ვნებათა ჭიდილი - თავი 21 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 21

2025-05-28 11:26:26+04:00

წინა თავი

ჭიშკრიდან გამოსულმა უკან მივიხედე, რათა კიდევ ერთხელ გამეღიმა მისთვის. მან ხელი დამიქნია და კარი ნელა მიხურა.

შინ შედარებით დამშვიდებული დავბრუნდი. რახან მამიამ უკვე ყველაფერი იცოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს დაიშურებდა სიმართლის გასარკვევად. თუკი იგი თვალს მიადევნებდა კომპანიაში მიმდინარე მოვლენებს, დათოს კვალზე ადვილად გავიდოდა და ფაქტობრივ მასალებსაც მოიძიებდა მისი სამსახურებრივი დანაშაულის გამოსააშკარავებლად. ყველაზე კარგი ამ მომენტში აუდიტორებთან გასაუბრება იქნებოდა, მაგრამ მე ხომ კერძო დეტექტივი არ ვიყავი, ეს გამეკეთებინა, ხოლო ოფისში სირბილი და რაღაც-რაღაცების გარკვევა რომ დამეწყო, ვინმე ეჭვს აიღებდა. ეს კი საშიში იყო.

ნეტავ თუ მოუყვება მამია მაქსს ჩვენი შეხვედრის შესახებ? იმედია, არ მოუყვება. ჩემი აზრით, ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ უყვართ თავიანთი საიდუმლოებების სხვებისთვის განდობა, თუ ამის საჭიროება არ დადგება. მტრისას, მაქსის ყურამდე ჩვენი შეხვედრის ამბავმა მიაღწიოს. ალბათ სიცოცხლეს გამიმწარებს, ჩემს ზურგს უკან რაებს სჩადიხარ, ვინ მოგცა უფლება, ბიძაჩემს რომ მიადექიო. აჯობებს, მე თვითონ შევეხმიანო, კიდევ ერთხელ ვცადო მასთან დალაპარაკება და ვაიძულო, მომისმინოს.

ტელეფონი მოვიმარჯვე და მართლაც დავრეკე. უკვე შეღამებული იყო, მაგრამ არ გავმორიცხავდი, მასთან ახლა ლიკა ყოფილიყო. თუმცა ლიკა რას მიშლიდა ხელს? მის გახსენებაზე უკვე აღარ მეწურებოდა გული ძველებურად. როგორც ჩანს, მივეჩვიე იმ აზრს, რომ ის და მაქსი საყვარლები არიან.

სუნთქვაშეკრული ვუგდებდი ყურს ტელეფონის ზუმერს _ ერთი ზარი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი… მეექვსე ზარზე, როცა უკვე გათიშვას ვაპირებდი, მაქსმა მიპასუხა.

_ გისმენთ.

გავქვავდი. რა თქმა უნდა, იცნო ჩემი ნომერი, მაგრამ მაინც მიპასუხა. ნუთუ მომისმენს?

_ ალო? _ მოუთმენლად გაისმა მისი ხმა.

_ ვიცი, რომ ჩემი მოსმენა არ გინდა, მაგრამ გემუდარები… მხოლოდ ამ ერთხელ, მხოლოდ ახლა მომისმინე და არ გამითიშო. _ აკანკალებული ხმით ვთხოვე.

პაუზა.

_ რა უნდა მითხრა ისეთი, რაც მე არ ვიცი? რომ იცოდე, იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია. _ ამჯერად მისი ტონი აგრესიული არ მეჩვენა.

_ ზურას ვიღაც ნარკოტიკებს აძლევდა, _ ვცდილობდი, აღელვების გარეშე მელაპარაკა, _ ვიღაც მოტყუებით აბრუებდა. შენ მაინც ხომ იცნობდი შენს ძმას? როგორ გგონია, ის ჰგავდა იმ კაცს, ჩემი სახლის ფანჯრებთან დამდგარიყო და ბოლო ხმაზე ეყვირა, თუნდაც უგონოდ მთვრალი ყოფილიყო?

