ვნებათა ჭიდილი - თავი 17 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 17

2025-05-23 11:03:41+04:00

წინა თავი

მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჩემთან სახლში მოსვლას ისევ რესტორანში წასვლა სჯობდა. მამაჩემი მაინც არ შეწუხდებოდა. თანაც, მტკიცედ გადავწყვიტე მეთქვა, რომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტას ვაპირებდი. ამ მეგობრობისთვის წერტილი უნდა დამესვა, სანამ რამე ცუდი მოხდებოდა და თავს საფრთხეში ჩავიგდებდი. ის სიყვარულს ელოდა ჩემგან, რასაც მე ვერ მივცემდი. კი მეცოდებოდა, მაგრამ რა მექნა? ბოლო დროს მთლად გაუბედურებული დადიოდა _ გამხდარი, ფერმკრთალი, ჩამომხმარი… თან ეს დათრობა… ყოველდღე სვამდა და უფრო და უფრო უარეს დღეში ვარდებოდა.

_ კარგი, ექვს საათზე გამომიარე და მზად დაგხვდები. ახლა კი წადი და მაცალე მუშაობა, ფოტოგრაფი მელოდება.

_ ოკს, წავალ და აუდიტორებს მივხედავ. ვნახო ერთი, როგორ მუშაობენ, რამდენად ღრმა სამარეს მითხრიან, _ თქვა და ჩაიცინა.

_ რა აუდიტორები? _ ეს ამბავი არ მესიამოვნა.

_ არა, არაფერი. შეხვედრამდე, _ დამემშვიდობა და სტუდიიდან გავიდა.

უსიამოვნო საფიქრალი დამიტოვა. შემაცბუნა მისმა ნათქვამმა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ზურას თავს, რამაც შემაშფოთა.

ისევ სტუდიაში შევბრუნდი. ბიბი უკვე მელოდებოდა. მანქანას მივეყრდენი და სათანადო პოზა მივიღე.

_ იცი, ბიბი, ასე მგონია, უკვე შევეზარდე ამ მანქანას, _ ღიმილით ვუთხარი ფოტოგრაფს, ძველი მოდელის `მერსედესის~ კაპოტზე გადავიზნიქე და დაყენებული ღიმილით შევხედე ფოტოობიექტივს.

_ მაგარია, მაგარი! _ შესძახებდა შიგადაშიგ ბიბი, _კიდევ ერთხელ გაიღიმე! აი, ასე! ყოჩაღ! _ ფოტოგრაფი ხან ერთი მხრიდან მომიდგებოდა, ხან მეორე მხრიდან და ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა.

დიდხანს ვიმუშავეთ.

_ მორჩა, საკმარისია! დავამთავრეთ! _ როგორც იქნა, გამომიცხადა.

_ მადლობა ღმერთს, _ შვებით ამოვისუნთქე, _ მეგონა, არასდროს დამთავრდებოდა… რა მაგარი `მერსედესია~, არა? ნეტავ ვისია?

_ ჩემი!

გაისმა ამ დროს ჩემს ზურგს უკან ბოხი ხმა, რომელიც არასდროს არავის ხმაში არ შემეშლებოდა!

მაშინვე წელში გავიმართე, მაგრამ კაპოტიდან არ ჩამოვსულვარ, იქვე დავრჩი. მაქსიმალურად შევეცადე, მაგრამ აბაგუნებული გული ვერ დავიმორჩილე. მაქსმა პროჟექტორების შუქი გამოიარა და მომიახლოვდა. ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა. მას შემდეგ, რაც ბათუმიდან ჩამოვედი, ერთხელაც არ მინახავს. ამიტომ სისხლმა დუღილი დაიწყო ძარღვებში.

მაქსი ისე მოხდენილად მოაბიჯებდა, ნებისმიერ ქალს თვალი ზედ დარჩებოდა. თავბრუდამხვევად გამოიყურებოდა. ნეტავ გასუქებულიყო და გამელოტებულიყო. რა ადვილად დავივიწყებდი მის სახეს. მაშინ მხოლოდ ერთი კითხვა შემაწუხებდა _ ნუთუ ეს კაცი მიყვარდა?

_ მაგარი `მერსედესია~, _ ბიბიმაც გადმოდგა ნაბიჯი მანქანისკენ.

_ ოჯახური რელიკვიაა. ეს მამაჩემის მანქანაა. _ თქვა მაქსმა.

