ვნებათა ჭიდილი - თავი 23 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 23

2025-05-30 11:23:35+04:00

წინა თავი

იმ ღამეს დაძინება არ მეწერა. კარგა ხანს ვიწრიალე ლოგინში, მერე ავდექი და ბოლთის ცემას მოვყევი ოთახში. ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა პოლიციაში მისვლა. მერე ფანჯარასთან შევდექი და მძინარე ქალაქს გადავხედე. ნეტავ რამდენი ადამიანია ახლა თბილისში ჩემსავით შეშინებული და სიკვდილის მოლოდინში? სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ვარ, თანაც სრულიად უმწეო და მარტო, მიტოვებულივით. ისიც კი არ შემიძლია, დახმარებისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს მივმართო, რომელიც ამ ეტაპზე ალბათ არ იტყვის უარს გვერდით დამიდგეს. ვხვდები, რომ ისე აღარაა ჩემზე გაბრაზებული, როგორც იმ დღეებში. ალბათ ბევრი რამ თვითონაც გააანალიზა. ნეტავ შემეძლოს მასთან გავიქცე და ჩავეხუტო. როგორ მჭირდება ამწუთას მისი თანადგომა, ზრუნვა. მაგრამ ეს შეუძლებელია. ახლა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, სხვა არავინაა ჩემი პატრონი. მამას არ მოვუყვები ამ ამბავს, თორემ შეიძლება ინფარქტმა გლიჯოს. მისი გული ნერვიულობას ვერ გადაიტანს…

ტყუილად ვფიქრობდი ამდენს. განა სხვა არჩევანი მქონდა? პოლიციისთვის უნდა მიმემართა, ყველაზე კარგი გამოსავალი მაინც ეს იყო. თუ დათომ ზურა გაწირა, მე რატომღა დამინდობდა? არც ჩემი მოკვლა გაუძნელდებოდა. ეს ხომ ისეთივე ჭეშმარიტება იყო, როგორიც ორჯერ ორი ოთხია.

ისევ საწოლში შევწექი და მაქსთან დაკავშირებულ ტკბილ-მწარე მოგონებებს მივეცი თავი…

ჩამეძინა… რამდენიმე ხნის შემდეგ რაღაც ფხაკუნმა თუ ჩხაკუნმა გამომაღვიძა. შეშინებული წამოვჯექი. მომეჩვენა, რომ კართან ვიღაც იდგა და მის გაღებას ცდილობდა. არ მახსოვს, როგორ წამოვხტი, ჩაცმისთვის დროის დაკარგვისაც კი შემეშინდა, ამიტომ პიჟამაზე სასტუმროს ხალათი მოვიცვი. ერთადერთი, რაც თან წავიღე, მობილური ტელეფონი იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში დარეკვა შემძლებოდა. აივნის კარი გავაღე და მივიხედ-მოვიხედე. ჩემდა საბედნიეროდ, ზუსტად ჩემი ნომრის გასწვრივ იყო დამაგრებული სახანძრო კიბე. გადავედი მასზე და ძირს სწრაფად ჩავედი, მაგრამ ჩამოხტომისას დავეცი და მხარი რაღაცას მწარედ დავკარი. ვიგრძენი, სისხლმა როგორ გამითბო ცალი მკლავი. თეთრი ხალათი მხართან ნელ-ნელა წითლად შეიღება.

_ ჯანდაბას, ჯანდაბას! _ დაპანიკებულმა წავიჩურჩულე და წამოვდექი.

უმისამართოდ გავრბოდი ქუჩაში. მთავარი იყო, იქაურობას რაც შეიძლება შორს გავცლოდი. ნუთუ მართლა ვინმე იყო თუ მომეჩვენა? ტყუილად ხომ არ შემეშინდა? მაგრამ ვინმე რომ ყოფილიყო? ღრმად რომ მძინებოდა და მკვლელი ნომერში შემოსულიყო, რა მიხსნიდა სიკვდილისგან? არაფერი.

როცა კარგა გვარიანად მოვშორდი სასტუმროს, ბორდიურზე ჩამოვჯექი, ცოტა სული მოვითქვი და მაქსის ნომერი ავკრიფე, ახლა სხვას ვერავის მივმართავდი დახმარებისთვის.

