"გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია" - წერია "სუხიშვილების" განცხადებაში.
24-25 მაისს Tbilisi Open Air განსხვავებული ფორმატით გაიმართა. Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო იმით, რომ მასში მონაწილეობა უცხოელ შემსრულებლებს არ მიუღიათ, ორი დღის მანძილზე მისული მსმენელის წინაშე სრულად ქართული მუსიკოსები და ბენდები წარდგნენ. სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი და გიორგი უშიკიშვილი, სუხიშვილები...
"ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო - ენა, მამული, სარწმუნოება...“ - ამ სიტყვებით მიმართა ნინო სუხიშვილმა შეკრებილ მსმენელს.
"ჩემს ნათქვამში იგულისხმებოდა არჩილ გულედანის ნამღერი სიმღერის ტექსტი, და გთხოვთ, მეტი შეკითხვით ნუ შემაწუხებთ, შეუძლოდ ვარ, გავცივდი გუშინ", - მოგვიანებით კი საკუთარი გამოსვლა ასე განმარტა.
ფესტივალმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. ნინო სუხიშვილის კრიტიკული განცხადებისა თუ ერეკლე გეწაძის პერფორმანსის ფონზე, ბევრს საუბრობდნენ ნანი ბრეგვაძის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელმა ნანი ბრეგვაძე სცენაზე დიდი სიყვარულით მიიღო და ასევე გააცილა, სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. ამბობდნენ, რომ ნანი ბრეგვაძე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს.
"რადგან გამოვედი, ისე იგი მინდოდა და გამოვედი. მადლიერი ვარ მთელი ახალგაზრდობის, მე ვარ ახალგაზრდებთან! სიმღერა ნიჭიერად იყო გაკეთებული, ახალი რაღაც გამოვიდა და მე დამაინტერესა..." - ნახეთ ნანი ბრეგვაძის კომენტარი