_ აბა! როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო? _ ვაკოს ხმა იმდენად ღრმა და გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა, სალის ძვლებამდე დაუარა ჟრუანტელმა. თითქოს მისი სხეული გიტარის სიმები ყოფილიყო, რომელსაც მოულოდნელად შეახეს ხელი.
ახალგაცნობილის აგრესიული მგრძნობელობა იმდენად არასასიამოვნო და მიუღებელი იყო სალისთვის, გაქცევა მოუნდა.
_ ძალიან მომწონს, თუმცა ხალხმრავლობა დიდად არ მიტაცებს, _ როგორც იქნა, ხმა ამოიღო, _ მამიდას უყვარს, როცა მის გარშემო სტუმრები ტრიალებენ, ხალისობენ, ქეიფობენ, მე კი… მე სიწყნარეს ვარ მიჩვეული. ასეთ საღამოებს გადამაჩვიეს.
_ ამინდის ასეთი ცვალებადობა არ გაღიზიანებთ? _ მამაკაცი კვლავ მოაჯირს დაეყრდნო, ოდნავ გვერდზე შეტრიალდა, ცალი ფეხი რიკულზე შემოდო და სალის მიაჩერდა.
მისი ეს პოზა აშკარად მეტყველებდა, რომ ვაკო ძალზე თავმომწონე ადამიანი გახლდათ.
_ არა, არ მაღიზიანებს. პირიქით, ისე მიხარია, თბილისში რომ ჩამოვედი, ყველაფერი ზომაზე მეტად კარგი მეჩვენება. მათ შორის, ამინდის ასეთი ცვალებადობაც.
_ სამაგიეროდ, ჩემზე ძალიან მოქმედებს.
_ არა უშავს, კიდევ რამდენიმე დღე და ისე დაცხება, სიგრილე სანატრელი გაგიხდებათ, _ შესცინა სალიმ.
მამაკაცმა ცალი თვალი მოჭუტა და გამომცდელად ამოხედა ქვემოდან.
_ თქვენი კანი ჰოლანდიურ ვარდებს მაგონებს, _ თქვა უეცრად.
სალომეს ღაწვები შეეფაკლა. თან ესიამოვნა ქათიანური, თან გაღიზიანდა, ძალზე ბანალური შედარება გამოუვიდა უცნობს.
_ დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ქალს ეუბნებით, _ ირონიულად შენიშნა.
_ ყველას არა. პირდაპირობა მიყვარს. ასეთ რამეებს მხოლოდ მაშინ ვამბობ, როცა სიმართლეა… როგორც ახლა მოხდა, თქვენს შემთხვევაში, _ მსუბუქად წარმოთქვა ვაკომ, წელში გაიმართა და საჩვენებელი თითი უეცრად სალის ლოყაზე ჩამოუსვა.
შეხება წამიერი იყო, მაგრამ გოგონას მოეჩვენა, თითქოს სახეზე ლითონის წაწვეტებულწვერიანი ნაჭერი ჩამოუსვესო და მკვეთრად შეაბრუნა თავი.
_ არ მოგეწონათ, რომ შეგეხეთ? _ უკმეხად იკითხა მამაკაცმა. როგორც ჩანს, იგი ამგვარ რეაქციებს მიჩვეული არ იყო.
_ თქვენ წარმოიდგინეთ, არა! _ სალიმ მის მზერას გაუძლო, მიუხედავად იმისა, რომ გულისცემამ უმატა და სახეზეც ეცვალა ფერი.
_ ვეცდები, მხედველობაში მივიღო ეს, _ თქვა ვაკომ, თუმცა, მისი უდარდელი ტონიდან გამომდინარე, ადამიანი მის სიტყვებს ვერ ენდობოდა, _ იცით? ძალიან ჰგავხართ მამიდათქვენს.
_ ვიცი. მამიდას უფრო ვგავარ, ვიდრე დედას. მისი თითქმის არაფერი გამომყვა.
_ მამას?
_ ცოტათი მამასაც ვგავარ, უფრო _ ხასიათით. გარეგნულად მხოლოდ კანის ფერი გამომყვა მამაჩემის და კიდევ… ცხვირის ფორმა.
_ ასეთი ლამაზი ცხვირი ჰქონდა მამათქვენს?
