ვნებათა ჭიდილი - თავი 20 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 20

2025-05-27 10:47:17+04:00

წინა თავი

ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა. ერთხელ, როცა მე და ზურა ერთად ვიყავით, ბიძამისს გაუარა სახლში, რაღაც უნდა გადავცეო. ის გარეუბანში ცხოვრობდა, კერძო სახლში, ამიტომ კორპუსებში ბოდიალი და ბინის ძებნა არ მომიწევდა.

ისევ ტაქსი გამოვიძახე…

საშინლად ვნერვიულობდი, როცა ტაქსიდან ჩამოვედი, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე და ჭიშკარზე მიმაგრებულ ზარის ღილაკს თითი მივაჭირე.

კარი მალევე გაიღო და მაღალი კაცი გამოჩნდა. ის არასდროს არ მყავდა ნანახი, ამიტომ ეგრევე ვკითხე:

_ უკაცრავად, ბატონი მამია თქვენ ბრძანდებით?

დაკუნთული მამაკაცი იყო და მაქსისნაირი შავი თვალები ჰქონდა. ერთხანს დაჟინებით მიყურა, მკაცრად ამათვალიერა. იქნებ სისულელე ჩავიდინე, აქ რომ მოვედი? ვინ იცის, მაქსმა უკვე მოასწრო ჩემზე საშინელებების თქმა? ან კი რად უნდოდა თქმა, იქ ხომ იქნებოდა, გასვენების დღეს ეკლესიაში და თავისი თვალით ნახავდა ჩემს  შერცხვენას?

_ მე თქვენ ზურას გასვენებაში გნახეთ, _ მშვიდად წარმოთქვა მან.

თურმე ვუნახავვარ. ვაი, სირცხვილო და თავის მოჭრავ! ამწუთას მეც გამახსენდა, მგონი, მეც მოვკარი მაშინ თვალი. ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა და შავი ფერის მზის სათვალე ეკეთა.

_ დიახ, ვიყავი იქ… _ ძლივს გასაგონად ჩავილუღლუღე და ისეთმა მღელვარებამ შემიპყრო, რომ საკუთარი გადაწყვეტილება, მისთვის ყველაფერი მეთქვა, შევცვალე. ამ კაცის რეპუტაციამ მაშინვე შიში ჩამინერგა.

_ მგონი, თქვენ გიყვიროდათ ჩემი ძმისშვილი ხმის ჩახლეჩამდე, არა? ხომ არ ვცდები? _ ისევ მშვიდი ხმით განაგრძო მამიამ.

ნეტავ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, ოღონდ კი ეს არ მომესმინა.

_ კი, მე მიყვიროდა, _ თამამად შევხედე თვალებში და მზერა გავიმკაცრე.

და რა, რას მიზამს ახლა, როცა ყველაფერი იცის?

ჩემდა გასაკვირად, ბატონმა მამიამ გამიღიმა.

_ თუმცა შეშინებული სულაც არ ჩანხართ. წარმომიდგენია, რის ფასად უნდა დაგჯდომოდათ, იმ ყველაფრის შემდეგ ჩემთან მოსულიყავით.

_ მართალი ხართ, იმაზე მეტი დამიჯდა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, _ დაძაბულმა მივუგე. ფეხი მოვინაცვლე და შევაჩერდი. რაც იქნება, იქნება, ბარემ ვეტყვი, რისთვისაც მოვედი.

_ ხომ არ შემოხვიდოდით? უხერხულია, ჭიშკართან რომ ვდგავართ. საშიში კაცის სახელი კი მაქვს, მაგრამ ქალებს არ ვერჩი, _ თქვა და კვლავ გამიღიმა. _ შემობრძანდით, სტუმრისთვის ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა.

_ გმადლობთ, _ ვთქვი და ჭიშკრის ზღურბლს გადავაბიჯე…

სასწაული სახლი ჰქონდა, მდიდრულად და გემოვნებით მოწყობილი. ალბათ კოლოსალური თანხა დაუჯდებოდა ამ სახლის რემონტი.

_ იმედია, ხელი არ შეგიშალეთ, _ მივმართე, როცა სასტუმრო ოთახში შემიძღვა და დივანზე ჩამოვჯექი.

_ არა, არა, მხოლოდ ტელევიზორს მომწყვიტეთ და ეგაა. _ ახლა უფრო ფართოდ გამიღიმა, _ ესე იგი, გაბი თქვენ ხართ?

_ დიახ, მე გახლავართ.

