ვნებათა ჭიდილი - თავი 22 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 22

2025-05-29 11:01:25+04:00

წინა თავი

უკვე გავდიოდი სახლიდან, ტელეფონმა რომ დარეკა. ადგილზე გავქვავდი. ვაითუ მამაჩემია? ყველა ვარიანტში უნდა მეპასუხა, თუნდაც სატელეფონო სადენის იქითა მხარეს ჩემზე მონადირე მკვლელი ყოფილიყო ჩასაფრებული. ნერვიულობისგან ხელისგულები გამიოფლიანდა. შიშის კანკალით ავიღე ყურმილი და ყურთან მივიდე.

_ გისმენთ, _ დაძაბული ხმით ვუპასუხე.

_ ვინ გეკითხებოდა, ბიძაჩემთან რომ მისულხარ? რა საქმე გქონდა მასთან? _ გაბოროტებული ხმით მეკითხებოდა მაქსი, _ რა გინდა, ბოლოს და ბოლოს? როდის უნდა შეეშვა ჩემს ოჯახს?

ჰო, ეს მისი ხმა იყო. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზობდა, მისი ხმა, რატომღაც, მამშვიდებდა. თითებით ხელში ჩაბღუჯულ ყურმილს მოვეფერე. საოცარი ხმა! ვინ იცის, შეიძლება აწი ვერასდროს მოვისმინო მისი ხმა და ვეღარ დავინახო მისი სახე!

_ ბიძაშენი არაჩვეულებრივი კაცია. _ შვებამოგვრილმა მშვიდად მივუგე, _ და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მიცნობს, შენგან განსხვავებით, დამიჯერა.

მაქსი გახშირებულად სუნთქავდა, რაც აშკარად ისმოდა ყურმილში. როგორც ჩანს, ასე ცდილობდა სიბრაზის შეკავებას.

_ მომისმინე…

_ არა, შენ მომისმინე. ბოლო პერიოდში იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვხვდები, ბრძოლა მომიწევს. არავის არ სჯერა ჩემი, გარდა ბიძაშენისა. ამიტომ ის დღეს ჩემი ერთადერთი ახლობელია მთელ ქვეყანაზე.

_ გაბი…

ვგრძნობდი, საცაა ცრემლები წამსკდებოდა. ამდენი ტანჯვა გადავიტანე ამ დღეებში და ეს ყველაფერი, ძირითადად, სწორედ მაქსის დამსახურებით. მისი ბრალი იყო, რაც ჩემს თავს ხდებოდა.

_ ვიღაცამ ამ დილით მანქანით კინაღამ გამიტანა და ეს არ იყო შემთხვევითობა, _ გამბედაობა თანდათან მომემატა და ხმას სიმტკიცე შევმატე, _ ვიღაცამ ტელეფონზე დამირეკა და გამაფრთხილა, შემეწყვიტა ზურას სიკვდილთან დაკავშირებით კითხვების დასმა. დამემუქრა, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. მერე სახლიდან გავედი და უცხო მაქანა პირდაპირ ტროტუარზე ამოვარდა, ცოტა დააკლდა, რომ არ დამეჯახა. შემდეგ კი, როცა ძლივძლივობით ამოვბრუნდი სახლში, ისევ დამირეკა იმავე ხმამ და მითხრა, ეს მხოლოდ გაფრთხილებაა, მეორედ ვეღარ გადარჩებიო.

სადენის მეორე მხარეს გახშირებული სუნთქვის ხმა შეწყდა და სიჩუმემ დაისადგურა.

_ შენ ხომ გინდა, რომ მეც მოვკვდე, _ ხმა ამიკანკალდა, _ ჩათვალე, რომ შენი სურვილი მალე ასრულდება.

_ მე ეს არასდროს მითქვამს. არასდროს მომსურვებია შენი სიკვდილი, _ ტონი შეარბილა მაქსმა.

