ვნებათა ჭიდილი - თავი 24 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 24

2025-05-31 11:01:14+04:00

წინა თავი

ჩასაცმელი არაფერი მქონდა, ამიტომ ისევ და ისევ მაქსს მოუწია ჩემზე ზრუნვამ. როგორც ჩანს, ლიკას ტანსაცმელი იყო, თხელი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მომიტანა. არც მიკითხავს, ვისიაო, ისე ჩავიცვი. მერე მაქსის მოდუღებული ყავა დავლიე და სამზარეულოში გავედი, რათა ჩემს საყვარელ მამაკაცს საუზმის მომზადებაში მივხმარებოდი.

_ ოჰო! მშვენივრად მოგერგო, პირდაპირ გაკვდება! _ შესძახა ჩემს დანახვაზე.

_ შენ ისე ვატყობ, ლიფიც გექნება სახლში ჩემი ზომა, _ გავიცინე.

_ აი, ეგ კი ნამდვილად არ მაქვს. მე ლიფი არ მჭირდება, ქალები კი თავისას აქ არ ტოვებენ… მოგშივდა?

_ ძალიან. გუშინაც არ მიჭამია არაფერი.

_ ჰოდა, ორ წუთში საუზმე მზად იქნება.

_ მოგეხმარო?

_ არა, უკვე მოვრჩი.

_ არ მეგონა, კერძების მომზადებაც თუ გეხერხებოდა.

_ რას იზამ. როცა მარტოხელა ხარ, ყველაფერი უნდა ისწავლო, რათა თავი გაიტანო. ცხოვრებამ მასწავლა.

გემრიელად ვისაუზმეთ. სწორედ საუზმობისას დაურეკა მამიამ. მაქსი სასტუმრო ოთახში გავიდა და კარი გაიხურა. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ მათ კარგა ხანს ილაპარაკეს ერთმანეთთან. მერე მაქსი უკან შემობრუნდა.

_ ბიძაჩემმა რაღაც კარგი ინფორმაცია მოიძია. ოღონდ ჯერ არ გეტყვი. ზუსტად უნდა დავრწმუნდე, რომ მამია არ ცდება. ობოლაძეს დავურეკავ და მერე ყველაფერს მოგიყვები. კარგი? _ მითხრა და ცხვირის წვერზე მაკოცა.

ალბათ სევდა დამეტყო სახეზე თუ შიში, რადგან სახეზე ჩამომისვა ხელისგულები.

_ არაფერზე არ იფიქრო, გაბი, დათოს დედას ვუტირებთ.

_ არ მინდა მის გამო ციხეში მოხვდე.

_ ეგეთი სულელიც არ ვარ. გგონია, მისი მოკვლა მაქვს ჩაფიქრებული? არაა. მაგან მთელი სიცოცხლე ციხეში უნდა გაატაროს. იქ კი ვიცი, როგორც მოუვლიან. მამია ყველაფერს მოაგვარებს.

ამ დროს კვლავ გაისმა მაქსის მობილურის ზარი. კაპიტანმა ობოლაძემ

დარეკვა დაასწრო მაქსს. ის ერთხანს უხმოდ უსმენდა, მერე კი მხოლოდ ერთი სიტყვა წამოიძახა:

_ ვაა!

სხეული დამეჭიმა. რას ნიშნავდა ეს შეძახილი? კარგი ამბავი იყო თუ ცუდი?

_ გასაგებია ყველაფერი, დიდი მადლობა, _ თქვა მაქსმა და ტელეფონი გათიშა.

_ რა ხდება? _ შეშფოთებით მივაჩერდი.

_ მამიას ნათქვამი გამართლდა. ერთი დაიჭირეს, ყველაფერი ათქმევინეს და დათოც ზედ მიაყოლეს, პატიმრობაში ისიც აიყვანეს. ამ დილით იმანაც მისცა ჩვენება გამომძიებელს.

_ რა მაგარია! _ სიხარულისგან ცრემლები მომერია, _ ესე იგი, არაფერი მემუქრება?

_ ნუუუ… _ მაქსი შეყოყმანდა, _ ჯერ არ ვიცით. დათომ აღიარა, რომ ზურასთან ერთად ფულს იპარავდა. ისიც თქვა, ზურას ნარკოტიკებს ვაძლევდიო, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სიკვდილი არ უნდოდა. ეს მართლა უბედური შემთხვევა იყო. ნარკოტიკებს იმიტომ აძლევდა, რომ ზურა გავლენის ქვეშ ჰყოლოდა, სისუსტე არ მორეოდა და ყველაფერი ჩემთვის არ ეთქვა. ისიც აღიარა, შენი მოკვლა რომ გადაწყვიტა. ქილერს შენი სურათი გაუგზავნა, ფულიც გადაურიცხა.