_ მაგარი რამეა… წავალ, ყავას დავლევ. თქვენც ხომ არ მოგიტანოთ? _ ფოტოგრაფმა ორივეს შემოგვხედა.

მაქსმა უარის ნიშნად თავი ღიმილით გადააქნია, თუმცა მზერა კვლავინდებურად ცივი და მკაცრი ჰქონდა.

_ შენ, გაბი? _ მერე მე მომიბრუნდა.

_ თუ არ შეწუხდები… ოღონდ უშაქრო… _ ძლივძლივობით ამოვთქვი.

_ ოკ, მოგიტან. ახლავე დავბრუნდები.

ბიბი სტუდიიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა. დავრჩი მაქსთან მარტო. შიშმა ამიტანა. ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა, სისხლი სწყურიაო. შევეცადე შიში დამეძლია. არ მინდოდა, მაქსს ჩემი უმწეობა ეგრძნო. ამიტომ ვიფიქრე, მოვუყვები, ზურა როგორც იქცევა ბოლო დროს-მეთქი, მაგრამ შევყოყმანდი, ვაითუ არ მოესურვებინა ჩემი მოსმენა.

მაქსი მთლად ახლოს მოვიდა ჩემთან და ხელი მანქანის ფრთას დაადო, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მარჯვენა ფეხი მედო.

_ შენ არ გახსოვს ეს მანქანა? _ მკითხა, თუმცა ჩემთვის არ შემოუხედავს.

_ უნდა მახსოვდეს?

_ ის ჩემს გარაჟში იდგა. მე და შენ ამ მანქანით ერთხელაც არ გვისეირნია, რადგან ამის დრო არასდროს მქონდა. მაგრამ არ შეიძლება არ გახსოვდეს.

რა თქმა უნდა, მახსოვდა ეს `მერსედესი~, მაგრამ არ მინდოდა მას ეს სცოდნოდა. კაპოტიდან ჩამოვხტი. ამ დროს მაქსმა ხელი დამიხვედრა, უეცრად თავისკენ დამქაჩა და ძლიერად მიმიზიდა.

_ შეწყვიტე! _ აკანკალებული ხმით ამოვთქვი.

ხელი კი შემიშვა, მაგრამ მისი გამომეტყველება არ მომეწონა. ვერ ვხვდებოდი, რატომ დაგროვებულიყო მის თვალებში ამდენი ღვარძლი.

_ შეწყვიტე უკარებას როლის თამაში და დაეშვი დედამიწაზე, ოცნებებს ნუ აჰყოლიხარ! _ გაღიზიანებულმა კბილებშუა გამოცრა.

_ ვიცოდი, რომ აქ ჩემი ზურგის მოსაფერებლად არ მოხვიდოდი. ასე რომ, ნუ გრცხვენია, რაც გულში გაქვს, ამოშაქრე. ოღონდ არ მითხრა, რომ ზურამ მოგაგზავნა ჩემთან, _ ბრაზიანი მზერა ვესროლე.

მაქსი წინ გადმოიხარა.

_ აბა, სხვა რისთვის უნდა მოვსულიყავი? _ კითხვა შემომიბრუნა, _ ბოლო დროს ის ძალიან უცნაურად იქცევა. ვხვდები, რომ რაღაც კუთხით მისი პრობლემები შენთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მოვედი _ მინდა ტეტ-ა-ტეტ გელაპარაკო. თუ ჩვენთან მუშაობის გაგრძელება გინდა, მასთან შეხვედრები უნდა შეწყვიტო.

_ როგორ ფიქრობ, მე ვერ ვხედავ, რომ ზურას თავს რაღაც ხდება? ძალზე ცუდად გამოიყურება და ხანდახან არაადეკვატურადაც იქცევა. მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ. მე მისთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია.

