ვნებათა ჭიდილი - თავი 18 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 18

2025-05-24 17:34:06+04:00

წინა თავი

არ შევაწყვეტინე. მაინტერესებდა, კიდევ რას იტყოდა დათოსთან დაკავშირებით.

_ მაქსმა მე მამობა გამიწია. ის მამა უფრო იყო ჩემთვის, ვიდრე ძმა, _ მან კონიაკი ისევ დაისხა და კვლავ წამში დაცალა. სული რომ მოითქვა, გააგრძელა, _ ის მაგარი ბიჭია! ყველაფერს აკეთებდა ჩემი კეთილდღეობისთვის, ყველა დარტყმას თავის თავზე იღებდა, გზას მიკვალავდა, ხალიჩებს მიგებდა, ფულს მაძლევდა… მთელი სიცოცხლე სამაშველო რგოლს მიგდებდა, ოღონდ არ ჩავძირულიყავი, თავქვეშ რბილ ბალიშს მიდებდა… ახლა მე დამოუკიდებლად მინდა ვიცხოვრო, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს? ისიც არ ვიცი, შევძლებ თუ არა.

_ ზურა, რაღაც ხდება შენს თავს, რაღაც ისე ვერ არის. _ თანაგრძნობით წამოვიწყე, მინდოდა როგორმე მეშველა მისთვის.

_ მე შენ გაღმერთებ, გაბრიელა! ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, როცა დავქორწინდებით. მაქსს ვუთხარი, ცოლად მომყავს-მეთქი. ის კი ისე გაბრაზდა, მოსმენაც არ უნდოდა ჩემი.

_ ზურა, მე არ ვაპირებ შენს ცოლობას, _ რაც შეიძლებოდა რბილად ვუთხარი.

_ მართლა? _ უაზროდ შემომხედა.

_ მე და შენ მხოლოდ მეგობრები ვართ. მხოლოდ მე-გობ-რე-ბი.

_ ნუ, ხო. ყველა ასე ამბობს. _ და გაიცინა. სასმელმა თავისი ქნა, მას უკვე სიტყვები ერეოდა, ენას უკიდებდა, _ დათოს მე ვთხოვე, შენ მოეწვიე სარეკლამო გადაღებებისთვის. ეს შენთვის არასდროს მითქვამს? მანაც გამიგო. მე ხომ ყოველთვის მომწონდი, გაბი. ბოლო დროს სულ ეკრანზე გხედავდი და მომინდა შენ სიახლოვეს ყოფნა. შენ გვერდით სულ სხვა ადამიანად ვგრძნობდი თავს. მაქსის ჩრდილად კი არა, ჩემს პირად მე-დ. ოხხხ, _ კბილები გაახრჭიალა, _ რატომ მოვექეცი ჩემს ძმას ასე? მე ის გავქურდე. მე დავეხმარე დათოს მის გაქურდვაში. გესმის? საკუთარი ძმის გაქურდვაში! ის კი როგორი კეთილი იყო ჩემ მიმართ, არაფერს იშურებდა. მე კი მარტო უსიამოვნებები მოვუტანე. აი, აუდიტორები ახლა აღმოაჩენენ ამას. მათი მოსყიდვა ჩვენ არ ძალგვიძს. როცა მაქსი ყველაფერს გაიგებს, შემიძულებს, იცი ეს?

_ ზურა, მითხარი, რას იპარავდით შენ და დათო? _ გაგონილით თავზარდაცემული ვიყავი. აი, თურმე რატომ დაიწყო ასე უგონოდ სმა ბოლო პერიოდში.

_ ამის თქმა შენთვის არ შემიძლია, _ მძიმედ გადააქნია თავი, _ არ შემიძლია, გაბი! იმდენ რამეში მოვატყუე ჩემი ძმა, რომ ახლა რაც გინდა ვუთხრა, აღარ მომისმენს. არადა, მომიწია ტყუილების თქმამ. ვუთხარი, რომ ჩვენ ფიზიკური სიახლოვე გვაქვს, რომ შენ უკვე ჩემი ხარ და დაქორწინებას ვაპირებთ. მე ხომ ჭკუას ვკარგავ შენზე.

