მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას - ადრეული ქორწინების შედეგები - Marao

მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას - ადრეული ქორწინების შედეგები

2025-06-01 11:06:46+04:00

სამწუხაროდ, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში კვლავ ფართოდაა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ასეთი შემთხვევები შემცირებულია. 

ადრეული ქორწინება არის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება, რადგან არასრულწლოვანს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა ქორწინებაზე. 

 gaero

ბავშვობის ასაკში ქორწინება გოგოებს ართმევს ბავშვობას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გოგოები, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან, უფრო ხშირად განიცდიან ოჯახში ძალადობას, ტოვებენ სკოლას. მათ აქვთ მძიმე ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე მათ თანატოლებს. 

 gaero

არასრულწლოვანებს შორის ქორწინებას კანონდარღვევად მიიჩნევს სახელმწიფო. 2017 წლიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს დაახლოებით 212 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) - დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე. 

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, კანონი გამკაცრდა, მნიშვნელოვანია, კვლავ გაგრძელდეს მუშაობა საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს შეტყობინება და შესაბამისად, ზომების დროულად მიღება. 

რა საფრთხეს უქმნის ნაადრევი ქორწინება არასრულწლოვანებს, განსაკუთრებით კი გოგოებს, რა ვითარებაა აღნიშნული კუთხით საქართველოში და როგორ მუშაობს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ამ მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, ამის შესახებ დეტალურად საუბრობს გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი ნანა ავალიანი:

 gaero

- რატომ არის საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ადრეული ქორწინება პრობლემაა? 

ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება რამდენიმე ფაქტორზე: ეკონომიკური ფაქტორი/ ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა, რაც ახალგაზრდებს და მათ ოჯახებს უბიძგებს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ; სტერეოტიპული გენდერული ნორმები გოგოების და ქალების როლზე ოჯახში, მათ პროფესიულ/კარიერულ განვითარებაზე, ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.  

გავრცელების მასშტაბებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) მიხედვით, ადრეული ქორწინების პრევალენტობის მაჩვენებელი 14% იყო, შემდგომი კვლევებით ვიცით, რომ არის კლების ტენდენცია. აღნიშნული დადებითი ტენდენციის მიუხედავად, აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა, რათა სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს გენდერულად მგრძნობიარე, სისხლის სამართლის პოლიტიკა და მიდგომები იყოს მსხვერპლზე ორიენტირებული და არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა იმ საზიანო შედეგების შესახებ, რაც ადრეული ქორწინების თანმდევია. 

- თქვენი შეფასებით რამდენად ეფექტიან პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო ადრეული ქორწინების წინააღმდეგ და რამდენად პასუხობს საკანონმდებლო პრაქტიკა არსებულ გამოწვევებს?

საქართველოს რატიფიცირებული აქვს არაერთი საერთაშორისო კონვენცია ქალთა მიმართ/ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ. ამასთანავე, ნაციონალიზებულია მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, აღმოფხვრას ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ადრეული და იძულებითი ქორწინება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლიდან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აიკრძალა ბავშვობის ასაკში ქორწინება, შესაბამის რეგულაციებს ვხვდებით სისხლის სამართლის კოდექსშიც. ამდენად, საკანონმდებლო ჩარჩო ნამდვილად იძლევა ადრეული ქორწინების ფაქტებზე ჯეროვანი რეაგირების შესაძლებლობას, თუმცა როგორც პრევენციის, ისე აღმოფხვრის კუთხით, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებს შორის ძლიერი კოორდინაციის მექანიზმის არსებობა და მულტისექტორული მიდგომის უზრუნველყოფა. 

- კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული ქორწინების მსხვერპლები ძირითადად გოგოები ხდებიან. რა განაპირობებს ამას და რამდენად უდევს მას საფუძვლად გენდერული უთანასწორობა?

ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში განსახილველი ფენომენია - ის განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგოებზე. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგოებთან შედარებით გაცილებით ნაკლები. მავნე სოციალური ნორმები და სტერეოტიპული დამოკიდებულებები გენდერული როლების შესახებ არაპროპორციულად მოქმედებს ქალებსა და გოგოებზე და ხელს უშლის მათ იცხოვრონ ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. 

gaero

- უფრო დეტალურად, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ?

