ბევრისთვის საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დღემდე გერმანიაში ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჩაგელიშვილი უკვე 33 წელია ერთად არიან და ორი ვაჟიც ჰყავთ.
ყველას კარგად ახსოვს ფილმი "ჩიორა" - ამ ფილმში მთავარ როლს სწორედ ბატონი რეზოს მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჩაგელიშვილი სრულებს.
"ჩემი თავი საშინლად არ მომეწონა ფილმის ნახვის შემდეგ და ამიტომ არ ჩავაბარე თეატრალურზე" - ამბობდა ხათუნა ჩაგელიშვილი.
პოპულარობის მიუხედავად, არასდროს უყვარდა ინტერვიუები და არც ტელევიზიაში ჩნდება, ამიტომ მათი სიყვარულის ისტორიაზე ყოველთვის რეზო ჩხიკვიშვილი საუბრობს:
"ხათუნა ახალი სახე იყო კინოში და ყველა მასზე საუბრობდა. როცა ფილმის პრემიერაზე დავინახე და მოვისმინე, რა აღფრთოვანებით საუბრობდნენ მასზე ჩემი მეგობრები, მაშინ კი ვიფიქრე, ეს გოგო ხელიდან გასაშვები არ არის-მეთქი... თვითონ დიდ სითბოს არ გამოხატავდა ჩემ მიმართ. მასაც მიუტანა "ჩიტმა" ამბავი, რეზოს შენზე უთქვამს, რატომ მოსწონს ეს გოგო ყველას, ერთ-ერთი ჩვეულებრივი გოგოაო...
მე კი, მოგეხსენებათ, იმ დროს ახალგაზრდა გოგონების ყურადღება და სიყვარული არ მაკლდა. თუმცა ხათუნა, ალბათ, იმით განსხვავდებოდა სხვა ქართველი გოგონებისგან, რომ ყველას რამდენჯერმე ჰქონდა ჩემი სპექტაკლი "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ნანახი, ხათუნას ჯერაც არ ენახა და დიდად არც აინტერესებდა. ამან სურვილი აღმიძრა, შემეცვალა მისი ცივი დამოკიდებულება ჩემ მიმართ.
დავიწყე გზების ძიება: იმ დროს მიღებდნენ ქართულ მხატვრულ ფილმში, სადაც მე ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი და მჭირდებოდა ფილმის ბოლოს "მეუღლე". ანუ ჩემი გმირი ჯვარს იწერდა და გადამღები ჯგუფი ჩემთვის შესაფერ "მეუღლეს" ეძებდა. მათ ვუთხარი, "ჩიორაში" რომ გოგო თამაშობს, ისეთი გოგო მომიყვანეთ-მეთქი... მოხდა საოცრება და მართლაც ხათუნა მოიყვანეს. რას წარმოვიდგენდი, რომ "ჩიორას" შემდეგ, რომელმაც ხათუნას ამხელა პოპულარობა მოუტანა, ჩემთან თამაშს თუ დათანხმდებოდა ძალიან პატარა როლზე.
გავიფიქრე, მგელს კრავი საკუთარი ნებით მოუყვანეს-მეთქი, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გამოვიყენე, მისთვის რომ თავი მომეწონებინა... მანქანით წაყვანა, ინსტიტუტში დახვედრა... მაშინ საქართველოში თუკი რამ ნუგბარი შემოდიოდა საზღვარგარეთიდან, ყველაფერი მანქანაში მქონდა მომარაგებული – წვენები, შოკოლადები და ასე შემდეგ... ჩემი დასახული გეგმა უშეცდომოდ განვახორციელე და ჩვენ 1985 წელს შევუღლდით", - იხსენებდა რეზო ჩხიკვიშვილი.
ხათუნასა და რეზოს ორი შვილი შეეძინათ, ცოტა ხნის წინ კი მათ ბებია-ბაბუის ამპლუაც მოირგეს. "ჩიორას" შემდეგ უმშვენიერესი მსახიობი ეკრანებზე აღარ გამოჩენილა, ცოტა ხნის წინ, "ჩიორადან" 40 წლის თავზე, ის ორ ფილმში, ხათუნა ვაშაძის "ეშმაკის სამოთხესა" და ლაშა კანკავას "მეგრულ Day off-ებში“ გადაიღეს.