"სიმართლე გითხრათ, ბავშვობის 7 წელი ჩემთვის უბედნიერესი იყო. თუმცა 11-12 ასაკიდან პრობლემები დაიწყო. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო. მალე ჩემი გათხოვება გადაწყვიტეს, ეს სოფელში ტრადიცია იყო. ძალიან ბევრჯერ მინახავს 11-12 გათხოვილი გოგოები. ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ყველა ოცნება ავიხდინე.
მამამ ორი ვარიანტი შემომთავაზა: ან გავთხოვილიყავი, ან სკოლაში აღარ უნდა მევლო. ნიშნობამდე ორი დღით ადრე ვთქვი, რომ თანახმა ვიყავი. მამამ სკოლაში გამიშვა - დირექტორს ტელეფონი გამოვართვი და პოლიციას დაურეკე" - ამბობს თამი აბულოვა.
ნაადრევი ქორწინება
მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ვაჟების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში დაქორწინების პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. თუმცა, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ნაწილებშიც ტრადიციების მიმდევართა შორის კვლავ აქტუალურია სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდთა დაქორწინება. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახები გოგონებს სქესობრივი მომწიფების დაწყებამდეც კი აქორწინებენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია გოგოების 16-18 წლის ასაკში დაქორწინება.
ბავშვთა ქორწინებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს პრაქტიკა დღემდე გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები და უარყოფითი შედეგები არ არის სათანადოდ შეფასებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული - კანონის არსებობამ ვერ აღკვეთა დაურეგისტრირებელი ქორწინების, არასრულწლოვანთა ნიშნობისა და ქორწინების მიზნით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები. ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრა მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი ბერკეტი აღმოჩნდა ამ პრობლემის აღმოფხვრის გზაზე. არსებობს სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და გენდერული ფაქტორები, რომელიც ხსენებული კანონის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.