„ჟამთაძვრა“ კურტ ვონეგუტის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა. წიგნის ცენტრალური მოვლენა ჟამთაძვრაა, ამჯერად არა დროიდან ამოვარდნა, არამედ წარსულში დაბრუნება ათი წლით და ამ ათი წლის განმავლობაში თავისუფალი ნების გარეშე ცხოვრება. ათი წლის წინ - ადამიანების თითოეული ნაბიჯი დეტერმინირებულია, წინასწარაა განსაზღვრული მათი თითოეული მოქმედება. ადამიანები თავისუფლები არიან არჩევანის გაკეთების აუცილებლობისგან, რადგან ბრმად მიჰყვებიან იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ერთხელ უკვე მიიღეს.
ესაა ერთგვარი გამეორება საკუთარი ცხოვრების, ოღონდ ისეთი გამეორება, როცა პირველი მცდელობის გამოცდილებებს ვერ გაითვალისწინებ და იძულებული ხარ, ხელახლა დაუშვა ის შეცდომები, რომლებიც ერთხელ უკვე მოგივიდა. ამიტომაც დროის „უკან გადახვევა“ სულაც არაა სასიამოვნო ადამიანებისთვის: ისინი ხელახლა კარგავენ ერთმანეთს, ხელახლა უწევთ წარსულში გადატანილი რთული ეპიზოდების გადატანა, მეორედ უყურებენ საყვარელი ადამიანების სიკვდილს, მეორედ ბრუნდებიან ციხეში რამდენიმეწლიანი სასჯელის მოსახდელად...
ავტორის განმარტებით, ესაა „კოსმოსური კუნთოვანი სპაზმი, რომელიც დედამიწას დაემართა“. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სამყაროს თავის თავში დაურწმუნებლობის გამო კრიზისი დაუდგა; სამყარო ყოყმანმა შეაჩერა, ხომ არ ჯობდა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო? ხელახლა ხომ არ უნდა განეხორციელებინა დიდი აფეთქება? ღირდა საერთოდ არსებობის გაგრძელება და მომავლისკენ სვლა?
სწორედ ამ ყოყმანმა აიძულა სამყაროს ნაბიჯის უკან გადადგმა, წარსულში მიბრუნება, ოღონდ არა იმ დროში, როცა ყველაფერი დაიწყო. არამედ სულ რამდენიმე წლით „უკან“.
ამგვარად, დედამიწა 2001 წლის 13 თებერვლიდან გადადის 1991 წლის 17 თებერვალში და მას შემდეგ ყოველწუთიერად, ყოველსაათობით აუჩქარებლად ბრუნდება 2001 წელში, მომავალში, რომელიც ერთხელ უკვე იყო აწმყო. თუმცა განსხვავება ისაა, რომ როცა მეორედ დგება 2001 წელი, ჟამთაძვრისშემდგომი აპათიით შეპყრობილმა ადამიანებმა აღარ იციან, როგორ იცხოვრონ. თუკი მანამდე „ავტოპილოტით“ ცხოვრობდნენ, ახლა ისევ უწევთ საკუთარი ცხოვრების სადავეების ხელში აღება. თუმცა უკვე აღარც ახსოვთ, როგორი იყო ნამდვილი ცხოვრება. როგორც კი წარსულის გამეორება სრულდება, აწმყოში ცხოვრება შეუძლებელი ხდება.
„უსარგებლო იყო იმაზე წუწუნი, რომ ახალი არაფერი ხდება და მხოლოდ ძველი მეორდება, ან იმაზე ფიქრი - მარტო მე გავგიჟდი თუ ჩემთან ერთად მთელი სამყარო.“
კურტ ვონეგუტი ამ რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება თავის ალტერ ეგოს, კილგორ ტრაუტს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ტრაუტი არ იყო ლოთი, ნარკომანი, მოთამაშე ან სექსუალური მანიაკი. იგი მხოლოდ მწერალი გახლდათ“. ტრაუტს ეკუთვნის ამბავი ჟამთაძვრის შესახებ, უამრავ სხვა მოთხრობასთან ერთად, რომლებიც, ავტორის თქმით, დაიკარგა.
სწორედ ეს ცნობილი და დაუვიწყარი წყვილი - კურტ ვონეგუტი და კილგორ ტრაუტი არიან „ჟამთაძვრაში“ მკითხველების მეგზურები.
ვონეგუტისთვის დამახასიათებელი ირონიული თხრობა („სულაც არ მჭირდებოდა ჟამთაძვრა იმის გასაგებად, რომ ცხოვრება ნაგავია. მე ეს ბავშვობიდანვე ვიცოდი!“), სარკასტული შენიშვნები („თქვენ რომ ტვინის ნაცვლად დინამიტი გქონდეთ, იგი იმასაც კი არ ეყოფოდა, რომ თავიდან შლაპა მოეძრო“), ანეკდოტები და ეპიზოდური პერსონაჟები, რომლებიც დიდხანს გამახსოვრებენ თავს (მაგალითად, ბიძია ალექსი, რომელსაც შეუძლია, სამყაროს მშვენიერების აღქმა არცერთ სიტუაციაში არ დაკარგოს და გულწრფელი გაკვირვებით იკითხოს: „რაა მშვენიერება, თუ არა ეს?“) - ამ წიგნში ყველაფერია, რაც კურტ ვონეგუტის მკითხველებს უყვართ.
დაბოლოს, ვონეგუტი ამ წიგნშიც, კიდევ ერთხელ, ჩვეული შეუბრალებლობით გვიმეორებს:
„ჩვენ აქ, დედამიწაზე, იმიტომ ვართ, რომ უაზროდ და უმიზნოდ ვიხეტიალოთ. ნურავის მისცემთ უფლებას, სხვა ზღაპრებით ყურები გამოგიჭედონ“.
R