_ შენ ახლა ბოდავ, ზურა! _ შევუძახე.

_ არა, არ ვბოდავ. _ ამოხვნეშით წარმოთქვა და სკამის საზურგეზე გადაწვა, _ წამოდი ჩემთან, გაბი. შენც ხომ გინდა ეს. _ ამ სიტყვებით წამოდგა და მაჯა დამიჭირა, _ წამოდი, გაბი! შენ ახლა ჩემი ხარ, მაქსი ვეღარ მოგწვდება! წამო!

_ გეყოფა! _ შევყვირე და გავიბრძოლე.

ძლივს გავაშვებინე ხელი და გავიქეცი. როგორც კი გარეთ გამოვედი, იქვე გაჩერებულ ტაქსიში ჩავხტი და მძღოლს ვთხოვე, ჩქარა გასცლოდა იქაურობას. ალბათ შეშლილი სახე მქონდა, რადგან მძღოლმა მაშინვე დაძრა მანქანა…

შინ მისულმა მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ძალიან შეშინებული ვიყავი. ზურა ასეთ მდგომარეობაში არასდროს მენახა. უარესად შემეშინდა, როცა მან ჩემს კარზე ბრახუნი და ზარის რეკვა ატეხა. როგორც ჩანს, უკან გამომყვა. კიდევ კარგი, მამა შინ არ იყო. როცა ბრახუნით არაფერი გამოუვიდა, დაბლა ჩავიდა და ქვემოდან დაიწყო ძახილი, სანამ კარს არ გამიღებ, აქედან არ წავალო.

სხვა გზა არ დამიტოვა… იქამდე მიმიყვანა, რომ პოლიცია გამოვიძახე…

პოლიცია, ჩემდა გასაკვირად, სწრაფად მოვიდა და ზურა, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, აყვირებული წაიყვანეს. შეძრული ვუყურებდი ამ სცენას. მაქსი რომ ამას გაიგებს, ალბათ შუაზე გამგლეჯს, ისედაც ვერ მიტანს. კაცმა არ იცის, ზურა როგორი ინტერპრეტაციით მოუყვება ძმას ამ საღამოს თავგადასავალს, მისი ნდობა არ შეიძლება, მას ყველაფრის მოგონება შეუძლია. ეს უკვე ვიწვნიე ერთხელ.

საინტერესოა, რა მოსდის ზურას? რა ხდება მის თავს? საწყალი ბიჭი, რომელიც მთელი სიცოცხლე უფროსი ძმის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა… რის ჩადენას აპირებს? ამ მდგომარეობაში ის ყველაფერზე წამსვლელია. იმდენად შეძრწუნებული ვიყავი მომხდარით, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ზურა აშკარად არ იყო ჭკუაზე და რას მოიმოქმედებდა ხვალ და ზეგ, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა.

მამა ძალზე გვიან მოვიდა. ხალათში შეფუთნილი მისაღებში ვიჯექი. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, რადგან მამა შეშინებული მომვარდა.

_ რა გჭირს? რა მოგივიდა, შვილო?

აკანკალებულმა ხელები მოვხვიე და მკერდზე მივეკარი.

_ მამაააა! _ ვიღრიალე.

როცა ცოტა დავწყნარდი, მამაჩემს გვერდით მივუჯექი და მთელი თვის ამბები მოვუყევი, იმის გარდა, რაც ბათუმში, სანაპიროზე გადამხდა.

_ ოხხხ! _ მამა წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა, _ მთლად გაგიჟებულა ის ბიჭი, _ მერე უცებ შედგა და შუბლშეკრული მომაჩერდა, _ მაგ ბანდიტების ოჯახთან ისევ პრობლემები გაქვს, არა? რით ვერ ისწავლე ჭკუა ამხელა გოგომ?

