საღამოს მე და ზურა კლუბში წავედით გასართობად. ცოტა ხნის შემდეგ ორივე წყვილი შემოგვიერთდა. არადა, როცა ჩვენ მოვდიოდით, ოთხივემ უარი თქვა, გვეზარებაო, მერე კი მაინც გადაწყვიტეს. გართობის სურვილი დავკარგე, განსაკუთრებით მას მერე, როცა დათოს შეფარული მზერა რამდენჯერმე დავიჭირე. რა მიხვედრა მაგას უნდოდა? ალბათ ზურამ უთხრა, მისი ტელეფონზე საუბარი რომ მოვისმინე. ზურგზე თითქოს ჭიანჭველები დამესია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ხელი ჩავიქნიე. რაც უნდა ის უქნია, მერე რა, თუ მოვისმინე? სპეციალურად ხომ არ დავუდარაჯდი? შემთხვევით მოხდა.
ჰოდა, ავიწყვიტე. ვიცეკვე და ვიცეკვე, არავის ყურადღებას არ ვაქცევდი. მანამ ვცეკვავდი, სანამ ქანცი არ გამიწყდა. როცა დავჯექი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორ დამღლოდა ფეხები. თუმცა დავჯექი თუ არა, მაქსი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიწვია.
_ შენ დილიდან გაურბიხარ ჩემთან შეხვედრას, _ თქვა მან, თან თვალს არ მაცილებდა და ჩაბღუჯული ვყავდი, თითქოს სადმე გამქცევი ვიყავი.
_ მართლა? საიდან დაასკვენი? _ ირონიულად გავუღიმე, თავი უკან გადავწიე, შევათვალიერე და დავამატე, _ მშვენივრად გამოიყურები!
_ შენ კი საოცრად მომხიბვლელად, _ მომიგო. _ ზურა პირდაპირ თვალებით გჭამს, _ ჩაიცინა, _ შეიძლება რაღაც იგრძნო.
_ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ რამე ეგრძნო, _ ცივად ვუპასუხე და მისი ოდეკოლონის სურნელი შეუმჩნევლად შევიყნოსე. რამდენჯერ ჩავწოლილვარ საწოლში ამ სურნელით გაბრუებული. მას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს სხეულზე, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და მერე შინ ვბრუნდებოდი. მისი კოცნის ნაკვალევი სწორედ ამ ოდეკოლონის სახით რჩებოდა ჩემს სახეზე.
_ ნუთუ? _ სარკასტულად შემეკითხა.
_ ჰო. მას საეჭვიანო არაფერი აქვს. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, ამიტომ მისთვის სულერთია, მე ვისთან გავერთობი.
_ მაგრამ მან სულ სხვანაირად დამიხატა თქვენი მეგობრობა, _ რბილად მითხრა, _ გიჟდება შენზე.
_ როგორც ჩანს, წარმოსახვამ გიღალატა.
_ ასე გგონია? ის კი მაფრთხილებს, გაბისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს არ გაეკაროო.
თავი ავწიე და შევხედე.
_ და როდის გითხრა ეს? ამ დილით? რა, დაგვინახა ერთად? _ დავიძაბე.
_ ვაუ! როგორ შეშინდი! _ თავი დახარა და ყურში მიჩურჩულა, _ არა, არა, ჩვენ არავის დავუნახავვართ. არადა, წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა? მე შენზე გადმომხობილი… ორივე შიშველი…
ვიგრძენი, როგორ ამკრა ალმურმა. თავი დავხარე იმის შიშით, ჩემი გაწითლება არ შეემჩნია. მან წელზე მოხვეული ხელი მაღლა აასრიალა, ზურგზე დამადო და ისე სათუთად მიმიხუტა, თითქოს მამხნევებსო. როგორც შემეძლო, უკან გავიწიე, მაგრამ მან კვლავ მიმიზიდა.
_ ასე იყავი, _ მიბრძანა, _ მსიამოვნებს შენი შეხება. ასე რამ შეგაშინა? ხომ იცი, როგორ მინდა შენთან. ეს შენც გინდა და რატომღა უნდა დავმალოთ ჩვენი სურვილები?
_ თავი დამანებე, გთხოვ…
_ არ შემიძლია, ჩემო პატარავ, ჩემო სიხარულო და სევდავ ჩემო! _ ხალისიანად წარმოთქვა და ისე სწრაფად დამატრიალა, რაღაც წამების განმავლობაში მთლიანად მის სხეულზე ვიყავი მიტმასნილი, _ და ვერც შენ შეძლებ ჩემთვის თავის დანებებას.
