამთავრდება. ახლა მხოლოდ დასვენება მსურს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ოღონდ მართლა.
_ უი, თქვენ მუშაობთ? _ კვლავ მოატრიალა ჩემკენ მართამ თავი, _ რა ბედნიერებაა, რომ არ ვმუშაობ და ამით არ ვიტანჯები.
_ გაბი არ იტანჯება, _ მოულოდნელად შეეპასუხა მაქსი და ჯიბიდან პორტსიგარი დააძრო, _ ის უპირატესობას მუშაობას ანიჭებს.
მართა სავარძელში გასწორდა, თითქოს რაღაც საოცრება გაიგონაო და ინტერესით შემათვალიერა.
_ მართალია, _ დავეთანხმე მაქსს, _ მე მომწონს, როცა ფულს თავად გამოვიმუშავებ, _ მშვიდად ავხსენი.
მაქსი, რატომღაც, დაიძაბა, მართამ კი ზმორებით ქმარს გახედა:
_ ეგრე მეც გამოვიმუშავებ. ასე არ არის, ჩემო საყვარელო? _ მიმართა ქმარს და ტუჩები გაბუშტა.
დათო ისევ გაწითლდა, რადგან ყველა მიხვდა, მართამ რაც იგულისხმა.
_ აბა, კარგ დროს ტარებას გისურვებთ, _ წარმოვთქვი და კარისკენ გავემართე, _ მე ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ _ როგორმე საწოლამდე მივაღწიო. ძალიან დავიღალე.
_ ღამე მშვიდობისა, გაბი, _ დამემშვიდობა ზურა.
_ ყველას ღამე მშვიდობისა, _ ხელი `საყოველთაოდ~ ავიქნიე და გავედი.
მესმოდა, როგორ გავიდნენ სახლიდან. ერთდროულად ორი მანქანა დაიქოქა და გავიდა ეზოდან. ცოტა ხანს ვაცალე, მერე კი აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. მსიამოვნებდა, მარტო რომ დავრჩი. ღრიანცელის თავი არ მქონდა. ხმაურიანი საღამოები თბილისშიც არ მაკლდა, თანაც, სულ ახლახან დავბრუნდი რესტორნიდან, ისევ ხმაურში მიბრუნება არ მსურდა.
ერთადერთი, რასაც ახლა ვინატრებდი, ჩემ გვერდით მაქსის ყოფნა იყო. მასთან სწორედ რომ არ მოვიწყენდი, მაგრამ ამ სიამოვნებას ვინ მაღირსებდა? ლიკას რომ სცოდნოდა, რა აზრები მიტრიალებდა თავში, ალბათ გამწეწავდა. ამის გაფიქრებამ ტკივილი მომაყენა, მაგრამ მაინც გამეღიმა…
მეგონა, მარტო ვიყავი, ამიტომ ფეხის ხმა რომ მომესმა, ცოტა არ იყოს, შევკრთი. მოვიხედე და ნატო დავინახე. ქალი მაგიდიდან სიგარეტების ნამწვით სავსე საფერფლეებს იღებდა და მათ ადგილას ახლებს დებდა.
_ არ წახვედი მათთან ერთად? _ შინაურულად შემეკითხა, ისე უბრალოდ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით, _ სირცხვილი და თავის მოჭრა შენი! ასეთ ლამაზ გოგოს ასეთ დროს სახლში რა უნდა, ჰა? _ თან საქმიანობდა, თან შიგადაშიგ ეშმაკური ღიმილით გამომხედავდა.
_ არ მიყვარს ღამის გართობები, _ ვაღიარე, _ ეს მხოლოდ ხასიათს მიფუჭებს.
_ რას ამბობ, ადამიანო! შენ რანაირი მოდელი ხარ, დროს ტარება თუ არ გიყვარს? ნეტავ მე წამიყვანდეს ვინმე გასართობად, წავიდოდი კი არა, გავფრინდებოდი, _ თქვა და გულიანად გაიცინა.