_ ზურამ რაღაც სისულელეები უთხრა მაქსს ჩემ შესახებ და იმანაც დაიჯერა, _ ჩემდა გასაკვირად, საოცრად მშვიდად წარმოვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე, _ მაგრამ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ზურას იმიტომ ვხვდებოდი, რომ მაქსის სიახლოვეს ვყოფილიყავი, მინდოდა გამემწარებინა. აბა, რას ვიფიქრებდი, ზურა ასე თუ მომექცეოდა? მართლა მეგონა, რომ ჩვენ, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიყავით და ურთიერთობა ამის იქით არ წავიდოდა. ამ საღამოს კი რაღაც სასწაული დაემართა. ისე უცნაურად მოიქცა, რომ იძულებული გავხდი, პოლიცია გამომეძახებინა. ახლა მაქსი საერთოდ აღარ დამინდობს.

_ აბა, რა უნდა გექნა? _ რბილად მკითხა მამამ, _ მეზობლების სალაპარაკოდ ხომ არ გაიხდიდი თავს? იქნებ მხოლოდ და მხოლოდ სიმთვრალის ბრალია, ასე რომ მოგექცა? იქნებ გამოფხიზლდეს და ბოდიში მოგიხადოს. შენ ნუ დარდობ, ძმა ძმას გაჭირვების ჟამს არ მიატოვებს. როგორმე გამოიყვანს იქიდან, არ გაუჭირდება. შენ სწორად მოიქეცი და ვერავინ გაგამტყუნებს. თავს ნუ იდანაშაულებ, შვილო. საერთოდ, ეს ამბავი იცი, რისი ბრალია? მოდელობაზე რომ გადაერთე. აგერჩია წესიერი პროფესია, არც მაგათ გადაეყრებოდი და მშვიდადაც იქნებოდი. ძალად გაახვიე შენი თავი შარში.

პასუხი არ გამიცია. ახლა რომ რამე მეთქვა და თავი დამეცვა, უნდა გვეჩხუბა, ეს კი არ მინდოდა. არც მქონდა მამასთან კამათის თავი.

თავს მართლა ვიდანაშაულებდი. ოღონდ არა იმაში, რომ მოდელობა ავირჩიე პროფესიად, არამედ ზურასთან მიმართებაში. შურისძიების წყურვილმა მიბიძგა ზურასთან დაახლოებისკენ. შედეგად კი ზურა დაზარალდა და არა მაქსი. დღევანდელმა საღამომ ნამდვილი ხანძარი გააჩინა, რომლის ჩაქრობა უკვე შეუძლებელი იყო. ისე დამაბნია შექმნილმა სიტუაციამ, აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი.

დილით სააგენტოდან დამირეკეს, კომპანია `მაქსი და პარტნიორების~ დამფუძნებელი გეძებსო. ვიცოდი, `მისტერ დამფუძნებელი~ რატომაც მეძებდა, ამიტომაც არ შევეხმიანე. კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ამიტომ ამაზე შარს ვერავინ მომდებდა. ასე რომ, ისღა დამრჩენოდა, რაც შეიძლება შორს დამეჭირა თავი ძმებისგან და საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ დამევიწყებინა ისინი, თითქოს არც არსებობდნენ.

და დავივიწყებდი კიდევაც, შემთხვევით ტელევიზორი რომ არ ჩამერთო. ეკრანზე ზურას ფოტოსურათი იყო გამოტანილი და გაოცებულმა ხმას რომ ავუწიე, გავიგე, რომ იგი ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო. მიზეზად მის არაფხიზელ მდგომარეობას ასახელებდნენ.