_ ანუ მისი დაჭერაც შეიძლება უკვე? _ მოთმინება დავკარგე.

_ გაბი, მთლად ასე ადვილად არ არის საქმე. დათო არ იცნობს მკვლელს. მას ის თვალთი არ უნახავს. საქმე ინტერნეტით მოაგვარა. შეკვეთის გაუქმება კი არ შეუძლია, რადგან ის მისამართი აღარ არსებობს.

თავზარდაცემულს სახეზე სისხლი მომაწვა…

შეშინებული მივაჩერდი მაქსს.

_ ეს ძალიან ცუდია, _ თქვა მან და მიმიხუტა, _ გამომძიებელი ამბობს, დათო შიშისგან კანკალებსო. იცის, რომ თუ შენ რამე დაგემართება, ბრალი დაუმძიმდება. მთელი მისი შეთქმულება თავადვე დაუბრუნდა უკან.

_ საინტერესოა, რატომ მოიქცა ასე, ა? _ ხმა ამიკანკალდა და ცხვირი მაქსის კისერში ჩავრგე.

_ მთავარი მიზეზი ფულია. მართას ფუფუნებაში უყვარს ცხოვრება, დათოს კიდევ სიგიჟემდე უყვარს ცოლი. კაცებს სჩვევიათ სისულელეების ჩადენა, როცა შეყვარებულები არიან. ეს მაინც ვიცი! _ თქვა და ტუჩები ჩემს თმაზე მიმოატარა, _ მართა ემუქრებოდა, მიგატოვებო. ესეც შეშინდა და გადაწყვიტა, რა გზითაც უნდა ყოფილიყო, ფული ეშოვა. თავიდან განბაჟების გარეშე შემოტანილ ავტონაწილებს ყიდდა. მე რომ მეგონა, ყველაფერი წესრიგში იყო და უკანონოდ ჩემს კომპანიაში არაფერი ხდებოდა, თურმე ვცდებოდი. რას წარმოვიდგენდი, განბაჟებას რომ გვერდს აუვლიდა? მის პატიოსნებაში ეჭვი ერთხელაც არ შემპარვია, ოდნავაც კი. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად ვმუშაობთ და ბოლომდე ვენდობოდი. მერე მადა მოემატა და განუბაჟებელ საქონელს საწყობიდან მოპარული დაემატა. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერები გააყალბა და მიდიიი. ზურა არ ვიცი, რა დროს და როგორ ვითარებაში ჩაითრია, მაგრამ ფაქტია, ესეც მოახერხა. წილი შესთავაზა და ისიც დათანხმდა. არადა, რამდენჯერ ვცადე, ზურა საქმეში ჩაბმულიყო და გვერდით დამდგომოდა. არა, ვერ შევძელი. საერთოდ არ უნდოდა მუშაობა, მუქთა ფული ერჩივნა. მეც არ ვუზოგავდი, მაგრამ იმდენს ვაძლევდი, რამდენიც მე მიმაჩნდა საჭიროდ, რადგან ბევრმა ფულმა გაღორება იცის. როგორც ჩანს, ეცოტავებოდა, რასაც ვაძლევდი და იმასაც გაუტკბა, როცა დათოსგან `ლევი~ ფული წამოვიდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მე არ მოვითხოვე აუდიტორული შემოწმება. ბოლო დროს რაღაც არ მომეწონა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. შენი რეკლამების წყალობით ისეთი გაყიდვები წამოვიდა, წესით, მოგება უნდა გასამმაგებულიყო. არადა, ასე არ მოხდა. მხოლოდ მცირედით გაიზარდა შემოსავალი, არც კი გაორმაგებულა. დათოზე როგორ ვიეჭვებდი? ვიფიქრე, საწყობის თანამშრომლები ხომ არ მაიმუნობენ რამეს-მეთქი. ფინანსური პოლიციის შემოსვლის სულ არ შემშინებია. იქ იმდენი ნაცნობი მყავს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირადად არაფერი მემუქრებოდა. სამაგიეროდ დამნაშავეს გამოავლენდნენ და დანარჩენი ჩემზე იყო დამოკიდებული. ზურას შეეშინდა, ყვველაფერი გამოაშკარავდებაო და დათოს უთხრა, სანამ ჩემს ძმას სიმართლე გაუგია, აჯობებს, მე თვითონ მოვუყვეო. ის კიდევ პანიკაში ჩავარდა. ძმას რომ არ გავწირავდი, ფაქტი იყო, მას კი არანაირი გარანტია არ ჰქონდა, რომ ვაპატიებდი.