_ წლების წინ, ოდესღაც, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაქსი ბევრს მიყვებოდა თქვენზე და ისე გხატავდათ, ჩემს წარმოდგენაში ფრთიანი ანგელოზი იყავით, რომელიც მაღლა ღრუბლებში დაფრინავდა. თუმცა მაქსი დღეს სულ სხვანაირია, ძალიან შეიცვალა. მას მერე თქვენზე ამ დრომდე არაფერი მსმენია. ახლახან თქვენმა სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. მითხრეს, ზურასთან მეგობრობს და კომპანიას რეკლამას უკეთებსო. როგორც ჩანს, ჩვენი გვარის კაცები მოგწონთ.

მიკბინა თუ უბრალოდ, გაიხუმრა? ოფლმა დამასხა.

_ ზურასთან მართლა ვმეგობრობდი, ბატონო მამია. მხოლოდ ვმეგობრობდი, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი შეიცვალა. მე არ შემეძლო ზურასთვის ის მიმეცა, რასაც ჩემგან მოითხოვდა. თავიდანვე იცოდა, რომ ვერ შევიყვარებდი. ამას კი განიცდიდა, მაგრამ მის დაღუპვაში დამნაშავე ნამდვილად არ ვარ. თქვენთან ამიტომ მოვედი. ისეთი რაღაცები ვიცი, რაც ზურას გარდაცვალების საქმეს უკავშირდება. მაქსს ჩემი მოსმენა არ უნდა, ახლოსაც არ გამიკარა. დღემდე დარწუნებულია, რომ ზურას სიკვდილი ჩემი ბრალია.

_ მგელივით გეცათ, არა? მას ეს სჩვევია, არ მიკვირს, _ ისეთი ტონით მითხრა, თითქოს მამშვიდებსო, _ მითხარით, აბა, რა იცით.

თავდაჭერილად, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე მოვუყევი, რასაც ვეჭვობდი.

_ ყველაფერი ბოლომდე ნათელი მაშინ გახდა, როცა ბორისს ველაპარაკე. კარგა გემრიელად ნაცემი დამხვდა, თან ჩანთას ალაგებდა, ქალაქიდან გავდივარო. შემეშინდა, რომ შევხედე, ისე ცუდად გამოიყურებოდა. აშკარად მაგრადაა შეშინებული.

ბატონი მამია თვალმოუშორებლად მისმენდა, წამწამებიც კი არ დაუხამხამებია.

_ თქვენ როგორ გგონიათ, ზურაბი ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა?

_ არა, არასდროს. მხოლოდ ბოლო ნახვისას შევამჩნიე, რომ ფხიზლად არ იყო. არადა, მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა სასმლის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ვუთხარი კიდევაც ამის შესახებ, მან კი მომიგო, მე თვითონაც არ ვიცი, რა მოვწიე, ერთი კვირაა, ვბოლდებიო. დათომ მომცაო რაღაც. ეს მისი სიტყვებია, ნამდვილად არ ვიგონებ.

ჩემი და ზურას უკანასკნელი შეხვედრის ყველა დეტალი მოვუყევი, დაწვრილებით გადმოვულაგე იმ საღამოს ამბები.

_ მდა… რასაც თქვენ მიყვებით, ზურას საქციელს არ ჰგავს. ის სულ სხვანაირი იყო. ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული, მორიდებული.

_ მეც მაგას არ ვამბობ? _ გული მომეცა, _ მე ის მთვრალიც ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. თითქოს დაბოღმილიც იყო, უიმედოც, სასოწარკვეთილიც. მეშინოდა, არ ატირდეს-მეთქი. ჩემ გამო კი არ იყო ასე, აუდიტორებზე ნერვიულობდა, ყველაფერს გამოააშკარავებენო. თან ბოლომდე ვერ გეტყვი, რაც ხდება, არ არის საჭირო, ყველაფერი იცოდეო. ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა, მოწყენილი დადიოდა, გახდა. გეფიცებით, თავიდანვე ძმად მივიღე, არანაირი იმედი არ მიმიცია, რომ შევიყვარებდი და მან ეს იცოდა. თუმცა იმ საღამოს ჩემი მოსმენაც არ ისურვა. აიჩემა, ცოლად უნდა მოგიყვანოო. მაქსს რაღაცები ელაპარაკა ჩემზე, რაც მართალი არ არის. რაღაც სასწაულები ხდებოდა მის თავს. რომ არა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა, ვიფიქრებდი, უიმედო სიყვარულმა გახადა ასეთი-მეთქი, მაგრამ მერე ისეთებს მომიყვა, მივხვდი, სხვა რაღაც ხდებოდა მის თავს, თუმცა ბოლომდე არ გამეხსნა.

_ ყველაფერი გასაგებია… მე ვერ შევძელი მათი მკაცრად გაკონტროლება. ვიფიქრე, უკვე დიდი ბიჭები არიან, ჭკუაში ჩავარდნენ და თვითონ მიხედავენ თავიანთ თავს-მეთქი. მე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგი რა უნდა მესწავლებინა მათთვის?.. თქვენ რა იცით ჩემ შესახებ? _ უეცრად მომიტრიალდა.