უეცრად ჩემ თვალწინ ეკრანი მთლიანად დაბნელდა, მერე ყველაფერი ბნელმა მოიცვა და… იატაკზე რომ მოვადინე ბრაგვანი, მივხვდი, რომ გული უნდა წამსვლოდა…

არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე გათიშული. თითქოს მონოტონურად ვიღაცის ჩურჩული ჩამესმოდა: `შენი ბრალი არაფერია~. როცა თვალები გავახილე, გავიაზრე, რომ ოთახში მარტო ვიყავი და არავინაც არ მეჩურჩულებოდა. ეს, ალბათ, ჩემი ქვეცნობიერი მაწვდიდა სიგნალს, რათა დანაშაულის შეგრძნებისგან თავი დამეცვა.

ძლივძლივობით წამოვდექი და მაშინვე ტელეფონს ვეცი. მაქსს ვურეკავდი, ის კი არ მპასუხობდა. სულელი არ ვიყავი? ან კი როგორ მიპასუხებდა? განა ახლა მას ჩემთვის ეცალა? წარმოვიდგინე, რა მდგომარეობაში იქნებოდა. ერთადერთი ძმა დაეღუპა! ძმა, რომელსაც შვილივით ეფოფინებოდა!

რა საშინელებაა! როგორ მოხდა ეს ამბავი? განა ზურა პოლიციამ არ წაიყვანა? ალბათ გამოუშვეს და როცა იქიდან მოდიოდა, მაშინ მოხდა ეს ტრაგედია.

ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ამ უბედურებაში ლომის წილი მე მიმიძღოდა.

არადა, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენებოდა ყოველივე. საღამოს, როცა ჩემთან მოვიდა, მთვრალი არ ყოფილა. თუმცა აშკარად ნარკოტიკით იყო გაბრუებული, რასაც რესტორანშივე მივხვდი. იქ ხომ მხოლოდ ორი სირჩა კონიაკი დალია. ტკივილით გავიხსენე, რაც წინა საღამოს ჩაიდინა. კინაღამ მთელი სამეზობლო ამილაპარაკა. რა მოხდა მერე? პოლიციას როგორ დააღწია თავი? მაქსს დაურეკა და იმან უშველა? იქნებ დათოს სთხოვა დახმარება, რომ ძმა არ გაებრაზებინა? რაღაც ისე ვერ იყო. კრიჭაშეკრული ვიჯექი დივანზე და ფიქრებში ვაანალიზებდი სიტუაციას. ზურა ნარკომანი არ ყოფილა, არასდროს შემიმჩნევია გუშინდლამდე ეს. თავს დავდებდი, რომ ასე იყო. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის, წამალზე შეჯდომა უიღბლო ადამიანების მოგონილია, აი, დალევა კი სულ სხვა რამეა, ნაკლებად საშიშია ადამიანისთვისო, ღიმილით დააყოლებდა. შეიძლება მეორე დილით თავის ტკივილი აგყვეს, მაგრამ გონება ხომ მაინც მუშაობსო.

_ მამა! _ ისტერიკულად ვიყვირე. არავინ გამომეხმაურა. არადა, დილა იყო, მამა შინ უნდა ყოფილიყო.

კიდევ დავიყვირე, კიდევ, კიდევ…

როდის-როდის მამაჩემის ოთახის კარი გაიღო და ზოლებიან პიჟამაში გამოწობილი თავს დამადგა.

_ მეძახდი? _ მკითხა და ზემოდან დამაჩერდა დივანზე მიყუჟულს.

_ ზურა ავარიაში მოყვა და დაიღუპა, _ ნიკაპაკანკალებულმა წარმოვთქვი და მამას ავხედე.

_ რას ამბობ, კაცო! ვინ გითხრა? _ მამამ ხელები ზურგს უკან დაიწყო და ერთმანეთთან შეტყუპებული ფეხებით წინ და უკან ქანაობა დაიწყო.

