თავისი ბრალდებებით გამანადგურა. თითქოს დანა გამიყარეს გულში. რა თქმა უნდა, ვაღიარებდი ჩემს დანაშაულს. ჩემი ბრალიც იყო ზურას დაღუპვა. ამიტომ არ შემწევდა ძალა, გამეპროტესტებინა მაქსის ბრალდებები. ცრემლებისგან დაბინდული თვალებით დავცქეროდი მიცვალებულს და ვეღარ დავინახე, როგორ დაიძრა მაქსი ჩემკენ. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როცა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე მღვდელმა მხარზე დაადო ხელი და შეაჩერა. თავი შეღარ შევიკავე და ტირილი წამსკდა. მაშინვე გამოვტრიალდი და იქაურობას გავეცალე.
ისე ცუდად ვიყავი, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. დაღმართი სულმოუქმელად ჩავირბინე და ჩქარი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. როგორც ჩანს, ტროტუარს გადავცდი, რადგან გამვლელი მანქანები წარამარა მისიგნალებდნენ. დიდი შანსი იყო, რომელიმეს ბორბლებქვეშ შევვარდნოდი. მაგრამ ეს ჩემს პრობლემას ვერ გადაჭრიდა, ვერც ჩემს ტკივილს გაანელებდა…
შინ ერთიანად აცრემლებული დავბრუნდი. კიდევ კარგი, მამა სამსახურში იყო და ასეთ დღეში ვერ დამინახავდა, თორემ გულიც გაუსკდებოდა. ისედაც, მარტო ყოფნა მინდოდა, ახლა არავინ არ მჭირდებოდა. თავის ტკივილის წამალი დავლიე და დავწექი.
რაც უნდა უცნაური იყოს, ჩამეძინა. ალბათ კარგა ხანს მეძინა, რადგან სამსახურიდან დაბრუნებული მამაჩემის ხმამ გამომაღვიძა.
_ იყავი გასვენებაში? _ მკითხა და მზრუნველად შემათვალიერა. ალბათ სახე წაშლილი მქონდა, რადგან შეშფოთებული მომაჩერდა.
_ ჰო.
_ გაგიჭირდა?
_ კი, ძალიან.
მამამ ამოიხვნეშა.
_ რა ვქნა, ვიცი, რომ ცუდად ხარ და ახლა შენი მარტო დატოვება არ შეიძლება, მაგრამ სამსახურშიც ისეთი საგიჟეთი მაქვს… მივლინებაში მიწევს წასვლა.
_ არა უშავს, არაფერი მიჭირს.
_ სადმე ხომ არ გაემგზავრებოდი? დაგესვენა ცოტა ხნით… ა?
_ არა, არ მინდა. ახლა ვერსად წავალ… გადავიტან, არა უშავს.
_ გადაიტან, აბა რა. მე და შენ ასეთები გადაგვიტანია? ადე, ცოტა გამოფხიზლდი. ვახშამს ამ საღამოს მე მოვამზადებ.
_ შენ რომ არაფრის გაკეთება არ იცი? _ ჩემდა უნებურად, გამეღიმა.
_ რაღაცას მოვიფიქრებ. ან… პიცა რომ გამოვიძახოთ?
_ ოოო, კარგი რა, მამა. რა პიცა! მე თვითონ მივხედავ. შენ დაისვენე ცოტა.
სამზარეულოში გავედი და დავტრიალდი, იქნებ გულიც გადავაყოლო-მეთქი. მამა წამითაც არ მომშორებია, ჩემს გართობას ცდილობდა და ენას არ აჩერებდა, სასაცილო ამბებს მიყვებოდა, რათა ჩემთვის ტკივილი დაეამებინა.