მართლაცდა, მე რა დანაშაული მქონდა ზურას წინაშე? ის თავის ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობდა და მისი ფანტაზიების უმრავლესობა ჩემთან იყო დაკავშირებული. ეს ვიცოდი. ვიცოდი ისიც, რომ გულს უკლავდა, მის გრძნობებს რომ ვერ ვპასუხობდი. არასდროს მისმენდა, როცა ვუმტკიცებდი, ჩვენ შორის არ შეიძლება მეგობრობის გარდა სხვა გრძნობა იყოს-მეთქი. ამის დაშვებაც კი მიუღებელი იყო მისთვის. ამის შესახებ იგი თავიდანვე გავაფრთხილე. ახლა კი მე არაფერ შუაში ვიყავი, ახლა სრულიად სხვა რამ ხდებოდა მის თავს. აი, ეს მაწუხებდა, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. თავს სულაც არ ვიდანაშაულებდი, რადგან მაქსის გამოჩენას ჩემი ზურასადმი დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეუცვლია. ის მე არასდროს მვყვარებია ისე, როგორც ქალს შეიძლება მამაკაცი უყვარდეს. შესაძლოა მისი ცვლილება სულაც დათოსთან იყო დაკავშირებული. ამაზე მაქსს გადაკვრით რამდენიმე სიტყვა ვუთხარი. რა ცუდია, მასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა რომ მაქვს. არადა, ხომ მოვუყვებოდი, რაც ვიცოდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დათოს ზურა რაღაც უკანონო მაქინაციებში ჰყავდა გარეული.

მაქსი მკაცრ მზერას არ მაშორებდა.

_ აჯობებს, ტყუილი იმედები არ მისცე, გაბი. გაფრთხილებ.

გაოცებული მზერა მივაპყარი.

_ მაგრამ მე ხომ გითხარი…

_ კარგი რა, მაგას ხომ იცი, რომ არ დავიჯერებ. მე შენ მომატყუე!

_ რაზე ლაპარაკობ? რა მოგატყუე? _ გული გადამიქანდა ამ ბრალდებაზე.

_ ხომ გაგაფრთხილე, ზურას თავი დაანებე-მეთქი? _ ცივად ამიხსნა, _ გეუბნებოდი თუ არა ამას?

_ კი, მეუბნებოდი, ზუსტად ისე მეუბნებოდი, როგორც სხვებს, როგორც შენს ძმას ეუბნები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მის ყოველ ნაბიჯს რომ დარაჯობ და კარნახობ, როდის რა გააკეთოს! _ ვიფეთქე.

_ მე იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი! ჩემ გარდა მას არავინ ჰყავს. იქნებ დაგავიწყდა? მე გავზარდე ის, ერთმა, დამოუკიდებლად, მარტომ. ჰო, ვაღიარებ, რომ სულ ვმართავდი, მაგრამ რომ არა ჩემი მტკიცე ხელი, გზას ასცდებოდა.

_ ნუთუ? თუ გინდოდა, უბრალოდ, გაგეკონტროლებინა, გემბრძანებლა მასზე? ბოლომდე ხელში გყოლოდა ჩაჭერილი? მახსოვს, როცა შენთან სახლში მოვდიოდი და ზურა მარტო გვტოვებდა, სულ ურეკავდი და არკვევდი, საით წავიდა, ვისთან იყო. შენ მას იოტისოდენა თავისუფლებას არ აძლევდი!

_ შენ ბევრი რამ არ გესმის და არ იცი. არც ისე ადვილი იყო მისი მოთოკვა.

_ რა თქმა უნდა, შენ სულ იმას ამტკიცებ, რაც გაგამართლებს, _ არ დავუთმე, _ იცი, რა? უკვე გვიანაა, უნდა წავიდე. ახლა ერთადერთი, რაც მინდა, დაძინებაა, საშინლად დავიღალე. სხვათა შორის, დღეს ჩემს კონტრაქტს ვადა გაუვიდა და სანერვიულო აღარ გექნება ჩემი აქ გამოჩენის გამო. ასე რომ, შეგიძლია გამარჯვება იზეიმო!

_ მე კი არა, შენ უნდა იზეიმო. გგონია, ვერ ვხედავ, როგორ გამირბიხარ? იმ დილის მერე, სანაპიროზე რომ მოგესიყვარულე.

_ ეს არ იყო მოსიყვარულება! _ ისევ ამიკანკალდა ხმა, _ შენ ჩემი დაუფლება გინდოდა მხოლოდ. მერე კი ყველა წვრილმანს ზურას მოუყვებოდი, ხომ ასეა?

გაოცებულმა შემომხედა, თვალები რისხვით აენთო.

_ აი, თურმე როგორი წარმოდგენის ხარ ჩემზე! _ გაბზარული ხმით აღნიშნა, _ ესე იგი, შენს თვალში ახლა ასეთად გამოვიყურები? გგონია, ჩემს ძმას ასე მოვექცეოდი? ძმას, რომელიც საკუთარ თავს მირჩევნია? მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაშორება ძალიან მინდა, მას ვერასდროს ვეტყოდი, ჩვენ შორის რამე რომ მომხდარიყო. შენნაირი ქალის გამო ძმას ნამდვილად არ გავამწარებ.