_ გამოდის, რომ ზურამ დათოს ყველა გზა მოუჭრა.

_ ჰო, ეგრე გამოდის.

_ იცი? რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ მინდა, ჩემი ძმისნაირი ვიყოო. მიუხედავად იმისა, რომ სულ გეკამათებოდა და ჯიბრში გედგა, გაღმერთებდა. შენ მისთვის გმირი იყავი.

_ შენ არანაკლებ გაღმერთებდა, _ მაქსმა ამოიხვნეშა, _ ყველანაირად ცდილობდა შენთვის თავი შეეყვარებინა. ამიტომ სჭირდებოდა ფული, ამიტომაც მატყუებდა. მან იცოდა, რომ მეც მინდოდა შენთან ურთიერთობის აღდგენა.

_ ღმერთმა იცის, რომ სულ არ მინდოდა ჩემ გამო ეტანჯა.

_ ჰო, ეს ახლა მეც ვიცი. მაპატიე… მე არ მჯეროდა შენი. ზურას სიკვდილმა გამანადგურა. მასთან ერთად მეც მოვკვდი. მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, მხარში ვედექი, გვერდიდან არ ვიშორებდი, ყველას და ყველაფერს ვებრძოდი, რომ კარგი ყოფილიყო. ახლა კი… ერთადერთი ძმა დავკარგე, რასაც ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ. ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია.

გულაჩუყებულმა ხელები კისერზე შემოვხვიე და მჭიდროდ მივეკარი.

_ როცა ეს ამბავი მოხდა, ისე მინდოდა შენ გვერდით ყოფნა, ვერ წარმოიდგენ. თუმცა ვერ შევძელი. შენ ახლოს არ გამიკარე. მეშინოდა, საერთოდ მომიძულებს და წამშლის თავისი ცხოვრებიდან-მეთქი. _ წავიჩურჩულე.

_ მეც ასე მეგონა, სანამ დაჟინებით რეკვა არ დამიწყე. მხოლოდ მაშინ შევყოყმანდი, როცა მითხარი, ვიღაც მოსაკლავად დამდევსო. ვიფიქრე, ასეთი რამის მოგონება რაში სჭირდება, თუ სიმართლეს არ ამბობს-მეთქი.

ერთხანს ასე ვისხედით, ერთმანეთს ჩახუტებულები და არ ვინძრეოდით. მერე მაქსი ოდნავ უკან გადაიხარა და დაჟინებით მომაჩერდა.

_ ახლა უნდა გაკოცო და შეშინებული სახე არ მიიღო. ვიცი, რომ დილიდან ამას ელოდები.

გამეღიმა. ეს ღიმილი თანხმობის ნიშანი იყო…

ასე მეგონა, ტანსაცმელს ერთი საათი მხდიდა, თითქოს დრო გაიწელა. როცა ჩემი შიშველი სხეული მისას შეეხო, სიამოვნების მომგვრელმა ჟრუანტელმა დამიარა. რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს… რამდენი წელი…

ნელ-ნელა ორივე გავოფლიანდით. ჩემი სხეული მჭიდროდ შეერწყა მაქსისას, თითქოს მისი ნაწილი გახდა… ჩვენ შევერთდით და იმდენად ღვთაებრივი იყო ეს შეერთება, რომ კვნესა აღმომხდა. ზღვის ტალღებივით ვირხეოდით. თითქოს ნაპირს ვეხეთქებოდით, ქვიშას ჩამოვშლიდით, მერე უკან ვიხევდით და კვლავ ახალი ძალით, ბობოქრად ვუტევდით ნაპირს… ვნების ნაპირს… ჩვენი სხეულების ზღვისებრ ხმაურს ჩვენივე გულისცემის ხმა ემატებოდა. ეს საოცარ ჰარმონიას ქმნიდა, რომლის დასრულება არ მეწადა…

ბოლოს საკუთარი შეყვირების ხმა ჩამესმა, ერთიანად შემაკანკალა და მოვეშვი…

მოსახდენი მოხდა… და ისე, როგორც ოცნებებში ხდებოდა… როგორც ყოველთვის წარმომედგინა…

ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ სხეული წამართვა. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ისე მსიამოვნებდა ეს სიმსუბუქე, თვალების გახელა არ მინდოდა.

მაქსი ჩემკენ შემოტრიალდა, ლოყაზე მაკოცა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია.

_ ხომ არ ნანობ? _ მიჩურჩულა.

_ არც ერთი წამით, _ ვუჩურჩულე გაოფლილმა.