_ ხვალ თბილისში ვბრუნდები, _ გამოვუცხადე.
_ გაქცევით გინდა თავს უშველო? _ დამცინა, თან თითებს ნაზად მისვამდა ზურგზე, _ გგონია, ეს გიშველის? უფრო ცუდად არ გახდები, როცა ყოველდღე ვერ მნახავ?
_ არა, არ გავხდები, _ ჯიუტად გავაქნიე თავი.
_ რატომ არ გინდა შეწყვიტო ჩემს ძმასთან ეს ფარსი? _ ხმადაბლა შემეკითხა, _ ჩვენ ისე კარგად ვიქნებით ერთმანეთთან, ბევრს შეშურდება. შეწყვიტე ზურასთან შეხვედრები და მე შენ ისეთ რამეებს გასწავლი, რაზეც არც კი გიოცნებია. ყოველღამე ჩემთან დაწვები და იმდენ ხანს გვექნება სექსი, სანამ სასიყვარულო ორგიებისგან არ დავბრმავდებით. ჩემი სხეული მთლიანად შენს განკარგულებაში გადმოვა.
შემამცივნა. აი, თურმე როგორ გადაწყვიტა თამაში! თურმე რატომ მოიტანა დილას ჩემზე იერიში! ძველებურად უფროსი `დამცველი ძმის~ როლს თამაშობს. მართლა ჰგონია, რომ ზურასთვის თავის შეყვარებას ვცდილობ და ეს აგიჟებს. მიაჩნია, რომ ამით მასზე ვნადირობ, მისი ჭკუიდან გადაყვანა მსურს. ამიტომ მაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. საწყალი!.. რამხელა მსხვერპლს იღებს ძმის გულისთვის, საკუთარ სხეულს მწირავს.
ჩავიცინე, ირიბად ავხედე და დამცინავი მზერით წარმოვთქვი:
_ შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესო წინადადებაა. ერთობ საქმიანი. ზურას თავისუფლების სანაცვლოდ შენს სხეულს მთავაზობ?
ისეთი დაბნეული გაუხდა სახე, რომ სიცილი ვერ შევიკავე.
_ ისე, არ გიფიქრია, ფული შემოგეთავაზებინა? უბრალოდ, ფული და სხვა არაფერი. რატომ უნდა ეფერო ქალს, რომელიც არ გიყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ უმცროს ძმას ჩამოაშორო? ეს ხომ თავის გადადებაა? ჰა, რას იტყვი? ექვი ათას დოლარად იქნებ დაგთანხმდე კიდევაც. მშვენიერი საქმიანი გარიგება იქნება. ერთ დროს ხომ შენც მოიქეცი ასე? ისე, მართლაც… შენს სხეულს ფულს ვამჯობინებ, რომ იცოდე. დარწმუნებული ვარ, სწორად გამიგებ. შენ ხომ უკვე გაქვს გამოცდილება ასეთ საქმეებში.
მაქსი გაქვავებულივით შედგა ერთ ადგილზე და თვალები დახუჭა. ცეკვა შეწყვიტა. მერე ნელა აამოძრავა წამწამები და ისე დამაშტერდა, თითქოს ჩემი ნათქვამი მხოლოდ მოესმა და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
თავი უკან გადავაგდე და მხიარულად გავიცინე. პირდაპირ სახეში შევცინოდი, თითქოს მართლაც მემხიარულებოდა და გული არ მეგლიჯებოდა ამ ყველაფერზე. მერე თავი გავითავისუფლე მისი ხელებისგან, განზე გავდექი და თავი გადავაქნიე.
_ ეჰ, მაქს, მაქს, რა ხუმარა ხარ… დიდი მადლობა წინადადებისთვის, მაგრამ ახლა სრულ ჭკუაზე ვარ. ამჯერად ჩემთან ასეთი ნომერი აღარ გაგივა. _ ამ სიტყვებით შუა მოედანზე დავტოვე და ზურასთან დავბრუნდი. ჩემს დანახვაზე მან ყურებამდე გაიღიმა და სკამიდან წამოხტა, რომ შემგებებოდა.
_ ასეთი რა უთხარი? _ მკითხა და თავი უფროსი ძმისკენ მიაბრუნა, რომელიც უკვე ბარის დახლისკენ მიიკვლევდა გზას.
_ არცთუ სასიამოვნო რამეები, _ ზურასკენ დავიხარე და ვუჩურჩულე, _ მითხარი, ხვალ შევძლებთ თბილისში დაბრუნებას? მესმის, სულ რამდენიმე დღის ჩამოსულები ვართ, მაგრამ რამდენიმე გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ისინი უნდა მოვაგვარო. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
_ სულაც არა, _ მითხრა, _ როცა მეტყვი, მაშინ წავიდეთ.
