„მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია..." - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი - Marao

„მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია..." - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი

2025-05-20 11:18:01+04:00

ანა ლაშხელი - ონიანი: "მეეზოვე"

„მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს, ჩემს გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს. ხუთი წელია, ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და, ზოგადად ,დედამიწას, სადამდეც თვალი მიმიწვდება, ყველას გამარჯობას ვეუბნები.

ადამიანებს, ყველას, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით.

  • "ამ წერილს ჩუმად ვწერ და გიტოვებ; როცა წაიკითხავ, აქ არ ვიქნები... გიტოვებ ჩემს თოჯინას, დააკვირდი მის გახელილ, ცივ თვალებს… აი, ვინ არის შენი ნამდვილი შვილი… მხოლოდ მისთვის შეგიძლია დედობის გაწევა…" - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი დედას, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს 

ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა... ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის, ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლის ბაბუასავით მამიკო შემარქვა...

ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში... ვისაც არ უნდა შეხედო, ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემ მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში, მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც, სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე...

მე მეეზოვე ვარ... მეეზოვეს ქართულად მენაგვეს ეძახიან და ნაგვის სუნი ასდის... მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე..." 

ana_lashxeli

ანა ლაშხელი - ონიანი 

ანა ლაშხელი-ონიანი იყო ქართველი მწერალი და პოეტი, რომელიც 1986 წელს სვანეთში დაიბადა. ის სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე, შემდეგ კი თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

მისი შემოქმედება გამოირჩეოდა სიღრმითა და ემოციური დატვირთვით. გამოცემული აქვს კრებულები: „მთვარის სევდა“, „მეოცე გაზაფხული“ და „თეთრი და შავი“. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობაა „აკვანი“, რომელიც ბაბუის წერილის ფორმითაა დაწერილი და სევდიანი ამბავია დაკარგულ ოჯახურ კავშირზე, ტრადიციებსა და სიყვარულზე. ამ მოთხრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მკითხველთა გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

  • ანა ლაშხელი-ონიანის წერილი ქალებს: "ნუ იცხოვრებთ ისე, რომ სარკეში თქვენ ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებოდეთ... კაცები, რომლებიც ქალებს ტოვებენ, ისევ ქალებთან გარბიან" 

ანა ლაშხელი-ონიანი 2018 წლის ოქტომბერში 32 წლის ასაკში გარდაიცვალა კუჭის სიმსივნით. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, თუმცა დაავადებამ მაინც იმსხვერპლა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ანას მეუღლემ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერს, როგორ ცდილობდა ანას იმედის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გრძნობდა მდგომარეობის სიმძიმეს.

ანა ლაშხელი-ონიანის შემოქმედება და პიროვნება დღემდე ახსოვთ და აფასებენ საქართველოში. მისი ლექსები და ჩანაწერები სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება და მკითხველთა გულებში სამუდამოდ ცოცხლობს.