ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ საქართველოში ქალების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის დეტალურად ინფორმირებული. ეს ერთი მხრივ, გამოწვეულია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმით და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბარიერებით, რაც უსაფრთხო სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
არაინფორმირებულობა და სოციალური პრობლემები ქალებს უბიძგებს, ორსულობის შეწყვეტის სახიფათო გზებს მიმართონ. ამჟამინდელი სახელმწიფო პოლიტიკით სერვისის მიღებამდე პაციენტს უწევს დამატებითი პროცედურების გავლა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფინანსურ წნეხს.
დაახლოებით ერთ წელზე მეტია, ქალებს შეექმნათ ვალდებულება, გაიკეთონ მეორე ულტრაბგერითი კვლევა პირველის გაკეთებიდან 5 დღის შემდეგ, რაც ექიმების შეფასებით, აზრს მოკლებულია ვინაიდან სამედიცინო თვალსაზრისით აღნიშნული ინტერვალის დაცვით ჩატარებული ექოსკოპია არ არის ინფორმაციული. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
შედეგად: გაიზარდა წნეხი ქალებზე, შეიზღუდა პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი და ბარიერები, რამაც საბოლოოდ, სერვისის მიღების საჭიროების მქონე პირებს, სირთულეები შეუქმნა.
ამ სტატიაში განვიხილავთ 5 მნიშვნელოვან საკითხს, რაც ქალებმა უნდა იცოდნენ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტასთან დაკავშირებით. ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასარიდებლად:
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ვადაზეა დაშვებული. 12-დან 22 კვირამდე აბორტი კი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით არის ნებადართული.
ჩვენს ქვეყანაში არსებული აბორტთან დაკავშირებული სტიგმიდან გამომდინარე, ხშირად გარშემომყოფები და რიგ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალიც ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ქალის გადაწყვეტილებაზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ინდივიდმა აბორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე და არა გარეშე პირების მოსაზრებების გათვალისწინებით.
თუ ქალს სურს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, მას სამედიცინო სერვისი ყოველგვარი ბარიერების გარეშე უნდა მიეწოდებოდეს.
მედიკამენტური თუ ქირურგიული აბორტის ჩატარებამდე მნიშვნელოვანია, სრულად ინფორმირებული იყოთ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებით. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დამატებითი შფოთვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში დამკვიდრებული მითებითა და სტიგმით იყოს შექმნილი (მაგალითად, აბორტის შემდეგ რომ შეიძლება, ორსულობა აღარ დადგეს და სხვა).
პროცედურის არსისა და შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმირება ასევე დაგეხმარებათ, საჭიროების შემთხვევაში, სწორ დროს მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას ან თქვენს მკურნალ ექიმს (მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, სისხლდენა და სხვა).
ორსულობის ადრეულ ვადაზე მისი შეწყვეტა ხდება მედიკამენტური აბორტის მეშვეობით. დოზა და მიღების ინტენსივობა კი მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულმა ექიმმა უნდა განსაზღვროს. დაუშვებელია მედიკამენტების სხვისი რეკომენდაციით ან თვითნებურად მიღება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიც არის სისხლდენა, ინფექციები და სხვა, რაც დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული.
აბორტის მიმდინარეობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, სიცხის დამწევი მედიკამენტებისა და სხვა ისეთი საშუალებების მიღება, რომელსაც ექიმი თავად შეგირჩევთ. თუ რომელიმე მათგანის მიმართ ალერგია გაქვთ, აუცილებლად აღნიშნეთ ამის შესახებ.
რაც შეეხება ქირურგიულ აბორტს, ის გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით, რომლის დროს ნაყოფის ქსოვილების გამოძევება ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნით. ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით (ასევე ნარკოზითაც).
ქირურგიული აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ვაკუუმ-ასპირაციაა (მანუალური ან ელექტრო), რომელიც რეკომენდებულია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (12 კვირა). აუცილებელია, პროცედურა არ დასრულდეს ბასრი კიურეტაჟით, რათა ქსოვილები არ დაზიანდეს.
გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად ქალებში, რომელთაც ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კავშირი. მაქსიმალური ეფექტურობისთვის, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, მაქსიმუმ 72-120 საათის განმავლობაში, მედიკამენტის ანოტაციის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების გამოყენებამ შესაძლოა დაარღვიოს მენსტრუალური ციკლი, ან შეაფერხოს ის. თუ აბების მიღებიდან სამი-ოთხი კვირის განმავლობაში არ დაგეწყოთ მენსტრუაცია, აუცილებლად ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს გინეკოლოგთან.
მედიცინაში არსებობს ტერმინი თვითნებითი აბორტი, როდესაც ორსულობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თვითონ წყდება. სათანადო მართვითა და მეთვალყურეობით არსებობს მისი შენარჩუნების შესაძლებლობაც, თუმცა ხანდახან ექიმისა და პაციენტის მიერ მიღებული ზომები სასურველი შედეგით ვერ სრულდება.
ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც რისკს ზრდის. აღნიშნული ფაქტორებია: 35 წელზე უფროსი ასაკი, ორი ან მეტი თვითნებითი აბორტი ანამნეზში, ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და სხვა. შესაძლოა, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მიზეზის პოვნა ვერ მოხერხდეს.
თუ შეამჩნიეთ, სისხლდენა, ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ მის მიერ დანიშნული სამედიცინო პროცედურები.
გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმირებულობა დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ფიზიოლოგიური გართულებები თუ მენტალური პრობლემები.