მერე მთელი საღამო ზურას გვერდიდან არ მოვშორებივარ. გამუდმებით ვეფლირტავებოდი, მას კი ბავშვივით უხაროდა.
მართლა კარგი ადამიანი იყო. ხვდებოდა, რატომაც ვეპრანჭებოდი, მაგრამ არ დაბოღმილა, პირიქით, ამყვა ფლირტში. მაქსმა კი უცებ მოიწყინა. ორჯერ იცეკვა ლიკასთან, თუმცა შუბლი არ გაუხსნია.
დათო და მართა მალევე წავიდნენ. ზურამ თქვა, მართა არაფრით არ დარჩაო.
_ განადგურებულია ეს ქალი, _ ამიხსნა ზურამ, _ როგორც ჩანს, მეტს მოელოდა თავისი ქმრისგან. შეიძლება ფუფუნებით ცხოვრებაც მოყირჭდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ფულზე უფრო ადამიანს, განსაკუთრებით ქალს, სიყვარული სჭირდება. ალბათ სიამოვნებით მიატოვებდა დათოს, მაგრამ ეშინია, ცარიელზე არ დარჩეს.
ზურასთან ამ თემაზე საუბარი არ გავაბი. სულ არ მაინტერესებდა დათოს და მართას ოჯახური ამბები, მაგრამ ცოტა ხანში ლიკა მომიჯდა გვერდით და ახლა მან წამოიწყო დათოზე ლაპარაკი.
_ ვერ ვიტან მაგ კაცს, სულ ფულზე ფიქრობს. მართამ მითხრა, ოქროს მთებს შემპირდა და იმის მეოთხედიც არ გაუკეთებია ჩემთვისო. ნანობს, ცოლად რომ გაჰყვა.
_ რატომ, დათოს ცუდად უხდის მაქსი? ფული რატომ არ უნდა ჰქონდეს?
_ არ ვიცი, კარგად უხდის თუ ცუდად, მაგრამ ფაქტია, მართა უკმაყოფილოა. ერთხელ შემთხვევით ჩავიხედე მათ სახელფასო უწყისებში და ვნახე, რომ მაქსი დათოს იმდენს უხდის, რამდენსაც ზურას. კარგი ცხოვრებისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ექსტრავაგანტურად მაგ ხელფასით ვერ იცხოვრებ.
_ როგორ? ზურა ხომ წილშია?
_ მხოლოდ ფორმალურად. ფინანსებს მაქსი ერთპიროვნულად განაგებს და ზურას მხოლოდ ხელფასს უხდის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. ზურას ალბათ შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს, თორემ აბა, საიდან ამდენი ფული? სამი მანქანა უდგას გარაჟში, ბინა აქვს, აგარაკი, ჩაცმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, სულ ძვირად ღირებული და სახელობითი ბრენდების სამოსი აცვია. მაქსი ამბობს, ყელამდე ვალებშიაო. რა ვიცი, აბა, რას გაიგებ? ან კი რა ჩემი საქმეა? _ კეკლუცად გაიცინა ლიკამ, ჩემკენ გადმოიხარა და იდუმალი ხმით შემეკითხა, _ იქით გაიხედე, იმ არაბს ხედავ? მაგარი სიმპათიური კაცი კია. თურმე პრინცი ყოფილა. წეღან მეცეკვა და თავის ჰარამხანაში მიმიპატიჟა, გესმის? _ ლიკას ისტერიკული სიცილი აუტყდა, _ ერთი უნდა დავთანმხდე და შევხედო, მაქსს რა რეაქცია ექნება. მთელი საღამოა, დაბოღმილი დადის, მას შემდეგ, რაც შენ გეცეკვა. რატომ იჩხუბეთ? ზურას გამო? გიწუნებს? _ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა ჩემმა მეტოქემ.
_ ჰო, _ მოკლე მივუგე.
ლიკამ თვალი ჩამიკრა.
_ მაგაზე არ იდარდო. ყველაფერი მოგვარდება. მაქსს ძალიან უყვარს თავისი ძმა. ბოლოს და ბოლოს, ჩაიქნევს ხელს და შეეგუება თქვენს ურთიერთობას.
ლიკამ კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი, გამიღიმა და მაქსისკენ აიღო გეზი. თვალი გავაყოლე. ძალზე გამაკვირვა იმან, რაც მისგან მოვისმინე. თუკი ზურა მართლა არ გამოიმუშავებს ბევრს, მაშინ საიდან ამხელა შემოსავალი? უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი.
