კრისტი ყიფშიძე ძველი თაობის იმ მოდელებს მიეკუთვნება, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებენ. კარიერა 30 წლის წინ დაიწყო - მისი სახელი ყველასთვის ცნობილია. გამორჩეული გარეგნობის გარდა, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა მისი პირადი ცხოვრებაც.
ამჯერად კრისტი გოგოლა კალანდაძის რუბრიკის "სახლების" სტუმარია. როგორია მის სახლი და გარემო, რომელშიც ყოველ დღეს ატარებს:
"დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს" - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.
"თებერვლის თვის ერთ მშვენიერ დღეს დუტა მირეკავს და მეუბნება, მარტო ხარო? დუტასთან ვმეგობრობ, მისი ზარი არ გამკვირვებია, მაგრამ შესავალმა ცოტათი დამაბნია, - რა ხდება-მეთქი? ოთახის კარი ჩაკეტე, რაღაც უნდა გითხრა და მინდა მარტო იყოო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პროექტში "ვინ ვინ არის?" ჩართვა შემომთავაზა. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, მთლიანი გადაცემა - არასდროს, მაგრამ გარკვეული ეპიზოდები მქონდა ნანახი. მაგალითად, მანიკას ნიღბის მოხსნა. დუტამ მითხრა, კარგად დაფიქრდი და გადმომირეკეო. მოკლედ, შევედი ინტერნეტში, ამ გადაცემის გვერდი მოვიძიე, ყველაფერში გავერკვიე და ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. მგონი, ყველა ადამიანს აქვს სურვილი, სცენაზე ერთხელ მაინც იმღეროს. მითხრეს, თანხმობის შემთხვევაში, იცოდე, ეს გზა ადვილი არ იქნება, ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახო, ოჯახის წევრებსაც არაფერი უნდა უთხრაო. ეს იდუმალება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აზარტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც დუტას თანხმობა განვუცხადე, ჩემს პროდიუსერს, ნინუცა ყაჭიაშვილს შევხვდი და ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო.
სულ რაღაცას ვიტყუებოდი. ვინმე თუ დამირეკავდა და იქ ვიყავი, რაღაცას ვიგონებდი. ოჯახის წევრები ხშირად მწერდნენ, სად ხარო? ბუნებრივია, მათაც ვატყუებდი: ხან ვამბობდი, გადაღებაზე ვარ, ჯერ ვერ მოვალ-მეთქი. მაგალითად, პირველი კონცერტის დროს ვთქვი, რომ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული და გვიან დავბრუნდებოდი. ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს", - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.