ვნებათა ჭიდილი - თავი 15 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 15

2025-05-21 10:13:39+04:00

წინა თავი

_ ოდესღაც მე შენი მეგობარი ვიყავი, _ რბილად წარმოთქვა, _ ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება. აღარ ჩავიდენდი იმას, რაც ჩავიდინე. საშინლად ვწუხვარ, ასეთი ტკივილი რომ მოგაყენე. მაშინ ვერ ვხდებოდი, ასეთი ღრმა თუ იყო შენი ჩემდამი სიყვარული, მაგრამ იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინე. ეს გავაკეთე შენი გულისთვის და ზურას გულისთვისაც. მე სხვა არჩევანი არ მქონდა.

რაღაც უცნაურ რამეს მეუბნებოდა, მაგრამ არ ვკითხე, რას გულისხმობდა. უკვე ისე ვიყავი გატანჯული, რომ ვერაფერზე ვერ ვრეაგირებდი.

_ შემობრუნდი ჩემკენ, გაბი.

არ გავნძრეულვარ. მაშინ მისმა ხელებმა შემომაბრუნეს ნელა, ძალიან ნელა. მერე ჩემი სახე კვლავ ხელისგულებში მოიქცია და გამომცდელად ჩამხედა თვალებში.

_ როგორ სევდიანი მწვანე თვალებია, _ გაწელილად წარმოთქვა, _ მომისმინე, საყვარელო! ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებიდან წარსული ამოვშალოთ. მაგრამ ის ხომ შეიძლება, ცოტათი განზე გავაჩოჩოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?

ხმაურით ამოვისუნთქე და თვალები ავატრიალე.

_ იცი, მაქს… მე არ მინდა…

_ ჰო, ვიცი, _ შემაწყვეტინა და ორივე ცერა თითი ჩემს ტუჩებზე გადაატარა, _ მე მინდა, რომ ჩვენ უბრალოდ, მეგობრები ვიყოთ. თუ შენ ზურასთან აპირებ ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ ჩვენ უნდა დავალაგოთ როგორმე ჩვენი ურთიერთობა. ასე არ არის?

სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი დავფრთხი, რადგან ახალი შემოტევის მუქარა ვიგრძენი. სახის გამომეტყველებამ გასცა მაქსი.

_ შენ მე არ მენდობი, ეს ვიცი, _ გააგრძელა მან, _ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა. შეეშვი ჩემს გაღიზიანებას, გამოწვევას და ისე მომეპყარი, როგორც ახალ ნაცნობს. შეგიძლია ამის გაკეთება?

_ არ ვიცი… _ ყოყმანით მივუგე. ეს იმწუთას საუკეთესო პასუხი იყო, რადგან არ ვიცოდი, `ჰოს~ ან `არას~ რა მოჰყვებოდა.

მაქსმა მზერა ზღვაზე გადაიტანა, მერე ისევ მე მომაჩერდა.

_ რატომ შეყოყმანდი? რა გაიფიქრე? ის, რაც ჩვენ შორის ცოტა ხნის წინ მოხდა? ამაშია პრობლემა? _ ხელები მხრებზე ჩამომისვა, _ ჩვენ, უბრალოდ, ვნება მოგვეძალა და ეს ძალზე ბუნებრივი იყო, თანაც სასიამოვნო. სულ არ მრცხვენია ამის და არც შენ უნდა შეგრცხვეს. ვეღარ გავაკონტროლეთ საკუთარი თავი. ორი ყოფილი შეყვარებული, რომლებიც კინაღამ ერთმანეთის საყვარლები გახდნენ, წამით წარსულში გადავარდნენ. რაღაც მომენტში  დროზე ძალაუფლება ორივემ დავკარგეთ. მან გვაჯობა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. თუ შენ არ გსურს, მე ამას არასდროს გავიმეორებ. არასდროს შეგეხები. გპირდები. გაძლევ ამის პირობას.

ეს იმდენად მოულოდნელი შემოტრიალება იყო, რომ ეჭვით შევათვალიერე მისი გაარუჯული სახე.

_ ნუთუ ჩემთან კარგად ვერ იგრძენი თავი, პატარავ? _ შემეკითხა სიღრმიდან წამოსული მსუბუქი ტონით, თან მზერას არ მაცილებდა.