_ რა ვიცი, აბა… მე ცოტა სხვანაირი ვარ, _ მხრების აჩეჩით მივუგე.
_ სხვანაირი კი არა, დიდებული გოგო ხარ. გაუმართლა ჩვენს ზურას.
_ მე და ზურა მხოლოდ მეგობრები ვართ, _ ვუთხარი, _ მაგრამ ძალიან მესიმპათიურება, ამას არ ვმალავ.
_ სასიამოვნო ბიჭია, ცოტა ჩხუბისთავი რომ არ იყოს. აი, მაქსი კი სულ სხვაა. ეჰ… _ ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა ნატომ, _ აი, ვინ არის ნამდვილი მამაკაცი, მაგრამ მაგ თოჯინა ლიკას გულისთვის დროს ტყუილად ხარჯავს. მაგას სულ სხვანაირი გოგო შეეფერება, უნდა დაქორწინდეს, შვილები იყოლიოს, თუმცა დღევანდელი ახალგაზრდების არ მესმის. მგონი, ახლა ყველა ბიჭი გაურბის დაქორწინებას. ცოლის მოყვანა არავის არ უნდა, ბატონო.
_ სამწუხაროდ, ასეა… _ დავეთანხმე, _ რა ლამაზია აქაურობა! _ წამოვიძახე, თვალები დავხუჭე და ზღვიდან მონაბერი ღამის ჰაერი ხარბად შევისუნთქე, _ ალბათ, რა სასიამოვნო იქნება ასეთ ამინდში სანაპიროზე დაძინება, არა?
_ კი, სასიამოვნო იქნება… ცხელი შოკოლადი არ გინდა? წავალ, მოგიდუღებ.
_ როგორ მიხვდით, რომ ცხელი შოკოლადი მიყვარდა? _ გამეღიმა.
_ ზურამ მითხრა, უყვარსო, თორმე მე საიდან უნდა მცოდნოდა. ისე, შენი არ ვიცი და მე დაძინებაში მაგრად მშველის.
_ არა, მადლობა. მის გარეშეც მშვენივრად დავიძინებ, ისე დამღალა დღევანდელმა დღემ, _ მივუგე და ოთახში შებრუნებულ ნატოს ფეხდაფეხ მივყევი.
დღეები ზანტად გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზურა შემპირდა, მე და შენ ცალკე ვიქნებით, მაქსს შეგვიძლია ახლოსაც არ გავეკაროთო, მაინც ერთად გვიწევდა ყოფნა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ლიკას ძალიან მოვწონდი. სადაც უნდა წასულიყო, მეც სულ თან მეპატიჟებოდა. არც მართა მიყურებდა ცუდი თვალით. ერთი სიტყვით, წყვილ-წყვილად დავდიოდით, მაგრამ შევამჩნიე, რომ ზურას მაგრად აღიზიანებდა, უფროსი ძმა გამუდმებით მის სიახლოვეს რომ ტრიალებდა. ეს ხასიათს უფუჭებდა. არც მე ვიყავი უკეთეს გუნებაზე. ლიკას და მაქსს ერთად რომ ვხედავდი, ჩემდა უნებურად ვნერვიულობდი, რაც არ მაძლევდა საშუალებას, დამევიწყებინა ჩემი ყოფილი შეყვარებული. პირიქით, რაც მეტ დროს ვატარებდი მის გვერდით, მით უფრო მიმძაფრდებოდა გრძნობები. ზურას არ ვშორდებოდი, მაგრამ ეს არ მშველოდა. წარსული გამუდმებით აქ იყო, მაქსთან ერთად და ისიც ხვდებოდა, რაც ჩემს თავს ხდებოდა. გამორიცხულია, ვერ მიმხვდარიყო.
ერთ საღამოს ძალით წამიყვანეს ღამის კლუბში. ვერ ვთქვი უარი, ისე გამოდიოდა, თითქოს მათთან გართობას ვუკადრისობდი.