_ ალო!

_ მაქს, მე ვარ. საფრთხეში ვარ, ვიღაც მომდევს!

არ ვიცი, ასე რატომ ვუთხარი, მაგრამ იმწუთას ენაზე ესღა მომადგა.

_ სად ხარ? ჩქარა მითხარი მისამართი, სად ხარ, სად? _ მაქსის ყვირილმა ყური მატკინა.

ავუხსენი, სადაც ვიყავი.

_ ხუთ წუთში მანდ ვიქნები, ადგილიდან არ დაიძრა, გესმის? ქუჩაში ხალხი თუ მოძრაობს?

_ კი, დადიან.

_ მადლობა ღმერთს… დამელოდე, მოვდივარ.

წარმოვიდგინე, რა სანახავი ვიქნებოდი პიჟამათი, თეთრი პირსახოცის ხალათით შუა ქუჩაში, ბორდიურზე ჩამომჯდარი. ალბათ გამვლელებს გიჟი ვეგონე. ისე მციოდა, კბილს კბილზე ვაცემინებდი. ოღონდ გული არ წამივიდეს. როგორმე უნდა გავძლო მაქსის მოსვლამდე!

მეგონა, საუკუნე გავიდა. მაქსი არა და არ ჩანდა. მობილური ყურთან მივიდე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ვიღაცას ველაპარაკებოდი. თან ვფიქრობდი, რატომ მაინცდამაინც მაქსი ავირჩიე? რატომ პოლიციაში არ დავრეკე? უფრო ლოგიკური არ იქნებოდა? მაგრამ სად მეცალა ლოგიკისთვის? მხოლოდ შიშმა მიბიძგა, მაქსთან დამერეკა.

ამ ფიქრებში ვიყავი, ასფალტზე ბორბლების ღრჭიალი რომ გაისმა. შიშისგან გული მუცელში ჩამივარდა. ვაითუ, მკვლელია და მომაგნო? მაგრამ არა, ეს მაქსი იყო. იგი სირბილით მოიჭრა ჩემთან.

_ მაქს, მიშველე! _ შევძახე უმწეოდ, ხელები მოვხვიე და გულმოცემული ავზლუქუნდი.

მაქსმა დაინახა თუ არა ჩემი სისხლიანი მხარი, სახეზე შიში აღებეჭდა.

_ დაჭრილი ხარ?

_ არა, უბრალოდ, რაღაცას გამოვედე.

_ წავედით, _ მაშინვე მომხვია ხელი და მანქანამდე მიმიყვანა, წინა სალონში ჩამსვა, თვითონ კი იქვე ჩაიმუხლა, მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ჭრილობაზე დამადო.

_ როგორ ხარ? _ აღელვებული ხმით მკითხა. ახლაღა მივხვდი, თვითონაც როგორი შეშინებული იყო.

_ ყველაფერი რიგზეა, _ სლუკუნით მივუგე.

_ დამშვიდდი, ჯერ კლინიკაში წაგიყვან, ჭრილობას დაგიმუშავებენ, იქიდან კი პოლიციაში წავიდეთ.

_ მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ! _ შემაწყვეტინა და იმწამსვე ცრემლიან ლოყაზე მაკოცა, თანაც საოცრად ნაზად, _ ახლა მე ვიზრუნებ შენზე, რაც თავიდანვე უნდა გამეკეთებინა. აწი ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი შენ არ დაგემუქრება. თუ ვინმე კიდევ დააპირებს შენთან მოახლოებას, გეფიცები, ჩემი ხელით მივახრჩობ.

ამ სიტყვებით მანქანას წინიდან მოუარა და საჭეს მიუჯდა. შემდეგ ყურადღებით გამომხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რიგზე მქონდა, უსაფრთხოების ქამარი ფრთხილად შემიკრა და გამიღიმა.

_ მყუდროდ ხარ? _ ალერსიანად მკითხა.

_ ჰო, _ მივუგე, თუმცა მხარი საშინლად მეწვოდა. მაგრამ გვერდით მაქსი მყავდა და მეტი რა მინდოდა? მიუხედავად ტკივილისა, ღვთაებრივ სიამოვნებას განვიცდიდი.