_ მიხარია. _ თქვა და კიდევ მაკოცა.

_ სულ მესიზმრებოდა ეს წუთები, გამუდმებით… და როცა ვიღვიძებდი, ცრემლები მახრჩობდა. მეგონა, ცხოვრებაში ასე არასდროს მოხდებოდა. ყოველთვის მინდოდა მხოლოდ შენი ვყოფილიყავი, თუნდაც ერთხელ, მაგრამ მხოლოდ შენი.

მაქსმა სახე ჩემს ყელში ჩამალა.

_ ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო ეს.

_ ჰო.

_ მე მინდა სულ ჩემთან იყო, გესმის? მინდა შვილები მყავდეს შენგან.

გული უეცარი სისწრაფით შემიხტა საგულეში, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ჩემი ხმა მისმა კოცნამ ჩაახშო.

_ მე შენ მიყვარხარ, გაბი! _ ეჩურჩულებოდა მისი ტუჩები ჩემსას, _ ყოველთვის მიყვარდი.

თვალები გავახილე და დავაკვირდი. ამწუთას სულ სხვანაირი გამოხედვა ჰქონდა _ სავსე სითბოთი, სიყვარულით, ზრუნვით… და მივხვდი, რომ ამ მზერას ვერასდროს დავივიწყებდი, ვერ დავივიწყებდი იმ სიყვარულს, მისი თვალებიდან რომ გამოსჭვიოდა.

შიშველი მყუდროდ მოვეწყვე მის მკლავებში და მალე ორივეს ჩაგვეძინა.

სასიამოვნოდ დაღლილებს დიდხანს გვეძინა. პირველად მაქსს გაეღვიძა, მერე მე. როცა ალერსით კვლავ გული ვიჯერეთ, ხელში ამიტაცა შიშველი და სააბაზანოსკენ გამაქანა.

კარგა ხანს ვიწექით ცხელი წყლით  სავსე აბაზანაში და ერთმანეთით ვტკბებოდით.

როგორც იქნა, მოვიცალეთ, ჩაგვეცვა და ყავა დაგველია.

ყავას ნება-ნება ვსვამდი და ვფიქრობდი, ნეტავ ცოლად თუ შემირთავს-მეთქი. კარგია, რაც მოხდა, ეს ჩემი სურვილიც იყო, მაგრამ რა იქნება ხვალ? სანამ გაგრძელდება ასე? ან დასასრული როგორი იქნება? მაგრამ ამას მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობდი, ვერ გავბედე, მისთვის მეკითხა. სულ ახლახან მოხდა ჩვენი დაახლოება, ამიტომ არ მიღირდა გარისკვა. მეშინოდა, ის პასუხი არ მიმეღო, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.

შევყურებდი ჩემი ფიქრების მთავარ გმირს და ვტკბებოდი. ვტკბებოდი მისი ტუჩებით, ბრიალა თვალებით, სწორი ცხვირითა და შავი, გრუზა თმით.

მან დაიჭირა ჩემი მზერა.

_ რაო, ჩემი შესწავლა გადაწყვიტე? _ ღიმილით შემეკითხა.

_ არა, უბრალოდ, გიმახსოვრებ.

_ იცი? ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, ბევრად მეტია, ვიდრე მარტო სექსი. შენ შეიძლება კომპლიმენტად ჩათვალო, რასაც გეუბნები, მაგრამ გეფიცები, არასდროს არც ერთ ქალთან მსგავსი აღფრთოვანება არ განმიცდია. ამას მთელი გულით ვაღიარებ. შენ მე არამიწიერი სიამოვნება მომანიჭე. შენი სიყვარულით სავსე თავს სრულიად სხვა ადამიანად ვგრძნობ. ამწუთას იმპერატორი მგონია ჩემი თავი.

სიამოვნებაჩაღვრილს ლამის გამიჩერდა გულისცემა. მის მუხლებზე გადავჯექი და მკერდზე მჭიდროდ მივეკარი. ასე უფრო ნათლად ვგრძნობდი მისი სხეულის სიძლიერეს და სითბოს. ხელი გულზე დავადე, მინდოდა მისი გულისცემა შემეგრძნო. თითქოს მთელ სამყაროს ამ გულში მოეყარა თავი და მასში ბობოქრობდა. მისგან შვილის გაჩენა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ როგორც კი თვალწინ უხილავი მკვლელი წარმომიდგებოდა, ყველაფერი უფერულდებოდა _ შიში მთლიანად თრგუნავდა ჩემს ბედნიერებას.

_ აი, ისევ შიშმა გადაგიარა სახეზე. რა გჭირს? ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვარ. ბიძაჩემი უკვე დაკავებულია მაგ საქმით. ეგრე ცუდადაც არ არის საქმე.