წავედი… წავედი და გავერთე. თითქმის მთელი საღამო ზურასთან ერთად ვცეკვავდი. მერე ზურამ ცეკვაზე უარი თქვა და ბარს მიაშურა. შევამჩნიე, რომ ძალზე ბევრს სვამდა და შევშფოთდი. ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ პირდაპირ საცეკვაო მოედანზე გაითიშა _ პირდაპირ ჩემს ხელებში დაკარგა გონი.
დათომ თავი გამოიდო, მე წავიყვან სახლში, თქვენ დარჩითო, მაგრამ მაქსმა იუარა. არ მინდა, საღამო ჩაგაშხამოთ, მე თვითონ წავიყვანო. ლიკას უთხრა, შენც წამომყევიო, მაგრამ მან უარი თქვა, დარჩენა მირჩევნია, თუ დალევა არ შეეძლო, რას გაიტრიტა, ვინ აძალებდაო. მართალია, ამ სიტყვების გამო მაშინვე მოიბოდიშა, მაგრამ მაქსი უკვე მიხვდა, რა წარმოდგენისაც იყო მისი პარტნიორი ზურაზე. გაბრაზება ეგრევე შეეტყო სახეზე, თუმცა არაფერი უთქვამს. ძმას მხარში შეუდგა და გაიყვანა. მეც გავყევი. ზურას გარეშე აქ დარჩენა ნამდვილად არ მხიბლავდა.
_ ალბათ ასე ხშირად თვრება, როცა შენთან ერთადაა, არა? _ შემეკითხა მაქსი, როგორც კი მანქანა დაძრა.
_ არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. არასდროს.
_ მას უყვარს გათიშვამდე დალევა, _ თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
თბილი ღამე იყო, წყნარი. ნელა მივდიოდით, არც არსად გვეჩქარებოდა. _ რაღაც პერიოდში გაჩერდება ხოლმე, აღარ სვამს, მერე კი ისევ ძველებურად შეუბერავს. მე მგონი, ეს შენ გამო ხდება. ოდნავ რომ იგრძნოს შენი მხრიდან ყურადღების მოდუნება, მაშინვე სასმელს ეძალება. თუ მართლა მისი მეგობარი ხარ, ძალიან გთხოვ, დაანებე თავი მის გაბრიყვებას.
_ მე ვაბრიყვებ? რას მელაპარაკები! მეტი რა გავაკეთო? სულ მის გვერდით ვარ, დილიდან საღამომდე. როდის ერთხელ მომიდუნებია ყურადღება? ან გაბრიყვებაში რას გულისხმობ? მან იცის, რომ ჩვენ შორის სხვა ურთიერთობა ვერ იქნება. ვამხიარულებ ისე, როგორც შემიძლია.
_ მაგრამ მას სულ სხვა იმედები აქვს, ხომ გესმის…
მრისხანე მზერა ვესროლე.
_ მაგით რისი თქმა გინდა? ლოგინში ჩავუხტე?
_ ეს შენს გეგმებში არ შედის? _ ირიბად გამომხედა.
_ ჯერ ერთი, შენი საქმე არ არის, მე ვის ჩავუხტები საწოლში და მეორეც… ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, მგონი.
_ კი ვილაპარაკეთ, მაგრამ ხომ ხედავ, რაც ხდება? შენ მასზე ცუდ გავლენას ახდენ. დღითი დღე უარესად ხდება. არ მომწონს მისი მდგომარეობა და, სიმართლე გითხრა, ეს მაშინებს.
_ შენ სულ ასე იყავი, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მის დაცვას ცდილობდი. სულ გეშინოდა, გზას არ ასცდესო, ასე რომ, ეს ახალი არ არის. რაც შემეხება მე… რა უნდა ვქნა, შენი აზრით? აღარ შევხვდე?
მაქსმა შემომხედა.