_ მოეშვი და არაფერზე იფიქრო. ახლა ექიმთან წავალთ.

მაქსმა მანქანა დაქოქა და დავიძარით.

_ რომ მოვწიო, შენზე ხომ არ იმოქმედებს? _ ცოტა ხნის შემდეგ მკითხა.

_ არა, რატომ უნდა იმოქმედოს? მოწიე.

როცა მან სანთებელას გაჰკრა, შევამჩნიე, როგორ უკანკალებდა ხელი. ნუთუ მართლა ასე იმოქმედა მასზე ჩემმა განსაცდელმა?

_ ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე. მეგონა, ცოცხალს ვეღარ გნახავდი. გიჟივით მოვქროდი. კიდევ კარგი, პატრული არ დამაჯდა კუდზე.

_ გული მიწუხს, ამ ამბავში რომ გაგრიე, _ ხმადაბლა ვთქვი, _ მაგრამ ისე შემეშინდა, რომ სხვა გზა არ დამრჩა, ვერაფერი მოვიფიქრე. წესით პოლიციაში უნდა დამერეკა და ვერ მოვისაზრე, თავში მხოლოდ შენი ტელეფონის ნომერი მიტრიალებდა.

_ კარგი ქენი, მე რომ დამირეკე, ამიტომ ნუ მებოდიშები. გგონია, არ ვიცი, რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე? თავიდანვე რომ დამეჯერებინა შენთვის და იმ ახვარი დათოსთვის ყველაფერი არ მეთქვა, ასეთ ხათაბალაში არ გაეხვეოდი.

აი, თურმე რა ყოფილა! თურმე რატომ გამოიქცა ჩემს დასახმარებლად. ის თავს დამნაშავედ გრძნობდა. თვალები დავხუჭე. ჭრილობა მეწვოდა და მიფეთქავდა, მაგრამ საშიშროება უკან დარჩა და სანერვიულო ამაღამ მაინც არაფერი მქონდა…

სასწრაფო დახმარების მიმღებ განყოფილებაში უამრავი ადამიანი ირეოდა, მაგრამ მაქსი გაძვრა-გამოძვრა და წამში სარეგისტრაციო სარკმელთან გაჩნდა, ჩემი მონაცემები ჩააწერინა მორიგე გოგონას და ისტორიის გახსნის შემდეგ ეგრევე ექიმის კაბინეტისკენ გამაქანა.

სანამ ჭრილობას მიმუშავებდნენ, მაქსმა პოლიციაში დარეკა. რეაგირება მყისიერი იყო _ სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ფორმიანი პოლიციელები ექიმის კაბინეტში შემოლაგდნენ.

_ კაპიტანი ობოლაძე, _ გაგვეცნო ყველაზე ახალგაზრდა, _ შეგიძლიათ კითხვებზე მიპასუხოთ?

მიუხედავად იმისა, რომ მხარი საშინლად მეწვოდა და მიფეთქავდა, თავი დავუქნიე.

_ იცით, ვინ ცდილობდა თქვენზე თავდასხმას? _ კაპიტანი სკამზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ლამის დავთრისხელა ბლოკნოტი გადაშალა და კალამიც მოიმარჯვა.

_ არა, არ დამინახავს. მხოლოდ ის გავიგონე, როორ ცდილობდა კარის გაღებას. მე გამოქცევა მოვასწარი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ დახშული სროლის ხმა მომესმა მგონი.

_ გამოიქეცით და ამან გადაგარჩინათ, _ თქვა ობოლაძემ, _ როგორც ჩანს, საქმე პროფესიონალთან გვაქვს, თუ იმდენი შეძლო, რომ შეუმჩნევლად გაიარა სასტუმროს ვესტიბიული და თქვენს ნომერს მიადგა.

_ ეს უკვე თქვენ უნდა გამოიძიოთ, _ მხრები ავიჩეჩე.

_ მტრები გყავთ, ქალბატონო გაბრიელა? თქვენი აზრით, ვის უნდა სურდეთ თქვენი მოკვლა?

_ ვშიშობ, რომ მყავს, _ ვუთხარი და მთელი ამბავი თავიდან ბოლომდე კაპიტანს წვრილად გადმოვულაგე.