ამან ცოტათი მიშველა. სამაგიეროდ, ღამით გამიჭირდა. რახან გამოძინებული ვიყავი, თვალი ვერ მოვხუჭე. სულ ზურაზე მეფიქრებოდა… ზურაზეც და მაქსზეც… უკვე თენდებოდა, როცა ძილმა თავი წამართვა…
დილით მამამ ისაუზმა თუ არა, საჭირო ნივთები ჩაალაგა თავის სამგზავრო ჩანთაში და წავიდა. რამდენიმე დღით სრულიად მარტო ვრჩებოდი _ მარტო ჩემს დარდთან, ტკივილსა და გამოწვევებთან. ვინ იცის, რას მიქადდა მარტოობის ეს დღეები.
როგორც კი მამა გავისტუმრე, მაშინვე სააგენტოში დავრეკე, იქნებ რამე საქმე გამოენახათ ჩემთვის. ნებისმიერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კი შემოეთავაზებინათ. ეს ძალიან მიშველიდა, რათა დავწყნარებულიყავი.
გამიმართლა. ავად გამხდარა ერთი მოდელი, რომელსაც კოლჰოტების სარეკლამო რგოლში იღებდნენ და ხომ არ შეცვლიდიო, მითხრეს. უყოყმანოდ დავთანხმდი.
თავი სწრაფად მოვიწესრიგე და სააგენტოში გავქანდი დამკვეთების კომერციულ დირექტორთან შესახვედრად. მას, რა თქმა უნდა, მოვეწონე და ამიყვანეს.
მთლიანად გადავერთე სამუშაოზე. გულმოდგინედ ვპოზირებდი, თუმცა წამითაც არ მავიწყდებოდა ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა. არც ის მავიწყდებოდა, როგორ გამომლანძღა და `შემამკო~ მაქსმა გასვენების დღეს ეკლესიაში. ყურში გამუდმებით მიწიოდა მისი სიძულვილით სავსე ხმა. მართალია, არ ვამტყუნებდი, მაგრამ რომ სცოდნოდა, როგორ ცდებოდა, ასე აღარ მომექცეოდა… მე არ დამიმსახურებია მისი სიძულვილი…
ნუთუ სულ ასე უნდა ვიტანჯო? ჰო, ალბათ მანამ მომიწევს, სანამ ზურას დაღუპვის ნამდვილ მიზეზს არ დავადგენ. და ეს მე უნდა გავაკეთო, ეს ჩემი მოვალეობაა. უნდა გავარკვიო, მართლა უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა. სულაც არ არის გამორიცხული, დათოს ნარკოტიკებით გაებრუებინა ზურა და ამით ხელი შეეწყო მისი სიკვდილისთვის.
ამ ყოველივეს გარკვევა კი ბორისის ნახვით უნდა დამეწყო. რაც უნდა იყოს, ის ზურასთან ცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ, მისი უახლოესი მეგობარი იყო და ბევრი რამ ეცოდინება. მაქსთან მისვლას აზრი არა აქვს, კინწისკვრით გამომაგდებს თავისი ოფისიდან. მის თვალში ზურას მკვლელი ხომ მე ვარ…
იმავე დღეს, სარეკლამო გადაღებებს მოვრჩი თუ არა, ზურას ბინას მივადექი ბორისის სანახავად. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ, მიუხედავად ძმაკაცის გარდაცვალებისა, მისი ბინიდან გადასული არ იქნებოდა. დაკრძალვაზე ის არ შემინიშნავს, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენა.
ზარის დარეკვისთანავე შიგნიდან საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ჩემ წინ ბორკა იდგა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, თითქოს პოლიციელთა მთელი განყოფილება მისულიყო მის დასაპატიმრებლად.
_ არ ველოდი, აქ თუ მოხვიდოდი, _ მის ხმაშიც კი შიში ვიგრძენი. საშინლად გამოიყურებოდა, _ გაოფლილი, გაფითრებული, სახედაჩაჩქვილი.
_ რა გჭირს? _ შეკითხვისგან თავი ვერ შევიკავე.
_ მაგრად ცუდად ვარ, _ გამომიტყდა, _ იცი? აქ არ უნდა მოსულიყავი.