_ მამა უსიმპათიურესი მამაკაცი იყო.
_ ეჭვიც არ მეპარება. მარინა ახლაც ისეთი მომხიბვლელია… თქვენც მასსავით ტალღოვანი თმა გაქვთ, მასსავით ლურჯი თვალები, _ გააგრძელა ვაკომ, _ აი, ტუჩები კი… თქვენი ტუჩები ბევრად უფრო… როგორ გითხრათ, გამომხატველობითია…
_ ეგ როგორ გავიგო? _ კოპები შეკრა სალიმ.
_ მინდოდა მეთქვა, მგრძნობიარე-მეთქი, მაგრამ, რატომღაც, ვიფიქრე, რომ ეს არ მოგეწონებოდათ.
_ ასე თუ გააგრძელებთ, უდაოდ დიდ წარმატებებს მიაღწევთ, _ უკბინა გოგონამ.
_ რატომ ვერ იტანთ ასე ძალიან მამაკაცებს? რატომ უარყოფთ მათ, რა დაგიშავათ ასეთი?
_ ვინ გითხრათ, რომ ვერ ვიტან ან უარვყოფ? _ ცალი წარბი აზიდა ქალმა და უეცრად ისე დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა.
როგორც ჩანს, ახალ ნაცნობს ადამიანების სულში ჩაძვრომა ეხერხება. საიდან მოიტანა, ვინ უთხრა, რომ იგი მამაკაცებს გაურბის?
ვაკომ ნელა, ძალიან ნელა გაიღიმა… გაეწელა ღიმილი, მაგრამ ისე მოუხდა, სალიმ აღფრთოვანება ვერ დამალა. თანაც, როგორი თეთრი და ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონია? ახლა კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა.
_ არავის უთქვამს, ჩემით დავასკვენი. სახეზე გაწერიათ, რომ მამაკაცები არ გსიამოვნებთ. უყოყმანოდ ტოვებთ ასეთ შთაბეჭდილებას. თუ… ეს მხოლოდ მე ვარ თქვენთვის უსიამოვნო? რამე არ მოგწონთ ჩემში? ვინმემ ცუდად დამახასიათა?
_ როგორ გეკადრებათ! ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ, თქვენი არსებობაც კი არ ვიცოდი, _ გამომწვევად ესროლა სალომემ.
ესეც ასე! თუ კიდევ ეტყვის მსგავს რამეს, არც მაშინ დაუთმობს. ასეთ მამაკაცს სალი ვერასდროს ენდობა. თუმცა კი, ვერ იტყვის, რა აძლევს უნდობლობის მიზეზს, მაგრამ გული უგრძნობს, რომ არ ტყუვდება. ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს ღუდუშაურია, თუ ვიღაცა, ისეთი მამაკაცების რიცხვს ეკუთვნის, ქალებს თავიანთი მიზნებისთვის რომ იყენებენ, მერე კი თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე მიაგდებენ და წამითაც არ ინერვიულებენ მათ განცდებზე. ამაზე მისი გამბურღავი მზერაც მეტყველებს. როგორ უსირცხვილოდ მიშტერებია მკერდზე, თითქოს აქამდე არ ენახოს დეკოლტე! თავხედი!
_ გასაკვირი არაფერია. თქვენ აქ ახალი ჩიტი ხართ, თანაც _ ნამდვილი ფერია, მინდვრის ყვავილების დედოფალს მაგონებთ, _ ადვილად ჩაწვდა მის ფიქრებს მამაკაცი, _ გარდა ამისა, ვაფანატებ ქერათმიან ქალებს. თქვენ სრულებით აკმაყოფილებთ ჩემს გემოვნებას.
სალიმ კოპები შეკრა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა უტიფარი სტუმარი. შეიძლება მართალიც არის ეს კაცი, მისთვის მსგავსი რამ ხშირად უთქვამთ, მაგრამ თავად ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი სილამაზის მიმართ. მას მიაჩნდა, რომ შუბლი ზომაზე მაღალი ჰქონდა, თვალები _ არა ისეთი, რომ იტყვიან, დიდრონიო, არამედ ძალიან ფართო, ისევე, როგორც პირი… ამიტომაც სიმპათიური მამაკაცის ყალბმა კომპლიმენტებმა არ დააკმაყოფილა.