_ რაღაცები ვიცი… _ უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ მაინც სიმართლე ვუთხარი.

_ ჰოდა, რაც იცით, ყველაფერი მართალია… _ დაღვრემილმა შემომხედა და სევდით სავსე ღიმილი მომაგო.

_ სამაგიეროდ, კარგი ადამიანი ხართ, ძმისშვილები ასე რომ აღზარდეთ. _ ვთქვი დარცხვენილმა და თვალები დავხარე.

_ სხვანაირად არ შემეძლო. არ მინდოდა, ჩემს გზას გამოჰყოლოდნენ და ამისთვის ძალ-ღონე არ დავიშურე. მაქსი ყოველთვის ცოცხალი ბიჭი იყო, მუყაითი, შრომა არ ეზარებოდა. თან კარგი ხელი ჰქონდა, ერთ მანქანას მარტო ისე დაშლიდა და ააწყობდა, არავის დაიხმარებდა. მეც ხელი შევუწყვე და გზაზე დავაყენე. რა ვიცი, რაც შემეძლო, გავაკეთე. საკუთარი შვილები არ მყავს და სხვას ვის უნდა დავხმარებოდი, თუ არა ჩემს ძმისშვილებს? რომ წამოიზარდნენ, თვითონ მონახეს გზა. ხომ ხედავთ, რამხელა კორპორაცია წამოჭიმეს. ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა და არა ჩემი. უფრო სწორად, მაქსის დამსახურებაა. ის იყო ყოველთვის მონდომებული. მე, უბრალოდ, ხელი წავუკარი. ფულიც თვითონ მოაგროვა თავისი შრომით.

`თავისი შრომით კი არა, ჩემი მშობლების მიცემული ექვსი ათასი დოლარით!~ _ გავიფიქრე, მაგრამ მამიასთვის ეს არ მითქვამს. სწორედ იმ თანხამ შეცვალა მისი ცხოვრება. ფულში გამცვალა. თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მაქსი ვერასდროს დაივიწყებს, როგორ დაიღუპა მისი ძმა და კუბოს კარამდე მე დამადანაშაულებს ამ ტრაგედიაში. ამიტომაც, ერთადერთი, რაც მინდოდა, ამ მძიმე ბრალდების გაქარწყლება მსურდა, სხვა არაფერი. კიდევ ის, რომ ზურას მკვლელი მეპოვა. იქნებ მაშინ მაინც შეცვლოდა მაქსს ჩემზე წარმოდგენა.

მამიასთან რატომღაც, თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, დაძაბული სულაც არ ვიყავი.

_ მაგ ნაძირალა დათოს მიმართ სასწრაფო ზომებია მისაღები, _ თქვა ბატონმა მამიამ და ფანჯარას მოშორდა. თვალებში მუქარა გაუკრთა.

_ მითხარით, რა გავაკეთო? _ შევეკითხე.

მამიამ ჩაიცინა.

_ აი, მესმის ხასიათი! მაქსი მეუბნებოდა, ისეთი გოგოა, ადვილად ვერ მოდრეკო.

_ არც მთლად მასეა საქმე, _ გავიღიმე, _ ბოლო დროის ამბებმა ისე მომდრიკა, ადგილს ვერ ვპოულობ. ძალიან მინდა დათო სამაგალითოდ დაისაჯოს, ამისთვის კი ყველაფერზე წავალ ისე, რომ არაფერს შევუშინდები. მან პასუხი უნდა აგოს ზურას დაღუპვის გამო.

_ მაგრამ ბოლომდე ხართ დარწმუნებული, რომ ავარია მან მოაწყო?

_ აბსოლუტურად, _ წამითაც არ შევყოყმანებულვარ, ისეთი დარწმუნებით მივუგე, _ თუ გნებავთ, სანაძლეოს დაგიდებთ, რომ მან მოკლა ზურა.

_ ოჰოო, _ გაიოცა მაქსის ბიძამ, _ ყველა სიკეთესთან ერთად, აზარტულიც ყოფილხართ. _ მერე თავი ღიმილით გადააქნია და დააყოლა, _ ეს არ არის კარგი, გოგონი, არ არის კარგი.

_ კარგი, მეტჯერ აღარ გავიმეორებ, _ შევპირდი, _ მაშინ მითხარით, რა უნდა ვქნათ?

_ თქვენ არაფერი. ეს ჩემი ოჯახის საქმეა და მე მივხედავ. გავიკითხ-გამოვიკითხავ, რამდენიმე გულუბრყვილო შეკითხვას დავსვამ და მოვუსმენ, რას მიპასუხებენ. თქვენ კი ენას კბილი დააჭირეთ, არავისთან სიტყვა არ წამოგცდეთ. არ მინდა, რამე დაგემართოთ, სანამ რაღაც-რაღაცებს გავარკვევ.