წარბის აწევით შევხედე, მერე კი შევეკითხე:
_ მარტო ხარ?
_ ახლა უკვე მარტო ვარ, _ მიპასუხა და სახე ხელისგულებით დაიფარა, _ გაბი, არ უნდა მოსულიყავი აქ.
_ რატომ? ეს ზურასთანაა დაკავშირებული? _ ფრთხილად ვიკითხე.
ბორკამ თავი დამიქნია. თვალებში შიში ჩასდგომოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამ საბედისწერო ამბავთან მას რაღაც კავშირი ჰქონდა.
_ შენ რაღაც იცი, არა? ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ხომ? ზურა ნარკოტიკებს არ იღებდა… არასდროს… ეს შენც კარგად იცი. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მის სისხლში ძლიერი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს…
_ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი! ასე როგორ უნდა შეცვლილიყო? _ ბორკა წამოხტა და წაღმა-უკუღმა სიარული დაიწყო, უკვე ვეღარ უმკლავდებოდა თავის შიშს, _ მაპატიე, გაბი, მაგრამ მე რამდენიმე დღით თბილისიან უნდა წავიდე. ამწუთას ვალაგებდი ჩანთაში ჩემს ნივთებს.
_ ცოტა მოულოდნელია ჩემთვის შენი გამგზავრება, _ დაეჭვებულმა შევხედე, _ ვხვდები, რომ რაღაც იცი. შეშინებული ხარ და გარბიხარ? ვინმე გემუქრება? პირდაპირ მითხარი. ვიღაცას უცემიხარ კიდევაც. ვინ გცემა?
ჩემს შეკითხვაზე სახე მიტკალივით გაუთეთრდა.
_ მე არაფერი არ ვიცი, _ უხეშად წარმოთქვა.
_ არა, რაღაც იცი, _ არ შევეპუე, _ ეს მკვლელობა იყო, არა? და ამ ყველაფერში დათოა გარეული? _ დათოს სახელის ხსნებაზე მოულოდნელად შეკრთა, _ რა, ზურა დათოს კომპანიის ავტონაწილების მოპარვაში ეხმარებოდა?
_ გაჩუმდი, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! _ დაიყვირა უცებ და ერთიანად აცახცახებული იატაკზე ჩაიცუცქა.
_ აი, თურმე რას იპარავდნენ, _ ჩემთვის ჩავიჩურჩულე, _ თურმე საიდან ჰქონდა ზურას ამდენი ფული, რომელსაც უაზროდ ხარჯავდა. ეს არ იყო არც ხელფასი და არც მოგებიდან მიღებული თანხა. ის და დათო საწყობიდან ავტონაწილებს იპარავდნენ და ცალკე ყიდდნენ, აღებულ ფულს კი ჯიბეში იდებდნენ. როცა აუდიტორები შემოვიდნენ კომპანიაში, სწორედ ეს დანაკლისი აღმოაჩინეს და ზურაც ამიტომ წუხდა. ახლა ვხვდები, რაც მოხდა. ზურა შეშინდა და დათოს დაემუქრა, მაქსს ყველაფერს მოვუყვებიო. იმანაც იფიქრა, მაქსი ამას არ მაპატიებსო და დაპანიკებულმა ზურას თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
ბორკა მოულოდნელად წამოხტა, მხრებში მეცა, ღრმად ჩამიჭირა თითები და შემაჯანჯღარა:
_ მომისმინე, გაბი. თუ ამას ვინმეს ეტყვი, იცოდე, არც შენ დაგინდობენ. საკუთარ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ. მე სულ შემთხვევით გავეხვიე ამ შარში. ერთხელ ზურას სიმთვრალეში წამოსცდა. კი არ წამოსცდა, ძილში ბოდავდა და ყვლაფერი გავიგე. მერე… ნუ, არ ვიცი… ეშმაკი თუ შემიჩნდა. ვიფიქრე, დათოს დავაშანტაჟებ და ცოტა ფულს გამოვძალავ-მეთქი. იმან კიდევ თავისი ძმაკაცები მომიგზავნა საქმის გასარჩევად. _ ბორისმა ხელები შემიშვა და შეტრიალდა, რადგან ჩემს გამგმირავ მზერას ვერ გაუძლო, _ ვიცი, რომ ზედმეტი მომივიდა. ჩემი რეალტორობით არც ისე ბევრს გამოვიმუშავებ. შეცდომა დავუშვი. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ამიტომ აქედან უნდა ავითესო, თორემ მეც ისე მომიღებენ ბოლოს, როგორც ზურას.
