"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან - მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი, ღამეების განმავლობაში არ მძინავს..." - ნუკი კოშკელიშვილის ბანკეტის ამბავი - Marao

"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან - მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი, ღამეების განმავლობაში არ მძინავს..." - ნუკი კოშკელიშვილის ბანკეტის ამბავი

2025-05-19 14:45:06+04:00

ნუკი კოშკელიშვილი და ბანკეტის ამბავი 

"ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან, სხვა არ მაქვს. მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი, ღამეების განმავლობაში არ მძინავს, მე თან ფარული, ჩუმი სიყვარული ვიცოდი. მოკლედ, ყველაზე კარგად უნდა გამოვიყურებოდე, დედაჩემი პარიზში მიდიოდა და დავაბარე, აი, ყველაზე უცხო და განსხვავებული რაც შეგხვდება, ის მიყიდე-მეთქი. მაშინ ფოტოების ჩაგდება და ვაიბერი არ იყო, სიტყვიერად აღმიწერა... ჩამომიტანა ორეული ძალიან ლამაზი, მთელი გულით მიყიდა, დღე და ღამე მაგაზე მელაპარაკებოდა, მე კიდე წინა საბანკეტო სამზადისში გავსუქდი და არ მეტევა ნორმალურად, თან ჩვენი გემოვნება რადიკალურად განსხვავდება. რაღაც გრანდიოზული ბზინვარე კაბა წარმომედგინა და ვარ ცხვირ ჩამოშვებული (რა უმადურები ვართ შვილები). დილას გადავწყვიტე, ამ ჩემს აბრეშუმის ორეულს რუჯი მოუხდება-მეთქი, მეზობლებმა უკვე სამჯერ წამართვეს სახურავის გასაღები და ჩუმად შევიპარე, დაიკეტა კარი და მე თქვენ გეტყვით იქ ჩრდილი არსებობს, სადღაც 3-ზე რომ მომაკითხეს, სერიოზული დამწვრობა მქონდა.

მოვედი ბანკეტზე, გარდა იმისა, რომ ტონალური ზედ მადნება, ისე მიხურს სახე, ვერც მიფარავს სიწითლეს, თმა არ დამევარცხნა კარგად და სასაჩუქრე ყუთიდან პეპელა მოვხსენი და ისიც დავიმაგრე თავზე. მიახლოებით სურათი დაგიხატეთ. "გამოკვეტებული" ვარ ამ აბრეშუმის ორეულში, თურმანიძე მისვია და სულ ზედ მეწებება, უკვე ლაქებადაც ეტყობა, დიდად ვერ ვცეკვავ, მეწვის ყველაფერი. უკვე დასასრულისკენ მეუბნება ეს ჩემი კლასელი (ვინც ჩუმად მიყვარს), გავიდეთ დავილაპარაკოთო. აუფ, ვიფიქრე, ეგ არის, უნდა მითხრას, რომ მოვწონვარ და ტყუილად არ მიწვალია ამდენი... და მეუბნება… “ნუკი, როგორ ატყობ, ნინის ვევასებიო?!” მიწა გამისკდა და ჩამიტანა…

გავიდა ბევრი წელი, აღარც ვირუჯები ის ორეულიც ძალიან გემრიელად გვაცვია ყველას სახლში და შემხვდა ეს ჩემი კლასელი - “მე მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვარდიო და მაშინ ვერ გაგიბედე თქმა და ნინიზე გკითხეო”. ეჰჰჰჰ… ახლა რაღა დროის იყო, მე უკვე სულ სხვა მომწონდა, მაგრამ აქედან მორალი: ბავშვებო, ახლა იწყება თქვენთვის ყველაზე მაგარი ეტაპი, იყავით თავდაჯერებულები და ბედნიერები, წინ ბევრი სიახლე, ცოდნა, სიცილი, რომანი, სიყვარული და მოგონება გელოდებათ. გილოცავთ ბოლო ზარს და იცოდეთ, მოვა დღე და გაგეცინებათ წარუმატებლობაზე და ის, რაც ახლა ღამე არ გაძინებთ დარდისგან, არაფრად მოგეჩვენებათ", - წერდა ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წლის წინ საკუთარ გვერდზე და იმ პერიოდს იხსენებდა, რომლის გავლაც ახლა უამრავ აბიტურიენტს უწევს.