ძლიერი სუსტი ქალი - თავი 3 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 3

2025-06-06 10:25:13+04:00

წინა თავი

დაამძიმა მოგონებებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ შეხვდა ავთოს, რომელიც თავად იყო კომპანიის მფლობელი. მართალია, თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ ხელმოკლეც არ ეთქმოდა. ყოველ შემთხვევაში, სასურველ სასიძოდ ითვლებოდა თანამშრომლებში. სიმპათიური მამაკაცი იყო. ამიტომაც ყველა გასათხოვარი ცდილობდა მისი გულის მოგებას. არც სალი აღმოჩნდა გამონაკლისი. მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მიეპყრო მამაკაცის ყურადღება.

ერთხელაც, მშვენიერი შემთხვევა მიეცა. სამსახურდან გამოსული, ავტოსადგომზე ავთოს გადააწყდა, რომელიც თავის ვერცხლისფერ «მერსედესში» ჯდებოდა.

_ ნახვამდის, _ კეკლუცად გაუღიმა შეფს.

_ რა-ა? ა! ნახვამდის, _ დაბნეულმა მამაკაცმა თვალი გააყოლა მიმავალს.

სალომეს კარგა ხანს ესმოდა ზურგს უკან, როგორ ქოქავდა ავთო ავტომობილს და როგორ უქრებოდა ძრავა. ღიმილი ვერ შეიკავა. როგორც ჩანს, «მერსედესი» მაინც მოაჯადოვა. მოტრიალდა და უფროსისკენ გაემართა.

_ ხომ არ დაგეხმარო რამეში?

ლურჯთვალება დირექტორმა დარცხვენით შეხედა თანამშრომელს. როგორია, კაცი ჭკუაზე არ იყო, ძვირად ღირებული მანქანით თავს აწონებდე ქალებს და უცებ გიღალატოს ამ რკინის ცხენმა! მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და ოდნავ ირონიული ღიმილით გახედა გოგონას.

_ შე-ენ? ქალი რაში უნდა დამეხმაროს?

_ მერე რა, რომ ქალი ვარ? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის არაფერი გამეგება, _ ნიშნის მოგებით უპასუხა სალიმ.

_ შენ რა, სერიოზულად ამბობ ამას?

სალომეს სიცილი აუტყდა.

_ რა თქმა უნდა, გეხუმრე, მაგრამ თუ გინდა, ვინმეს დავუძახებ. ან საჭესთან დავჯდები. მე დავქოქავ, შენ კი შეამოწმე, იქნებ ისეთი არაფერი სჭირს.

_ ა! ეგ კარგი იდეაა. მოდი, მოდი… _ ავთომ ძრავა გამორთო, გადმოვიდა და მანქანას წინიდან შემოუარა.

გვერდით რომ ჩაუარა, სალომეს შემთხვევით მის მკლავზე მოუხვდა მკლავი. იმ წამს თითქოს რაღაც მოხდა… თითქოს არც მოხდა…. არა, რაც მართალია, მართალია! ძალიან სიმპათიური მამაკაცია! ტყუილად კი არ იკვნეტენ გოგოები ტუჩებს, როცა მას უყურებენ! ამისთანა კაცის ხელიდან გაშვება არ ღირს!

ავთომ «მერსედესს» კაპოტი ახადა.

_ აბა, ჩაჯექი და დაქოქე! _ ისე უბრძანა, როგორც უფროსს შეეფერებოდა.

სალომემაც ისე შეასრულა «ბრძანება», როგორც ხელქვეითს შეეფერებოდა. კოხტა მოძრაობით ჩასკუპდა მძღოლის სალონში, ფეხი სატერფულს მიაჭირა და გასაღები გადაატრიალა…

_ ცოტა ხანს აუშვი! _ ბრძანებას ბრძანებაზე იძლეოდა სალომეს სტრატეგიული გატაცების ობიექტი, _ ახლა ისევ დაქოქე!

რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ მანქანა მართლაც დაიქოქა.

_ ვაა! რა მაგარია! შენ რომ არ ყოფილიყავი, მარტო ამას ვერ მოვახერხებდი. დაჯექი, სახლამდე მიგიყვან! ეს მინიმალურია, რაც შენი გულისთვის შემიძლია გავაკეთო.