_ მდააა, _ წარმოთქვა გამომძიებელმა, როცა მოყოლა დავამთავრე, _ სერიოზულ შარში ყოფილხართ. კარგი, ჩვენ მივხედავთ ამ საქმეს, მაგრამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოთ. საფრთხე ჯერ არ არის ჩავლილი. იმედია, გესმით ეს.

_ დიხ, მესმის… დიდი მადლობა.

_ რაც შეეხება თქვენს ძმას… _ ფეხზე წამოდგა კაპიტანი და მაქსს მიუბრუნდა, _ როგორ ფიქრობთ, ის მართლა იპარავდა ფულს თქვენი კორპორაციიდან?

მაქსი გაფითრდა. სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, მაგრამ პასუხი მაინც გასცა:

_ არ გამოვრიცხავ. ის მუშაობით დიდად არ იკლავდა თავს, ფული კი უყვარდა. გარდა იმისა, რომ მეც ხშირად ვაძლევდი, თვითონაც შოულობდა, თუმცა არასდროს გამიკონტროლებია, საიდან მოჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ძმა იყო ჩემი და ძმამ ძმის ფული აიღოს, განა ეს ქურდობაა?

_ ამაზე ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი, ოღონდ სხვა დროს, _ მიუგო ობოლაძემ, _ თქვენ კი, ქალბატონო გაბრიელა, კიდევ ერთხელ გამიმეორეთ თქვენ მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივის ტელეფონის ნომერი, მასაც უნდა გავესაუბრო.

მეც ვუკარნახე.

_ ჯერჯერობით საკმარისია. თქვენი ნახვა სად შემეძლება, ქალბატონო? _ მკითხა ბოლოს.

მეც დავუსახელე სასტუმროს მისამართი, სადაც ნომერი მქონდა აღებული, მაგრამ მაქსმა შემაწყვეტინა.

_ არავითარი სასტუმრო. გაბრიელა ჩემთან იქნება. თუ შეიძლება, ჩემი მისამართი ჩაიწერეთ.

შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ მაქსი მაინც თავისას გაიტანდა. თანაც, ცოტა არ იყოს, სასტუმროში დაბრუნების მეშინოდა.

_ კარგად ბრძანდებოდეთ. როცა რამეს გავარკვევთ, აუცილებლად დაგირეკავთ. _ დაგვემშვიდობა გამომძიებელი.

მაქსმა ექიმს ფული გადაუხადა და გარეთ გამოვედით. უკვე თენდებოდა. სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და უეცრად თავბრუ დამეხვა.

_ მთვრალივით ვბარბაცებ, რა უცნაურია, _ ვთქვი და გამეღიმა.

მთელი ღამის უძინარი კიდევ კარგად ვიყავი. რომ წარმოვიდგინე, რაც გადავიტანე, შემაჟრჟოლა.

_ ისე გამოიყურები, მართლა მთვრალს ჰგავხარ, ჩაცმითაც ერთობ საინტერესოდ გამოიყურები, _ გაეცინა მაქსს.

_ სად მქონდა ჩაცმის დრო, კისრისტეხით გამოვიქეცი, _ მეც გამეღიმა.

_ კარგია, რომ არ გეძინა.

_ მაგას არ ვამბობ? იღბალი მქონია, რომ არ ჩამეძინა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ ოდესმე გადამხდებოდა. ასე მგონია, ფარული კამერით მიღებენ.

_ არა უშავს, საცაა, მივალთ და ეგრევე ლოგინში! საშიშროებამ უკვე გაიარა, ასე რომ, მშვიდად შეგიძლია იძინო, რამდენ ხანსაც გაგიხარდება. ახლა ერთადერთი, რაც მაშფოთებს, ის არის, ხვალ რა იქნება. მე კი მოვუვლი დათოს, მაგრამ სანამ მაგას მივწვდები, რა იცი, რა მოხდება. იქნებ აღარც აქვს დაქირავებულ მკვლელთან კონტაქტი და შეკვეთის გაუქმება არ შეუძლია?

ასეთი რამ არც მიფიქრია და ახლა, როცა ეს გავიაზრე, შიშისგან დამსუსხა.

