_ იმიტომ, რომ სისულელეა. _ მკაცრად მიპასუხა მამიამ.
_ და იმიტომ, რომ ზედმეტი რისკია. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, _ დააყოლა მაქსმა.
კოპებშეკრულმა ჯერ ერთს შევხედე, მერე მეორეს.
_ კი მაგრამ, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? დავუშვათ, ვინმე თქვენზე რომ ნადირობდეს, რას იზამდით? _ გამომწვევად შევეკითხე მაქსის ბიძას.
იგი სავარძელში შეირხა, მერე ღრმად ამოიხვნეშა და ყრუდ მომიგო:
_ ხაფანგს დავუგებდი და შევიტყუებდი.
_ აბა, მე სხვა რა ვთქვი? _ კმაყოფილმა შევძახე.
_ არა, არავითარ შემთხვევაში! ამხელა რისკზე არ წავალ! _ ჯიუტად იუარა მაქსმა.
_ შენი არ ვიცი, მაქს, მაგრამ გაბრიელა მართალია. სულაც არ მიხარია ამის აღიარება, თუმცა მომიწევს. იქნებ გვეცადა? რა გვარია ის გამომძიებელი?
_ ობოლაძე.
_ ჰო, გამახსენდა. მიკარნახე მისი ნომერი, ერთი დავურეკოთ!
მაქსმა მობილური მოიმარჯვა და ბიძას კაპიტნის ნომერი უკარნახა. მამიამ დარეკა. როგორც კი გამომძიებელმა უპასუხა, თავისი ტელეფონი ეგრევე მაქსს მიაწოდა და ხმადაბლა უთხრა:
_ სთხოვე, აქ მოვიდეს.
მაქსი დაელაპარაკა ობოლაძეს და შეხვედრაზე შეითანხმა.
_ ახლავე წამოვა.
მართლაც, ათი წუთიც არ იყო გასული, გამომძიებელი რომ მოვიდა. დაღლილი სახე ჰქონდა და აშკარად ეტყობოდა, ვერ იყო ხასიათზე. როცა მაქსმა მამია გააცნო, უცნაურად შეირხა. როგორც ჩანს, ბევრი რამ იცოდა მამიას საგმირო საქმეების შესახებ.
_ ბოდიშს გიხდით, აქ რომ დაგიბარეთ, _ დაწყო მაქსმა, როცა ობოლაძეს ფინჯანი ყავა მოვუტანე, რადგან ლუდზე უარი თქვა, _ მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. გაბრიელას გამო სახლიდან ვერ გავდივარ. ჩვენ ერთობლივად რაღაც მოვიფიქრეთ და თქვენი აზრი გვაინტერესებს, რამდენად მისაღები იქნება. _ და მოუყვა, რამდენიმე წუთის წინ რა იდეაც წამოვაყენე.
_ კი მაგრამ, წამით მაინც თუ წარმოგიდგენიათ, რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს? _ შეშფოთდა კაპიტანი.
_ მე ისედაც განწირული ვარ, _ ჩავერთე საუბარში, _ ასე რომ, სიმართლე გითხრათ, არც არაფერს ვკარგავ.
_ წინადადება საქმიანია, მაგრამ ძალზე სარისკო. ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ, უფროსობას უნდა შევუთანხმო. მაგრამ მინდა იცოდეთ: ყველა დეტალიც რომ ბოლომდე გავთვალო, გარანტიას მაინც ვერ მოგცემთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება. შეიძლება საქმე ისე შეტრიალდეს, სრულიად საპირისპირო ხასიათი მიიღოს. ეს ალბათ, თითოეულ თქვენგანს გააზრებული აქვს.
_ ჩვენ მხოლოდ ერთი ალტერნატივა გვაქვს, _ შეახსენა მაქსმა, _ ველოდოთ, როცა იგი თვითონ შეარჩევს მისთვის სასურველ დროსა და ადგილს.