«მაქსიმალური?» _ საჭირბოროტო კითხვა გულში დასვა სალიმ და პასუხიც თავად გასცა, ასევე გულში _ «ცოლად შერთვა». კმაყოფილმა გაუღიმა სივრცეს და პოტენციური საქმროს გვერდით ამაყად მოკალათდა.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე დღეს ავთო მუმლაძემ მას მდივნის ხელით ყვავილები გამოუგზავნა, რამაც ოფისში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. სალომემ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო, ხლებოდა ბოსს და საჩუქრისთვის მადლობა გადაეხადა. ასეც მოიქცა…

ერთ ამბავს მეორე მოჰყვა. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავის მოწონებაში… გავიდა რამდენიმე დღე და ავთომ პაემანი დაუნიშნა თანამშრომელს _ რომანტიკული ვახშამი რომანტიკულ რესტორანში… ჰოდა, სალის მცდელობამაც გამოიღო შედეგი…

 

 ზუსტად რვა კვირის შემდეგ დაქორწინდნენ. აი, ასე მიაღწია მან თავის საწადელს.

_ სად ხართ, სალი? _ ვაკოს სიღრმისეულმა ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.

_ ჩემს ქმარს ვიხსენებდი და მ დღეს, როცა გავიცანი, _ მშვიდად უპასუხა, _ მაშინ ასე მეგონა, ჩემი ოცნების მამაკაცი ვიპოვე-მეთქი.

_ ერთი ნახვით შეყვარებას ჰქონდა ადგილი? _ «ზესიმპათიურმა» ფეხი ფეხზე გადაიდო და მხრით შეეხო ქალის მხარს.

სალომეს ამ შეხებამ ელეთმელეთი დამართა. კიდევ კარგი, ბნელოდა, თორემ მამაკაცი ადვილად შეატყობდა, როგორ წამოწითლდა სახეზე.

ერთი ნახვით შეყვარება არა, ის!!! გოგონას ავთოს სქელი ჯიბე და საბანკო ანგარიშები უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავად მამაკაცი და მისი მომხიბვლელობა, მაგრამ აბა, ამაში ხომ არ გამოუტყდებოდა ერთი საათის წინ გაცნობილ ადამიანს? ეჰ, სულ ტყუილად არ დაიჯერა ანდაზა «ბედნიერება ფულში არ არისო». მერედა, როგორი ჭეშმარიტება აღმოჩნდა?! უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ რაღა დროსია, ახლა გვიანაა თითზე კბენანი.

_ მაშინ ასე მეგონა, _ სინანულით ჩაილაპარაკა.

_ და თქვენმა «მეგონამ» აღარ იმუშავა? _ გაეცინა ვაკოს.

ესეც ახალი შეკითხვა. რა უპასუხოს? ასე თუ გააგრძელა, ეს კაცი იმდენ რამეს დასტყუებს, ბოლოს სანანებელი გაუხდება. რა უცნაურია… პირველად შეხვდა ადამიანი, რომელიც ასე ძალიან დაინტერესდა მისი პირადი ცხოვრებით. მისთვის ზედმეტი შეკითხვა აქამდე არასდროს არავის დაუსვამს. სალიმ მხრები აიჩეჩა.

_ მას მანია სჭირდა.

_ რისი მანია?

_ ჩემი გაკონტროლების. ეს კიდევ მსუბუქად არის ნათქვამი. ისე მექცეოდა, როგორც თავის პირად ნივთს.

_ ანუ, ეჭვიანი იყო?

_ საშინლად.

_ არადა, შენ სულაც არ გავხარ ისეთ ქალს, რომელიც ვინმეს ნივთად გამოაყენებინებს თავს. არც ისეთებს მიეკუთვნები, რომელთაც უყვართ, როცა აკონტროლებენ, _ ვაკო უეცრად «შენობითზე» გადავიდა და თავდაჭერილად გაიღიმა, _ რატომ აძლევენ ადამიანები თავს უფლებას, განაგონ სხვისი ცხოვრება? არ მესმის, რატომ უზღუდავენ სხვებს თავისუფლებას. არადა, მე პირადად, სწორედ დამოუკიდებლობა მომწონს ქალებში.

_ ყველას ინდივიდულური მიდგომა აქვს. სხვისი განსჯა ადვილია.

_ რა თქმა უნდა, მისიც მესმის. როცა გვერდით ამისთანა ლამაზი ცოლი გყავს, მთლად მშვიდად ვერ იქნები.