_ ლიკასთან მიმართებაში ეს არ იყო სწორი საქციელი, _ დავიწყე.

_ ლიკას ჩემ გარდა სხვა კაცებიც ჰყავს. ჩვენ ერთობ თავისუფალი ურთიერთობა გვაკავშირებს. არავითარი ვალდებულება. არ მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ მაინც გეტყვი. რაც აქ ჩამოვედით, ერთად არ ვწოლილვართ. ორივეს სხვადასხვა საძინებელში გვძინავს. ის აქ, უბრალოდ, თავის შესაქცევად ჩამოვიდა.

გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.

_ არ ვარ ვალდებული, ყოველღამე დავწვე ქალთან, _ ჩაცინებით წარმოთქვა მაქსმა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია, _ ამას მაშინ ვაკეთებ, როცა მომესურვება. ჩვენ არავინ არ ვართ არაფრით ვალდებული. ასე რომ, თუ მე და შენ გამთენიისას ზღვის ნაპირას ცოტათი გავერთეთ, ვისი რა საქმეა?

ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა. განსაკუთრებით მას მერე, თვალებში ღრმად რომ ჩავხედე _ იქ ცინიზმის ნასახიც კი ვერ დავინახე, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, დიდი დოზით ველოდებოდი.

_ შიშველი საოცრება ხარ, პატარა გაბი, _ თქვა მან და ჩემკენ დაიხარა, _ და ეგრევე კანკალი მეწყება, როცა გეხები…

მან ნაზად მაკოცა და მკლავები მძლავრად მომხვია, კიდევ ერთხელ მიმიხუტა თავის ძლიერ მკერდზე. პასუხად კვნესა აღმომხდა.

_ გაბი… _ დაიჩურჩულა მაქსმა, _ გაბი, გაბი… _ და უფრო მძლავრად მომიჭირა მკლავები.

გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ თავი გადამიწია და ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, ყველაფერი დამავიწყა. ჩემდა უნებურად მეც მოვხვიე ხელები ყელზე და მთელი სხეულით მივეკარი. იმწუთას ისევ რომ გავეწვინე ქვიშაზე და ჩემი დაუფლება ეცადა, არ გავუძალიანდებოდი.

_ აი, ხედავ? ისევ მნებდები. ახლაც კი, როცა გათენდა და ყველამ გაიღვიძა. ისინი ეს-ესაა, გამოვლენ თავიანთი ოთახებიდან. ზღვისკენ წამოვლენ და სრულიად შესაძლებელია, აქ ასე ჩახვეულები დაგვინახონ. _ მან ხელები მხრებში ჩამავლო, ოდნავ უკან დამქაჩადა ასე შემათვალიერა, _ მომისმინე, გაბი. თუ ვიზრუნებ იმაზე, რომ არ დაორსულდე, წამომყვები ჩემს საძინებელში? პირდაპირ აქედან, ახლავე, ამწუთას? მომცემ უფლებას, მოგეფერო და მიყვარდე ისე, როგორც შენ იმსახურებ?

ამ სიტყვებმა ლამის გული გამიჩერა. დაბნეულმა ავხედე. ნუთუ ასე მარტივად შეიძლება ამის მოგვარება? თან ისე, რომ არაფერი დამემუქროს? არც დაორსულება, არც ლიკასთან უთანხმოება? ის ხომ შემპირდა, ამაზე მე ვიზრუნებო? ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება. თანახმა ვარ. მე ის ისე მიყვარს, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ. რა თავში ვიხლი ჩემს ქალიშვილობას, თუ იმას არ დავუწვები, ვინც სიგიჟემდე მიყვარს? ჩვენი სიყვარული ხომ არასდროს მომკვდარა. ახლა, უბრალოდ, კიდევ ერთი ეტაპი დასრულდება.

და საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ მაქსისადმი სიყვარული ჩემს გულში არასდროს შეწყვეტილა. იგი დღემდე გრძელდებოდა… წამიც არ დამდგარა ჩემს სიცოცხლეში, ის არ მყვარებოდა…

მაგრამ მერე? რა იქნება მერე, როცა ჩემს ვნებებს დავიკმაყოფილებ? როცა მაქსი ჩემგან წავა და ლიკას დაუბრუნდება? რა არის ეს? განშორების წინა ინტერლუდია თუ პრელუდია? არა, არ შემიძლია მას დავუჯერო. მან ერთხელ უკვე მიღალატა. ის არ არის სანდო, მეორედ ვეღარ ვენდობი.

