"ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელი უთუოდ დამეთანხმება, რომ სერიალის მესამე სეზონი თავისი წინამორბედებისაგან რადიკალურად განსხვავდება როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსობრივად, რადგან ერთი შეხედვით სრულიად დალაგებული და მყარი ურთიერთობები იმდენად აირია და ჩაიხლართა, რომ ზოგიერთი აქტიური მაყურებლის კომენტარს თუ დავესესხებით, მალე "სანტა-ბარბარასაც" კი გაეჯიბრება.
და მართლაც, თუკი ადრე სიუჟეტის სიმსუბუქე და პერსონაჟების კომიკურობა მხოლოდ ახალისებდა და განტვირთავდა ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინისგან გადაღლილ მაყურებელს და ზედმეტ საფიქრალს არ უტოვებდა, დღეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და თითოეული პერსონაჟის ცხოვრება იმდენად გართულდა, რომ დაძაბული მაყურებელი კვირიდან კვირამდე ახალ-ახალი სერიისა და თანმდევი ავანტიურის მოლოდინში განვლილი ეპიზოდების განსჯა-განხილვით ირთობს თავს და მწვავე პოლემიკასაც არ ერიდება.
ამასობაში კი სერიალის რეიტინგმა და პოპულარობამ საქართველოში ჯერ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ცხარე განხილვებმა და ფილმის დაძაბულმა სიუჟეტმა ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მაყურებელიც კი დააინტერესა და ტელეეკრანისაკენ მიაბრუნა. ყოველკვირეულ ეპიზოდებში კი თანდათან იმატა Product Placement-ებმა, რაც მაყურებლის დაკვირვებულ თვალს ნამდვილად არ გამოპარვია. რას ვიზამთ, "ჩემი ცოლის დაქალების" პოპულარობა იმდენად დიდია, რომ კომპანიები სტანდარტული სარეკლამო რგოლების დამზადების ნაცვლად, სერიალში გარკვეული პროდუქტისა თუ ბრენდის ერთწამიან გამოჩენას ამჯობინებენ, რაც მათი ცნობადობის 100%-იანი გარანტია.
პოპულარობა მართლაც მომგებიანი და კარგი რამაა, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველასთვის. იცოდით, რომ ნინო მუმლაძის კინოგმირს, სტომატოლოგ ნათიას მასთან აიგივებენ და ცოლ-ქმრის გამყრელ უზნეო ქალად მოიხსენიებენ? ის თუ იცით, რომ იმ კლინიკის წინ, სადაც ნათიასა და დათოს საბედისწერო შეხვედრა შედგა, ზოგიერთმა აღშფოთებულმა მაყურებელმა საპროტესტო აქცია გამართა?! არადა, უკვე სერიოზულად ვღელავ სიმპათიური, ახალგაზრდა და დასაოჯახებელი სტომატოლოგი ქალბატონების იმიჯზე.
ალბათ, თქვენც გექნებათ გაგებული, რომ ზოგიერთი ქართველი ცოლი კბილის სამკურნალოდ აღარ უშვებს საკუთარ ქმარს, ხოლო თუ მდგომარეობა უკიდურესად სავალალო და გამოუვალია, თავადაც მიჰყვება და სტომატოლოგთან ვიზიტს საგულდაგულოდ აკვირდება მისი სექსუალურობა-მიმზიდველობის სათანადოდ შესაფასებლად.
ვიცი, დრამატულად და აფსურდულად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. აქვე, სერიალის ერთ-ერთი აქტიური მაყურებლის კომენტარს დავიხმარ: "კბილი მტკივაო, ჩემმა ვაჟბატონმა. ვერსადაც ვერ წავა. დათოსნაირი ოჯახის კაცი ააცდინა გზას ვიღაც სტომატოლოგმა და ეს ჩემი კიდევ ისეთი ცხვარია, სადაც წაერეკებიან, იქეთ წავა..." ხომ ვამბობ, დრამაა!
დათოს გმირის ცხოვრება კი მართლაც რომ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. არ ვიცი, შუახნის ასაკის კრიზისი აშფოთებს ასე ლევან ყოჩიაშვილის კინოგმირს თუ სავსე მკერდის თვალწინ თამაში, მაგრამ წლებით გამობრძმედილი სამაგალითო მეოჯახე და მოსიყვარულე მამა 16 წლის ბიჭივით აცუნდრუკდა: დედ-მამასთან ცხოვრობს, სამსახურს გულს ვერ უდებს და ყველა სიკეთესთან ერთად, ვერც ცოლს თმობს და ვერც საყვარელს.