_ ეგ არც მე მინდა, _ ვთქვი და წამოვდექი, _ დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. არავინ მყავს ისეთი, ვისი ნდობაც შეიძლება. ახლო მეგობრებიც კი არ მყავს. ჩემი ერთადერთი მეგობარი ზურა იყო, _ ბოლო სიტყვებზე ცრემლები მომერია.

_ აბა, აბა, ახლავე შეწყვიტეთ! _ შემაჩერა ბატონმა მამიამ, _ ზურას არ მოეწონებოდა თქვენი ცრემლების დანახვა.

ცრემლი გადავყლაპე და ძლივძლივობით ამოვთქვი:

_ მართალი ხართ, არ მოეწონებოდა. ის საუკეთესო ადამიანი იყო. საოცრად კარგი ბიჭი.

კარისკენ გავემართე. მამიამ გამაცილა.

_ მომცემთ თქვენი ტელეფონის ნომერს თუ ჩემსას ჩაიწერთ? _ ვკითხე, სანამ გავიდოდი.

_ აჯობებს, ტელეფონით არ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს. კარგს არაფერს მოგიტანთ ჩემისთანა არამზადასთან ურთიერთობის გაბმა.

_ რას ამბობთ, უკეთიშობილესი ადამიანი ხართ, _ მორიდებით შევღიმე, _ ერთადერთი არამზადა, რომელსაც ვიცნობ, გარეთ დასეირნობს და თავი მაგარი კაცი ჰგონია.

_ გაბრიელა, მომისმინეთ… ახლა მთავარია, არავინ გაიგოს, მე რომ რაღაც ვიცი და საქმის კურსში ვარ. თქვენც ყურადღებით იყავით, მიიხედ-მოიხედეთ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბით. ხომ იცით, ხმები მალე ვრცელდება. იმ ბიჭმა, ზურასთან რომ ცხოვრობდა, უკვე ძალიან ბევრი რამ თქვა.

_ ფრთხილად ვიქნები, გპირდებით, მაგრამ თუ რამეს გაიგებთ, მეც მეტყვით?

_ აუცილებლად. თან ისე მოგაწვდით ინფორმაციას, გაგიკვირდებათ. სრულიად მოულოდნელი გზებით… მარტო ცხოვრობთ?

_ არა, მამასთან ერთად.

_ ჰოდა, სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამოობით მარტო ნუ გამოხვალთ სახლიდან.

_ მადლობა ზრუნვისთვის. გავითვალისწინებ. მიკვირს, თქვენისთანა ადამიანს ცოლ-შვილი რომ არ ჰყავს.

_ რას ვიზამთ, ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. ერთი გოგო მიყვარდა, რომლის ცოლად შერთვა ვერ მოვასწარი, გარდაიცვალა. მერე სხვა აღარ მოვიყვანე, არ მქონდა სურვილი. ისიც თქვენნაირი ჟღალთმიანი იყო, დიდრონი ცისფერი თვალებითა და ცხვირზე პაწაწინა ჭორფლებით. ულამაზესი იყო.

_ რა დაემართა?

ბატონმა მამიამ ნიკაპზე ჩამოისვა ხელი.

_ გაგეცინებათ, მაგრამ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დამიჯერებთ? მეოცე საუკუნეში, როცა ადამიანი მთვარეზე დაფრინავდა, სამყაროს ერთი უკიდურესი წერტილიდან მეორეში  წამებში შეგეძლო ვინმესთან დაკავშირება… ვერაფერი ვერ უშველეს. ის ოცდაოთხი წლის იყო, მე _ ოცდაათის. საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი მის გადასარჩენად, მაგრამ… _ მხრები ჩამოუშვა მამაკაცმა, _ ის ერთადერთი გოგო იყო, რომელსაც ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვარ. ბოლომდე ესმოდა ჩემი და მიგებდა.

ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე, როცა მამიას თვალები აუწყლიანდა. შემეშინდა, მეც არ ავტირდე-მეთქი. არ დამიწყია მისი ნუგეშისცემა, ეს მას ვერ უშველიდა, სრული უაზრობა იქნებოდა მხოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სახელი ჰქონდა, თავის წრეში ალბათ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. მე სულაც არ მეშინოდა მისი. პირიქით, საოცრად კეთილად განვეწყვე. ძალიან მომეწონა.

_ ნახვამდის, მამია ბიძია, _ თბილად დავემშვიდობე.

_ ნახვამდის, ჩემო გოგო. ფრთხილად იყავი, შვილო.

_ თქვენც.

გაგრძელება იქნება