_ არა მგონია, ამან რამე შეცვალოს, _ ამოიხვნეშა და თავი გადააქნია, _ ცუდ დროს შემოიჭერი მის ცხოვრებაში.
_ ჩემი აზრით, ზურა ასე არ ფიქრობს. _ მშრალად ვესროლე და ზურგი ნახევრად შევაქციე.
მაქსმა მანქანა გარაჟში შეაყენა და ზურა ისე აიყვანა ხელში, თითქოს მხოლოდ ცხრა კილოგრამს იწონიდა. საძინებელში შეიყვანა, ტანსაცმელი გახადა და საზაფხულო პლედი გადააფარა. მე სასტუმრო ოთახში გავედი და ფანჯარათან დავდექი. მალე მაქსიც შემომიერთდა.
_ ხვალ უკვე მწყობრში იქნება, _ თქვა მან, _ ახლა მხოლოდ კარგად გამოძინება სჭირდება. ადრე არ ადგება, ისედაც უყვარს ლოგინში გორაობა. ხვალ ვერც სხვები ადგებიან ადრე, ყველა გამოიბრუჟა, _ ამ სიტყვებით სიგარეტს მოუკიდა, _ ვხედავ, რომ შენ საერთოდ არ სვამ. რატომ?
_ იმიტომ, რომ იმიტომ. _ მოკლედ ვუპასუხე.
_ ამბობენ, რომ დედაშენს უყვარდა დალევა… ასეა?
_ ჰო, ცოტ-ცოტას გადაჰკრავდა ხოლმე.
_ არ მიყვარდა დედაშენი, ალბათ შუბლებით დავეჯახებოდით ერთმანეთს, ჩვენი შეხვედრები რომ გაგრძელებულიყო.
ამის გაგონებაზე დავიძაბე.
_ მე მგონი, შენ დედაჩემი სულ ერთხელ გყავს ნანახი. განა ასე არ არის? ისიც მაშინ, როცა ფული მოგცა, ის ლეგენდარული თანხა, რის გამოც მიმატოვე.
მაქსს თვალები ნაპერწკლებით აევსო. სახეში ჩამხედა და მოსხეპით მითხრა:
_ პირველი შემთხვევა არ არის, მაგას რომ მაბრალებ! ჰო, ავიღე ფული, მაგრამ ის თუ გითხრა ვინმემ, მერე უკან რომ დავაბრუნე?
ვიგრძენი, ფეხები როგორ ამიკანკალდა.
_ არა… _ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მივუგე.
_ ჰო, დავაბრუნე… თანაც, პროცენტებით, _ გაიმეორა და ჩემკენ შემობრუნდა.
მის ყურებას არაფერი სჯობდა _ გარუჯული, მამაკაცური, ათლეტური. ჩემამდე მისი სხეულის სურნელმა მოაღწია. თვალები დავხუჭე, ძალა არ შემწევდა აბობოქრებულ მღელვარებას გავმკლავებოდი.
_ შეგეძლო ეს ჩემთვის გეთქვა, _ ვთქვი, თუმცა მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სიმართლეს ამბობდა.
_ რა საჭირო იყო? ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, მორჩა, ჯვარი დასმულია. იქნებ არ შეგიმჩნევია, რომ ახლა სხვა მყავს?
_ ამის არშემჩნევა ძნელია, ისეა შენზე მოწებებული, _ დატკბილული ხმით შევნიშნე.
_ ისურვებდი მის ადგილას ყოფნას? _ დამცინავად მკითხა, _ ღამით, საწოლში, ჩემს მკლავებში.
_ მეტი საქმე არა მაქვს! _ აღვშფოთდი.
მას მოეწონა ჩემი რეაქცია. თავი უკან გადააგდო და გადაიხარხარა, თვალებში გამარჯვების ცეცხლი აუკიაფდა.
_ ეჭვიანობ? ახლაც კი?
_ ნუ იგონებ, რა. _ გაღიზიანებულმა მივუგე, _ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. აქ მე ზურასთან ერთად ვარ და არა შენთან.