_ ღმერთო ჩემო! ნუთუ საქართველოში ხდება ამგვარი რამეები?

_ ეგ ყველგან ხდება, არა მარტო საქართველოში, მაგრამ არა უშავს, უსაშველო არაფერია. მაგ ნაბიჭვარს არ შევარჩენ ჩემი ძმის სიკვდილს.

_ იმედია, ბიძაშენი დაგეხმარება. რა კარგი კაცი ყოფილა სინამდვილეში. არადა, რა ცუდ რამეებს ამბობენ მასზე.

_ რახან შენ მოგეწონა, ესე იგი, კარგი კაცი ყოფილა, _ ალერსიანი მზერა მესროლა მაქსმა, _ კიდევ კარგი, მაგან მაინც მოგისმინა. მე უნდა დამეჯერებინა შენთვის. შევცდი. ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი დათომ მოაწყო. ყოველთვის მეგონა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა, არასდროს ეჭვი არ შემპარვია მის ერთგულებაში.

_ მაგრამ ჯერ ხომ ზუსტად არ ვიცით, არის თუ არა დამნაშავე. იქნებ ვცდები?

_ შენ რასაც ჰყვები, სრულიად საკმარისია, სხვა დამამტკიცებელი საბუთი არცაა საჭირო. ასე რომ, ამიერიდან თუ თეთრზე მეტყვი, შავიაო, ეგრევე გეთანხმები.

ორივეს გაგვეცინა.

_ ისე, არ მინდა შენ ამ ამბავზე გადაერთო. ეს პოლიციის საქმეა და ისინი მოუვლიან. შენც არ დაგიშავოს იმ ნაძირალამ რამე.

_ მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. არ მოვეშვები, სანამ სახეს არ ავახევ! _ დაიქადნა მაქსმა.

_ გამოუსწორებელი ხარ! _ ამოვიოხრე.

_ ყოველთვის ასეთი ვიყავი და აწი რა შემცვლის? არ მითხრა, რომ შენ ეს აქამდე არ იცოდი… აი, მოვედით კიდევაც…

ასე მეგონა, საკუთარ სახლს მივადექი, იმდენად მყუდრო იყო მაქსის ბინა. სიმშვიდე მესიამოვნა. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. გამახსენდა ის საღამო, მე და ზურა რომ მოვედით აქ, წვეულება რომ იმართებოდა და გული შემეკუმშა.

მაქსი სააბაზანოში შევიდა და წყალი მოუშვა.

_ მიდი, თბილ წყალში ჩაწექი, მოგიხდება. მერე კი დაიძინე.

_ მგონი, პირდაპირ აბაზანაში ჩამეძინება, _ გავიხუმრე.

_ არ ჩაგეძინება და თუ მაინცდამაინც ჩაგეძინა, მანდვე დაგტოვებ, _ თვალი ჩამიკრა და როცა აბაზანა თბილი წყლით აივსო, კარი გაიხურა.

პიჟამას ცალი ხელით გახდა გამიჭირდა. რა მექნა, მაქსს ხომ არ დავუძახებდი დასახმარებლად? ამ წვალებაში ვიყავი, რომ კარი უცებ გაიღო და მაქსი პირსახოცით ხელში შემოვიდა.

_ რას შვრები, რას! მოიცა, მოგეხმარები. პირსახოცისთვის გავედი წამით.

მან პირსახოცი იქვე დაკიდა და გახდაში დამეხმარა.

_ იქნებ მე თვითონ… _ გავწითლდი.

_ კარგი რა. პირველად ხომ არ გხედავ შიშველს? მოსარიდებელი არაფერია. გული არ წამივა შენი სიშიშვლის დანახვაზე და არც შენ წაგივიდეს გული, მე რომ გახდილს გიყურებ, კარგი? ბედის ირონია რომ არა, უკვე მეორედ შეგიყვარებდი…

_ ვიცი, მაგრამ… _ ჩურჩულით ამოვთქვი.

_ ჩშშშ… მეტი აღარაფერი თქვა. მომენდე!