_ რაც მართალია, მართალია, _ ხელები გადაიჯვარედინა ობოლაძემ და სკამის საზურგეზე გადაწვა.
_ ხომ შეიძლება მან უკვე იცოდეს, რომ მე აქ ვარ? _ ისევ მე ავლაპარკდი, _ და ისიც იცოდეს, რომ მაქსი ჩემ გვერდითაა. ვინ იცის, იქნებ უთვალთვალებს კიდევაც ბინას.
_ გამორიცხული არაფერია, _ მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.
_ დავუშვათ, მაქსი სამსახურში წავიდეს და მე მარტო დამტოვოს… _ გავაგრძელე ენთუზიაზმით.
_ არავითარ შემთხვევაში! _ შეჰყვირა მაქსმა, _ მე ეს არ მომწონს. სხვა გზა გამოვნახოთ. მოვიფიქროთ ადგილი და იქ ერთად წავიდეთ, თუმცა სულაც არ მომწონს ის აზრი, რომ შენ ცოცხალ სამიზნედ გაქციო.
_ ვფიქრობ, ასე აჯობებს. თქვენ ორნი სახლიდან გახვალთ, ის კი უკან გამოგედევნებათ, სანამ მისთვის სასურველ ადგილას არ მოგამწყვდევთ.
_ კარგი, დეტალები მოგვიანებით მოვიფიქროთ. აჯობებს, წავიდე და უფროსობა საქმის კურსში ჩავაყენო. იქნებ სულაც უარი მითხრან. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხომ გესმით…
_ რა თქმა უნდა, გვესმის, _ მიუგო მაქსმა, _ მაშინ თქვენს ზარს დაველოდებით.
_ თუ დამთანხმდებიან, ორ-სამ საათში თქვენთან გავჩნდები და გეგმაც შევადგინოთ და მარშრუტიც მოვიფიქროთ. თანამშრომლებიც დამჭირდება, ისინიც უნდა გავაფრთხილო.
_ ხალხს მეც მოგაშველებთ, _ თქვა მამიამ.
_ არა, არა, ამის უფლებას ვერ მოგცემთ, _ ხელები გაასავსავა ობოლაძემ, _ გარეშე პირებს ასეთ საქმეში ჩარევის უფლება არ აქვთ. სამსახურს დამატოვებინებენ, ეს რომ გაიგონ.
_ ვერავინაც ვერ გაიგებს, _ წინ წამოიწია მამია, _ მე ისე მოვაწყობ, რომ ჩემი ხალხის არსებობას თქვენც კი ვერ შეამჩნევთ.
_ მაშინ მე ნუ მითანხმებთ ამას. როგორმე ჩემ გარეშე მოაგვარეთ ეს საკითხი.
_ კარგი, ბატონო, ასე ვიზამ, _ მამია კვლავ უკან გადაიწია და თითები სავარძლის სახელურებზე აათამაშა.
გამომძიებელი წავიდა. ისე ვიყავით დაძაბულები მისი ზარის მოლოდინში, რომ ხმას ვერ ვიღებდით, თითქოს სამივენი დავმუნჯდითო. მაქსი და მამია ლუდს წრუპავდნენ, მე კი ყავის ფინჯნის სახელურს ვაწვალებდი თითებით.
საათ-ნახევარიც არ გასულა, რომ კარზე ზარი დაირეკა. ჩვენდა გასაკვირად, ობოლაძე მობრუნდა.
იგი ხელების ფშვნეტით შემოვიდა სასტუმრო ოთახში.
_ ყველაფერი მოგვარებულია. ჩემი ექვსი თანამშრომელი ხვალ დილით სადარბაზოსთან პოზიციას დაიკავებს და თქვენს გამოსვლას დაელოდება. ოპერაციას ცხრა საათზე დავიწყებთ. მალე ერთი პოლიციელი აქ მოვა სნაიპერული შაშხანით და ღამე თქვენთან დარჩება. ის აქედან დილით მთელ პერიმეტრს გააკონტროლებს.
