"ომი მხოლოდ იმიტომ კი არ არის საშინელება, რომ ადამიანები იღუპებიან, იმიტომაც, რომ მას ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები ეწირებიან"... ეს ფრაზა საუკეთესოდ აღწერს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და დანაკარგს.
ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია ლევან აბაშიძის შესახებ, გაგვიხსენებია მისი განვლილი გზა, როლები, ოჯახი... ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის მისი უკანასკნელი სიყვარულის, მიკაელა სტრემბიანუს შესახებაც.
ამჯერად ნიკოლოზ ღიბრაძეზე გიყვებით...
ნიკუშა ღიბრაძე დაიბანა 1974 წლის 24 ივნისს: "ბავშვივით ალალი, ცრემლივით სუფთა. სულ იცინოდა, ცარიელი გული იყო..." - ასე იხსენებდა მას მეგობარი.
1991 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში.

1993 წლის ივლისში, როცა ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი იყო, აფხაზეთის ომში წავიდა. მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ერთი წერილი დაუტოვა. წერილში წერდა:
"მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ისედაც დიდი ხანი ვითმინე! მივდივარ, რათა შევინარჩუნო ნამუსი, ადამიანობა. მა, ძებნას ნუ დამიწყებ. დედამ არ ინერვიულოს. ხშირად დავრეკავ, მალე ჩამოვალ, ყველაფერი კარგად იქნება."
ეს დანაპირები მშობლებს ვერ შეუსრულა - ვერ ჩამოვიდა. 1993 წლის 1-ელ აგვისტოს სოხუმში დაიღუპა. ნიკოლოზ ღიბრაძე თბილისში, საბურთაოს პანთეონშია დაკრძალული. 2015 წელს თბილისში, 2021 წელს კი - თერჯოლაში ქუჩებს ნიკოლოზ ღიბრაძის სახელი მიენიჭა.
ლევან აბაშიძის ამბავი
გასული საუკუნის 90-იანები. ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. უცბად ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე საათში უკვე სოხუმისკენ მიფრინავდა. პირველივე დღეს სხვა მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა და იმავე დღეს დაიღუპა.
ლევან აბაშიძე თბილისში სილამაზით ცნობილი წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მსახიობი, თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, ერეკლე მეფის პირდაპირ შთამომავალი იყო.

ლევან აბაშიძე 1992 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაიღუპა. მსახიობი მაშინ 29 წლის იყო.
"დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე" - ასე იხსენებდა შვილთან უკანასკნელ შეხვედრას ქალბატონი მანანა ხიდაშელი, რომელთან ინტერვიუც მსახიობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
კითხვაზე, რას ეტყოდა შვილს დღეს, მანანა ხიდაშელი პასუხობს: „რა ვიცი, რას ვეტყოდი… სად წახვედი, შვილო, რატომ წახვედი-მეთქი…“
წაიკითხეთ სრულად