ის, რაც ყველას გვაინტერესებს: ქართველი ვიზაჟისტი, ეკა კრიხელი კანის 2025 წლის კინოფესტივალზე და საინტერესო ამბები კულისებიდან - Marao

ის, რაც ყველას გვაინტერესებს: ქართველი ვიზაჟისტი, ეკა კრიხელი კანის 2025 წლის კინოფესტივალზე და საინტერესო ამბები კულისებიდან

2025-06-03 16:06:14+04:00

კანის კინოფესტივალი საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ნიცასა და სენ-ტროპეს შორის 70 წელზე მეტია, იმართება, თუმცა წელს ეს პრესტიჟული ღონისძიება საქართველოშიც ფართო განხილვის საგნად იქცა. 

ქართველ რეჟისორებსა თუ მსახიობებს ამ სცენაზე  სხვადასხვა დროს სხვადასხვა წარმატება ხვდათ წილად. წელს კი განსაკუთრებული ყურადღება იქ სტუმრის სტატუსით მყოფმა ქართველებმა მიიპყრეს. 

  • ეკო ფანგანი კანის კინოფესტივალზე - თეთრი კაბა და შთამბეჭდავი კადრები 

კანის 2025 წლის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე გამოჩნდა. მოგვიანებით რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ინფლუენსერი, ქეთი გიორგაძე ვიხილეთ, შემდეგ კი ჩვენი მზერა ტელეწამყვან ეკო ფანგანზე გადავიდა.

უამრავი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ როგორ მიდიან ამ ღონისძიებაზე ის ადამიანები, რომლებსაც კინოსამყაროსთან პროფესიული კავშირი არ აქვთ. რა ეტაპებია გასავლელი კანის წითელ ხალიჩაზე მოსახვედრად და რა სტატუსით წარდგნენ იქ ქართველი ცნობილი სახეები. 

დღეს ვეცდებით, ამ პრესტიჟული ღონისძიების კულისებში შეგახედოთ, მოგიყვეთ თქვენთვის საინტერესო დეტალები და გაგაცნოთ ქართველი ვიზაჟისტი ეკა კრიხელი, რომელიც კანის 2025 წლის კინოფესტივალზე პროფესიული მისიით იმყოფებოდა. 

 

ვინ არის ეკა კრიხელი?

ეკა ამბობს, რომ ამ სფეროთი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული - ყოველთვის უყვარდა მოდის ტენდენციების განხილვა, მაკიაჟის გაკეთება, ცნობილი ბრენდების ჩვენებების ყურება... 2022 წელს კი გადაწყვიტა, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია და ვიზაჟისტობას პროფესიონალურ დონეზე დაუფლებოდა. 

  • კიდევ ერთი ქართველი კანის წითელ ხალიჩაზე: ვინ არის კეიტი გიორგაძე და როგორ მოხვდა პრესტიჟულ საღამოზე? 

ამისთვის  ბევრი იშრომა, ისწავლა და საჭირო გამოცდილება ისეთ დიდ ღონისძიებებზე დააგროვა, როგორებიცაა Monaco Fashion Days, Monte-Carlo Fashion Week, The Orion Star award… ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა შეხვედროდა ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან,  ბიონსესთან, ჯენიფერ ლოპესსა თუ რიანასთან მუშაობენ. 

ამ საინტერესო გზაზე მისი მუდმივი მხარდამჭერი მისი ოჯახი იყო - მეუღლე, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას და სამი შვილი, რომლებიც მისი მთავარი მოტივაცია არიან. 

როგორ მოხვდა ქართველი ვიზაჟისტი კანის 2025 წლის კინოფესტივალზე? 

როგორც ეკა კრიხელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მან მიწვევა პარიზის აკადემიისგან (Paris Academy of Beauty) მიიღო და 2025 წლის კანის კინოფესტივალზე, როგორც ვიზაჟისტი, ისე გაემგზავრა.