ცხრა წელი ვერ შევძელი მის სახების წაშლა ჩემი გულიდან და გონებიდან. ვერ ამოვაგდე ჩემი მეხსიერებიდან და რა იქნება მერე, როცა მისი გავხდები? ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევძლებ მის დავიწყებას. ისევ ტკივილი და ისევ ტანჯვა. აი, რა მომელის. ეს მოგონებები კი საბოლოოდ წამლეკავს და მომსპობს. არ მინდა ისინი თან მდევდეს ყოველღამე, ყოველდღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს…

_ არა, _ როგორც იქნა, ვაღირსე პასუხი და ჩურჩულით წარმოვთქვი. ერთი უმოკლესი სიტყვაა, მაგრამ რა ძნელად წარმოსათქმელი, მის მკლავებს თავი დავაღწიე და შევხედე, _ არა მაქს, არ მინდა.

_ რა, არ მენდობი? _ შეშფოთება დაეტყო ხმაში.

სევდიანად გავუსწორე მზერა.

_ შენ მხოლოდ ჩემი დაუფლება გინდა. თვითონ მითხარი ეს. მხოლოდ შიშველი სექსი გსურს ჩემთან. ნამდვილი სიყვარული კი არ გინდა. არადა, მე მეტი მინდა. მე ცოტათი მეტი ბედნიერება მინდა. დაფიქრდი, აბა, ასე არ არის? შენ მხოლოდ დროებით გსურს გაბი და არა სიცოცხლის ბოლომდე.

ეს იყო დარტყმა _ მოვასწარი, მისი გამოხედვა დამეჭირა. მერე გამარჯვებულის იერით წამოვდექი, მისი პირსახოცი თეძოებზე შემოვიხვიე და სახლისკენ გავემართე. რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა თბილისში აღმოვჩენილიყავი და მუშაობას შევდგომოდი. თუნდაც შეუსვენებლივ, დღე და ღამე მემუშავა, რათა ყველაფერი დამევიწყებინა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მაქსი დამევიწყებინა. იმის შემდეგ, რაც ამ დილით ჩვენ შორის მოხდა, მასთან ისევ შეხვედრას ვერ გადავიტანდი. მე როგორ მიყვარდა, მას კი მხოლოდ ჩემი სხეული აღელვებდა. შემეძლო თავი გამარჯვებულად მეცნო _ სანამ არ დავნებდებოდი, ყოველთვის შემეძლო მისი ჭკუიდან გადაყვანა. იმდენად სურდა ჩემი დაუფლება, რომ თავს ვერაფერს უხერხებდა.

მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს გამარჯვებულად. ის კი არა, სირცხვილი მწვავდა, ასე ადვილად რომ დავემორჩილე მის სურვილს. და საერთოდ, ვნანობდი, რომ ჩამოვედი. ჩემი ვითომ საბედისწერო გეგმა, მასზე შური მეძია, ახლა უდიდეს სისულელედ მეჩვენებოდა. ვიმედოვნებდი, რომ ჩემი აქ ყოფნა მას გააღიზიანებდა და პირიქით კი მოხდა. ჩვენ როლები გავცვალეთ. მსხვერპლი მე აღმოვჩნდი და არა ის.

არა, არა, რაც შეიძლება დროზე უნდა გავიქცე აქედან, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ჩემი თავის იმედი აღარ მაქვს. კიდევ რომ ჩავვარდე მსგავს სიტუაციაში, ზუსტად ვიცი, რომ დავნებდები. წინ ვეღარ აღვუდგები მის სურვილს. მან იცის ეს, იცის, რომ ამისთვის მზად ვარ. და იგი მომდევნო ცდაზე არაფრით უკან არ დაიხევს, არ დამინდობს, თუნდაც დავარწმუნო, რომ მართლა ქალწული ვარ. დროზე უნდა გავაღწიო აქედან, თორემ ის საბოლოოდ გაანადგურებს ჩემს ცხოვრებას.

