რუსული მედია აქტიურად წერს წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ქეთა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც არაერთი წყაროდან ვიგებთ, თოფურია საშიში დაავადების ზღვარზეა - საუბარია მასტიტზე, რაც ანთებითი პროცესით ვლინდება.
მომღერალმა მედიასთან თავად ისაუბრა და განმარტა, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დადგა აუცილებლობა, რომ ახალშობილის ძუძუთი კვებაზე უარი ეთქვა. ეს სიტუაცია სარძევე არხების გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა იყო პრეანთებითი და ანთებითი პროცესების გართულებამდე დაიწყო მკურნალობა.
მსგავსი პრობლემა ქეთა თოფურიას მხოლოდ მესამე მშობიარობის შემდეგ დაუდგა, პირველი და მეორე შვილი კი დედის რძით იკვებებოდნენ. მასტიტის განვითარების შესახებ მომღერალს არანაირი წინასწარი სიმპტომი არ ჰქონია.
მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა, თოფურია ქალებს ურჩევს, რომ არ შეეშინდეთ, თუმცა გამოიჩინონ სიფრთხილე და მიქციონ ყურადღება საკუთარი ორგანიზმის მინიშნებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სერიოზული დაავადებაა, მსოფლიოში უამრავ ქალს უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება და დროა, რომ მასტიტის შესახებ ქალებმა უფრო მეტი და ხმამაღლა ისაუბრონ.
მასტიტი - ეს არის სარძევე ჯირკვლის ანთება, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება ძუძუთი კვების პერიოდში, თუმცა შესაძლოა წარმოიშვას ძუძუთი კვების გარეშეც. მასტიტი, უმეტეს შემთხვევაში, გამოწვეულია ბაქტერიებით (ხშირად Staphylococcus aureus), რომლებიც ძუძუს კანის მეშვეობით აღწევენ სარძევე ჯირკვალში. დაზიანებული ძუძუ ხდება შეწითლებული, თბილი, მტკივნეული და შესაძლოა გამკვრივდეს. პაციენტს ხშირად აღენიშნება სიცხე, საერთო სისუსტე და გაციების მსგავსი სიმპტომები.
ქეთი თოფურია ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მომღერალია. ტემპერამენტის, ხმის ტემბრის, ნიჭის და მიზიდულობის წყალობით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ქეთა დიდებამდე.
ქეთი თოფურიას "რუს ლედი გაგას" უწოდებენ, მის ჩაცმულობას და ექსცენტრიულ გამოსვლებს ცნობილი პოპ დივას მანერებს ადარებენ. თოფურია არის A-Studio ჯგუფის სოლისტი, საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის Ketione-ის დამფუძნებელი, მსახიობი და უკვე სამი ულამაზესი შვილის დედა.
ქეთა თოფურია ჯერ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, შემდეგ კი ასევე ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაქორწინდა. პირველ ქმართან ქეთას ერთი ქალიშვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში კი ორი შვილი შეეძინა.
მომღერალი ქეთი თოფურია პოდკასტს - "ფულისთვის" სტუმრობდა, სადაც საკუთარი ბავშვობისა და ოჯახის შესახებ დეტალურად ისაუბრა:
"ჩემს ოჯახს ჰქონდა პერიოდი, როცა შედარებით ნაკლებად გვილხინდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ფული ისევ გვექნებოდა. არც ტანსაცმელი მაკლდა, არც საკვები და არც ის, რაც მომინდებოდა. როცა არ გვქონდა რაღაც პერიოდი, მაღაზიაში შევდიოდი და "ნისიად" გამომქონდა პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრი - ტკბილეული, რადგან მიყვარდა სხვა ბავშვების გამასპინძლება. ერთხელ მახსოვს, ბავშვები ვიყავით ერთად, მამა მოვიდა და ასდოლარიანი გამომიწოდა, წადით, კევები იყიდეთო. ყველა გაოცებული იყო..."
ქეთა თოფურიამ დეტალურად გაიხსენა ბავშვობა, როგორ აგროვებდა მეგობრებთან ერთად ბოთლებსა და გაზეთებს, შემდეგ აბარებდა და აღებული ფულით ტკბილეულს ყიდულობდა.
"ჩემი სიმღერით 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე - 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით..." - ამბობს ის.
ახლა ქეთა უკვე სამი შვილის დედაა. როგორც მან პოდკასტში აღნიშნა, ჰყავს სამი ძიძა, თუმცა შვილებთან თავადაც დიდ დროს ატარებს:
"ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით მათთან ყოფნა. სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი. მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს".
პოდკასტში ქეთამ აღნიშნა, რომ არ უყვარს საკუთარ შემოსავალზე და ფულზე საუბარი, არ სიამოვნებს, როცა კითხვებს ძვირადღირებულ საჩუქრებსა და ნივთებზე უსვამენ. თქვა, რომ მეუღლე ხშირად უკეთებს საჩუქრებს, თუმცა საკუთარი თავისთვის თავადაც შეუძლია სურვილების ასრულება.
ქმრის საჩუქრებიდან ქეთიმ გამოარჩია 15 800-დოლარიანი საათი.
"ქმართან ერთად ბედნიერი ვარ. ჩვენი უკვე 5 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს".