თავი სიზმარში მეგონა. ნახევარი არ მესმოდა, რას მელაპარაკებოდნენ. შოკში ვიყავი. რომ არა ლევანი, ალბათ ახლა ტყვიით განგმირული მე ვეგდებოდი იმ ხალიჩაზე…
_ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, ჩემი ბრალი! _ ბრაზობდა მაქსი, თან მძლავრად მიხუტებდა გულში, _ მაშინვე რომ დამეჯერებინა შენთვის, საქმე აქამდე არ მივიდოდა. მაპატიე, ჩემო ლამაზო, მაპატიე!
_ მაქს… _ ჩურჩულით მივმართე, _ სახლში მინდა.
_ სახლში? გაგიჟდი? _ შეიცხადა, _ გგონია, ახლა მე შენ სახლში გაგიშვებ? არავითარ შემთხვევაში! იქ მარტო რა უნდა გააკეთო? ისედაც შოკირებული ხარ. რატომ უნდა წახვიდე, გაბრაზებული ხარ ჩემზე, ხომ?
_ არა, რა გაბრაზებული… ხვალ მამაჩემი უნდა დაბრუნდეს და არ მინდა ვანერვიულო.
_ ხვალამდე დიდი დროა. ამაზე დილით ვილაპარაკოთ. ახლა კი შეეცადე, დამშვიდდე და დაიძინო.
_ არა, უნდა წავიდე. ამაღამ აქ დარჩენა არ შემიძლია. სულ იმის შიში მექნება, რომ მეორე ოთახში იატაკზე მკვდარი აგდია.
მაქსი შეყოყმანდა. როგორც ჩანს, თვითონაც გააანალიზა ჩემი მდგომარეობა.
_ კარგი, წავიდეთ. ერთად. მეც გამოგყვები და ამაღამ შენთან დავრჩები. რას იტყვი?
მესიამოვნა. ამაზე უარს როგორ ვიტყოდი?
_ ოღონდ ჯერ სასტუმროში გავიაროთ. იქ ჩემი ნივთებია დარჩენილი და უნდა წამოვიღო.
_ გავიაროთ, არაა პრობლემა, _ დამთანხმდა მაქსი და ჩაცმას შეუდგა…
_ ასეა თუ ისე, უკვე უსაფრთხოდ ვართ. არავინ და არაფერი არ გვემუქრება, _ ალერსიანად მითხრა მაქსმა, როცა ჩემს ბინაში მივედით.
მან სიგარეტს მოუკიდა, საფერფლე დივნის სახელურზე ჩამოდო და გააბოლა.
მე გვერდით მივუჯექი და თავი მკერდზე მივადე.
_ ახლა კი იმაზე ვიფიქროთ, როდის დავქორწინდეთ. წინ ხომ მთელი ცხოვრება გველის, ლაღი და თავისუფალი ცხოვრება. ხომ მართალი ვარ?
ამის გაგონებაზე სახე მომეღუშა.
_ მაქს… სულაც არ ხარ ვალდებული, ცოლად შემირთო… _ ვთქვი აღელვებულმა.
_ რა? რას ნიშნავს ეს? ვალდებულება რა შუაშია?
პასუხის გაცემა მიჭირდა. ვიცოდი, ვაწყენინებდი.
_ შენ ხომ მხოლოდ იმიტომ შემპირდი ცოლად შერთვას, რომ თუ სიკვდილი მელოდა, მშვიდად მოვმკვდარიყავი? ასე ვთქვათ, გულს მიკეთებდი… მაგრამ რახან ეს ამბავი ასე კეთილად დასრულდა, შეგიძლია შენი სიტყვები უკან წაიღო.
_ სულელო! _ შესძახა განაწყენებული ხმით, _ ეგ რამ გაფიქრებინა? იმდენი ტყუილად ვილაპარაკე რამდენიმე საათის წინ? ტვინი აგხადე იმის მტკიცებით, სულ მიყვარდი-მეთქი და მეუბნები, აღარ გინდა ჩემი ცოლად მოყვანაო? არა, არა, მგონი, შენ სულ გადაირიე. შოკიდან ვერ გამოდიხარ, როგორც ვატყობ… კარგი, ახლა მოვიდა დრო, რაღაც მოგიყვე. ხომ უნდა იცოდე, ბოლოს და ბოლოს, რატომ მიგატოვე ცხრა წლის წინ? რა თქმა უნდა, უნდა იცოდე! ამიტომ ახლა სრულ სიმართლეს მოგახსენებ: ის ფული, რომელიც შენმა მშობლებმა მომცეს, იმ პერიოდში ძალიან მჭირდებოდა. ზურა იყო შარში გახვეული, თავის ძმაკაცთან ერთად ერთი ოჯახი გაძარცვა. არ ვიცი, ის ფული სად წაიღეს, რაში დახარჯეს, მაგრამ ფაქტია, რომ დაიკარგა. იმ ხალხმა გაიგო, ეს ყველაფერი ზურას ნამოქმედარი რომ იყო და მე მომადგნენ, ან ფული დაგვიბრუნე, ან პოლიციაში განვაცხადებთ და შენს ძმას პატიმრობა არ ასცდებაო. მაგრად გავიჭედე. საიდან უნდა მომეტანა ექვსი ათასი დოლარი? არადა, როგორია, ერთადერთ ძმას, ობოლს ციხეში რომ უკრავენ თავს? ბიძაჩემსაც ვერ ვეტყოდი. ის სულ ჭკუას გვარიგებდა, წესიერად იცხოვრეთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთო და რა მეთქვა, შენმა ძმისშვილმა ბინა გაქურდა-მეთქი? ამის თქმას სიკვდილი მერჩივნა. როგორც ჩანს, ამ ამბავმა შენი მშობლების ყურამდეც მიაღწია. ერთ დღეს მამაშენმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მეც შევხვდი, თან მტკიცედ გადავწყვიტე, უკან არ დამეხია და თუ შენთან დაშორებაზე ჩამომიგდებდა სიტყვას, არ შევპუებოდი. შენზე უარს თუ ოდესმე ვიტყოდი, რას ვიფიქრებდი? მამაშენს დედაშენიც თან მოჰყვა. მათ სწორედ იმ ფულზე ჩამომიგდეს საუბარი, რომელიც იმ გაძარცვული ოჯახისთვის უნდა მიმეცა. დღესვე ჩაგითვლით სრულ თანხას, თუ გაბის მიატოვებ, თან ისე, რომ არაფერს აუხსნი. დაე, ეგონოს, თითქოს ფულს დახარბდი და ამიტომ თქვი მასზე უარი. სამაგიეროდ, შენს ძმას ციხისგან იხსნიო.
მაქსის სიტყვებმა გული შემიკუმშა. ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები, ტირილი ვერ შევიკავე. როგორ ვერ მივხვდი, რომ მაქსი ასე ადვილად უარს არ იტყოდა ჩემზე? რატომ მაშინვე არ ვიეჭვე? მაქსი ხომ გამოუვალ სიტუაციაში იყო, მას სხვა გზა არ დაუტოვეს ჩემმა მშობლებმა!
_ მორჩი, ნუ ტირი, გთხოვ, _ მომეალერსა, _ მათ ეს ბოროტად არ გაუკეთებიათ. შენები ფიქრობდნენ, რომ ამით ჩემგან დაგიცავდნენ. ვინ ვიყავი მე? ერთი ღარიბი ავტომექანიკოსი, რომელიც მათ ერთადერთ ქალიშვილს ბედნიერად ვერ აცხოვრებდა. ჩაუვარდათ მომენტი ხელში და გამოიყენეს. მათ შენთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდათ.
_ ღმერთო, ეს როგორ გამიკეთეს! ასე როგორ გამწირეს! _ ვსლუკუნებდი, _ მაპატიე, მაპატიე, მაქს!
_ მე რა უნდა გაპატიო, კარგი რა, _ მიმიხუტა მაქსმა, _ ჩემი ბრალია, რაც მოხდა. დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა ეს შენთვის, მაგრამ მათ სიტყვა მივეცი და არ მინდოდა ეს სიტყვა გამეტეხა. ამიტომაც არ გაგიკარე ახლოს, არ დაგელაპარაკე. შემეშინდა, სიმართლე არ წამომცდეს-მეთქი. მე ხომ ძალიან მიყვარდი. ახლა სიტუაცია შეიცვალა, ახლა სხვა დროა და შენ სიმართლე უნდა იცოდე. გესმის?
თავი დავუქნიე.
_ მანამ, სანამ მე და შენ მომავალში შევაბიჯებთ, წარსული უნდა დავივიწყოთ. მომცემ ამის პირობას?
_ ხო-ო, _ გული ამიჩუყა მისმა სიტყვებმა და კვლავ ტირილი მოვრთე.