აივანზე ვიდექი ნატოსთან ერთად, მაქსი ეზოში რომ შემოვიდა. ლიკა დადარაჯებულივით გამოვარდა ოთახიდან და მას მიეგება. ისეთი უსიამოვნო იყო ჩემთვის ამ სცენის დანახვა, რომ გულდამძიმებული ჩემს საძინებელში შევიძურწე.

ზურა შუადღემდე არ ამდგარა. საშინელი სანახავი კი იყო დასივებული თვალებით და გაბრუჟული სახით. ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. მაცივრიდან წვენით სავსე ბოთლი გამოიღო და მოიყუდა. არ ამოუსუნთქავს, ისე დალია, არც შეუსვენია, გეგონებოდათ, წყურვილისგან იხრჩობაო.

არც ამ სცენის ყურება მსიამოვნებდა, ამიტომ კვლავ აივანს მივაშურე. სწორედ ამ დროს ხელიხელგადახვეული ლიკა და მაქსი ეზოდან გადიოდნენ, თან მხიარულად ბაასობდნენ. ნაღვლიანად გავაყოლე მზერა. მე, ალბათ, არასდროს გამითენდება ის დღე, ლიკასავით ხელი გადამხვიოს და სადმე წამიყვანოს. ვერც ისე შევეგებები ვერასდროს, როგორც დილით ლიკა შეეგება. არადა, სწორედ ასე გავრბოდი მისკენ წლების წინ პაემანზე. ახლა ყველაფერი დამთავრებულია. წარსულში დაბრუნება დამთავრდა და… მომავალიც დამთავრდა ჩემთვის.

ახლა უკვე ნათლად ვხვდებოდი, რატომ გაითამაშა მაქსმა სანაპიროზე ცდუნების სცენა. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ჩემთვის იმის მოცემა შეეძლო, რასაც ზურა ვერ მომცემდა. გარდა ამისა, დარწმუნდა, რომ მე მისი ძმა არ მიყვარდა. კიდევ ის, რომ შური იძია ჩემზე სიტყვებისთვის, _ მე შენ არაფერში მჭირდები და სულაც არ მინდა შენთან ყოფნა-მეთქი, რომ მივახალე. ერთიც, მეორეც და მესამეც…

მერე რა, რომ როლში შევიდა და თავდავიწყებით მეფერებოდა? ეს ხომ მხოლოდ მისი ტემპერამენტის ბრალია და არა ჩემდამი სიყვარულის? სრულ იდიოტად ვგრძნობდი თავს, გამოშტერებულ გოგოდ, რომელმაც ეს ყველაფერი ჭამა. მე ხომ მზად ვიყავი, მისი გავმხდარიყავი! პრეზერვატივი რომ ჰქონოდა, ეს მოხდებოდა. თუმცა… როგორც ჩანს, სპეციალურად არ წამოიღო. მაგრამ რატომ? იქნებ შიშობდა, რომ ზურა მიყვარდა და წინააღმდეგობას გავუწევდი? არა მგონია… მას თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული ამ სცენის გათამაშება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნებულიყო იმ სამ რამეში. მხოლოდ ეგ იყო. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ამას რომ ვერ მივუხვდი. როგორ მოვტყუვდი. როგორ ვერ გავიაზრე, რომ მაქსისთვის მე მხოლოდ სხეული ვიყავი, რომლის მიღება დიდი ხანია უნდოდა და ვერ მიიღო. რატომ დაიხია უკან? სხვა, უფრო ხელსაყრელ მომენტს ელოდება? ალბათ ასეა. ახლა, როცა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ, იმ მომენტს დაელოდება. მაგრამ არა, აწი ასეთ შეცდომას არ გავიმეორებ. არ გავიმეორებ, რადგან მას არ შეუძლია მომცეს ის, რაც მე ასე ძალიან მჭირდება _ მისი სიყვარული.

_ გაბი, აქ ხარ? მე კიდევ გეძებ და გეძებ, _ ზურა მომიახლოვდა, გვერდით დამიდგა და მხრით შემეხო, _ მაპატიე წუხანდელი საქციელი. არ ვიცი, რა დამემართა. ასე არასდროს გავთიშულვარ. არც კი ვიცი, რა მეტაკა.

