აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი?
სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ თუ ნანახი გაქვთ, მაშინ სახელი და გვარი თამარ ერაძე თქვენთვის ნაცნობი და ემოციური იქნება. ჟურნალისტი და მწერალი თამარ ერაძე სერიალის პირველივე ეპიზოდებიდან ჩნდება და მთავარი სცენარის განვითარების პარალელურად, წერს წიგნს. სერიალის შემდეგ სეზონებში კი უკვე ჩნდება მეორე რომანიც „თეთრი მაგნოლია“ . თამუნა მის წერას საავადმყოფოს პალატაში იწყებს და ნაწერს დროდადრო თავის ოთახის მეზობელ ნინოს აკითხებს. თამუნა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც აგრძელებს წერას და სერიალის მაყურებელს წიგნის წაკითხვის საოცარი სურვილი უჩნდება.
სულ ახლახან „პალიტრა L-მა“ სწორედ ეს სურვილი შეუსრულა მაყურებელს და რომანი „თეთრი მაგნოლია“ გამოსცა. ბუნებრივია, რომ გაგიჩნდათ კითხვა, ვინ არის თამარ ერაძე და მართლა მან დაწერა თუ არა აღნიშნული რომანი? თამარ ერაძე სერიალისთვის შექმნილი პერსონაჟის სახელი და გვარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიღმა ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი და სცენარისტი დავით გაბუნია დგას. გაბუნიამ 8 წლის წინ გამოსცა სადებიუტო რომანი „დაშლა“, რომელსაც მკითხველის დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. ამჯერად კი ის მკითხველს ფსევდონიმითა და ბევრისთვის ნაცნობი წიგნის სახელით დაუბრუნდა.
სერიალის სცენარის თითოეულ სეზონში ისე ვითარდებოდა, რომ მაყურებლის საოცარ მიჯაჭვულობას იწვევდა. იგივე დაისახა მიზნად გაბუნიამ წიგნის შემთხვევაშიც და ამბავი, რომელიც „თეთრ მაგნოლიაში“ იწყება, ამავე წიგნში არ სრულდება. ავტორს ის ტრილოგიად აქვს ჩაფიქრებული. მისივე თქმით, მკითხველი მისი და მისტიკური მწერლის, თამარ ერაძის საერთო ავტორობით მალე სხვა ტექსტებსაც იხილავს.
„თეთრი მაგნოლია“ ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს თქვენს საზაფხულო საკითხავში. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია “პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. არ გამოგრჩეთ ეს განსაკუთრებული სიახლე და იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც სერიალში დაწყებული და რეალობაში დასრულებული მისტიკური ტრილერის წაკითხვას შეძლებს.
R