_ რას ნიშნავს ჩემნაირი ქალის გამო?

_ იმ მოდელის გამო, რომელიც ღამის კლუბებსა და რესტორნებში დაეთრევა, _ უკან არ დაიხია და მომახალა, _ რაც შენთან შეხვედრა დაიწყო, რადიკალურად შეიცვალა. თანაც ცუდისკენ. კიდევ ცოტაც და საერთოდ დაკარგავს სახეს. თქვენ ყველგან გხედავენ. ყველა წვეულებაზე, ყველა რესტორანში, ყველა ღამის კლუბში… დაათრევ აღმა-დაღმა და… სხვა სიკეთესთან ერთად, მთლად გაალოთე!

_ მე… მე მას არ დავათრევ…

_ კი, დაათრევ! _ იყვირა უცებ და სახე ზიზღით აევსო, _ მან თვითონ მითხრა, ჩემი სურვილით არასდროს არ წავიდოდი იმ კლუბებში, მას რომ არ დაეძალებინაო. ამბობს, რომ შენ გიყვარს, როცა შენს მეგობრებში მისით დემონასტრაციულად თავს იწონებ.

სახე დამეჭიმა. გაოცებისგან თვალები ლამის გადმომცვივდა ბუდიდან. ნუთუ ეს მართლა ზურამ თქვა? როგორ შეეძლო ამის თქმა? ან რატომ?

_ რა, გაოცებული ხარ? ეს რა არის. ძალიან, ძალიან ბევრი რამ მითხრა შენზე. მათ შორის ისიც, რომ მასთან წევხარ. ასე რომ, ნურაფრის მტკიცებას ნუ დამიწყებ.

იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ დავმუნჯდი. სხეული აღარ მემორჩილებოდა, ხელები და ფეხები წამერთვა. შემეშინდა, ვაითუ თავს ვერ მოვერიო და აქვე გავიშხლართო-მეთქი.

_ ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ დღეს ბოლო დღეა შენი ამ კომპანიაში ყოფნის. _ ცივად, პატივმოყვარე კაცის ტონით მომმართა და საშინელი სიძულვილით შემომხედა, _ სხვა შემთხვევაში, მთებს გადავაბრუნებდი, ოღონდ კი შენთან დადებული კონტრაქტი გამეუქმებინა. შენზე უსაშინლეს ადამიანთან ზურას ურთიერთობა არასდროს ჰქონია. გეფიცები, თუ მას შენ გამო რამე მოუვა, გაგანადგურებ.

თითქოს სახეში მესროდა თითოეულ სიტყვას. უმწეოდ შევყურებდი.

_ ეს ყველაფერი ზურამ გითხრა? _ ხმა ჩამიწყდა.

_ მე და ზურა ძმები ვართ, _ მომიგო, _ სისხლის ყივილი სურვილზე ძლიერია. შენ ხომ არ გეგონა, ის თუ ამას მეტყოდა? მეუბნებოდი, ქალიშვილი ვარო, გინდოდა შენს ბადეში გაგეხვიე. არ უნდა გავჩერებულიყავი იმ დილით, _ ბოროტად ჩაიცინა, _ ბოლომდე უნდა მიმეყვანა საქმე, ბოლომდე უნდა მეგრძნო სიამოვნება. არ ვიცი, რატომ დაგინდე. ალბათ ეს იქნებოდა საუკეთესო საშუალება, ჩემი ცხოვრებიდან საბოლოოდ განმედევნე. და ჩემი ძმის ცხოვრებიდანაც.

_ ვერ გიტან, ახლა უფრო ვერ გიტან, ვიდრე ოდესმე! _ გაცოფებულმა ვუყვირე.

_ პირიქით, _ ისევ ჩაიცინა, _ ვერ მიტან კი არა, გიჟდები ჩემზე, როგორც მაშინ, თექვსმეტი წლის ასაკში. ახლაც ოცნებობ ჩემზე. შენ მე გინდივარ, მაგრამ ზურათი გიწევს ამ სურვილის დაკმაყოფილება. ალბათ როცა მის მკლავებში კოტრიალობ, მე წარმომიდგენ. იწვი სურვილისგან. იწვი იმიტომ, რომ იცი, არასდროს არ გავხდები შენი. არასდროს, გაბი! მე ნარჩენების ჭამას მიჩვეული არ ვარ, თუნდაც ჩემი ძმის კერძიდან იყოს მორჩენილი.