ისევ პაუზა.

_ შენი ნაცნობების წრეში ნარკოტიკების შოვნა ძნელი არ არის, _ დამცინავად წარმოთქვა ბოლოს, მაგრამ ამ ბრალდებას ავიტანდი, რახან მისმენდა.

_ არა, ასე არ არის. ნარკოტიკი მე არ მიმიცია მისთვის. არც ჩემი ნაცნობებისგან აუღია არასდროს. კიდევ ის, რომ ჩვენ რომანი არ გვქონია. რატომ არ გინდა დამიჯერო? გგონია, მე ვუყრიდი სასმელში გასაბრუებელ საშუალებებს? ამას სხვა აკეთებდა, გეფიცები. მე მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. შეამოწმე შენი კომპანიის ბუღალტერია. ზურა და დათო იქ რაღაც საქმეებს ა…

_ საკმარისია! _ უხეშად გამაწყვეტინა, _ არ მოგბეზრდა ამ ზღაპრების ცხრაასჯერ გამეორება? დათოს ველაპარაკე ამის შესახებ და მითხრა, ეგ აბსურდული ტყუილია, გაბი ცილს მწამებსო. გასაგებია? შენ კი თუ ასე გააგრძელებ დათოს დადანაშაულებას, ის პასუხს გაგებინებს, იცოდე!

ამის გაგონებაზე შემამცივნა.

_ ანუ რაც მე გითხარი, ყველაფერი დათოს მოუყევი?

_ რა თქმა უნდა. შენი აზრით, არ უნდა მეთქვა? _ გაღიზიანებულმა ხმას აუწია, _ ჩვენ ცხრა წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად ვმუშაობთ. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. ჰო, მოვუყევი. მას აქვს უფლება, იცოდეს, რა უაზრო ბრალდებებსაც შენ უყენებ.

შიშმა მარწუხებივით ცივად წამიჭირა ყელში.

_ მერედა, თავში აზრადაც არ მოგივიდა, რომ რახან მან უკვე იცის ამის შესახებ, შეიძლება მომადგეს და რამე დამიშავოს?

_ რატომ უნდა დაგიშავოს?

_ იმიტომ, რომ ვიცი, ჩუმ-ჩუმად რასაც სჩადიოდა. ახლა კი, რადგან გზაზე გადავეღობე, რა დაუდგება წინ, ჩამისაფრდეს სადმე და ისევე გამისწორდეს, როგორც ზურას გაუსწორდა? _ ავპილპილდი.

_ შეწყვიტე, რა! გეყოფა ამდენი ტყუილი და რაღაც სიგიჟეების მოგონება! ზურა ნარკომანი არ იყო, მაგრამ ბოლო დროს რომ აურია, შენი ბრალია. აი, ეს ზუსტად ვიცი. თავიდან რომ არ გაკეკლუცებოდი და მერე ზურგი არ გექცია, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. დამღალე. მე მიყვარდა ჩემი ძმა. მე გავზარდე ის, მე, ერთმა. დაივიწყე ყველაფერი, კარგი? მინდა ცოტა დავწყნარდე. შენ კი რაღაცებს იგონებ თავის გასამართლებლად. რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ მე ნუ მიყვები ამ სისულეეებს. არ მინდა შენთან ლაპარაკი. არც დანახვა მინდა შენი და არც მოსმენა. არასდროს! _ და გამითიშა.

თვალები დავხუჭე. ვერც კი ხვდება, რა გააკეთა, რამხელა საფრთხეში ჩამაგდო. არ უნდა მეთქვა მისთვის არაფერი. იმან დათოს უთხრა, ის კი უკან აღარ დაიხევს. ადგება და ბოლოს მომიღებს.