_ მაგრამ როგორ მოვა? ის რომ მიხვდეს?
_ ვერ მიხვდება, _ თქვა მან და მაჯის საათზე დაიხედა, _ ჯერ ექვსიც არ არის. ლევანი ქალის ტანსაცმელს გადაიცვამს და ისე მოვა. ვითომ მეზობელია, რომელიც სამსახურიდან ბრუნდება.
ეს აზრი ყველას მოგვეწონა. მოსალოდელ საფრთხესთან ერთად დისკომფორტს ისიც მიქმნიდა, რომ ღამე უცხო ადამიანთან ერთად უნდა გაგვეტარებინა. არადა, ფაქტობრივად, თაფლობის თვე ახლა გვეწყებოდა მე და მაქსს, თუმცა ამისთვის სად გვეცალა?
_ მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ მაინცდამაინც სახლთან ჩაგვისაფრდება და ისვრის? _ შეყომყანდა მაქსი.
_ ვცადოთ. თქვენ არ იჩქაროთ, ცოტა ხანს იდექით ქუჩაში, ვითომ ვიღაცას ელოდებით. ამასობაში ჩვენ ყველაფერს გადავამოწმებთ. ამ ჩანთაში ჯავშანჟილეტებია, ორივემ უნდა ჩაიცვათ. იმედია, მაინცდამაინც თავში არ გესვრით, _ ნაძალადევად გაიღიმა კაპიტანმა, _ ამის დიდ იმედს ვიტოვებ.
_ ამიტომ ხშირად აქნიე თავი აქეთ-იქით, _ გაიხუმრა მაქსმა.
_ ჩემი აზრით, გასროლა კორპუსთან მოხდება. არა მგონია, უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს. თუ ასე არ მოხდა, თხუთმეტ წუთში ტაქსი მოვა, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცმული თანამშრომელი და წყნეთისკენ გაგაქროლებთ, ვაკის სასაფლაოზე. ვითომ ვიღაცის საფლავის მოსანახულებლად მიდიხართ. სანამ თქვენ გზაში იქნებით, ჩვენები გაგასწრებენ და იქ ჩასაფრდებიან. მე იქ უფრო მაწყობს, ხალხი ნაკლებად მოძრაობს. თანაც, მომზადებულები შევხვდებით მკვლელს და ხელიდან ვერ დაგვისხლტება. ერთი რამ დაიმახსოვრეთ: როგორც კი სასაფლაოზე მიხვალთ, პირდაპირ იარეთ, არსად არც ჩაუხვიოთ, არც გადაუხვიოთ, სულ პირდაპირ. უფლება გაქვთ, ორასამდე ნაბიჯი გაიაროთ. მერე კი იქვე, სადმე ჩამოსხედით, ვითომ შესასვენებლად. გასაგებია?
_ ყველაფერი გასაგებია.
_ მაშინ წავალ. ლევანი მალე მოვა და ზარს სამჯერ წყვეტილად დარეკავს. კარი გაუღეთ.
_ რა თქმა უნდა, აუცილებლად, _ თავი დაუქნია მაქსმა.
_ დილით, როგორც კი ოპერაციას დავიწყებთ, დაგირეკავთ.
კაპიტანი დაგვემშვიდობა და მაქსმა იგი კარამდე მიაცილა…
დაძაბულმა თვალები დავხუჭე და შევეცადე, ხვალინდელ დღეზე არ მეფიქრა…
ლევანი მალევე მოვიდა. დაკუნთული ბიჭი იყო, ჯანმაგარი. ეტყობოდა, რომ ბევრს ვარჯიშობდა. ადრე ალბათ სპორტსმენი იყო. ერთი არ გაუღიმია. თავმდაბლად მოგვესალმა, ქუჩის მხარეს მდებარე ოთახი გამომიყავითო, გვითხრა და როგორც კი სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში შევიყვანეთ, მარტო დამტოვეთო, გვთხოვა. ჩაიზეც უარი თქვა, ყავაზეც და ვახშამზეც. შუბლი არ გაუხსნია, ისეთი საქმიანი სახით გველაპარაკებოდა. აჯობებს, შუქანთებულ ოთახებში არ იაროთ ან ყველგან ჩააქრეთ და მხოლოდ იქ აანთეთ, რომელსაც ფანჯარა არა აქვსო.