ალბათ, ყველა ქალი ვერ აიტანდა კაცისაგან სიტყვებს: შენ მიყვარხარ, მაგრამ ცოლიც მენატრება და ვეჭვიანობო, მაგრამ ნათიამ აიტანა და ამტანობისთვის ჯილდოდ პირველი სექსიც მიიღო. ეროტიკული სცენა თუ არავის შეგიმჩნევიათ, გეტყვით, რომ ეს უხერხული საკითხი სერიალის მესვეურებმა ერთობ მოხერხებულად გადაწყვიტეს და უკვდავი "ტიტანიკის" ცნობილი სცენა-დაორთქლილ შუშაზე ხელის ამოცოცება დაიხმარეს. ასე შეცდა ერთ დროს სამაგალითო ქართველი კაცის სახედ მონათლული დავით გოცირიძე ნათიასთან. ქალთა მოდგმამ კი ერთხმად შეიძულა სტომატოლოგები. როგორც ამბობენ, სტომატოლოგი ქალი სძაგს უფალსა!
მაგრამ საფრთხე არა მხოლოდ ქალების უშფოთველ ცხოვრებას დაემუქრა. სცენარისტებმა ქართველ მამაკაცებსაც შემოუგდეს გულის საფრიალო ეპიზოდი და ნინას პერსონაჟსაც გამოუძებნეს გასართობი ტასოს მუსიკის მასწავლებლის სახით, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ისეთი შთამბეჭდავი მზერა სტყორცნა ნინას, რომ მაშინვე ყველაფერი გასაგები გახდა და მაყურებელიც ახალი Love Story-ს მოლოდინში გაირინდა. თუმცა, ხომ გაგიგიათ, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არისო. ჰოდა, სიმღერის მასწავლებელიც არ აღმოჩნდა დიდად სანერვიულო ობიექტი.
ჰო, მართლა, Love Story-ზე გამახსენდა - ვისი-ვისი და თინასა და ვერსკის შესაძლო რომანი მართლაც რომ საოცნებო გაუხდა ხალხს. ცუდი ბიჭისა და ინტელექტუალი, დამჯერი გოგოს სიყვარული ფილმებში კლასიკადაა ქცეული. არადა, თინას ცხოვრებაში უკვე ჩანს წესიერი, ერთგული და სანდო ადამიანი ლაშას სახით. თითქოს სწორედ ასეთი ტიპაჟი უნდა მოსწონდეს მაყურებელს. თუკი დათოს მაგალითზე ვიმსჯელებთ, ასეა ლოგიკურად, მაგრამ არა, ვინ რად დაგიდევთ ლოგიკასა და წესიერებას, რომელიც ასეთი მოსაწყენი და ერთფეროვანია?
მაყურებელს გაცილებით იზიდავს არაპროგნოზირებადი, იმპულსური და მოძველბიჭო ტიპაჟი (რომელსაც გიორგი ყიფშიძე ბრწყინვალედ ასრულებს), ვიდრე წყნარი და უშფოთველი ლაშა (თემიკო ჭიჭინაძე). გამორიცხული კი მართლაც არაფერია. ასე რომ, დაველოდოთ.
ჩახლართული სასიყვარულო ისტორიების გარდა, სერიალში საკმაოდ მძაფრადაა ასახული რძალ-დედამთილის უკვდავი პრობლემა და თუკი ადრე რძლის ქმედებით ქრონიკულად უკმაყოფილო დედამთილის გამოხდომებით მხოლოდ ნინა იტანჯებოდა, ახლა მისი ხვედრი კატომაც გაიზიარა და ერთ დროს ბობოქარი ცხოვრებით მცხოვრები კატუსია (თუ ბაბუ?) ახლა მხოლოდ დიტოს დედასთან გამართული ბატალური სცენებით იქცევს თავს.
მთავარი პრობლემა და საზრუნავი კი, არც მეტი, არც ნაკლები, კატოს უშვილობაა. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მწარედ ჩაგეღიმათ ამ თემაზე, რადგან ქართველი გოგონების უმეტეს ნაწილს ალბათ გამოუცდია ექვსი თვის გათხოვილი რძლის "უშვილობით" "გაწამებული" ნათესავების სასოწარკვეთილი მზერა. მაგრამ რას ვიზამთ, C’est la vie, უფრო სწორად, ქართული la vie
აი, ასე, როგორც აღმოჩნდა, კომედიიდან დრამამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებენ სცენარისტები დათოს და მისი ცოლის დაქალებს!
გუშაგი