რაღაც უნდა ვიღონო. მამია მართალი იყო, რომ მაფრთხილებდა. ახლა მართლა მომიწევს სიფრთხილის გამოჩენა.

ხვალვე წავალ პოლიციაში და განცხადებას დავწერ, რომ თუ რამე მომივა, ყვველაფერი დათოს დააბრალონ. რომ მომკლას, ვიღაცამ მაინც ხომ უნდა იცოდეს, ვინ მომკლა და რატომ?

სანამ დავწვებოდი, ყველა კარი და ფანჯარა შევამოწმე ყოველი შემთხვევისთვის. ამ მხრივ საშიშროება არ მემუქრებოდა, მაგრამ მაინც დავიზღვიე თავი. კი დავწექი, მაგრამ ვერა და ვერ დავიძინე. ყოველ გაფაჩუნებაზე შიშით თვალებს ვაჭყეტდი. დათომ უკვე იცოდა, ჩემი მხრიდან რაც ემუქრებოდა, ამიტომ რა გააჩერებდა? გარხევის საშუალებასაც არ მომცემდა.

არც შევმცდარვარ. დილით, გავიღვიძე თუ არა, სახლის ტელეფონმა დარეკა. ყურმილს აცახცახებული ხელით დავწვდი.

_ ალო? _ როგორც შემეძლო, მშვიდი ხმით ვუპასუხე.

_ ქალბატონი გაბრიელა ხართ? _ იკითხა მამაკაცის უცნობმა ხმამ.

_ დიახ. ვის ვესაუბრები?

_ ჩემამდე მოაღწია ჭორებმა, რომ თქვენ რაღაც გაუგებარ კითხვებს სვამთ ზურას სიკვდილთან დაკავშირებით. აჯობებს, აღარ დასვათ ეს შეკითხვვები, თორემ უსიამოვნება არ აგცდებათ. გამიგეთ, რაც გითხარით?

თავზარდაცემული საწოლზე წამოვჯექი.

_ თქვენ ვინ ხართ?

_ არა აქვს მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გირჩევთ, განზე გადგეთ.

_ არა, არ გავდგები! _ იმპულსურად წამოვისროლე, _ დღესვე განვაცხადებ პოლიციაში თქვენი მუქარის შესახებ!

უცნობმა ყურმილი იმწამსვე დაკიდა.

სასწრაფოდ გადმოვხტი საწოლიდან და ჩაცმას შევუდექი. იმის დარდი არ მქონდა, ლამაზად ჩამეცვა, რათა ვინმეზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ახლა საქმე ჩემს სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა და ამაზე უნდა მეზრუნა. რაც შეიძლება ჩქარა უნდა მიმეღწია ჩვენი უბნის პოლიციის განყოფილებამდე და რაც ვიცოდი, ყველაფერი მეთქვა. ახლა ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი უსაფრთხოება.

თმაც კი არ დამივარცხნია, ისე გავვარდი სახლიდან. `დიდი მადლობა შენ, მაქს, _ ვფიქრობდი ჩემთვის, _ ახლა შეგიძლია ჩემს დასაფლავებაზეც მოხვიდე~.

მივდიოდი და შიშით ფეხები მეკეცებოდა. კიბის საფეხურები კისრისტეხით ჩავირბინე, სადარბაზოდან გავვარდი და ქუჩა გადავირბინე, რომ ტაქსი გამეჩერებინა. ის იყო, მოახლოებული ტაქსისთვის ხელი უნდა დამექნია, რომ ამ დროს ქუჩის კუთხიდან მთელი სისწრაფით გამოვარდა მანქანა, ტროტუარზე ამოიჭრა და კინაღამ ადგილზე მიმასრისა. არ ვიცი, რა სასწაულით გადავხტი უკან. ბალახებში დავგორდი და ამან გადამარჩინა. მანქანა კი კვლავ ქუჩაზე გადავიდა და სწრაფად მიიმალა.