_ მას სილამაზის შეგრძნება ნაკლებად ჰქონდა. ცხოვრებაში არ მახსოვს, რამეზე ეთქვას, ლამაზიაო. ერთხელ მამიდამ წაგვიყვანა დმანისში, სიონის შემოგარენის დასათვალიერებლად. ერთხელ არ დასცდენია, რა სილამაზეაო. არადა, მე კინაღამ გავგიჟდი, ისე მომეწონა. მერე აქეთობისას, ქვეშის ციხეზე გამოვიარეთ. არც იმით დარჩენილა აღფრთოვანებული.

_ შენ კი მოგეწონა, არა?

_ მომეწონა? ეს ის სიტყვა არ არის. ასჯერ რომ ვნახო, ასჯერვე აღტაცებული დავრჩები.

ეს კარგის მანიშნებელია. არ იქნებოდა ურიგო, კიდევ ერთხელ ვაკოს წაეყვანა სალომე დმანისში. იქ კიდევ ბევრი რამეა დასათვალიერებელი, მაგალითად, წუღრუღაშენი… მაგრამ… მოისურვებს კი, სალისნაირი სრულყოფილება, მასთან ერთად თუნდაც მცირე ხნით იმოგზაუროს? ახლა კი ზის მის გვერდით მშვიდად, თუმცა მხოლოდ მამიდის ხათრით, თორემ ხვალ შეიძლება გამარჯობაც არ უთხრას…

ცხოვრებაში პირველად, ვაკო ღუდუშაურს თავდაჯერებულობამ უღალატა.

8 8 8

იმ შეხვედრიდან ხუთი დღე გავიდა, მაგრამ სალომეს ვაკოს შესახებ არაფერი გაუგია. ცოტა არ იყოს, განიხიბლა კიდეც, რამ განაპირობა მამაკაცის ასეთი გულცივობა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. რა უნდა ექნა? მამიდას ხომ არ დაუწყებდა გამოკითხვას, სად გადაიკარგა ის შენ მოწონებული კაციო? ისე, მისი ბრალიც იყო. განა არ გამოუცხადა, შენთან შეხვედრის სურვილი სულაც არ მაქვსო? რა ეგონა, ხვეწნა-მუდარას დაუწყებდა და ფეხებში ჩაუვარდებოდა? ეგრე სად ხდება, შუა საუკუნეებში ხომ არ ვცხოვრობთ? რატომ ნანობს ახლა, ასე რომ მოექცა? თვითონ არ გადაწყვიტა მტკიცედ, ცხოვრებაში მამაკაცს სიახლოვეს არ გავიკარებო?

არადა, მარინამაც შეამჩნია, ვაკო რომ აღარ გამოჩნდა.

_ სად დაიკარგა ეს კაცი? _ წამოიწყო საუბარი საღამოს, ვერანდაზე ჩაის რომ სვამდნენ, _ ალბათ ძალიან დაკავებულია. რამდენიმე დღეც დავიცადოთ და თუ არ გამოჩნდა, მერე დავურეკავ და სადილზე დავპატიჟებ.

_ რა საჭიროა თავის ასე გამოდება, მამიდა? ხომ იცი, კაცები აღარ მაინტერესებს, _ მოჩვენებითი გულგრილობით უსაყვედურა სალომემ.

_ შენ გამო არ ვეპატიჟები, საყვარელო, შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ, ადრე ასე არასდროს მოქცეულა, შემომივლიდა ხოლმე, თუ არადა, შემომეხმიანებოდა, დამირეკავდა, მომიკითხავდა. ახლა კი გაქრა. ღმერთმა ქნას, კარგად იყოს და სულ ნუ მოვა, თუ უნდა, _ ხელები გაშალა მარინამ და ირიბად გახედა ძმისშვილს.

იმის გაფიქრებაც კი, რომ ვაკოს შეიძლებოდა კიდევ ერთხელ შეხვედროდა, მოსვენებას უკარგავდა სალომეს. მან კარგა ხანს დაჰყო მის გვერდით, სიბნელეში, თანაც სრულიად მარტომ და მიხვდა, რაღაც უცნაურად სასიამოვნო, შეუცნობელი ტალღა რომ მოდიოდა მისგან. ამან შეაშინა. აღელვებდა ისიც, რომ მამაკაცმა სრულიად ადვილად, მხოლოდ თავისი მომნუსხველი თვალებით, შეძლო შეეღწია მისი სულის სიღრმეში და აეფორიაქებინა იგი. აჯობებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მასთან და უფრო ახლოს არ მოუშვას, თორემ მის მომაჯადოებელ მზერას დიდხანს ვერ გაუძლებს. იცის ეს სალომემ, თანაც როგორ იცის!..