_ ძალიან ბანალურია.
_ მართლა? რას იზამთ, მე ძველი ყაიდის კაცი ვარ. ამიტომაც არ მოგეწონეთ? თუ მართლა ვიღაცამ რაღაც გითხრათ ჩემზე?
_ რა სისულელეა, ხომ გითხარით, აქამდე თქვენი არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი-მეთქი.
_ მაგრამ ახლა? როცა გაიგეთ, რომ ვარსებობ? _ ვაკომ წარბები აზიდა, თვალები კი ცნობისმოყვარეობით აენთო.
_ ვფიქრობ, თქვენთან კვლავ შეხვედრას არასდროს მოვისურვებ, _ გადამწყვეტი ფრაზა მოიშველია სალიმ და გულგრილი იერით აარიდა მზერა, _ მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. იმედია, ცუდად არ გამიგებთ…
თქვენც არ მომიკვდეთ! ვაკო ღუდუშაური სულაც არ აპირებდა მასთან დამშვიდობებას.
_ მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია თქვენთან… _ ხმადაბლა შენიშნა მამაკაცმა და თითები იდაყვზე შეახო.
სალიმ მკაცრად დახედა მამაკაცის ხელს, სახე მოექუფრა, მერე კი თვალი თვალში გაუყარა და დაელოდა, სანამ ვაკო ხელს შეუშვებდა.
_ გმადლობთ, _ გადაჭარბებული თავაზიანობით წარმოთქვა ქალმა, _ რას ნიშნავს, «ჯერ არ დამიმთავრებია თქვენთან»? მე მგონი, არც არაფერი დაგვიწყია.
_ მარინას სურდა, ჩვენ მეგობრები გავმხდარიყავით, _ მან კვლავ გაწელილად გაიღიმა, _ არ იქნება ლამაზი, ასეთ ქალს იმედი გავუცრუოთ.
სალომეს თანდათან ბრაზი იპყრობდა.
_ მამიდას ბევრი რამ შეიძლება სურდეს და ეს მისი უფლებაა, მაგრამ მეგობრებს მე ჩემით ვირჩევ, სხვისი დახმარება არ მჭირდება. მას არ უნდა გაეკეთებინა ეს! ამის გამო აუცილებლად ვუსაყვედურებ. რა საჭირო იყო ამ საკითხის თქვენთან განხილვა?
_ მერედა, ვინ გითხრათ, რომ განიხილა?
_ მაშინ რატომ…
_ თქვენი მამიდა მიიჩნევს, რომ დროა, ცოლი შევირთო.
_ და იმასაც ამბობს, რომ ჩემთვისაც დროა, ახალი ქმარი ვიშოვო, არა? _ მშრალად დაამატა სალომემ.
მოულოდნელად ორივეს გაეცინა.
_ ჩემი აზრით, აჯობებს, ისეთი სახე მაინც მივიღოთ, ვითომ ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, _ თითქოს შეთქმულებას აწყობსო, ნახევრად ჩურჩულით წარმოთქვა მამაკაცმა.
_ ამაში გეთანხმებით. მას ნამდვილად დაამშვიდებს ეს, _ დაეთანხმა გოგონა.
_ შემდეგში კი შეგვეძლება ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენ გაგვიხარდება.
_ ესე იგი, მხოლოდ ამ საღამოს?
ვაკომ თანხმობის ნიშნად, თვალები დახუჭა.
_ კარგი, ეგრე იყოს.
_ იქნებ ეზოში გაგვესეირნა? _ ჰკითხა მამაკაცმა და ქალს ხელი გაუწოდა.
წამიერი ყოყმანის შემდეგ, სალიმაც შეაგება ხელი. უეცრად მამიდას მოჰკრა თვალი, რომელიც, როგორც ჩანდა, ორივეს შორიდან ადევნებდა თვალს. ქალმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნია ძმისშვილს.
რამდენიმე წუთიც და ორივენი ეზოში აღმოჩნდნენ. ახლა ისინი მარტოხელა სულებივით იყვნენ, ღამის სიბნელეში ჩაკარგულნი. მათ ესმოდათ მუსიკა, ლაპარაკის ხმები და სიცილი, მაგრამ ვერავის ხედავდნენ და მათაც ვერ ხედავდა ვერავინ.