_ წავიდეთ და პოლიციაში განვაცხადოთ, _ შევთავაზე.
_ ოხ, რა გადასარევი აზრია! _ ირონიულად შესძახა, _ და მეც გინდა ამ შარში გამხვიო? მერე რა, ციხეში ჩემს სანახავად ივლი თუ?
_ არ არის აუცილებელი, მათ ყველაფერს მოუყვე. შენ მთავარი სათქმელი თქვი მხოლოდ.
_ საბოლოოდ მაინც გაარკვევენ ყველაფერს და მეც დამიჭერენ, _ ბორისმა ამოიხვნეშა და თმაზე წაივლო ორივე ხელი.
_ აბა, რა გინდა, დათო დაუსჯელი დარჩეს? _ მრისხანებამ მომიცვა.
_ მე ამასთან არავითარი კავშირი არა მაქვს, გეფიცები. არ მიმიღია მათ აფერაში მონაწილეობა. მე და დათოს კარგი ურთიერთობა გვქონდა, ყოველთვის მომწონდა ეს კაცი. სულ ეგ იყო. რა ვქნა, გაბი, მაპატიე, მაგრამ სიკვდილი არ მინდა. მინდა, რომ ვიცოცხლო.
_ შენი კარგად მესმის, ბორკა, მაგრამ არ დავუშვებ, ეს ამბავი ასე საიდუმლოდ დარჩეს. მაქსი მე მადანაშაულებს ძმის დაღუპვაში. რატომ უნდა ვიცხოვრო მთელი სიცოცხლე ასეთი დანაშაულის შეგრძნებით, როცა ბრალი არაფერში მიმიძღვის?
_ ვერც იცხოვრებ, თუ არ დაივიწყებ ყოველივეს, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ.
_ მე ვიცხოვრებ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. ვიცხოვრებ ად სიმართლეს ვიტყვი. სადაც გინდა წადი და დაიმალე, მაგრამ გაზეთები ხშირად იკითხე.
_ და რა უნდა ვეძებო მათში, შენი ნეკროლოგი? _ დამცინავად შემეკითხა, კარისკენ გაემართა და გამოაღო. ამით მაგრძნობინა, შენთან საუბარი დავამთავრეო.
ავდექი და წამოვედი. ახლა მხოლოდ ერთადერთი სურვილი მკლავდა _ დათოს მივვარდნოდი და მეთქვა, რომ ყველაფერი ვიცოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ საერთოდ არ მეშინოდა მისი.
ქუჩაში გამოსულმა ტაქსი გამოვიძახე და `მაქსი და პარტნიორების~ ოფისის~ მისამართი ვუკარნახე.
როგორც ველოდი, დათო ოფისში არ დამხვდა. არც კი შევყოყმანებულვარ, ეგრევე მაქსის კაბინეტს მივაჭერი. მისაღებში მჯდომ გოგონას ვუთხარი, რომ აუცილებელი საქმე მქონდა მასთან და სასწრაფოდ მივეღე. გოგონამაც მაშინვე აკრიფა შიდა ნომერი და მოახსენა თავის შეფს, გაბრიელა გაბელაიას გადაუდებელი საქმე აქვს თქვენთან და მიღებას ითხოვსო.