_ ამწუთას ტელევიზორში გამოაცხადეს, დილის ამბებში. _ საკუთარ მუხლებს ხელები მოვხვიე და თავი ზედ დავადე, _ იცი? გუშინ საღამოს ხომ ერთად ვიყავით და ისე იქცეოდა, როგორც ნარკომანი… არ ვიცი, წამალი ჰქოდა გაკეთებული თუ აბები დალეული, მაგრამ საღ გონებაზე ნამდვილად ვერ იყო. არადა, ნარკომანი არ არის, მამა… არ ყოფილა… ეს ზუსტად ვიცი.

_ ასეთ მდგომარეობამდე სასმელმაც შეიძლება კაცი მიიყვანოს, _ მითხრა მამამ, _ ბევრი მსგავსი მაგალითი ვიცი.

_ არა, არა. აქ სხვა რაღაც ხდება. ალკოჰოლი არაფერ შუაშია.

_ გაბრიელა, შვილო, შენ ახლა შოკურ მგომარეობაში ხარ, _ დამიყვავა მამამ, _ დაიმახსოვრე, რომ ადამიანები თვითონვე იგდებენ თავს განსაცდელში. შენი რა ბრალია, თუ ავარიაში მოყვა? რა შუაში ხარ? გითხარი გუშინ, თავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ-მეთქი.

_ მაგრამ ის მკვდარია, მამა! _ წავიჩურჩულე და ცრემლები გადმომდინდა, _ კი შეიცვალა ბოლო დროს და ნერვებსაც მიშლიდა, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო. მართლა მაწუხებდა მისი მდგომარეობა, სულაც არ იყო ჩემთვის სულერთი, ასე რომ იქცეოდა. ძმასავით მიყვარდა, გესმის?

ცრემლები ღაპაღუპით ჩამომედინა ღაწვებზე. ავსლუკუნდი. მინდოდა ხმამაღლა მეტირა, მაგრამ ვცდილოდი, თავი შემეკავებინა. მამაჩემის განერვიულებას ვერიდებოდი. ის გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია და თავზე, როორც პატარა ბავშვს, ისე გადამისვა ხელი.

_ გეყოფა, გეყოფა ახლა, _ დამშვიდება დამიწყო, _ ნუ განიცდი ასე ძალიან. ყველაფერი კარგად იქნება.

მაგრამ მისი სიტყვები დამაწყნარებდა? გული შუაზე მეპობოდა, ისე განვიცდიდი! რაღაც არაბუნებრივად წარიმართა ჩემი ცხოვრება! რატომ დამსაჯა განგებამ ასე? რა დავაშავე? ნუთუ ოდესმე გადაიყრება შავი ღრუბლები ჩემს თავზე და მზე გამოჩნდება? საწყალი ზურა! და მაქსი! მისი მწუხარება უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემი. ნეტავ მქონოდა უფლება, ახლავე წავსულიყავი მასთან და მენუგეშებინა. არა, ამის უფლება არ მქონდა. სამაგიეროდ, ლიკას ჰქონდა…

ამის გაფიქრებაზე უფრო მწარედ ავტირდი…

სამი დღე შინიდან არ გავსულვარ. ტელეფონი გამოვრთე და გარე სამყაროს სრულიად მოვწყდი. მეოთხე დღეს კომპანიაში დავრეკე და ვიკითხე, როდის ასაფლავებდნენ ზურას. ხუთშაბათს საბურთალოს სასაფლაოზეო, მითხრეს, ეკლესიიდან გამოასვენებენო.

ო, რა ცუდად ვგრძნობდი თავს. სიმწრისგან ფრჩხილები დავიკვნიტე. საღამოს ვეღარ გავძელი და გარეთ გავედი.