_ ელაპარაკე? _ თვალებგაფართოებული მივაჩერდი.

_ ჰო… დღეს გამოგვივლის, სადაცაა მოვა.

_ მიხარია. ბიძაშენი ძალიან მომეწონა.

_ მიხარია, რომ გიხარია, _ კვლავ გამიღიმა და მკლავები მძლავრად მომხვია.

_ მაქს… _ ავჩურჩულდი, _ რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, თუ გიფიქრია ჩემზე?

_ მე სულ ვფიქრობდი შენზე, _ მყისიერად მომიგო, წამითაც არ შეყოყმანებულა, _ სულ. ოფლი მასხამდა, როცა მაგონდებოდა, როგორ ვატარებდით ერთად დროს. როცა შენ ხელიდან გაგიშვი, ჩემთვის მაშინვე დაბნელდა.

უცნაურ რამეს მეუბნებოდა. ხელიდან კი არ გამიშვა, მიმაგდო, რომ იტყვიან, თავისი ცხოვრებიდან გამაძევა. ცივმა ჟრუანტელმა მთელი სხეული დამისუსხა, კვლავ უსიამოვნო მოგონებები მომეჯარა.

მან იგრძნო ეს და ნიკაპი ამიწია.

_ ამიერიდან არასდროს გაგიშვებ ხელს, _ მტკიცე ხმით წარმოთქვა, _ შენ ჩემგან თავს ვერ გაითავისუფლებ. სიცოცხლის ბოლომდე!

_ მაქს…

_ ჩშუუუ… არაფერი თქვა. უბრალოდ, მაკოცე.

ისევ ჩავეხუტე და ვაკოცე. ვნებამ კვლავ დამრია ხელი, მაგრამ უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, მამია მოვიდა.

მაქსმა თავი გაითავისუფლა ჩემგან და კარის გასაღებად გაემართა. ცოტა ხნის შემდეგ ჰოლიდან მამიას ხმაც მომესმა.

მაქსის ბიძა წარბებშეკრული შემოვიდა და თბილად კი მომესალმა, მაგრამ შუბლი არ გაუხსნია. მივხვდი, რომ საქმე მთლად კარგად ვერ იყო.

_ ლუდს დალევ? _ შესთავაზა მაქსმა.

_ მოიტა. ყველაფერს დავლევ, ჩემთვის სულერთია. _ მამია სავარძელში ჩაეშვა და დაჟინებით მომაჩერდა, _ ხომ კარგად ხარ? იმედია, აღარ გტკივა.

ისე შინაურულად მომმართა, გული ამიჩუყდა.

_ ისე აღარ, გმადლობთ.

_ ახალი რა არის? _ მაქსი ჩემ გვერდით დაჯდა და მხარზე ხელი გადამხვია.

_ აბა, რა გითხრათ? ყველა შევაწუხე, ის ხალხიც კი, საუკუნე რომ არ შევხმიანებივარ. მაინც ვერაფერს მივაკვლიე. ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. იმის იმედი მაქვს, რომ ვიღაც მაინც გაიგებს რამეს და შემატყობინებს. ასეთი რამეები არ იმალება. მთავარია, დროში არ დავიწვათ. _ დაამთავრა და თვალი ამარიდა.

მე კი ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა. მისი სახის გამომეტყველებიდან აშკარად ჩანდა, რომ ნუგეშსაცემს ვერაფერს მეტყოდა.

_ სულ ვერაფერი ვერ გაიგე? _ დაეკითხა მაქსი.

_ მხოლოდ ის, რომ თბილისელი არ არის, ამიტომ უფრო რთულდება მისი ვინაობის დადგენა.

_ როგორმე ვერ წამოვიკიდებთ?

მაქსის წინადადება მეც ავიტაცე.

_ ეს კარგი იდეაა. სანამ უნდა დავიმალო? იქნებ ჩვენ თვითონ დავაჩქაროთ მოვლენები? შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მისი გამოჭერა ადვილი იქნება და მეც იქ გამოვჩნდები. დანარჩენი…

_ როგორც ჩანს, დეტექტიური სერიალების ყურება გიყვარს, ჩემო გოგონი, _ გაიცინა მამიამ.

_ რა შუაშია ეგ? მას ჩემი მოკვლა უნდა. ჩვენ შეგვიძლია მისი ეს მცდელობა ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. განა მარტო ფილმებში ხდება ასე? რატომ არ უნდა ვცადოთ? _ არ ვჩერდებოდი.

გაგრძელება იქნება ორშაბათს