_ ნუთუ? _ დაღლილივით ამოვიოხრე.

პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, მოსურვებია თუ არ მოსურვებია? მთავარია, დავარწმუნო იმ დანაშაულში, რომელიც მოხდა.

_ მისმინე, _ რბილად წარმოვთქვი, და გადავწყვიტე, ტაქტიკა შემეცვალა, _ მე ახლა სახლიდან მივდივარ. რაღაც პერიოდის განმავლობაში იძულებული ვარ, სხვაგან ვიცხოვრო. ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. განსაკუთრებით ზურას ამბავი მტკენს გულს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. არ მაინტერესებს, გჯერა თუ არა ჩემი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.

_ მოდი, ასე ვქნათ, _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ ამოთქვა მაქსმა, _ შევხვდეთ სადმე ერთმანეთს, როორც ჩანს, სალაპარაკო გვაქვს.

სიხარულისგან გულის ფრიალი დამეწყო და იმწუთასვე თანახმა ვიყავი, შევხვედროდი, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მე საშიშროება მელოდა და თუ მაქსთან ერთად ვიქნებოდი, არ იყო გამორიცხული, ისიც განსაცდელში ჩამეგდო.

_ არა, მაქს, ვერ შეგხვდები. მე მითვალთვალებენ. არ არის საჭირო, ერთად გვნახონ, თორემ შეიძლება შენც მათი სამიზნე გახდე.

_ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ამის დედაც! _ შეიგინა, _ განზე ხომ არ გავდგები? რა, შორიდან ვუყურო, შენს მოკვლას როგორ ცდილობენ? თუ ისევ მაბოლებ და ტყუილად ვკარგავ დროს? დამარწმუნე, რომ არ მატყუებ. დამელაპარაკე!

ყურმილს მაგრად მოვუჭირე თითები. თვალებიდან ღაპაღუპით გადმომივიდა ცრემლები. როგორ მიყვარს ეს ბიჭი! ნეტავ იცოდეს, როგორ მიყვარს! მიუხედავად ყველაფრისა, ვგიჟდები მასზე!

_ ნახვამდის, მაქს, _ თავს ძალა დავატანე და დავემშვიდობე, _ ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც მოხდა. შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე… არც მე. მაგრამ თუ რამე გაწყენინე, მაპატიე. შეიძლება ვერასდროს გნახო, ამიტომ მირჩევნია, ეს ახლავე გითხრა, რომ ჩემზე ნაწყენი არ დარჩე.

_ დამნაშავე იმაში ვარ, რომ ცხოვრება დაგინგრიე, _ ყრუდ მომიგო, _ განა ასე არ არის? მაშინ არც მიფიქრია, ჩვენი განშორება შენთვის ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა. სათანადოდ ვერ შევაფასე შენი გრძნობები. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.

_ ეს ისე დიდი ხნის წინ იყო… _ გაწელილად წარმოვთქვი.

_ მაგრამ ბათუმის სანაპიროზე რაც მოხდა, სულ ახლახან იყო. იმ დღის დავიწყება კი არ შემიძლია.

_ იქ ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ რომც მომხდარიყო, არასდროს ვინანებდი. _ ვაღიარე.

_ ვიცი, რომ არ ინანებდი. კარგად გიცნობ. მე და შენ ხომ ერთმანეთის სულის სიღრმეები ზეპირად გვაქვს შესწავლილი.

_ ჩვენ შევიცვალეთ.

_ არც ისე რადიკალურად, _ შემეწინააღმდეგა, _ შენ ისეთივე მამაცი და შეუპოვარი ხარ, როგორიც იყავი. ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზად ხარ. მაშინაც ასე იყო. მიდრეკილი ხარ, გააიდეალო მამაკაცი, სხვანაირად ჩემნაირ საზიზღარ კაცთან საქმეს არ დაიჭერდი და ამდენი წელი არ გემახსოვრებოდი.