_ ცოტა გადააჭარბე და ეგ იყო, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, _ ღიმილით ავხედე, _ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია.

_ ეეჰ, _ უხალისოდ მომიგო, _ ნატოოოო! _ გასძახა მერე მოსამსახურეს, _ ყავა გამიკეთე, რა… ძალიან შავი, ძალიან მაგარი და ძალიან ცხელი!

_ ახლავე, ზურა, _ დერეფნიდან გამოიხედა ნატომ, _ თავი ისევ გტკივა? აი, შენ ცუღლუტო, შენა! _ ამ სიტყვებით საჩვენებელი თითი დაუქნია და გაუჩინარდა.

_ უკვე ყველა ადგა? _ მკითხა ზურამ.

სანამ პასუხს გავცემდი, ვიგრძენი, როგორ შემახურა სახეზე… გავწითლდი.

_ არც ისე დიდი ხანია, _ მოვიტყუე, _ ლიკა და მაქსი სადღაც გაძვრნენ. დათო და მისი ცოლი კი ჯერ არც დამინახავს.

_ ალბათ ისევ სძინავთ. გგონია, მართამ ჩემზე ნაკლები დალია წუხელ? საწყალი ქალი… იტანჯება და ამდენს იმიტომ სვამს. არ მესმის, რატომ გაჰყვა თავისზე ორჯერ უფრო კაცს ცოლად? მხოლოდ ფულის გამო?

_ და როცა მიხვდა, რომ ვერ შეიყვარებდა, სმა დაიწყო? ამაზე ადრევე უნდა ეფიქრა, _ შუბლშეჭმუხნილმა ვთქვი.

_ რა ჩემი საქმეა, _ ზურამ ხელი აიქნია და შემოტრიალდა, _ მე ჩემი სადარდებელი მყოფნის.

ამ დროს ნატო მოვიდა და ზურას ყავა მოუტანა.

_ შენ დალიე, მე დაბლა ჩავალ და შეზლონგზე წამოვწვები, _ ვუთხარი და გავერიდე. არ ვიყავი იმის ხასიათზე, მასთან საუბარი გამეგრძელებინა. მაქსი გონებიდან არ ამოდიოდა, გამუდმებით მის საქციელზე ვფიქრობდი და სუნთქვა მიჭირდა, იმხელა ლოდი მედო გულზე.

მთელი დღე ვერა და ვერ შევძელი გულში ჩარჩენილი ბოღმის გაქარვება. კარგა ხანს ვიწექი შეზლოგზე, აუზშიც ჩავედი, გავცურე, გამოვცურე, მაგრამ გული ვერაფერს დავუდე და სახლში შევედი, ვიფიქრე, ცოტას წავუძინებ-მეთქი. ამ დროს დერეფნის ბოლოში ვიღაცის ხმა შემომესმა.

_ ბევრად უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავი! _ გაღიზიანებული ეუბნებოდა ვიღაცას დათო, _ მაგრამ რომ შეამოწმოს ანგარიშები, მერე სად მიდიხარ? გადადე ეგ საქმე განზე დროებით, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. ეს თვითმკვლელობაა, ვერ ხვდები? ასე სწრაფად არ უნდა გაგემეორებინა! დიახაც… სწორედ მაგას გეუბნები! არა, არა მგონია… ალბათ, ჯერ ისევ ლოგინშია. არა!.. რომ ჩამოვალ, დაგირეკავ!

კარს ავეკარი, რომ არ დავენახე და როცა მივხვდი, რომ დათომ საუბარი დაამთავრა, სირბილით გავვარდი უკან, ჰოლისკენ. რა უცნაური საუბარი იყო, ნეტავ ვის ელაპარაკებოდა? რას ჩალიჩობენ მაქსის ზურგს უკან? თუ ზურას ზურგს უკან? მე ვინ რას გამაგებინებს? უნდა დავნახვებოდი. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე…

მაგრამ ვერ გავბედე… შემეშინდა. თუმცა არ ვიცი, რისი…

დღის მეორე ნახევარში პლაჟზე ყველა ერთად გავედით. ლიკამ და მაქსმა საკმაოდ შორს შეცურეს ზღვაში და როცა ნაპირზე გამოვიდნენ, კომპანიის `სახელობით~ ქოლგას შეაფარეს თავი. მე და ზურა ოდნავ მოშორებით მოვკალათდით. ზურას ვუთხარი, არ მინდა მათი ინტიმური მყუდროება დავარღვიო, ამიტომ აჯობებს, ცალკე თუ ვიქნებით-მეთქი. მასაც მოეწონა ჩემი წინადადება და სიხარულით მიიღო იგი. არც კი უეჭვია, რატომ მინდოდა ასე.