“ეს იყო საოცრება.  პატარა ეკას, რომელიც იჯდა სარკის წინ, თამაშობდა და თან ოცნებობდა, სურვილი შევუსრულე. მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა და თავი სიზმარში მეგონა. მე შევძელი, ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს - ჩემთვის ვიზაჟისტობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გატაცება”. 

 eka

კანის კინოფესტივალი, პირველ რიგში, კონცენტრირებულია კინოზე - ფილმების ჩვენებაზე, პრემიერებსა და პრესტიჟული ჯილდოების გადაცემაზე. თუმცა მოდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფესტივალზე, განსაკუთრებით წითელ ხალიჩაზე. მიუხედავად იმისა, რომ  მოდის ოფიციალური ჩვენებები ფესტივალის პროგრამის ნაწილი არ არის, იქ ეწყობა არაოფიციალური მოდის ღონისძიებები და დახურული ჩვენებები, რომელსაც ლუქს ბრენდები (მაგალითად: Dior, Chopard, Balmain და სხვ.) ატარებენ ვილებში ან სასტუმროებში, იმართება ფოტოსესიები, გალა-საღამოები და წვეულებები…

ღონისძიების სწორედ ამ ნაწილის შექმნაში იღებდა მონაწილეობას ქართველი ვიზაჟისტი ეკა კრიხელი:

„ჩვენი სამუშაო ლოკაცია Carlton Cannes იყო.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისტორიული სასტუმრო კანსა და მთელ ფრანგულ რივიერაზე. დღე დილის ათ საათზე იწყებოდა და გვიან ღამით სრულდებოდა. მუშაობის პარალელურად, ვესწრებოდით მასტერკლასებს. ამ გრანდიოზული ღონისძიების შიდა სამზარეულო  საოცარი იყო - უამრავი ფოტოგრაფი, ვიზაჟისტი, დიზაინერი, მოდელი ერთად ვმუშაობდით, რომ მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ეხილა. დამოკიდებულება ჩვენ შორის ძალიან მეგობრული და უშუალო იყო. ყველა გამოხატავდა მადლიერებასა და კმაყოფილებას“, - ამბობს ეკა ჩვენთან საუბარში.

ეკა იხსენებს, რომ კანში ჩასვლის პირველივე დღეს ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ნატალი პორტმანი, რიანა, ირინა შეიკი...

თავად მუშაობა არაერთ ცნობილ დიზაინერთან მოუწია, მათ შორის იყო ლეო ალმოდალი (Leo Almodal), ფილიპინელი დიზაინერი, რომელიც ცნობილია თავისი ფანტასტიკური და ხელოვნების ნიმუშებად ქცეული კაბებით.

  • რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა თამო ვაშალომიძეს კანის წითელ ხალიჩაზე: შეფასებები და ულამაზესი კადრები 

ქართველმა ვიზაჟისტმა იმუშავა  დომინიკელი დიზაინერი ჯანინა აზარისთვისაც (Giannina Azar). 2025 წლის კანის კინოფესტივალის პარალელურად, Giannina Azar-მა მონაწილეობა მიიღო "Cannes International Fashion Show"-ში, სადაც იგი იყო გრანდ ფინალის დიზაინერი. ამ ღონისძიებაზე მან წარმოადგინა თავისი ახალი კოლექცია "Opulencia", რომელიც შთაგონებულია მარია ანტუანეტას სტილით და გამოირჩევა ბაროკოს ელემენტებითა და მდიდრული დეტალებით.

ეკა კრიხელს მოუწია მუშაობა ისეთი პოპულარული ბრენდის ჩვენებაზეც, როგორიცაა Bad Sisters Design. ეს ბრენდი ორი დის მიერ ჩილეში შეიქმნა და ცნობილია თავისი უნიკალური, ხელით მოხატული პრინტებითა და მდგრადი წარმოების პრაქტიკით.

 eka

ქართველი ვიზაჟისტი აღნიშნავს, რომ ამ დონის ღონისძიებაზე პირველად იმყოფებოდა, რაც, პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც იყო:

„გვქონდა ე.წ. რეფერენსები, ნიმუშები, რის მიხედვითაც უნდა გვემუშავა. რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ შემხვედრია, თუმცა მივიღე ახალი გამოცდილება, რასაც საქართველოშიც გამოვიყენებ“, - ამბობს ის.