_ შენ ჩემთვის საყრდენი კედელივით იყავი, _ ჩურჩულზე გადავედი.

_ მაგრამ არ გამოვდექი. არადა, ყველაფერი წინ გვქონდა, რომ არ მიმექარა. თუმცა… შენ ვერასდროს მიხვდები, მე როგორ მტკიოდა მაშინ გული.

_ ჰო, ვერასდროს… _ მორჩილად დავეთანხმე. ვგრძნობდი, ხმა როგორ მიმდიოდა. მალე ალბათ მთლად დავმუნჯდებოდი.

_ რაც შენზე უარი ვთქვი, მას მერე თავს გამუდმებით მარტოსულად ვგრძნობ. იმედია, გჯერა ჩემი.

_ მერედა, რას ელოდები? რატომ არ მოიყვან ცოლს? შვილები გეყოლება… _ შევაპარე და პასუხის მოლოდინში მთელი სხეული დამეჭიმა.

_ შვილები მხოლოდ შენგან მინდოდა მყოლოდა და სხვა არავისგან, _ გულწრფელად მიპასუხა, _ დრო ხელიდან გამისხლტა. მთელი ცხოვრება მხოლოდ ზურათი ვიყავი დაკავებული. მას დავდევდი, რომ რამე სისულელე არ ჩაედინა. სულ პრობლემებში იყო, სულ რაღაც შარში ებმებოდა. მერე ჩემი ბიზნესი აეწყო და იმაზე გადავერთე. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო არ მრჩებოდა. უფრო სწორად, სერიოზული ურთიერთობისთვის.

_ მაგრამ ლიკა?

_ ლიკაც დროებითი ქალია. რა გგონია, მისი სიყვარულით ვგიჟდები? არააა. მანაც თავიდანვე იცოდა ეს.

_ როგორ არის ლიკა? _ ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე.

_ არ ვიცი, _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ მიპასუხა, _ ზურას დაკრძალვის მერე მისი კვალი დავკარგე. ეგვიპტეში აპირებდა გამგზავრებას. შეიძლება გაემგზავრა კიდევაც.

_ ანუ დაშორდით?

_ ჩვენს ურთიერთობას სხვა დასასრული ვერც ექნებოდა.

_ ცუდია.

_ ცუდია? რატომ? _ ჩამეკითხა.

_ იმიტომ, რომ შენ მოგწონდა იგი.

_ მერე რა? ბევრი რამ მომწონს, მაგრამ დროთა განმავლობაში მბეზრდება. ის თავის წუხილს ჩემთან შეხვედრით იქარვებდა. ეგონა, მე ვუშველიდი. მაგრამ ვერ შევიყვარე, ვერ გამოვდექი კარგ მკურნალად. არადა, იყო დრო, როცა ერთი შეძლებული კაფანდარა გოგო მიყვარდა. მასთან ერთად დავსეირნობდი თბილისის ქუჩებში და მეამაყებოდა, ბიჭები შურით რომ სკდებოდნენ ჩვენს დანახვაზე. გაზაფხულის თბილ დღეებში კი პარკში, ერთი ხის ქვეშ მივიყუჟებოდით. მაშინ ბევრს ვოცნებობდი იმ დროზე, როცა მისგან შვილები მეყოლებოდა. დღემდე ვერ დავივიწყე ის გოგო.

ცხელმა ცრემლებმა ღაწვები დამილტო.

_ მე კი გიჟი, გადარეული ავტომექანიკოსი ვერ დავივიწყე, რომელსაც გარაჟში ვაკითხავდი, _ ხრინწშეპარული ხმით ვაღიარე, _ მაგრამ, როგორც ჩანს, იღბალს სხვა გეგმები ჰქონდა ჩვენთან დაკავშირებით. შენ მდიდარი ბიზნესმენი გახდი, მე კი ტოპმოდელი. არც მე ვარ ღარიბი, მაგრამ ფული ჩემთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა. მინდა იცოდე, რომ შენი ადრინდელი სიღარიბე სულაც არ მიშლიდა ხელს, მყვარებოდი. რასაც მაძლევდი, სრულებით მაკმაყოფილებდა. მეტი არც არაფერი მინდოდა შენგან.