_ პატივმოყვარე ნაძირალა ხარ! ცხოველი! _ ზიზღით მივახალე.

_ ოხ, როგორი ტემპერამენტითაა ნათქვამი! შურისძიებაზე რას იტყვი? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? შენ ჩემს ცხოვრებაში ცნობილი მოდელის სახელით დაბრუნდი, მოდელისა, რომელსაც ასობით მამაკაცი ეუფლება. მე კი არ მინდიხარ შენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინავ! ეს მტკივნეული მოსასმენია, არა?

_ შენ გინდივარ, _ თვალი თვალში გავუყარე და ისე ვუთხარი, _ შეიძლება არ მოგწონდე, შეიძლება არ გიყვარდე, მაგრამ რომ გინდივარ, ეს ზუსტად ვიცი.

_ მე ნაყინიც მინდება, მაგრამ მის გარეშეც შემიძლია გაძლება. გარდა ამისა, ლიკასთან ახლოსაც ვერ მოხვალ. მის დონემდე ბევრი გაკლია. შეიძლება ზურასთვის გამოდგე, ჩემთვის კი არა.

საწყალობლად მივაჩერდი. თვალები ცრემლით ამევსო.

_ მე ზურასთან არ ვწევარ, _ ჩურჩულით ამოვთქვი, _ და არც არასდროს ვწოლილვარ.

ისეთი მზერით შემომხედა, ნებისმიერ გინებაზე უარესი იყო.

_ შეიძლება რაღაც პატივისცემისმაგვარი გრძნობა დამრჩენოდა შენ მიმართ, სიმართლე რომ გეთქვა, მაგრამ შენ მომატყუე. სწორად მოვიქეცი ცხრა წლის წინ, როცა ექვსი ათას დოლარში გაგცვალე. ვაღიარებ, იღბლიანი გარიგება იყო.

ცრემლებით თვალებდაბინდული გასახდელისკენ გავიქეცი, თან ვცდილობდი, არ ავღრიალებულიყავი. ფარდა გადავწიე, იატაკზე ჩავჯექი და უხმოდ ავტირდი. როგორ დავუჯერე ზურას? როგორ ვენდე? რატომ უთხრა ძმას ამდენი ტყუილი? ამით რისი დამტკიცება უნდოდა?

გავიგონე, როგორ გაიღო კარი. სტუდიაში ხმები გაისმა. მაქსის ხმა სულ ახლოს ისმოდა. ალბათ აღარ გაჩერდება, სანამ შეურაცხყოფას კიდევ არ მომაყენებს. მადლობა ღმერთს, რომ ბიბი დაბრუნდა! მისი ხმაც ისმოდა. მათ რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს, მერე ერთმა ნახვამდისო, წარმოთქვა და კარიც გაჯახუნდა.

_ ლამაზო, ყავა მოგიტანე! _ მხიარული ხმით წამოიძახა ბიბიმ.

თვალები ამოვიწმინდე და სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი.

_ ახლავე გამოვალ, ბიბი! _ გავძახე.

მერე მაკიაჟი შევისწორე სახეზე, თვალის უპეებში ტონალური ამოვისვი და გამოვედი. მაქსი სტუდიაში აღარ იყო.

_ მშვიდობით, _ გამოვემშვიდობე ბიბის და მასთან ერთად _ მაქსის კომპანიას, სწრაფად შევტრიალდი და გასასვლელს მივაშურე. არასდროს, ცხოვრებაში არასდროს უკან არ დავბრუნდები, სულ რომ შიმშილით სული გამძვრეს! ამიერიდან სამუდამოდ დავივიწყებ მის სახელს!

ზურა ზუსტად ექვს საათზე ჩემთან იყო. მინდოდა მისთვის მაშინვე მიმეხალა პირში, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ შევხედე თუ არა, ისე შემეცოდა, რომ გადავიფიქრე. საშინელი სახე ჰქონდა _ გასაცოდავებული, გაუბედურებული. თვალები ჩასცვენოდა, სიგამხდრისგან ყვრიმალები წინ წამოსწეოდა. თან ისე გულწრფელად გამიღიმა, ცოტა არ იყოს, წყენამ გადამიარა. დავიჯერე, რომ ზურა არასდროს იტყოდა იმას, რაც მაქსმა მითხრა. ეს მან მხოლოდ ჩემს დასამცირებლად მოიგონა.