უეცრად ვაკო მოტრიალდა და სალი მკერდზე მიიხუტა. გაოგნებულმა გოგონამ, მისდა სამწუხაროდ, იგრძნო, როგორ გამოეპასუხა მისი სხეული მამაკაცის შეხებას. ქმართან დაშორების შემდეგ იგი შავი ჭირივით გაურბოდა მამაკაცებს. ახლა რაღა დაემართა? რას შეეძლო მსგავსი რეაქცია გამოეწვია?
ალბათ მისმა გარეგნობამ. რომელი ქალი არ ანერვიულდებოდა, ასეთ განუმეორებელ მამაკაცს იგი სხვა ქალებისგან გამოერჩია? მაგრამ თუ ამ კაცს ჰგონია, რომ სალი მას კოცნის ნებას დართავს, ძალიან მოტყუებულა. მერე რა, რომ ჯადოსნური მთვარიანი ღამეა, იდუმალებით და რომანტიკით სავსე. მერე რა, რომ თბილ ჰაერს ატმის ყვავილის სურნელი მოაქვს საიდანღაც და ხეხილითა და ყვავილებით სავსე ეს ეზო სწორედ რომ სიყვარულისთვის არის შექმნილი? უკაცრავად, მაგრამ არა სალომესთვის!
_ ეს რა, გაცნობის თბილისური წესია? _ ცივად იკითხა ქალმა და მამაკაცის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა, _ არ ვიცოდი, თუ აქ ნებისმიერი შემხვედრი მამაკაცის მკლავებში ჩავარდნა მომიწევდა.
_ დამნაშავე ვარ, _ ვაკომ ხელები ასწია დანებების ნიშნად, _ იქნებ, სადმე ჩამოვსხდეთ და თქვენი ისტორია მომიყვეთ?
_ რომელი ისტორია გაინტერესებთ? _ თმა გაისწორა სალიმ და ოდნავ წინ გადაუსწრო მამაკაცს.
_ რომელმა არანორმალურმა გადაწყვიტა, თქვენთვის ცხოვრება გაემწარებინა?
ამასობაში თუთის ხის ქვეშ დაჭედებულ მერხს მიუახლოვდნენ და ჩამოსხდნენ.
_ როგორც მახსოვს, თქვენ მითხარით, რომ არ გიჭორავიათ მამიდაჩემთან, _ შეახსენა სალომემ.
ვაკომ მხრები აიჩეჩა.
_ მარინა მოკრძალებული ადამიანია. მას სიტყვაც არ დაცდენია ჩემთან ამაზე. ეს, უბრალოდ, ლოგიკური ვარაუდია, რომელიც თქვენს ქმედებაზეა დაფუძნებული. კრეტინი უნდა იყოს მამაკაცი, თქვენისთანა არაჩვეულებრივი სილამაზის ქალთან ურთიერთობა გაწყვიტოს! არ მესმის, ასეთი რამ როგორ უნდა მოუვიდეს თავში ჭკუათმყოფელ ადამიანს!
სალომეს კვლავ ბრაზი მოერია. კიდევ ერთხელ უნდა ასწავლოს ჭკუა ამ თავხედს, სხვა გზა არ არის.
_ სხვათა შორის, მე მივატოვე ის და არა მან მე, _ ცივად თქვა.
კარგა ხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. ეზოს ამ კუთხეში ხმაური ნაკლებად აღწევდა, ამიტომაც სადღაც შორიდან ისმოდა მუსიკის და სიცილის ხმებიც.
_ ჰო, მართლა, რამდენი წლის ხართ? _ სიჩუმე პირველმა ვაკომ დაარღვია.
«რა უზრდელია», _ გაიფიქრა სალიმ, _ «არ იცის, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან?»
_ ოცდახუთის, _ მაინც უპასუხა, რადგან წლოვანებას არასდროს მალავდა.
_ დიდხანს იყავით გათხოვილი?
_ სამი წელი.
_ რას წარმოადგენდა თქვენი მეუღლე?
სალიმ ღრმად ამოიოხრა.