ამასობაში გამაშიშვლა და აბაზანაში ჩამსვა. ამას საოცარი მზრუნველობით აკეთებდა, თან მიყურებდა, მაგრამ სრულიად სხვა მზერით. ამ წუთებში იგი ჩემში სასურველ ქალს სულაც არ ხედავდა.

ისე მესიამოვნა თბილი წყალი, რომ მსუბუქად ამოვიოხრე.

_ წყნარად იჯექი, მე დაგბან, თან ისე, რომ არ გატკენ.

მაქსმა საპონი აიღო და წასმა დამიწყო. თვალები დავხუჭე და მისი ხელის მოძრაობა შევიგრძენი მხოლოდ. ისე მბანდა, როგორც პატარა ბავშვს, თითქოს თოთო ვიყავი და არაფერი მტკენოდა.

როცა საქმეს მორჩა, სუფთა წყალი გადამავლო და პირსახოცი გამომიწოდა.

პირსახოცი იმდენად დიდი იყო, რომ თავიდან ბოლომდე შიგ გავეხვიე.

_ მაგრამ მე რომ ჩასაცმელი არაფერი მაქვს? _ ყასიდად დავიწუწუნე.

_ ჩემს პიჟამას ჩაგაცმევ, ეგ არაა პრობლემა. მაგრამ საწოლი ერთი მაქვს, ამიტომ მეც შენ გვერდით მომიწევს წოლა. წინააღმდეგი ხომ არ იქნები? ისე, არ მინდა მარტო დაგტოვო, თორემ დივანზეც კი შემიძლია მოვთავსდე.

არა, წინააღმდეგი არ ვიყავი. პირიქით, უზომოდ მიხაროდა, რომ ყველაფერი ასე რადიკალურად შემობრუნდა.

მაქსმა ჩასაცმელი გარდერობიდან გამოიღო და შევიმოსე. მართალია, მისი პიჟამა სამი ზომით დიდი მქონდა, მაგრამ რას დავეძებდი? მაინც ლოგინში უნდა ჩავწოლილიყავი.

როგორ მესიამოვნა დაწოლა. ისე მეძინებოდა, თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ განა ძილის დრო იყო? მაქსი ჩემ გვერდით აპირებდა დაწოლას და ამას რა მოჰყვებოდა, ჯერ არ ვიცოდი.

მერე მაქსმაც გადაივლო წყალი და საძინებელში რომ შემოვიდა, მის განიერ და მკვრივ მკერდს თვალი ვერ მოვწყვიტე.

_ ასე ნუ მიყურებ, გაბი! _ გამაფრთხილა, _ გგონია, მე არ ვიწვი შენი სურვილით? ვიწვი, მაგრამ ახლა შენთვის ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლება. მხოლოდ იმის უფლებას გაძლევ, რომ ჩემს მკლავებში მოკალათდე, მაგრამ არ მოეფერო, თორემ მერე არ ვიცი, რა მოხდება.

გავწითლდი.

_ არავითარი მსგავსი რამ გულში არ გამივლია, _ შეცბუნებულმა წარმოვთქვი.

_ ეგ ზღაპრები მოდელ გოგოებს მოუყევი, _ გაიცინა, _ ის კი არა, მეშინია, ძილში არ გამაუპატიურო.

ამაზე გულიანად გამეცინა. მაქსმა შუქი ჩააქრო და საბნის ქვეშ შემოძვრა, ოღონდ მაშინვე გულაღმა გაწვა და მკლავები თავქვეშ ამოიდო.

როგორ მინდოდა მივხუტებოდი, მაგრამ მრცხვენოდა. რამდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიწექით. ბოლოს ვეღარ მოვითმინე.

_ მაქს…

_ რა იყო?

_ რომ მოგეხუტო, შეიძლება?

_ შეიძლება, ოღონდ ისე, რომ არ მაცდუნო.

გაღიმებულმა მისკენ მივიწიე და თავი მკერდზე დავადე. რამხელა ბედნიერება იყო ეს. ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა მისი სითბო ჩემში, თითქოს სითხესავით მეღვრებოდა სხეულში.

ახლა აღარაფრის მეშინოდა. ჩემ გვერდით მაქსი იყო, ჩემი ოცნების მამაკაცი. კაცი, რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიყვარდა. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მაქსმა მკლავი ჩამოიღო და მომხვია.