ცოტა ხანში დათო და მართა ბულვარში გავიდნენ ლუდის საყიდლად. მეც დრო ვიხელთე და ზურას მოვუყევი იმ სატელეფონო საუბრის შესახებ, დათო რომ ვიღაცას აფრთხილებდა.

ზურა რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ შემომცქეროდა, თითქოს არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა.

_ ალბათ რომელიმე თანამშრომელს ეკამათებოდა, _ მითხრა ბოლოს, თან გაწითლდა, _ დათოს მაგრად უჭირავს ისინი ხელში. იმედია, მაქსისთვის არაფერი გითქვამს… _ ირიბად გამომხედა, მერე კი დაამატა, _ არც უთხრა, კარგი? არაა საჭირო მისი გაღიზიანება. არც ისე ხშირად ისვენებს. შევარგოთ აქ ყოფნა.

_ არა, რა სისულელეა, არაფერს ვეტყვი, _ ვთქვი და გავიღიმე, რათა ჩემი ეჭვი დამეფარა. მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო მათ კომპანიაში. ზურას ტყუილი საერთოდ არ ეხერხებოდა, სახის გამომეტყველება მაშინვე გასცემდა ხოლმე, კიბორჩხალასავით წითლდებოდა.

მართალია, პლაჟზე ავირიდე მაქსთან სიახლოვე, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვახშმად დავსხედით. თუმცა უდიდესი ძალისხმევით ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა. მან შეამჩნია ეს. არ შეიძლებოდა არ შეემჩნია. და, როგორც ჩანს, ჩემი საქციელი აცოფებდა.

მოგვიანებით, როცა ჰოლში პირისპირ შევეჩეხე, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სასწრაფოდ ავუარე გვერდი და ისეთი სახე მივიღე, ვითომ არაფერი გამიგონია. აუტანელი იყო ჩემთვის მისი ყურება მას შემდეგ, რაც იქ, სანაპიროზე მოხდა. რაც უფრო ხშირად მახსენდებოდა დილის თავგადასავალი, მით უფრო ვითრგუნებოდი. როგორ დავუშვი ასეთი რამ? რამ გამომაშტერა? რატომ მივეცი ამდენის უფლება? ხომ აშკარა იყო, რისთვისაც წამოიწყო ეს სპექტაკლი? მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზურასთან დავეშორებინე!

სულაც არ იყო ძნელი მისი თამაშის წესების გამოცნობა. ნათელია, რომ წამითაც არ დაუჯერებია ჩემი და ზურას მეგობრობა. დარწმუნებული იყო, რომ მე მის ძმას თავს ვაყვარებდი და ამით მასზე შურისძიება მწადდა. ამიტომაც უნდოდა ზურას დავშორებოდი. ღმერთო ჩემო! ეს ხომ ასე აშკარა იყო, როგორ მაშინვე ვერ მივხვდი? ხომ ეგრევე დავახვევინებდი, ახლოსაც არ გავიკარებდი!

არადა, რა ტკბილი იყო მის მკლავებში მოქცევა, ტკბილიც და იმავდროულად, მწარე და მტანჯველი. არ მინდოდა ამაზე მეფიქრა, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ვგრძნობდი, რომ ამ დილას ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებდი. ახლა საუკეთესო გამოსავალი ბათუმიდან გაქცევა იყო. რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავრიდებოდი მაქსს. უფრო და უფრო მძაბავდა მისი სიახლოვე. მეშინოდა. კიდევ ერთხელ რომ ჩავარდნოდა ჩემთან მარტო დარჩენის შანსი, ვიცოდი, ცდუნებას ვერ გავუძლებდი.

გაგრძელება იქნება