მცირეოდენი პაუზის შემდეგ მდივანმა წარმოთქვა: `გასაგებია, ბატონო მაქს~, ყურმილი დაკიდა და მომიბრუნდა:
_ სამწუხაროდ, ბატონ მაქსს ახლა თათბირი აქვს, _ თვალიც არ დაუხამხამებია, ისე მითხრა მდივანმა, _ ამიტომ დღეს თქვენს მიღებას ვერ შეძლებს.
_ მე შემიძლია დავიცადო, სანამ თათბირი დამთავრდება, _ სათანადო ღიმილი მოვირგე სახეზე მის მოსათაფლად.
გოგონამ უხერხულად ჩაახველა.
_ მაგრამ… არა მგონია, მან გადაწყვეტილება შეცვალოს.
_ მაინც დავიცდი, _ ჯიუტად წარმოვთქვი, _ ცხრა საათი მომიწევს დაცდა თუ ცხრა დღე, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ მიმიღებს!
მდივანმა მხრები აიჩეჩა, თქმით კი ვერაფერი მითხრა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაბინეტის კარი გაიღო და იქიდან შავპორტფელიანი ჭაღარა მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც უკან მაქსი მოჰყვებოდა. ჩემს დანახვაზე შუბლზე შეიჭმუხნა.
_ შენი დანახვა არ შემიძლია! _ ისეთი ტონით მითხრა, რომ მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
_ თუმცა თქვენ მე უკვე დამინახეთ, ბატონო მაქს, _ ოფიციალური ტონით მივუგე და სავარძლიდან წამოვდექი, _ ამიტომ უნდა მომისმინოთ. როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მიმიღოთ და მომისმინოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
_ ჰოდა, მელოდე, _ აგდებით მესროლა და კაბიენტში შესულმა კარი მოიხურა.
კვლავ ჩავეშვი სავარძელში, აჭარხლებულ მდივანს გამამხნევებლად გავუღიმე, იქვე სამფეხა შუშის მაგიდაზე დადებულ ერთ ჟურნალს დავავლე ხელი და გადავფურცლე.
კარგა ხანს ვიჯექი ასე. ამასობაში სამუშაო დღე დამთავრდა. მდივანმა დაურეკა მაქსს, მივდივარო, მერე მეც დამემშვიდობა და გავიდა. მისაღებში მომაკვდინებელმა სიჩუმემ დაისადგურა.
გავიდა ერთი საათი. მაქსი ჩემს მიღებას არ აპირებდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო უბედურად და დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ შევუვარდე კაბინეტში-მეთქი, მაგრამ იქიდან ჩემი გამოდგების შანსი იმდენად დიდი იყო, რომ თავი შევიკავე. ასეთი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავდა. თანაც, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემს სათქმელს დამაჯერებლად მოვუყრიდი თავს და მაქსს რამეში დავარწმუნებდი. ამიტომ შიში უფრო გამიძლიერდა. სრულიად შესაძლებელი იყო, არ დაეჯერებინა ჩემთვის. მაინც უნდა მეთქვა, რაც ვიცოდი. მე არაფერი დამიშავებია და რატომ უნდა დავედანაშაულებინე იმაში, რაც არ ჩამიდენია? ვხვდებოდი, რომ ვერ მიტანდა და სწორედ ეს მკლავდა. რატომ, რისი გულისთვის?
ამასობაში წელი და ფეხები გამიშეშდა. საშინლად დავიღალე, სახლში მინდოდა წასვლა. უკვე მზად ვიყავი, მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის და აქაურობა დამეტოვებინა. სულ ცოტაც და ავტირდებოდი, რომ ამ დროს კაბინეტის კარი კვლავ გაიღო და მაქსი გამოვიდა. მას არც კი გამოუხედავს ჩემკენ, პირდაპირ გასასვლელისკენ აიღო გეზი. მერე კართან შედგა და არც შემობრუნებულა, ისე მომაძახა:
_ კარი უნდა დავკეტო. ღამის გათევას აქ ხომ არ აპირებ?
_ შენთან სალაპარაკო მაქვს, _ მტკიცე ტონით გამოვუცხადე, _ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.