ასეთი მხოლოდ ერთი საძინებელი იყო, რომელსაც მაქსი, ფაქტობრივად, არ იყენებდა. ასე მგონია, აქ სული შემეხუთება, ამიტომ ერთხელაც არ მიძინია ამ ოთახშიო, მითხრა.
სხვა გზა არ გვქონდა, იქ გადავბარგდით. ბოლოს და ბოლოს, ერთი ღამე როგორმე გავიჭირვებდით, ისეთი არაფერი მოგვივიდოდა. სამაგიეროდ, უსაფრთხოდ ვიქნებოდით.
რატომღაც, ლევანის მოსვლის შემდეგ შიშმა გამიარა. მეგონა, თითქოს ყველაფერი დამთავრდა და აღარაფერი მემუქრებოდა. რაც მთავარია, მაქსი გვერდით მყავდა და ესეც მიძლიერებდა იმედს, რომ ხვალ დილით ჩემს მკვლელს დაიჭერდნენ და ცხოვრება ჩვეული გზით გაგრძელდებოდა.
მიუხედავად ამისა, როცა მაქსმა მითხრა, ვივახშმოთო, უარი ვუთხარი. ახლა პირში ლუკმა არ გადამივიდოდა. ყავაც კი არ დავლიე იმის შიშით, ვაითუ არ დამეძინოს და მთელი ღამის თეთრად გათენებამ მომიწიოს-მეთქი.
მე და მაქსი საწოლზე წამოვწექით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
_ იცი? _ წამოვიწყე, _ ძალიან მინდა დროზე დამთავრდეს ეს საშინელება. არ შემიძლია გამუდმებულ შიშში ცხოვრება. შენ რა შეგრძნებები გაქვს?
_ მეც იგივე გრძნობა მაქვს, _ მომიგო მან და თბილად გამომხედა, _ შენ რომ რამე დაგემართოს, რა გგონია, უშენოდ გავძლებ?
მის ნათქვამზე გამეცინა.
_ რა ვიცი, ცხრა წელი კარგად გაძელი?
_ იმიტომ, რომ ვიცოდი, როგორც იყავი. ვიცოდი, რომ ცოცხალი ხარ და ჩემთან ახლოს, ერთ ქალაქში ცხოვრობ. ისიც ვიცოდი, როდის გახდი მოდელი, რა გზა გამოიარე, სად მუშაობდი და რას აკეთებდი.
_ მაგრამ შენთან რომ დავიწყე მუშაობა, სასტიკი წინააღმდეგი იყავი, ლამის გამაგდე…
_ მხოლოდ და მხოლოდ ზურას გამო, თორემ თავიდან წინააღმდეგი ნამდვილად არ ვყოფილვარ. როცა ზურას შევატყვე, რომ უყვარდი, გავცოფდი. დარწმუნებული ვიყავი, შენ მას არ შეიყვარებდი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ძმა იყო და მხოლოდ შურისძიების იარაღად თუ გამოიყენებდი. ყველაფერთან ერთად, მე ისევ მიყვარდი და შენი სიახლოვე მაფრთხობდა. ცოტათი ვეჭვიანობდი კიდევაც, ამას არ ვმალავ.
_ მე კი მეგონა, გძულდი, ისე მექცეოდი ბოლო ხანებში.
_ ტყუილია, არ მძულდი. პირიქით… ნუ, რაც იყო, იყო. აი, დამთავრდება ეს ამბავი და მერე მოგიყვები, რაც მოხდა ცხრა წლის წინ და შენ თვითონ მიხვდები, რომ მაშინ არასწორად არ მოვქცეულვარ. შენ ყველაფერი არ იცი.