_ დაიძინე, პატარავ, _ მიჩურჩულა და თავზე მაკოცა, _ დაიძინე, ჩემო ლამაზო.

და ასე, მის მკლავებში ჩიტივით განაბულს მალევე ღრმა, ტკბილი ძილით დამეძინა.

დილით რომ გამეღვიძა, თავი სამოთხეში მეგონა. ვიწექი რბილ, ფართო საწოლში, გვერდით მაქსი მეწვა, თავი მის მკლავზე მედო და თავი უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა. ერთადერთი, რაც მაწუხებდა, მხარი იყო, რომელიც ჯერაც მტკიოდა. მაინც კმაყოფილი ვიყავი. რაც მთავარია, მაქსი ჩემზე ნაწყენი აღარ იყო. ის მიხვდა სიმართლეს და ბოღმას აღარ მანთხევდა.

ავხედე. იგი ღიმილით დამჩერებოდა.

_ ახალგაღვიძებულზე უფრო ლამაზი ხარ, _ მითხრა ნამძინარევი ხმით.

_ მადლობა. შენც მშვენივრად გამოიყურები.

_ როგორ ფიქრობ, გინესის რეკორდების წიგნში არ შეიტანენ ჩემს სახელს? _ მკითხა მოულოდნელად.

_ რისთვის? _ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.

_ იმისთვის, რომ ცხრა წლის განმავლობაში, მცდელობების მიუხედავად, ერთი გოგო ვერ შევაცდინე.

_ მცდელობა ხომ მხოლოდ ორჯერ იყო. ეგ არ გეყოფა რეკორდის დასამყარებლად, _ ავკისკისდი.

_ სამაგიეროდ გონებასა და ფიქრებში ყოველდღე შენს ცდუნებაში ვიყავი, _ მომიჭრა.

მერე შუბლიდან თმა გადამიწია და სევდიანი მზერა მომაპყრო. ღაწვები შემიხურდა.

_ შენთვის ალბათ ძნელი მისახვედრი იქნება, რას ნიშნავს, ყოველღამე ფიქრებში ეფერო ქალს. წუხელ იგივე განმეორდა. ერთმანეთისგან მხოლოდ ეს თხელი საბანი გვყოფდა და თავი ძლივს შევიკავე, არ…

_ მერე რამ შეგიშალა ხელი?

_ ისე ტკბილად გეძინა, დაგინდე.

_ აჰა.

_ არა უშავს. როცა დრო მოვა, აღარ დაგინდობ, მაგრამ მინდა აქედანვე იცოდე, რომ ნაზი და სათუთი ვიქნები. რაც მთავარია, არ გატკენ.

გამომცდელი მზერით ავხედე.

_ აკი არ მჯერაო? შენ ქალიშვილი არ იქნებიო?

_ ასე იმიტომ გითხარი, რომ საშინლად ეჭვიანი ვარ. მეგონა, ზურასთან იწექი.

_ როგორც ჩანს, დაგარწმუნა, რომ ასე არ იყო, არა?

_ კი, დამარწმუნა.

_ როგორ მენანება ზურა. სასწაული ადამიანი იყო. ნეტავ მაშინვე მივმხდარიყავი, რაც ხდებოდა. იქნებ აგვეცილებინა თავიდან ეს უბედურება. ჩემი აზრით, თვითონაც გვიან მიხვდა, რომ ნარკოტიკებით ჭყეპტდნენ. კი თქვა, ერთი კვირაა, დათო რაღაცას მაყლაპებსო, მაგრამ…

_ ჩემი ბრალია. ბოლო პერიოდში ცოტა მოვადუნე ყურადღება. ვიფიქრე, რახან გაბისთან ერთადაა, ცუდი არაფერი ემუქრება-მეთქი. დათოზე როგორ მივიტანდი ეჭვს? ჩემო პატარავ, ხომ მაპატიებ, იმდენი ცუდი რამე რომ გითხარი დასაფლავების დღეს? ხომ გესმის, გამწარებულს ჭკუა არ მომეკითხებოდა.

_ ვიცი და ყველაფერი მესმის, ნუ მებოდიშები. _ რბილად მივუგე და სახით მკერდზე გავეხახუნე.

_ ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროსია. მიხარია, რომ მაპატიე. გულზე მომეშვა. ხშირად მემართება ასე. მოთმინებიდან გამოვდივარ, რას მოვიმოქმედებ და რას ვიტყვი, ვერ ვაკონტროლებ, მერე კი ვნანობ. მაგრამ შენი და ზურას დაშორება რომ მინდოდა, ეგ მართალია. იმიტომ კი არა, რომ ზურასთვის არ მემეტებოდი. მხოლოდ იმიტომ, რომ მეგონა, მე და შენ ყველაფრის თავიდან დაწყებას შევძლებდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მე გიყვარდი და ზურას მხოლოდ ამიტომ დაუახლოვდი.

_ გარკვეულწილად ასეც იყო, _ ვაღიარე, _ ზურასთან იმიტომ ვიყავი ახლოს, რომ შენი ხშირად ნახვის შესაძლებლობა მქონოდა. შურისძიება გულში არ გამივლია, გეფიცები.

_ ანუ შენც გინდოდა შევრიგებულიყავით?

_ სიგიჟემდე მინდოდა, თუმცა მეშინოდა, რომ შენ შენსას გაისწორებდი და მიმაგდებდი.

_ რას ამბობ, გაბი, რას მიქვია მიგაგდებდი. პირიქით, მინდოდა ყველაფერი ისე მომეწყო, რომ შენი ნდობა მომეპოვებინა და დაკარგული ღირსება აღმედგინა. შენ ხომ მე ეს წლები მოღალატედ მიგაჩნდი. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. შეუძლებელს გავაკეთებ შენი ნდობის მოსაპოვებლად, ჩემო ლამაზო გოგო.

გული ამიჩუყდა. ვნება ისე მომეძალა, ვეღარ მოვითმინე და ავჩურჩულდი:

_ არ გინდა მაკოცო?

_ მინდა, ყველაზე მეტად მინდა ამქვეყნად, ჩემო სიხარულო, მაგრამ არა ახლა, არა აქ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ არ მსურს შენთვის დროებითი ნუგეშისმცემელი გამოვიდე. ჩვენ შორის ყველაფერი სხვა დროს და სხვანაირად უნდა მოხდეს, ისე, რომ მთელი სიცოცხლე ტკბილად დაგამახსოვრდეს.

_ შენ გგონია, რომ მე ახლა ნუგეშისცემა მინდა?

_ კი არ მგონია, ასეა. აი, მიყურებ და ფიქრობ: ახლა მომეფერება, იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს ჩემ წინაშე. ხვდება, რომ სათანადოდ ვერ დამაფასა. ასე არ არის?

მართალი იყო, ამას ვერ უარვყოფდი.

_ გეთანხმები.

_ მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ ვწევართ მე და შენ ახლა ამ საწოლში ერთმანეთის გვერდით. ჩვენ ერთი ღამის სიყვარული არ გვჭირდება. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, თანაც ძალიან ღრმად. ამიტომ მინდა, ჯერ ჩემს სიყვარულში დაგარწმუნო და დანარჩენს მერე მივხედოთ.

_ კარგი, როგორც იტყვი.

_ ახლა კი უნდა ავდგე, _ თქვა და წამოხტა, გარდერობი გამოაღო, ტანსაცმელი გადმოიღო და ჩაცმას შეუდგა.

_ საით?

_ სამსახურში, საქმეები მაქვს. მხარი კიდევ გტკივა?

_ ცოტა მტკივა.

_ გამაყუჩებელი მოგცე?

_ არა, არ მინდა. ისე აღარ მაწუხებს. მოთმენა შემიძლია.

_ მაშინ გავალ და ყავას მოგიდუღებ. მერე ერთ-ორ ადგილას დავრეკავ და ისევ მოვალ. იმედია, ცოტა ხნით უჩემოდ არ მოიწყენ.

როცა მაქსი გავიდა, თვალები დავხუჭე და ღიმილმოგვრილი ბალიშს ჩავეხუტე. ასეთი ბედნიერი მხოლოდ ცხრა წლის წინ ვიყავი…

გაგრძელება იქნება