უმისამართოდ დავუყევი ქუჩას, თან მომხდარზე ვფიქრობდი. სიცოცხლის ბოლომდე შემაწუხებდა სინდისის ქენჯნა. ჩემს თავს ვაბრალებდი ზურას დაღუპვას. რა კარგი ბიჭი იყო, როგორ მომწონდა. თავიდან რა კარგად აეწყო ჩვენი მეგობრობა. მართლა ძმასავით შემიყვარდა. თან როგორ შეიცვალა პირველ დღეებში _ გახალისდა, თითქოს უფრო თავისუფალი გახდა, მისი მორიდებულობა თნდათან ქრებოდა და გაბედულება ემატებოდა. სულ ხუმრობდა, სულ იცინოდა. გამოცოცხლდა ბიჭი. მერე კი… ეჰ… როგორ მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ის ჩემგან სულ სხვა რამეს მოელოდა? რას ვიფიქრებდი, თუ შევუყვარდებოდი. ეს ნამდვილად არ მინდოდა. რატომ ვერ შევნიშნე ეს? მაქსმა ხომ შენიშნა? დამადანაშაულა კიდევაც, ზურას ეთამაშებიო. ხომ გამაფრთხილა, თავი დაანებეო, რატომ არ დავუჯერე? იმიტომ, რომ მეგონა, მატყუებდა. მეგონა, ეჭვიანობდა. მეც ხომ სწორედ ეს მინდოდა? უნდა დამეჯერებინა მაქსისთვის და არ მიმეყვანა საქმე აქამდე.

არა, არა, ეს შეუძლებელია! ზურა არ უნდა იყოს მკვდარი, ასე არ შეიძლება! შეშლილივით გავყურებდი ქუჩაში მოარულ ადამიანებს და მათში თვალებით ზურას ვეძებდი. მეჩვენებოდა, რომ ის აქ იყო სადღაც, ახლოს, ძალიან ახლოს. თვალწინ სულ მისი გაღიმებული და ბედნიერი სახე მედგა. მხოლოდ ასეთი დამამახსოვრდა.

უეცრად გაქვავებულივით შევდექი. თურმე იმდენი მივლია ფეხით, რომ ზუსტად იმ ადგილამდე მივსულვარ, სადაც ადრე მაქსის გარაჟი იდგა, რომელიც ახლა აღარ არსებობდა. მის ადგილას ვეებერთელა მაღაზია წამოჭიმულიყო წარწერით: `მაქსი და კომპანია~, ქვემოთ კი უფრო დიდი ასოებით ეწერა: `ავტონაწილები~.

წარსულის ტკბილმა მოგონებებმა თითქოს ჰაერში ამწია და შემაქანა. რამდენჯერ მოვსულვარ აქ სუნთქვაშეკრული, აღტყინებული, მაქსთან შეხვედრის მოლოდინით გადავსებული. თითქოს ახლაც ვხედავდი მის დაკუნთულ მკლავებს, მაზუთში ამოსვრილ ხელებს და შავ სამუშაო კომბინეზონს, გაზინთულს მზის შუქზე ლაპლაპი რომ გაჰქონდა. მეც ვეხმარებოდი ხანდახან, ვაწვდიდი ინსტრუმენტებს, ვიცინოდით, ვხუმრობდით. თვალს არ ვაშორებდი ხოლმე მუშაობისას… ღმერთო, როგორ მიყვარდა!..

სწრაფად შევტრიალდი. მოგონებებმა ტკივილი გამიექვსმაგა. ნეტავ აქ არ მოვსულიყავი… რა ჯანდაბამ მომათრია აქამდე? ამისთვის გამოვედი სახლიდან? ან ასე შორს რამ წამომიყვანა? მთელი ექვსი კვარტალი გამომივლია ფეხით!