ლიკა და მაქსიც წავიდნენ და მე და ზურა კვლავ მარტონი დავრჩით. ზურას იმ საღამოს წვეთი არ დაულევია. როგორც კი შინ დავბრუნდით, მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, ვიბანავე და ლოგინში შევწექი. დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, რათა ბარგის ჩალაგება მომესწრო და თბილისში დროულად ჩავსულიყავით.
მართლაც, დილის ექვს საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. ჩემდა გასაკვირად, დათოც ამდგარი დამხვდა. ის ყოველთვის გვიან იღვიძებდა და ახლა რა ეტაკა, ვერ მივხვდი.
დათო და ზურა მაგიდას უსხდნენ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. მოგუდული ხმით ლაპარაკობდნენ და როცა სამზარეულოში შევედი, ორივე ერთდროულად გაჩუმდა.
_ ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ გულუბრყვილო ტონით ვიკითხე, _ ყავის დალევა მინდოდა…
_ არა, რას ამბობთ, გაბრიელა, სულაც არა, _ წამოხტა დათო და დაფაცურდა, _ მაპატიეთ, მე უნდა გავიდე. მართა რაღაც ცუდადაა ამ დილით.
_ ის ყოველთვის ცუდადაა! _ მიაძახა ზურამ, _ იმიტომ, რომ წასულია ხელიდან, გალოთებულია!
_ ზურა! _ შეწუხებულმა შევძახე.
დათომ მოიხედა და გაგულისებულმა შეხედა მას.
_ უკაცრავად შენთან, გაბი, _ შემომხედა ზურამ, _ მაგრამ მაგის ცოლს ზედმეტად გაეხსნა მადა. ჰოდა, ურბენს ესეც გარშემო, არ იცის, რა გაუკეთოს. შუაზე იხევა. _ უცებ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და გაწითლდა, _ კარგი, რაც არის, არის. ეს არაა მნიშვნელოვანი. მოდი, ვისაუზმოთ და დროზე დავახვიოთ აქედან. უკვე მეზიზღება აქ ყოფნა!
_ ჩვენთან ერთად ვინმე კიდევ მოდის?
_ არა. ლიკას და მაქსს ჯერაც სძინავთ, დათო და მართა კი დღის ბოლომდე ისევ დაჭამენ ერთმანეთს და ეგაა. ჩვენ არავინ გამოგვეკიდება. ან კი რატომ უნდა გამოგვყვნენ? რა, მათთან ერთად ჩამოვედით თუ?
მაქსისა და ლიკას ხსენებაზე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ამასობაში ზურამ ყავა მომიდუღა და წინ დამიდგა.
ვისაუზმეთ და თბილისისკენ დავაწექით გზას.
ჩემი საზაფხულო არდადეგები დამთავრდა…
და მაქსზე ოცნებებიც…
ორშაბათს კვლავ შევუდექი კომპანიაში მუშაობას. კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ეს ჩემს სამსახურზე გავლენას არ ახდენდა. სულ დაძაბული ვმოქმედებდი, მთელი გადაღებების განმავლობაში, რადგან მაქსს ვერ ვხედავდი, თუმცა ვცდილობდი, არ მეფიქრა ამაზე და ფოტოსესიები არ ჩამეფლავებინა. გარდა ამისა, ჩამოსვლის შემდეგ ზურამაც მომიმატა სადარდებელი. რაღაც უცნაურად იქცეოდა.
ჯერ ერთი, სულ სვამდა, გამუდმებით ნასვამი დადიოდა. მეორეც, სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ან გადასაღებ მოედანზე დაერჭობოდა, ან სახლში მაკითხავდა, თან ყოველ საღამოს. ლამის გადარია მამაჩემი, სიმშვიდე დავკარგე, ვეღარ ვმუშაობ, როცა სახლში ვინმე მოდისო.
და მესამე… რაღაცნაირად ეჭვიანი გახდა თუ მეჩვენებოდა, არ ვიცი. საკმარისი იყო, ვინმე მამაკაცს დავლაპარაკებოდი, მაშინვე სახე ეღუშებოდა და წარბებშეკრული თითქოს მუქარით ათვალიერებდა ჩემთან მოსაუბრეს.
ერთი სიტყვით, სასიამოვნო და საყვარელი ადამიანიდან, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, ჩაკეტილ და ბოღმიან ბიჭად იქცა. თითქოს ადარდებდა, ჩემზე უფლება რომ ვერ მოიპოვა და თავის ჭკუაზე ვერ მატარებდა.