_ ქალბატონო, ხომ არ დაშავდით? _ ვიღაც კაცი, გამვლელი, ჩემკენ დაიხარა, ხელი გამომიწოდა და წამომაყენა.

_ არა, გმადლობთ, არაფერია.

_ დაინახეთ, რა ქნა? _ იყვირა ამ დროს ერთმა მსუქანმა ქალმა და ქუჩა გადმოჭრა, _ ამ გოგოს უნდოდა დაჯახებოდა! ღმერთს ჰყვარებიხარ, შვილო, რომ გადაგარჩინა. იმას დაუბნელდეს დღე, არ მივიდეს სახლში ცოცხალი! _ ხელი გაიქნია ქალმა და მიმალულ მანქანას წყევლა-კრულვა დაადევნა.

როგორც ჩანს, მთლად მოკვლა არ უნდოდა, თორემ როგორმე მოახერხებდა. ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო. ცახცახმა ამიტანა, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. შევყოყმანდი, წავსულიყავი თუ არა პოლიციაში? რის გაკეთებას შევძლებ? რა ვუთხრა მათ, რომ დათო ზურას ნარკოტიკებს უჩუმრად ურევდა სასმელში და ამან გამოიწვია მისი ავარია? რომ დათო კომპანიას ძარცვავდა? და სად არის დამამტკიცებელი საბუთები? რის საფეძველზე უნდა დააპატიმრონ დათო? რომც დაიბარონ პოლიციაში, იგი ასეთივე წარმატებით მე დამადანაშაულებს, ცილს მწამებსო და მე დამიჭერენ, მას კი არა. ღმერთო, როგორ საფრთხეში ვარ! რა მოვიმოქმედო?

მხრებჩამოყრილი კვლავ სახლში შევბრუნდი. კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და სასომიხდილი ლოგინზე მივწექი. სწორედ ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. შიშით ყურმილს ვერ ვიღებდი. ვიფიქრე, არ ვუპასუხებ და იქნებ შეწყვიტოს რეკვა-მეთქი, მაგრამ აპარატი არ ჩუმდებოდა. როგორც იქნა, ორივე ხელით დავწვდი ყურმილს.

_ მაგრად გაგიმართლა, _ რბილად გაისმა ვიღაცის ხმა ტელეფონში, _ იღბლიანი ყოფილხარ, მაგრამ მეორედ შეიძლება აღარ გაგიმართლოს.

მეტი არაფერი უთქვამს, უცნობმა ყურმილი დაკიდა. მეც…

საწოლზე გულაღმა გადავწექი. ეს მუქარაა! ის მე მოკვლით მემუქრება! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ! თავს დაცულად ვერ იგრძნობს ადამიანი! ვერც ვერავის შესჩივლებ, მემუქრებიან და დამიცავიო. დათომ მკვლელი მომიგზავნა, მე კი ამის დამტკიცება არ შემიძლია. ბედის ირონია ამას ჰქვია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაქსიც გვერდით დაუდგება დათოს, ეს გოგო ტყუილად აბრალებს დათოს ჩემი ძმის სიკვდილსო. ერთადერთი ადამიანი, ვინც მიყვარდა, მტრად მომეკიდა და მზადაა, გამანადგუროს. ცრემლებმა სახე დამინამა. როცა მომკლავენ, მაშინაც არ დაიჯერებს, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი? მერე რას იზამს, უკვე მკვდარს პატიებას მთხოვს?