ოხ, ზურა, ზურა! რატომ ბოლომდე არ მითხარი სათქმელი? რატომ არ გადამიშალე გული, რა შავბნელ საქმეებს აკეთებდით შენ და დათო მაქსისგან მალულად? მართალია, მითხრა, მე და დათომ ჩემი ძმა გავქურდეთო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. იქნებ სიმთვრალე ალაპარაკებდა? მაგრამ მთვრალი რომ არ იყო? სამაგიეროდ, კაიფში ხომ იყო? და რაც თქვა, თუკი მართალია, მაშინ? მე ხომ ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ უცნაურად ელაპარაკებოდა ბათუმში დათო ვიღაცას ტელეფონზე? მერე ეს ამბავი ზურას მოვუყევი, იმან კიდევ ვითომ არაფერი, ისე მიიღო. არადა, იმ საღამოს აუდიტორები ახსენა. ისიც თქვა, ისინი რომ წავლენ, მერე დაიწყება პრობლემებიო. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორ გავარკვიო? ზურა ცოცხალი აღარაა და სიმართლეს ვინ მეტყვის? ყველაფერს გულწრფელად მოვუყვებოდი მაქსს, მაგრამ მომისმენს კი? არა, არ მომისმენს. მას ახლა ალბათ ჩემი დანახვაც არ უნდა. დანახვა კი არა, სიამოვნებით მომკლავდა ალბათ. არადა, მგონია, რომ ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ზურა. ახლა მხოლოდ მაქსს შეუძლია ამ საიდუმლოს ამოხსნა, მაგრამ ვაი, რომ ახლოსაც არ გამიკარებს…

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვუჩქარებდი ნაბიჯს და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს ეჭვებში. ხომ შეიძლება დათოს მართლა ჩაეთრია ზურა უკანონო საქმიანობაში, მერე კი შეშინებოდა, არ ჩამიშვასო და თავიდან მოეშორებინა? ავტოავარიის მოწყობას რა დიდი ამბავი უნდოდა? ზურა ხომ მაგრად იყო შეშინებული აუდიტორების შემოწმებების გამო. შესაძლოა დათოსაც შეეშინდა, ზურა მაქსს არ გამოუტყდეს ყველაფერშიო. მაქსი ძმას არ გაწირავდა, დათოს კი… ჰოო… არის ამაში ლოგიკა. ის ხომ ერთდროულად ყველაფერს დაკარგავდა _ სამსახურსაც, შემოსავალსაც და… ცოლსაც, რომელსაც ფუფუნება უყვარს.

ვინ შემოიყვანა კომპანიაში აუდიტორები? ვინ გამოიძახა? რაში იყენებდა დათო ზურას? ჰქონდა თუ არა მიზეზი დათოს, ზურა თავიდან მოეშორებინა?

შეიძლება ჩემი ვარაუდები მცდარიც იყო, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევდი, მაქსისთვის მაინც მომეყოლა ყველაფერი.

შინ დაბრუნებულმა კვლავ ვცადე მაქსთან დარეკვა. მინდოდა მიმესამძიმრებინა და მეთქვა, ჩემთვისაც რამხელა დანაკლისი იყო ზურას დაღუპვა, მერე კი მომეყოლა, რასაც ვეჭვობდი, მაგრამ მაქსს მობილური გამორთული ჰქონდა, ბინის ნომერზე კი ყურმილს არავინ იღებდა.

ღამით გვიან დავწექი დასაძინებლად, დილით კი მტკიცედ გადავწყვიტე, დასაფლავებას დავსწრებოდი იმ იმედით, რომ მაქსს იქ დაველაპარაკებოდი…

შავი კაბა ჩავიცვი და თმა კეფაზე დავიმაგრე. არც თვალები დამიხატავს და არც მაკიაჟი გამიკეთებია. არც ვიყავი ამის დიდად მოყვარული და არც მჭირდებოდა. სილამაზე ისედაც არ მაკლდა.

ზურა ეკლესიაში იყო დასვენებული. ზღვა ხალხი მოსულიყო მასთან გამოსათხოვებლად. პირველი, ვინც შიგნით შესულმა დავინახე, დათო იყო, რომელიც ღრმა ფიქრებში ჩაფლული იდგა კუბოსთან და ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა. `ვირთხა! _ გავიფიქრე, _ თუ ეს შენი ნახელავია, არ შეგარჩენ!~ _ მზერით დავემუქრე, თუმცა მას ჩემკენ არც კი გამოუხედავს.

წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულით ხელში მივიკვლევდი გზას კუბოსკენ და თვალებით მაქსს დავეძებდი. აი, ისიც! შავ პერანგსა და პიჯაკში გამოწყობილი იატაკს დასჩერებოდა. სახე გაჰფითრებოდა, ნაწამებივით გამოიყურებოდა. მის გვერდით შავკაბიანი ლიკა იდგა და მისთვის ხელკავი გამოედო. რა სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ახლა ამ გოგოს! ეჰ… ამის ნებას ვინ მომცემდა? მაქსი ჩემთვის სამუდამოდ დაკარგული იყო, მით უფრო ახლა, ზურას დაღუპვის შემდეგ. ხომ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ამბავში მაქსი მხოლოდ მე დამადანაშაულებდა.

საშინელ სიცარიელეს და სიმარტოვეს ვგრძნობდი.

მოულოდნელად მაქსმა თავი ასწია და მაინცდამაინც მე შემომხედა, თითქოს გულმა უგრძნო ჩემი იქ ყოფნაო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაც სახეზე ეხატა _ ეს მეტი იყო, ვიდრე ტკივილი, სასოწარკვეთა, უიმედობა, განადგურება… ასეთი მაქსი პირველად ვიხილე.

რამდენიმე წამს უაზროდ მიმზერდა, თითქოს ვერც ხვდებოდა, ვინ ვიყავი, მერე კი სახეზე სიწითლემ აჰკრა და საშინელი ხმით დაიყვირა:

_ აქ მოსვლა როგორ გაბედე, შე კახპავ! _ და თვალები რისხვით აენთო.

შეშინებული შევჩერდი, კუბოს ის იყო, მივუახლოვდი. აკანკალებული თითებით ჩანთის სახელურს ჩავაფრინდი. მაქსს ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა, მომვარდებოდა.

_ რისთვის მოხვედი, შე ნათრევო! შენს ნამოქმედარს გინდა შეხედო? ეს შენ მოკალი ჩემი ძმა, შენ! შენი დედაც!.. _ და ნათქვამს ცხრასართულიანი გინებაც მოაყოლა.

_ არა, მაქს, მე არა ვარ დამნაშავე, _ აკანკალებული ხმით ამოვთქვი.

_ კარგი, დაწყნარდი, _ ლიკამ ხელი მოუჭირა, _ ეს საქმეს არ უშველის. ეკლესიაში ვართ, ყვირილი არ შეიძლება.

მაგრამ მაქსმა უხეშად მოიშორა მისი ხელი და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. მისი შავი თვალები ყველაფერში მე მადანაშაულებდნენ და სიძულვილს მაგრძნობინებდნენ.

_ ხომ გეუბნებოდი, თავი გაანებე-მეთქი, მაგრამ მაინც შენსას აგრძელებდი! ზურას ეთამაშებოდი, რომ როგორმე ჩემამდე გამოგეკვლია გზა, იმიტომ, რომ მე შენ მიგატოვე! _ მაქსს ხმა ჩაეხლიჩა, ძლივს სუნთქავდა, _ იმდენი ეკეკლუცე, სანამ თავი არ დააკარგვინე. იცი, რომ სისხლში ნარკოტიკები აღმოაჩნდა? მაგიტომაც დაიმტვრა! ზურა ნარკოტიკს არასდროს გაჰკარებია, სანამ შენ არ გამოჩნდი! შენ ჩაითრიე იგი! გააგიჟე, ცხოვრება აურიე, მერე კი, როცა შენთან სალაპარაკოდ მოვიდა, პოლიციას გამოუძახე, თითქოს ვიღაც ბოროტმოქმედი დაგსხმოდეს თავს! შე მახინჯო არსებავ, შე ურჩხულო! შენ მოკალი ჩემი ძმა! დაიკარგე აქედან, თვალით აღარ დამენახვო! გაეთრიე ახლავე, სანამ…

გაგრძელება იქნება