_ ნუ ტირი, გთხოვ… ამიერიდან ერთად ვიქნებით და უნდა გვიხაროდეს ერთად ყოფნა.
_ კი მაგრამ… _ უცებ თავი ავწიე და ცრემლით სავსე თვალებით შევაჩერდი, _ შენ ხომ უკან დაუბრუნე ჩემებს ის ფული. კორპორაცია როგორღა დააარსე?
მაქსმა სევდიანად შემომღიმა.
_ ალბათ იმაზე ჭკვიანი აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. შენმა მიტოვებამ მეტი სტიმული მომცა, ძალა შემმატა. ვიფიქრე, თუ გავმდიდრდები, შევძლებ შევაბიჯო გაბის სამყაროში. და თუ ამას მოვახერხებ, მერე მას ყველაფერს მოვუყვები და მაპატიებს-მეთქი. იმედი მქონდა, რომ ამ შემთხვევაში ისევ დამიბრუნდებოდი.
_ შენ იცი, რომ მე შენი ფული არასდროს მაინტერესებდა? მე შენ მაშინ შემიყვარდი, როცა გარაჟის გარდა არაფერი გებადა, მაგრამ მაინც თანახმა ვიყავი შენს ცოლობაზე. ვიცხოვრებდი იმ გარაჟში შენთან ერთად და რასაც ვიშოვიდით, იმით დავკმაყოფილდებოდი. მეც მასწავლიდი მანქანების გარემონტებას და ორივე ვიმუშავებდით. მე შენ მიყვარდი და მიყვარდა ყველაფერი ის, რაც შენ გარშემო არსებობდა.
_ ეგ ყველაფერი ვიცი და პატიებასაც ამიტომ გთხოვ. მაპატიე, რომ ძმაზე წინ არ დაგაყენე. რა ვქნა, ამას ვერ შევძლებდი. ის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. მის გარდა ქვეყანაზე არავინ მყავდა, მას ვმფარველობდი, მასზე ვზრუნავდი…
_ მე შენ დიდი ხანია, გაპატიე. მესმის შენი, კარგად მესმის, ამიტომ აღარ გინდა თავის მართლება. ოღონდ სიმართლე მითხარი, მართლა გიყვარვარ?
_ სულელო, ერთსა და იმავეს რატომ მამეორებინებ წარამარა? ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ მიყვარდი. ლიკამაც იცოდა, ამიტომაც წავიდა ჩემგან. ზურამაც იცოდა, დათომაც კი. მე და ზურა რამდენჯერ დავჯახებივართ ერთმანეთს შენ გამო. შენ კი მიყურებ ახლა და მეკითხები, გიყვარვარ თუ არაო… ნუთ ვერაფერს გრძნობ, ნუთუ ვერაფერს ხედავ?
უკან გადავიწიე და შევხედე. მისი შავი თვალები მართლაც სიყვარულით იყო სავსე.
_ მჯერა შენი, _ ვუჩურჩულე, _ მართლა მჯერა… არც კი ვიცი, ამას რატომ გეკითხები. მაგრამ ისე ვარ შეშინებული, უცებ ყველაფერი არ გაქრეს, რომ…
_ არაფერიც არ გაქრება. პირიქით, აწი გაჩნდება ყველაფერი, აწი გველის ბედნიერება. დავქორწინდებით, შვილები გვეყოლება… ხო, მართლა… წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ჩვენს პირველ შვილს ზურა რომ დავარქვათ?
ბედნიერებისგან სახე გამებადრა.
_ პირიქით, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ გოგო რომ გაჩნდეს?
_ მაშინ მეორეს დავარქვათ, _ არ დაიბნა მაქსი.
_ დავარქვათ, _ თავი დავუქნიე.
_ მამაშენი როდის ჩამოდის?
_ ხვალ აქ იქნება.
_ ძალიანაც კარგი. მაშინ დავსხდეთ და ერთად დავთქვათ ჯვრისწერის დღე. ბიძაჩემსაც დავუძახებ. ოღონდ ქორწილს ვერ გადავიხდი, გაბი, არ გეწყინოს. ძმა ახლახან მივაბარე მიწას, არ გამოვა ლამაზი.
_ რა სისულელეა! _ შევძახე, _ რად მინდა ქორწილი, როცა გვერდით მყავხარ? ჩემთვის ესაა ქორწილიც, ღრეობაც და ყველაფერიც! _ აღტყინებით ვუთხარი და კოცნით დავუფარე სახე…
ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ხელი მოვაწერეთ და ჯვარი დავიწერეთ. ახლა ორსულად ვარ, მეექვსე თვეში. უკვე ვიცით, რომ სამ თვეში ბიჭი გვეყოლება, რომელსაც ზურას დავარქმევთ.
მაქსის ბინიდან გადავედით და თბილისის გარეუბანში კერძო სახლი ვიყიდეთ. ორსართულიანი, მანსარდით. სასწაულად მომწონს აქაურობა, მეზობლებიც კარგი გვყავს.
_ გაბიიიი! მოვედიიი! სად ხარ? _ მომესმა მაქსის ხმა.
ტუჩი მოვიკვნიტე მისი ხმის გაგონებაზე. როგორ მომხვდება, როცა ნახავს, რასაც ვაკეთებ.
ავდექი და ფრიალა სარაფანი შევისწორე, თვალებზე ჩამოშლილი თმაც უკან გადავიწიე და დამნაშავის ღიმილით შევხვდი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს.
_ ოოოხ! რა უნდა გიყო, ა? რას აკეთებ, რას? _ საყვედურებით ამავსო, _ რით ვერ გაიგე, რომ კედლების შეთეთრება შენი საქმე არ არის? მოვა ხვალ ხელოსანი და ის მოუვლის ამ საქმეს. სად გეჩქარება ეს ბავშვის ოთახი? წინ ჯერ სამი თვე გვაქვს, ყველაფერს მოვასწრებთ, _ აჯუჯღუნდა, ფუნჯით ხელში რომ დამინახა.
_ მორჩა, მორჩა, მეტს აღარ ვიზამ, _ ღიმილი შევაფრქვიე, _ უბრალოდ, გულმა არ მომითმინა. ამ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ სხვას გული ვერაფერს დავუდე.
_ შენ სულ მასე მეუბნები, მე კი გული მისკდება, ასე რომ იტვირთავ თავს.
_ ნუ ნერვიულობ, საყვარელო. ამით შენს შვილს აწყენინებ, _ ეშმაკურად ვუთხარი და ხელი გამობერილ მუცელზე მოვისვი.
_ შენს შვილს აწყენინებ, _ ჩემი ხმის მიბაძვით გაიმეორა მაქსმა, _ ბავშვის მამას რომ აწყენინებ, ეგ არაფერია? _ მსუბუქად დამტუქსა, მერე კი უფრო შერბილებულად გააგრძელა, _ მიდი, დაიბანე და მოწესრიგდი, ვახშამზე ბიძაჩემი უნდა მოვიდეს. მამაშენსაც დავურეკე და ისიც მოვა.
_ მართლა? რა მაგარია! ესე იგი, მამია იტალიიდან ჩამოვიდა?
_ გუშინწინ ჩამოვიდა და ახლა ჩვენკენ მოიჩქარის. საჩუქრები ჩამოგიტანეთო.
_ აუუ, რა კარგია. მთელი თვეა, არ მინახავს და უკვე მენატრება. ახლავე ყველაფერს გავამზადებ, მაგრამ შენც უნდა მომეხმარო.
_ მოგეხმარები, აბა რას ვიზამ. წამო, წამო… _ ხელი მომხვია და საღებავების სუნით გაჟღენთილი ოთახიდან სწრაფად გამიყვანა.
ცოტა ხანში ისეთი რაკარუკი ავტეხე სამზარეულოში, მაქსი შეშფოთებული მომაჩერდა.
_ რა დღეში ხარ? სად გეჩქარება? ახლა მთელი დრო ჩვენია, არსად გაგვექცევა. მშვიდად, წყნარად შევუდგეთ საქმეს.
დარცხვენით შევხედე.
_ კარგი, არ ვიჩქარებ. _ ვუთხარი და ფეხის წვერებზე აწეულმა ხელები მოვხვიე, _ რახან მთელი დრო ჩვენია, ცოტა ხნით შენი მოფერებით დავკავდები, _ დავაყოლე და საკოცნელად გამოწვდილ მის ტუჩებს ჩემი გაბრწყინებული სახე შევაგებე.
მაქსი სიცილით დაიხარა ჩემკენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენი სიცილის ხმამ საძინებელში გადაინაცვლა… რაც იმას ნიშნავდა, რომ ვახშმის მომზადება დაგვიანდებოდა და ჩვენს სტუმრებს მოცდა მოუწევდათ…
დასასრული