_ შენ ზურას არ გამოჰყვებოდი აქ, ჩემი ნახვის მოლოდინი რომ არ გქონოდა. ახლოს გინდოდა ჩემთან ყოფნა და იმიტომ ჩამოხვედი. იმედია, არ დაგვიწყებია, რაც ხდებოდა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს. ლამის ჭკუაზე გადახვედი, მეხვეწებოდი…
_ ო, როგორი თავდაჯერებული ხარ! _ ვიფეთქე, _ მაშინ მე მთლად ბავშვი ვიყავი. არ გქონდეს იმედი, რომ იგივე განმეორდება… არასდროს.
_ ნუ მაგულიანებ, გაბი, ნუ მიწვევ. არ გეშინია, საპირისპიროს დამტკიცებას რომ შევეცადო?
_ აღტაცებისგან გული არ წამივა! _ დავუღრინე, _ იქნებ ჯობდეს, კლუბში დაბრუნდე? ლიკა გელოდება. რას ჩამომიჯექი აქ? ვინ იცის, რას იფიქრებს შენი ქალბატონი, აქ რომ ყურყუტებ, ჩემ გვერდით?
_ მე ლიკას საკუთრება არ ვარ. არ არსებობს ქალი, ჩემი მართვა შეძლოს და მაკეთებინოს ის, რაც მას უნდა.
_ შენ მართალი ხარ, ხომ იცი… სიყვარულია ერთადერთი საშუალება, რომელიც შენს დამორჩილებას შეძლებს, მაგრამ აბა, შენ სად შეგიძლია სიყვარული?
_ რაც გინდა ის თქვი. მაგრამ ამაღამ ჩემს საწოლში რომ გიხმო, ნაძლევს ჩამოვალ, რომ კისრისტეხით გამოიქცევი.
რა თქმა უნდა, გავიქცეოდი, მაგრამ მას არ უნდა სცოდნოდა ეს.
_ ნუთუ? _ ამრეზით ავხედე.
_ კარგი, ვნახოთ, _ დამექადნა, _ ღამე მშვიდობისა, პატარავ. ტკბილად იძინე.
რა უცნაურად იქცეოდა… ვერ გამეგო, საით უმიზნებდა. რატომღაც, გონებაში ლიკა ამომიტივტივდა. იმდენი ვიფიქრე მასზე, რომ თავი ამტკივდა. ორი აბი ასპირინი დავლიე და ლოგინში შევწექი. რაც უნდა უცნაური იყოს, მალევე ჩამეძინა.
დილაუთენია გამომეღვიძა. ჯერ მზეც არ ამოწვერილიყო, ნახევრად ბნელოდა. ზღვის ხმაური ჩამესმა. როგორც ჩანს, ღელვამ იმატა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ წამიც და ტალღები ჩემს საძინებელს მოასკდებოდა, ისე ახლოს ისმოდა ღელვის ხმა. საწოლში წამოვვიწიე. ისეთი გამჭვირვალე პერანგი მეცვა, რომ ჩემი სხეული ვერც გრძნობდა მას. კონდიციონერს ვერასდროს ვიტანდი, ამიტომ დაწოლის წინ გამოვრთე, სამაგიეროდ აივნის კარი დავტოვე ღიად, რათა ზღვის ჰაერს გავეგრილებინე. ამიტომაც ამწუთას თავს ღვთაებრივად ვგრძნობდი, გარედან შემოჭრილი ნიავი თითქოს რაღაცას ალერსიანად მეჩურჩულებოდა.
სასიამოვნო იყო რბილ საწოლში ნებივრობა ზღვისპირა ქალაქში, სუფთა თეთრეულში. ისევ მივდე თავი ბალიშზე, გვერდზე გადავტრიალდი და ის იყო, ძილის შებრუნებას ვაპირებდი, რომ ნაბიჯების ხმა გავიგონე.
გაგრძელება იქნება