_ ღირს კი ამაზე საუბარი?
_ ღირს, რადგან არ მინდა ჩემს მომავალ ცოლს ქმარზე რამე ხინჯი დარჩეს გულში.
_ რა? _ თავი წამოვწიე, _ შენ… შენ ჩემს ცოლად შერთვას აპირებ?
_ აბა, სხვა რა გითხარი ახლა? ერთი სული მაქვს, როდის დაორსულდები, რომ შვილი გამიჩინო. შენ კიდევ მეკითხები, ჩემი ცოლად მოყვანა გსურსო? მსურს, აბა, არ მსურს? შენ რა, არ გსურს?
_ კი, მეც მსურს, _ ღიმილით მივუგე და თავი მის მხარს დავადე.
მაქსმა კმაყოფილებით ჩაიცინა და ჯერ თვალები ამომიკოცნა, მერე ტუჩებზე დამეწაფა.
_ ახლა კი შეეცადე, დაიძინო. მე შევალ და წყალს გადავივლებ. ერთი რამ დაიმახსოვრე: მე უშენოდ ცხოვრება არ მინდა. არც სხვა ქალი არ მინდა შენ გარდა. არასდროს. სიცოცხლის ბოლომდე. გეფიცები! _ და ცხვირი ჩემს აბურდულ თმაში ჩაყო.
გულაჩუყებული მოვეხვიე. ერთმანეთის გულისცემის ხმა გვესმოდა. მინდოდა ეს წუთები არასდროს დამთავრებულიყო. ახლა ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის ეს სრულყოფილი ბედნიერება იყო.
მაქსმა პირსახოცი აიღო და სააბაზანოში შევიდა. ირგვლი სიჩუმე გამეფდა. ღამის მყუდროებას მხოლოდ სააბაზანოდან გამომავალი წყლის ჩხრიალი არღვევდა.
ვიწექი და ვფიქრობდი, ნეტავ სად იყო ამწუთას ჩემი მკვლელი. შეეძლო თუ არა მას, ჩაკეტილ ბინაში შემოსულიყო? საიდან? როგორ? იქნებ აივნიდან?
ამის გაფიქრებაზე შემაჟრჟოლა. აივნიდან მართლა შეეძლო, თუ სახანძრო კიბეს ამოჰყვებოდა, როგორც მე ჩამოვძვერი სასტუმროს ნომრიდან. მაგრამ ამას ვერ გაბედავდა. იცოდა, რომ აქ მარტო არ ვიყავი, თანაც, აივნის კარი დაკეტილი იყო. მისი გაღების ხმას აუცილებლად გავიგონებდი. ამან მხნეობა შემმატა.
დილით ყველაფერი დამთავრდება. ნეტავ რომელ საათზე დაიკავებენ თავიანთ პოსტებს პოლიციელები? იქნებ უკვე ადგილზე არიან? რაც მთავარია, ლევანი აქაა. ის ალბათ ახლა თავისი ოპტიკური სამიზნიდან ათვალიერებს გარემოს, რომ საეჭვო არაფერი გამოეპაროს.
მოულოდნელად რაღაც ფაჩუნის ხმა მომესმა. საძინებლის კარი შეღებული იყო. მაქსი ჯერ არ გამოსულა სააბაზანოდან და ვინ უნდა იყოს? ალბათ ლევანია, წყალი თუ მოსწყურდა.
ავდექი და ოთახიდან გამოვედი. გამოვედი და ნახევრად სიბნელეში ადგილზე გავშეშდი. ჩემი მკვლელი სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან იდგა!
ქერა, საშუალო სიმაღლის, წვრილთვალება. არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელიც მკვლელს საერთოდ არ ჰგავდა. ქუჩაში რომ შემხვედროდა, ერთი უწყინარი კაცი მეგონებოდა, მაგრამ… მას ხელში გრძელლულიანი პისტოლეტი ეჭირა, რომელსაც პირდაპირ მე მიმიზნებდა. მივხვდი, ეს პისტოლეტის ლულა კი არა, მაყუჩი იყო, რომელიც გასროლის ხმას ახშობდა.