_ გინდა რაც შეიძლება მეტი ტყუილი მითხრა? ზურა შენ გამო მოკვდა და შენი უაზრო ტყუილები მას უკან ვერ დამიბრუნებს.
ყოველი სიტყვის წარმოთქმისას თითქოს მათხრახს მიშხუილებდა ზურგზე. რატომ, რატომ არ მაძლევს საშუალებას, სიმართლე ვუთხრა?
_ მომისმინე, გთხოვ… ძალიან გთხოვ… _ ავდექი და მისკენ ნელა დავიძარი. ტკივილითა და მუდარით სავსე მზერით შევცქეროდი, მაგრამ მის სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხეულა, _ სალ კლდესავით შეუვალი იდგა, _ ზურა რაღაც კუთხით ქურდობასთან იყო დაკავშირებული. ეს ქურდობა კი შენს კომპანიაში ხდებოდა. ამაში ზურა და დათო იყვნენ გარეულები. ზურას ნარკოტიკი არასდროს მიუღია, იგი ვერ იტანდა საკაიფო წამლებს, არც კი გაჰკარებია მათ. ვიღაც მოტყუებით აბრუებდა, თვითონ აზრზეც ვერ მოდიოდა ისე. ეს ვიღაც კი, ჩემი ღრმა რწმენით, დათოა. დათომ მოკლა იგი, რადგან…
_ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? _ ზიზღით მომიტრიალდა, _ წადი რა, აქედან! თვალით აღარ დამენახვო! შენი შეხედვაც კი ცუდად მხდის. წადი, სანამ თმით მითრევიხარ.
_ გთხოვ… გთხოვ… _ მუდარაზე გადავედი.
_ ნუ მაიძულებ, შენსავით პოლიცია გამოვიძახო. არ მინდა ხელით შეგეხო, თორემ ალბათ დააჭერინებ ჩემს თავს. შენი მოსმენაც არ მინდა, რით ვერ გაიგე? მიედ-მოედები რაღაცას.
_ არაფერსაც არ მივედ-მოვედები. მე სიმართლეს გეუბნები!
_ შენგან სიმართლე როდის მომისმენია, რომ ახლა მითხრა? შენ, უბრალოდ, ისიც არ იცი, რა არის სიმართლე.
ამ სიტყვებით ხელი უხეშად მკრა და დერეფანში გამაგდო. მერე სწრაფად მოხურა კარი და გასაღებით ჩაკეტა. ყველაფრის თქმა თავიდან დავიწყე, მინდოდა მის გონებამდე დასულიყო აზრი, რა ინფორმაციის მიწოდებაც მსურდა, მაგრამ ზურგი შემაქცია და დერეფანს გაუყვა. როცა ლიფტამდე მივაღწიე, იგი უკვე არსად ჩანდა.
ესეც ასე… ვერაფერიც ვერ გავაგებინე. სხვას ვის მოვუყვებოდი, რაც ვიცოდი? პოლიციას? მერედა, აზრი? საქმე რომ აღძრულიყო, მაშინ დამამტკიცებელი საბუთებიც უნდა მქონოდა. ჩემს ეჭვებზე ვინ დაიწყებდა გამოძიებას?
მაქსს ჩემი მოსმენა არ სურდა. ბორისი ქალაქიდან გარბოდა. მე დავმარცხდი. იმით დატანჯული, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, სახლში წავედი და მთელი ღამე ფიქრში გავატარე, რა მომემოქმედებინა. გამოსავალს ვეძები და ვერ ვპოულობდი. საკმარისი იყო, ჩამძინებოდა, ეგრევე მეღვიძებოდა. მთელი ღამე შფოთვაში გავატარე. სასოწარკვეთილს ბოლოს ერთი იდეა ამომიტივტივდა _ მაქსისა და ზურას ბიძა, მამია მენახა და მისთვის მეთქვა, რაც ვიცოდი. იქნებ მას მაინც მოესმინა ჩემთვის.
გაგრძელება იქნება