ხმამაღლა ავტირდი, ჩემი უმწეობა გულს მიკლავდა. ნეტავ მამა მაინც ყოფილიყო სახლში, რაღაცას მირჩევდა. როგორ გადავიტანო ეს ყველაფერი? ასე ხომ პარანოია შემიპყრობს. ქუჩაში ვერ უნდა გავიდე დათოს შიშით? რა საშინელებაა, კოშმარად გადამექცა მთელი ცხოვრება! მაქსმა მეორედ მიღალატა. ამჯერად შეიძლება მისი ღალატი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

მთელი დღე გონს ვერ მოვდიოდი. გაოგნებული დავდიოდი ერთი ოთახიდან მეორეში და ისევ და ისევ მომხდარს ვაანალიზებდი. ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ უკან არ უნდა დამეხია. სიცოცხლის ბოლომდე შიშში ხომ ვერ ვიცხოვრებდი? ვერაფრით ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, ახლა რომ შემშინებოდა. ზურა ჩემი მეგობარი იყო. როგორ უნდა დამეშვა, რომ მის მკვლელს თავისუფლად ევლო ქუჩაში? თან ჩემი სიცოცხლისთვისაც საფრთხე შეექმნა? რატომ უნდა გაეტანა დათოს თავისი? არც ის აზრი მხიბლავდა, მაქსი რომ ვერ მიტანდა. რატომ უნდა ეფიქრა, რომ მისი ძმის დაღუპვაში მე მიმიძღოდა ბრალი? ეს ხომ სინამდვილეში ასე არ იყო? მაქსის ზიზღნარევი ხმა გამუდმებით ჩამესმოდა ყურში. თვალწინ მედგა მისი სიძულვილით სავსე სახე. ეს აუტანელი იყო. ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ ვუყვარვარ და, როგორც ჩანს, არც არასდროს ვყვარებივარ. სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა მისგან?

არაფრით არ დავიხევ უკან და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. როგორმე უნდა მომეგროვებინა კომპრომატები, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენით, რომ თავი არ დავიღუპო.

რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ ერთზე შევჩერდი. ნაცნობ ადვოკატს დავურეკე და ვთხოვე, ვინმე კარგი კერძო დეტექტივის მისამართი მოეცა. მან ტელეფონის ნომერი მიკარნახა.

დეტექტივს უცნაური ქართული სახელი ერქვა _ მოგელი. მოგელი ცერცვაძე. მაშინვე დავრეკე ამ კაცთან და შეხვედრაზე შევუთანხმდი. ერთ საათში უნდა მენახა.

დიდი შანსი იყო, დათოს ჩემზე თვალთვალი დაეწესებინა, ამიტომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, პირდაპირ მოგელისთან შესახვედრად არ გავეშურე. სამი ტაქსი გამოვიცვალე, მაღაზიებიდან მაღაზიებში ვიარე, რომ თუ ვინმე მითვალთვალებდა, კვალი ამერია. ბოლოს ერთ კორპუსში შევედი, უკანა მხრიდან გამოვედი და მეორე კორპუსში შევვარდი…

ასე მივაღწიე მოგელი ცერცვაძის ოფისამდე. მან მაშინვე მიმიღო.

ჩვეულებრივი საქმიანი კაცის კაბინეტი ჰქონდა დეტექტივს, ირგვლივ კი თვალში საცემი სისუფთავე სუფევდა. ასეთი ადამიანი ნდობას იმსახურებდა. ცერცვაძე არც ახალგაზრდა იყო და არც ასაკოვანი. დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა.

მან თავიდან ბოლომდე შემათვალიერა და სკამი შემომთავაზა.

_ გისმენთ, ქალბატონო გაბრიელა.

_ იცით? ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდა, _ რატომღაც, აქედან დავიწყე.

მოგელი შეეცადა ტუჩებზე გამკრთალი ღიმილი დაემალა.

_ მაპატიეთ, მაგრამ ასეთი რამ…

პასუხად მეც გავუღიმე, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვიყავი გაღიმების ხასიათზე.

_ მესმის თქვენი რეაქცია, მაგრამ სიმართლეს გეუბნებით. იმასაც მოგიყვებით, რატომაც ცდილობენ ჩემს მოკვლას.