ადრეულ ქორწინებას გოგოებისთვის გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოაქვს ვიდრე ბიჭებისთვის, რადგან უარყოფთ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, უზღუდავს განათლებისა და პროფესიული რეალიზების პერსპექტივას და ართმევს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ. მაგალითად, მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რადგან ასაკიდან გამომდინარე, მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი. მოზარდ გოგოებში, ორგანიზმის უმწიფრობის გამო, ხშირია ნაადრევი მშობიარობა და სამშობიარო ტრავმა, რაც შემდგომში მათი ავადობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთანავე, ადრეული ქორწინება ხშირად ხდება გოგოების მიერ სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი. ქორწინების ან ნიშნობის შემდეგ, გოგოებს უწევთ სკოლაში სიარულის შეწყვეტა, რადგან მათ საოჯახო ტვირთი აწვებათ. არასრულფასოვანი განათლება აფერხებს გოგოების განვითარებას და მათ არ ეძლევათ საკუთარი პოტენციალის შემდგომი რეალიზების შესაძლებლობა. 

- უკვე დამდგარი შედეგის შემთხვევაში, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, მსხვერპლმა გაიაროს რეაბილიტაცია, დაუბრუნდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებას სახელმწიფო ან სხვა პროგრამის მეშვეობით? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობის არსებობა?

თავდაპირველად, როდესაც არასრულწლოვანების მიერ იძულებითი/ ადრეული ქორწინების თავიდან აცილებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაშიც ისინი ასეთ დროს იმყოფებიან და რის გამოც, შეიძლება მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, თავად ითხოვონ დახმარება.  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ადრეული ქორწინების ფაქტების შეტყობინება შესაბამისი უწყებებისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ცხელი ხაზების/მობილური აპლიკაციების მეშვეობით და ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს საზოგადოება, არასრულწლოვანის გარშემომყოფები, მათ შორის ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიური შეხება აქვს მოზარდს (სკოლის მასწავლებლები, მეგობრები, მეზობლები, სამედიცინო დაწესებულება და ა.შ).

რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სადაც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, დამტკიცდა ადრეული ქორწინების შემთხვევების მართვის სახელმძღვანელო, ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის მზაობა, ხელი შეუწყოს მოზარდების დაბრუნებას სკოლებში, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი შემდგომი განვითარებისთვის. 

- რაც შეეხება „ნებაყოფლობით ნაადრევ ქორწინებას“, როცა არასრულწლოვანი ვერ აცნობიერებს მომხდარის არსს, როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება ასეთ შემთხვევებზე?

 

როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში, არასრულწლოვანის მიერ გამოვლენილი ნება არ ითვლება ნამდვილად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა და მისი ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. შესაბამისად, სამართლებრივად, ნებაყოფლობითი ადრეული ქორწინების ცნება არ არსებობს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს ქორწინების იძულების დანაშაულს, ხოლო ადრეულ ქორწინების ფაქტი შეიძლება შემადგენლობიდან გამომდინარე განსხვავებული მუხლითაც დაკვალიფიცირდეს, მაგალითად, როგორც სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა. 

გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანის ასაკის გარდა, არსებობს თუ არა ნების შემზღუდველი დამატებითი გარემოება, ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს კანონმდებლობითა და რეფერირების პროცედურებით გათვალისწინებული ნაბიჯების შესაბამისად. 

- როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც რიგ შემთხვევებში ასეთი „ნებაყოფლობითი“ ხასიათი არ ჰქონდეს ადრეულ ქორწინებას?

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სოციალური ნორმების ცვლილება საჭიროებს სხვადასხვა აქტორის ჩართულობას: მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ადრეული ქორწინების საზიანო შედეგების შესახებ, ასევე, ისინი ინფორმირებულები უნდა იყვნენ სახელმწიფოს მიდგომებზე და საკანონმდებლო რეგულაციებზე. ადრეული ქორწინების პრევენციის, ფაქტების გამოვლენისა და მსხვერპლის მხარდაჭერის პროცესში ძალიან დიდია ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მედიის როლიც, რომელმაც ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ადრეული ქორწინების ფაქტების გენდერულად სენსიტიური გაშუქება. 

- თქვენი პირადი გადმოსახედიდან რა შესაძლებლობებს უზღუდავს ადრეული ქორწინება გოგოებს და რას ეტყოდით მათ?

მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს საქართველოში ადრეული ქორწინების პრევალენტობის კლებას, სანამ ერთი ბავშვი მაინც იქნება ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ეროვნული პოლიტიკის და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა ყველა გოგოს მივაწვდინოთ ხმა და ვუთხრათ, რომ მათ აქვთ უფლება გააკეთონ არჩევანი და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, ხოლო საზოგადოებამ არ დაკარგოს უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსი მათი სახით.