_ მაპატიე, _ ხმადაბლა წარმოთქვა მან და გაიღიმა, _ ამიერიდან აღარ შეგეშინდება, რადგან ყველაფერი წამში დამთავრდება.
მინდოდა თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარი. ან კი სად მოვასწრებდი გაქცევას? თავზარდაცემულს ენაც ჩამივარდა, რომ დამეკივლა და ლევანისთვის ხმა მიმეწვდინა.
_ ღმერთო, მიშველე, _ ჩავიჩურჩულე აცახცახებულმა და თვალები ცრემლით გამევსო. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ველოდი, როდის ვიგრძნობდი ტკივილს, როდის გაივლიდა ტყვია ჩემს გულში… შეიძლება თავშიც.
თურმე რა საშინელება ყოფილა, როცა სიკვდილს თვალებში უყურებ. ბედს მინებებულმა თვალები დავხუჭე და ჩემს სიკვდილს ასე დაველოდე.
აი, ცივი ჭახანის ხმაც გაისმა. საახალწლო მაშხალას რომ გაისვრიან, იმდაგვარი ხმა… მაგრამ ტკივილი არ მიგრძნია. ტყვია მე არ მომხვედრია. თვალები მხოლოდ რაღაც მძიმე საგნის დაცემის ხმაზე გავახილე. ოთახი თითქოს ბურუსით მოცულიყო, ვერაფერს ვარჩევდი. როცა ოდნავ გონს მოვეგე და ცნობიერება ასე თუ ისე დამიბრუნდა, ჩემ სიახლოვეს ხალიჩაზე პირქვე დამხობილი მკვლელი დავინახე…
ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ის სანახაობა. პირველად ვხედავდი მოკლულ ადამიანს, რომელიც ჩემგან ორი ფეხის ნაბიჯზე ძირს ეგდო და სისხლის ტბორში ცურავდა.
_ კარგად ხართ? _ შემეკითხა ლევანი, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ოპტიკურსამიზნიანი შაშხანით ხელში.
იმის თავიც არ მქონდა, თავი დამექნია. ფეხებშუა სისველე ვიგრძენი და მივხვდი, შიშისგან როგორ ჩავისველე.
ღონემიხდილი იატაკზე დავეშვი, სახე ხელებში ჩავრგე და ავტირდი. ეს შვების ტირილი იყო, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ საშიშროებამ სამუდამოდ გაიარა და აღარაფერი მემუქრებოდა…
როცა მაქსი სააბაზანოდან წელზევით შიშველი გამოვიდა, გაოგნებული შედგა. მას წყლის ჩხრიალში საერთოდ არ გაუგონია, სახლში რაც მოხდა. სანამ ყველაფერს გაიაზრებდა, თავზე წაივლო ხელი, შეშლილივით მიმოიხედა და ჩაცუცქული რომ დამინახა, მომვარდა.
_ გაბი!
პირველად მესმოდა მისი ასეთი არაადამიანური ხმა. კი არ იყვირა, დაიღრიალა.
_ კარგადაა, ნუ გეშინიათ, _ გაისმა ლევანის მშვიდი რეპლიკა.
მაქსს ჩავეხუტე და ხმამაღლა, გულამოსკვნით ავტირდი. ისე ვიყავი დაზაფრული, რომ არც შემიმჩნევია, ლევანმა შუქი როდის აანთო ან პოლიციაში როდის დარეკა. ყველაფერი თითქოს წამებში მოხდა.
მალე მთელი სახლი პოლიციის თანამშრომლებით გაივსო. მე საძინებელში გამიყვანეს მაქსთან ერთად, თვითონ კი საქმეს შეუდგნენ.
მალე მამიაც მოვიდა და გაღიმებულმა გადარჩენა მომილოცა.
გაგრძელება იქნება