და მოკლედ მოვუყევი, რაც ვიცოდი. ვცდილობდი, მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს შევხებოდი და ზედმეტი არ მელაპარაკა. მოვუყევი ზურაზე, დათოზე, მათ მაქინაციებზე, ბოლოს კი სატელეფონო ზარებით შემოსული მუქარები და ტროტუარზე ამოვარდნილი მანქანა ვახსენე.

_ პოლიციას მიმართეთ?

_ არა, ამის გაკეთება არ შემეძლო. რა უნდა მეთქვა? დამამტკიცებელი საბუთები არ მაქვს და ჰაერზე ვინ დამიჯერებს? ალბათ სიცილს დამაყრიან და კარისკენ მიმითითებენ.

_ არა, რატომ… არა მგონია… _ გამიღიმა ცერცვაძემ.

_ რა ვქნა, არ მინდა სიცოცხლე ზურასავით დავამთავრო. რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ზუსტად ვიცი, რომ ცუდი რამეები ხდება.

_ ჩემგან რას ითხოვთ?

_ მე მტკიცებულებები მჭირდება. ამიტომ მოგმართეთ პირადად თქვენ. შეგიძლიათ კომპანიაში ფულის მიტაცების ფაქტი გამოავლინოთ? აუდიტორებს შეხვდეთ… თან ისე, რომ არავინ არაფერი იეჭვოს?

დეტექტივმა ჩაიცინა.

_ ამის გაკეთება შესაძლებელია, ქალბატონო გაბრიელა, მაგრამ ძვირი დაგიჯდებათ.

_ მადლობა ღმერთს, _ შვებით ამოვისუნთქე და თვალიც არ დამიხამხამებია, ისე გავაგრძელე, _ ჩემი სიცოცხლე მიღირს ამად. მითხარით, რა თანხა დამიჯდება და მზად ვარ გადაგიხადოთ.

_ თუ ასეა, შევთანხმდებით. მე ყველაფერს გავაკეთებ საჭირო საბუთების მოსაძიებლად, მაგრამ… ხომ გესმით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვერაფერი აღმოვაჩინო.

_ მესმის თქვენი, მაგრამ მაინც ვცადოთ.

უკანა გზაზე ცერცვაძის ნათქვამზე ვფიქრობდი. მართლა რომ ვერაფერი აღმოაჩინოს? ვინ იცის, როგორ დაფარა კვალი დათომ, რომ მაქსს მის საქმიანობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა. და პირიქით რომ მოხდეს? დათომ რომ გაიგოს, კერძო დეტექტივი დავიქირავე, ამას მაპატიებს? მისი სამიზნე ხომ ახლა მე ვარ… რა საშინელებაა ამის წარმოდგენა! რა მშვიდად ვცხოვრობდი, დაცულად ვგრძნობდი თავს. ოდნავადაც კი არავის უწყენინებია ჩემთვის, მუქარაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ხვალ კი შეიძლება მსხვერპლი გავხდე, ვიღაცამ ისე მომკლას, რომ ხელიც არ აუკანკალდეს! ნებისმიერ დროს შეუძლია იმ ვიღაცას, თავს დამესხას და ბოლო მომიღოს.

ახლა მთავარი ისაა, დროებით სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად. ბოლოს და ბოლოს, რომელიმე კერძო სასტუმროში ავიღებ ნომერს და იქ დავიმალები. სანამ სახლში ვარ, ჩემი თვალთვალი ადვილზე ადვილია.

დავბრუნდი თუ არა შინ, მაშინვე სააგენტოში დავრეკე, ცუდად ვარ და რამდენიმე დღე მუშაობას ვერ შევძლებ-მეთქი. ეს არ იყო ტყუილი. იმდენი რამე გადავიტანე ბოლო დღეების განმავლობაში, მართლა საშინლად ვგრძნობდი თავს. მერე კი კვლავ სიტუაციის გაანალიზებას შევუდექი… დრო არ ითმენდა, უნდა მეჩქარა.

გაგრძელება იქნება