_ მორჩი, ძალიან გთხოვ, მეტს ნურაფერს იტყვი, _ მტკივნეულად შესძახა მაქსმა, _ მომისმინე… იქნებ მოვიდა დრო, სიმართლე გაიგო?  ვფიქრობ, გულზე მოგეშვება და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ ჩემს ღალატზე ლაპარაკს.

_ არა, ახლა უკვე დაგვიანებულია რამის თქმა, _ ჩურჩულით მივუგე, _ არცაა საჭირო. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა. ადრე თუ გვიან შენ სიმართლეს მიხვდე.

_ რას გულისხმობ?

_ იმას, რომ მე ზურასთვის ცუდი არასდროს მდომებია. არასდროს გამომიყენებია იგი შენზე შურის საძიებლად. არასდროს მინადირია მასზე. მიყვარდა როგორც ღვიძლი ძმა და ამას სულ ვეუბნებოდი. მე მის სიკვდილში ბრალი არ მიმიძღვის.

_ მინდა გნახო. უნდა ვილაპარაკოთ.

_ მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. ახლა უნდა გავიდე, აქ დარჩენა საშიშია. ნახვამდის, მაქს.

_ გაბი…

ამ ხმას ვერასდროს დავივიწყებ. რამხელა სასოწარკვეთა იგრძნობოდა მასში ჩემი სახელის წარმოთქმისას.

_ მხოლოდ ერთს გეტყვი. იმას, რაც წლებია, შენთვის არ მითქვამს. მე შენ ისევ ისე მიყვარხარ, მაქს, შეიძლება უფრო მეტადაც, მაგრამ შენთან შეხვედრა არ შემიძლია. მაპატიე.

ამ სიტყვებით ყურმილი დავკიდე, ჩემს ბინას კიდევ ერთხელ სინანულით მოვავლე თვალი და გავედი… ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად გამოვედი სახლიდან და უკან დაბრუნება არც მიწერია?

რამდენიმე მეტრი ფეხით გავიარე, მაგრამ ბოლოს ჩემი სამგზავრო ჩანთა მემძიმა და ტაქსი გავაჩერე. ცოტა ხნით სასტუმროში უნდა დავბინავებულიყავი. სანამ მივდიოდით, კისერი ლამის მომეღრიცა. წარამარა უკანა სარკეში ვიყურებოდი, ვინმე ხომ არ მოგვდევს კვალში-მეთქი. თუმცა საეჭვო მანქანა არ შემიმჩნევია.

მშვიდად დავბინავდი საკმაოდ კარგ სასტუმროში, თან ქალაქის ცენტრში, სადაც მკვლელი ადვილად ვერ მომწვდებოდა. ვინ იცის, იქნებ სულ ტყუილად მეშინოდა და არც არაფერი  მემუქრებოდა? მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული, სიფრთხილეს მაინც ვიჩენდი.

საჭმელი ნომერში ამოვატანინე. ბოლო ორი დღის შემდეგ პირველად ვჭამე გემრიელად და დასაძინებლად ადრე დავწექი.

დილით კარგა ხანს ვინებივრე ლოგინში. თითქმის შუადღე იყო, რომ ავდექი, თავი მოვიწესრიგე და ჩემს კერძო დეტექტივს დავურეკე. მაინტერესებდა, რამე გაარკვია თუ არა.

_ გამარჯობა, ბატონო მოგელი, გაბრიელა ვარ. ახალი ხომ არაფერია? თუ ძალიან ადრე დავრეკე?