ყველაზე მეტად ის მადარდებდა, სმას რომ მოუხშირა. ამაზე უკვე საშინლად ვწუხდი.
_ რა გემართება, ზურა? _ ვკითხე ერთ დილით, როცა სტუდიაში შემოვიდა, _ გინდა აქედან გამაგდონ შენი გულისთვის?
_ ჩემი გულისთვის რატომ უნდა გაგაგდონ? ეს რა კითხვაა? მე, უბრალოდ, აქ ახლომახლო დავხეტიალობ და სტუდიაშიც იმიტომ შემოვდივარ. რა, ვინმემ თქვა, რომ შენ გამო შემოვდივარ? _ აქეთ შემომიტია.
_ არა, მაგრამ…
_ ნუ ღელავ, ჩემო გოგო, შენ ვერავინ გაგაგდებს.
_ მომისმინე… მე შენი გოგო არ ვარ, _ რაც შეიძლებოდა რბილად ავუხსენი, _ მე არავის გოგო არ ვარ, გესმის?
_ არც მაქსის? _ ღვარძლიანად შემეკითხა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გამომცდელად დამაკვირდა, როგორ ვწითლდებოდი სახეზე, _ შენ მასზე შეყვარებული ხარ. ამას ბრმაც კი მიხვდება. მაგრამ მას ლიკა ჰყავს და შენ უკან ვერასდროს დაიბრუნებ. ის შენთვის დაკარგულია, გაბი. ასე რომ, მოგიწევს, ჩემთან ურთიერთობით დაკმაყოფილდე. მორჩა.
_ მე არ ვარ მასზე შეყვარებული, _ ჩამქრალი ხმით მივუგე.
_ მაგას ვერ დავიჯერებ. ორივეს გაკვირდებოდით ბათუმში. ვხედავდი, როგორ უყურებდით ერთმანეთს. ერთიანად მწვანდებოდი, როცა შენს სიახლოვეს გაივლიდა. ასე რომ, იქნებ მომიყვე, რა ხდებოდა ჩემს ზურგს უკან? ა? რით ერთობოდი ჩემს უფროს ძმასთან ერთად? რატომ გირტყამდათ ორივეს ელექტროდენი, როცა ერთმანეთს შეხედავდით?
_ მე მასთან არ ვერთობოდი.
_ ის მაინც თუ იცი, რომ ვერ გიტანს? _ დაბოღმილი ტონით მომახალა უცებ, _ შენზე ამბობს, ნათრევი ქალიაო.
ამის გაგონებაზე გავფითრდი და თვალები დავხუჭე, მაგრამ თავი შევიკავე. შევეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
_ მომისმინე, ზურა… მე სამუშაო მაქვს…
_ სწორედ ასე მითხრა, _ თავისას აგრძელებდა იგი, თვალები მრისხანედ უელავდა, _ ის უკმაყოფილოა, მე რომ შენ გხვდები. და არა იმიტომ, რომ ეჭვიანობს. მას მიაჩნია, რომ შენ ჩემზე ცუდ გავლენას ახდენ. რომ შენ მე მღუპავ.
_ მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ასე არ არის, _ დავიბენი, _ მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა.
ზურამ მხრები აიჩეჩა.
_ კაცმა არ იცის, ასე რატომ იფიქრა. უნდა, რომ შენგან შორს დავიჭირო თავი. ამბობს, გაბრიელა შენი შესაფერისი არ არისო. მაგრამ მე ვუთხარი, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს-მეთქი. ამან მთლად გადარია.
უარესად გავფითრდი.
_ მართლა ასე უთხარი?
_ ნუ, მთლად ასე არა, მაგრამ მან იმწუთასვე ასეთი დასკვნა გამოიტანა.
_ მე შენზე გათხოვებას არ ვაპირებ, _ ღიმილით ვუთხარი და შევეცადე, ეს ყველაფერი ხუმრობაში გამეტარებინა, _ შეწყვიტე. ასეთი ხუმრობა არ მომწონს.
_ გგონია, გეხუმრები? _ მკითხა და უცნაურად გაიცინა, _ კარგი… მაპატიე… ალბათ ისე ვერ ვამბობ, როგორც უნდა ვამბობდე. ბოლო დროს ღმერთმა უწყის, რას ვბოდიალობ. თვითონაც არ ვიცი, რატომ. ბოდიშს გიხდი. იცი რა? ძალიან დაღლილი სახე გაქვს. არ გინდა საღამოს რესტორანში ვივახშმოთ?
გაგრძელება იქნება