_ რაში განტერესებთ? ეს თქვენი საქმე არ არის.
_ უბრალოდ, თქვენთვის კარგი მინდა. საკუთარ პრობლემებზე გულწრფელად საუბარი ადამიანს შვებას გვრის. მინდა, დაგეხმაროთ.
ქალმა თვალები დააკვესა.
_ არანაირი პრობლემა მე არ მაწუხებს, გარდა იმისა, რომელიც თქვენი გაცნობის შემდეგ გამიჩნდა. დაჟინებით მისვამთ ისეთ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა არ მსურს.
მსუბუქმა ღიმილმა ვაკოს მკაცრი ნაკვთები შეარბილა. ამწუთას საოცრად უწყინარი ჩანდა.
_ ცუდი ის არის, სალი, რომ თქვენ საკუთარ ტკივილს გულში ინახავთ. საუბარი ყოველთვის იწვევს სულში სიმსუბუქეს. ასე რომ, ნუ მეწინააღმდეგებით. დიდი ხანია, გაშორდით?
_ თითქმის ოთხი თვეა.
_ გამოდის, რომ თქვენი ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია…
სალომემ თავი უსიტყვოდ დაუქნია. შეგნებულად არ შეხედა მამაკაცს, რათა მის გამოხედვაში თანაგრძნობა არ დაენახა. ვერ იტანდა, როცა ვიღაცას ეცოდებოდა.
_ გიყვარდათ მაინც? _ თითქოს შორიდან ჩაესმა ვაკოს ხმა.
_ ეს ძალიან პირადულია, არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
_ მერე რა? სამაგიეროდ, გულს მოიოხებთ. პირობას გაძლევთ, არავის ვეტყვი… არასდროს.
_ ეგ არც მიფიქრია.
_ რატომ? არ მითხრათ ახლა, რომ თვალდახუჭული მენდობით.
_ მე ნამდვილად არ გენდობით, მაგრამ, როგორც ვატყობ, მამიდა გენდობათ. ის კი ისეთი ქალია, ცუდი რომ იყოთ, რეკომენდაციას არ გაგიწევდათ, _ თქვა და ღიმილმა გაუპო ბაგე.
_ უღრმესი მადლობა. ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია, თუმცა, ვფიქრობ, სულ სხვა რამის გამო არ გიფიქრიათ, რომ თქვენს ნაამბობს სხვას არ მოვუყვებოდი.
_ სხვა რამის გამო? რის გამო?
_ მე მამაკაცი ვარ. კაცს კი არ უხდება, როცა ქალების საიდუმლოს სააშკარაოზე გამოიტანს.
_ ბევრი ჭორიკანა მამაკაცი შემხვედრია, სამწუხაროდ.
_ ესე იგი, მაინც მარინას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემზე ასეთი წარმოდგენა არ გაქვთ?
_ ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში… არასდროს, _ მტკიცედ წარმოთქვა სალიმ, ღრმად ამოიოხრა და ფიქრებით თავის მტკივნეულ წარსულს გადაწვდა.
სალომეს განზე ერთხელაც არ გაუხედავს. ეშინოდა, ვაკოსთვის თვალებში შეეხედა, რატომღაც, გაურბოდა მამაკაცის მზერას. ფიქრებით წარსულს გადაწვდა. ის დღე გაახსენდა, როცა თავის კლასელ გოგონებს გამოუცხადა, მხოლოდ მდიდარ კაცს გავყვები ცოლადო. ყოველთვის ხინჯად ჰქონდა გულში, როცა მდიდრულად ჩაცმულ მეგობრებს უყურებდა. ნატრობდა, ნეტავ იმდენი ფული მომცა, მეც შემეძლოს მოდური სამოსის ყიდვაო. არადა, მის ოჯახს ბევრის საშუალება არასდროს ჰქონია. იყო დრო, როცა სხვების გამონაცვალი ეცვა, ნახმარი და ზოგ შემთხვევაში, დალაქულიც კი. კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავდა სიღარიბე. დედა და მამა არაფერს თაკილობდნენ, რომ ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ მაშინ დაისახა მიზნად, მხოლოდ ფულიან მამაკაცზე გათხოვილიყო…
გაგრძელება იქნება