_ ქალბატონო გაბრიელა, _ ყოყმანით მიპასუხა დეტექტივმა, _ სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ვერაფერი ვერ მოვიძიე, რაც რაიმე მტკიცებულებად გამოდგებოდა. დათოს ვალები მართლა აქვს, მაგრამ საკუთარ ანგარიშზე ნამდვილად არ უდევს იმდენი თანხა, რომ ადამიანს მის თაღლითურ საქმიანობაში ეჭვი შეეპაროს. ეს არცაა გასაკვირი. მოპარულ ფულს ჭკვიანი კაცი საკუთარ ანგარიშზე არ შეინახავდა. ეს მისი მხრიდან დიდი სისულელე იქნებოდა. შეიძლება საზღვარგარეთ აქვს ანგარიში გახსნილი. ამას არ გამოვრიცხავ. არც იმას, რომ სხვის სახელზე ჰქონდეს რომელიმე ბანკში ფული შეტანილი.

_ და აუდიტის შედეგებზე რა ხდება? _ სულმოუთქმელად ვიკითხე.

_ პირველი შემოწმებით ვერც იქ აღმოვაჩინეთ დარღვევა, _ მოგელიმ ამოიხვნეშა, _ რა თქმა უნდა, ძიებას გავაგრძელებ, მაგრამ რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით მეტი ფული დაიხარჯება. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

_ მე ეს წამითაც არ მაღელვებს, _ სწრაფად მივუგე, _ რაც საჭიროა, გადავიხდი, არ იდარდოთ.

_ მაშინ გავაგრძელებ მუშაობას. გაბრიელა, თქვენ სახლში ხართ?

_ არა, არა. ყოველი შემთხვევისთვის, სასტუმროში გადავბარგდი.

_ კარგი გიქნიათ. სწორედ ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ჩემი აგენტის ცნობით, თქვენ გითვალთვალებენ. ეცადეთ, ნაკლებად გამოხვიდეთ ქუჩაში. ჯერჯერობით ასე აჯობებს. და კიდევ ერთი რჩევა. მართალია, მტკიცებულებები არ გაქვთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პოლიციას მაინც მიმართავთ. მოუყევით მათ ყველაფერი, რაც იცით.

_ თქვენ ფიქრობთ, სერიოზულ შარში ვარ? _ გული ისევ გადამიქანდა.

_ ასეა, ქალბატონო, _ მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა, _ ამასთან, როგორც თქვენ მთხოვეთ, მე დავუკავშირდი გამომძიებელს და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას გავეცანი.

_ მერე? _ სუნთქვა შემეკრა.

_ გარდაცვლილის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება მართლა აღმოჩნდა, თანაც დიდი დოზით, მაგრამ სიკვდილი ამან გამოიწვია თუ ხეზე შესკდომამ, დადგენილი არ არის. ერთი შეხედვით კი ეს ჩვეულებრივი საგზაო შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, პოლიციას არა აქვს არანაირი საფუძველი, ვინმეს ბრალი დასდოს იმაში, რომ ეს ავარია მოწყობილი იყო.

_ გასაგებია.

_ თქვენი განცხადება გამოძიებას ერთგვარ დახმარებას აღმოუჩენს, _ გააგრძელა მოგელიმ, _ შეიძლება საქმეს მსვლელობაც კი მისცენ. დაფიქრდით ამაზე. თუ მართლა მკვლელობასთან გვაქვს საქმე და ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც თქვენ დაგდევთ, შეიძლება ცუდი შედეგი მივიღოთ. რახან თქვენ მას სირთულეებს უქმნით, არაა გამორიცხული, პროფესიონალი დაიქირაოს. პროფესიონალი მკვლელები კი მიზანში კარგად ისვრიან.

_ მადლობა რჩევისთვის, _ მშვიდად მივუგე, თუმცა საერთოდ ვერ ვგრძნობდი თავს მშვიდად, _ ვიფიქრებ თქვენს წინადადებაზე…

გაგრძელება იქნება