ტანსაცმელი არც გამომიცვლია, ჩანთას დავავლე ხელი და სახლიდან გამოვედი…

_ რა ცუდად გამოიყურები, _ ვუთხარი, როცა მაგიდას მივუსხედით. განზრახული მქონდა, ყველაფერი მომეყოლა მისთვის, მაგრამ გადავიფიქრე. ისედაც გასაცოდავებულს კიდევ ტკივილის დამატება უნდოდა?

_ თავს საშინლად ვგრძნობ, _ ჩუმად ჩაილაპარაკა და კონიაკის სირჩა დაცალა, _ ღმერთმა დასწყევლოს ეს აუდიტორები!

_ სამაგიეროდ, როცა წავლენ, შვებას იგრძნობ. _ დაბნეულად მივუგე.

_ შვებას? პირიქით, როცა წავლენ, სწორედ მაშინ დაიწყება უსიამოვნებები. _ ჩაიბურტყუნა.

წარბები შევიკარი. წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ხელზე შევეხე.

_ რა ხდება, ზურა? რა მოხდა?

_ როგორც ჩანს, ასეთია ჩემი ბედი, _ მოქუფრულმა წარმოთქვა და თვალებში შიში ჩაუსახლდა, _ მაქსი მთელი სიცოცხლე მიფრთხილდებოდა, ჩემგან ფოლადის გამოწრთობას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ თიხისგან ვიყავი გამოძერწილი. და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ არ დავცემულიყავი, არასდროს წავბორძიკებულიყავი. ნახევარი შანსი მაინც რომ მოეცა ჩემთვის, იქნებ მართლა რაღაც გამოსულიყო ჩემგან. ის კი ხელს არ მიშვებდა, ერთი ნაბიჯით არ მშორდებოდა, მაიძულებდა, კორპორაციაში მემუშავა. მე კი არ მინდოდა. თავიდანვე ვერ ვიტანდი ჩემს სამუშაოს. მაგრამ ის, როგორც ყოველთვის, ძალას მატანდა, მაიძულებდა.

_ ალბათ არ დაუდექი მაგრად. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და გაქვს არჩევანის უფლება.

_ არა, მე არჩევანის უფლება არასდროს მქონია! _ თქვა და უცებ სახეზე ოფლმა დაასხა, თვალები უაზროდ აატრიალა.

_ ზურა, რატომ გაქვს ასეთი გამომეტყველება? მოწიე რამე?

_ რამე მოვწიე? _ გაიმეორა, _ არ ვიცი… რაღაც ხდება ჩემს თავს. თავი ისე მაქვს გამოცარიელებული, ვეღარ ვაზროვნებ. დათომ მომაწევინა რაღაც. ერთი კვირაა, ვბოლდები. ნამდვილი საწამლავია, მე თუ მკითხავ. როგორმე შორს უნდა დავიჭირო თავი მისგან, ეგ კაცი ხეირს არ დამაყრის.

და ამას ისეთი სისულელეები მოაყოლა, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. სერიოზულად შევშფოთდი. რატომაა ასეთ პანიკაში? ასეთი აღგზნებული?

მერე კვლავ დალაგებულად გააგრძელა:

_ დათომ სულ დაკარგა სიფრთხილე. გაუმაძღარი კაცია, _ თითქოს თავისთვის საუბრობსო, თავჩაღუნული ხმადაბლა ლაპარაკობდა, _ დავემუქრე, ყველაფერს მაქსს მოვუყვები-მეთქი. საშინელებაა ის, რასაც ჩვენ მაქსს ვუკეთებთ. მაგრამ ჩემს ძმასთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს. ის შენთან იწვა, არა, გაბი? ყოველ შემთხვევაში, ერთხელ მაინც, ხომ? ის ახლაც ჩაგიწვენს ლოგინში, თუკი ამას მოისურვებს. ჰმ… _ შუბლი შეიკრა და ისე მომაჩერდა, _ თურმე ჭკუაზე გადადგა, ჩვენ რომ ბათუმიდან წამოვედით. დათომ მითხრა, ადგილს ვერ პოულობდაო. რომ ჩამოვედით, მხოლოდ ერთხელ ვახსენე შენი სახელი მასთან და ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ჩავარდა. ეს დაემართა ჩემს ძმას, მისი ხასიათის ადამიანს! ის შენთვის სიცოცხლეს გაწირავს ისევე, როგორც ჩემთვის.

გაგრძელება იქნება