მარინას ლოდინი და ვაკოს დაპატიჟება აღარ დასჭირვებია. მათი საუბრიდან მეორე დღესვე, როცა ქალები სიონის ტაძრიდან დაბრუნდნენ, ავტომოპასუხეზე ღუდუშაურის შეტყობინება დახვდათ.

_ მინდოდა, ხვალ საღამოს ორივე სადმე დამეპატიჟეთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, _ იუწყებოდა ვაკოს ღრმა, გულისმიერი ხმა, _ რვა საათისთვის გამოგივლით. თუ ვერ შეძლებთ, დამირეკეთ.

მამიდა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანდა, მაგრამ სალომემ სწრაფად გაანელა მისი სიხარული.

_ მაპატიე, მაგრამ არ მინდა წასვლა და საერთოდ, არ მხიბლავს აქ ნაცნობების შეძენა. მირჩევნია, ჩემთვის, წყნარად ვიცხოვრო.

მარინამ საჩვენებელი თითი გადააქნია.

_ არ მომწონს, რასაც შენ ამბობ, საყვარელო. მერწმუნე, ვაკო არ გაწყენინებს… არასდროს.

_ ეს რა შუაშია? არც მიფიქრია… რატომ უნდა მაწყენინოს? ამიტომ კი არ ვამბობ უარს…

_ აბა, სხვა რა მიზეზი გაქვს? რა, მონაზონივით გადაწყვიტე ცხოვრება? ასე როგორ შეიძლება?

_ ახლა ამ ხასიათზე ვარ, მამიდა, ძალიან გთხოვ, ნუ დამაძალებ, _ მტკიცე ხმით წარმოთქვა სალიმ.

შეიძლება აწყენინოს, შეიძლება _ არც… მაგრამ რატომ უნდა წავიდეს რისკზე? არ ეყო, რაც დაემართა? კიდევ ერთხელ რომ გაუცრუვდეს იმედი, ვეღარ გადაიტანს. თანაც, ის ნაქმარევია, ვაკო კი… რაში სჭირდება ვიღაცის ყოფილი ცოლი? გასათხოვარი ქალების მეტი რა არის? რაღა სალომეზე ამოუვა მზე და მთვარე?

 

 _ ხომ იცი, რომ მაინც არ მოგეშვები. ტყუილად უარობ, სალი, ის ცუდი ადამიანი არ არის. თანაც, განა აუცილებელია, მაინცდამაინც რაღაც ქვეტექსტები ეძებო მის შემოთავაზებაში? უბრალოდ, იმეგობრებთ, მეტი არაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ორიოდე წუთის წინ შეხვედრის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მოულოდნელად დათანხმდა.

_ კარგი, როგორც გინდა. ბოლოს და ბოლოს, ერთი შეხვედრით არაფერი გაფუჭდება.

_ რა უნდა გაფუჭდეს, სიხარულო, რა სისულელეს ამბობ! აი, შენ თვითონ ნახავ, როგორი კმაყოფილი დაბრუნდები.

_ რა ვიცი, რა ვიცი…

_ შეგიძლია უკეთ გაიცნო იგი, _ მარინა კმაყოფილი ღიმილით არწმუნებდა ძმისშვილს, _ ოცი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, მე თვითონ გავყვებოდი ცოლად, შენ კი არ შეგეხვეწებოდი.

_ რა შუაშია ცოლად გაყოლა! კარგი რა, მამიდა! _ უკმეხად გამოუვიდა სალის.

მარინამ შემრიგებლურად გუღიმა.

_ მინდოდა მიმენიშნებინა, რომ ის კაცი მომგებიანი პარტიაა შენთვის.

_ მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი მამაკაცი დავივიწყო და არა იმისთვის, მეორის ანკესს წამოვეგო! _ გააპროტესტა გოგონამ.

აშკარად ჯავრობდა მამიდაზე, მის გარეშე რომ წყვეტდა სალის ბედ-იღბალს. მერე რა, რომ ასეთი თვალშისაცემი გარეგნობისაა? არც ისეთი «დედა რა ვნახეა», ქალი გადაირიოს! თანაც, რა დროს სხვა მამაკაცზე ფიქრია, როცა ჯერ წესიერად არც კი გაცილებია ქმარს?

ასე კი ფიქრობდა, მაგრამ მეორე საღამოს, ვაკო რომ გამოჩნდა, საოცრად კარგ ფორმაში და გონის დაკარგვამდე მომხიბვლელი, სალომემ ვეღარ შეძლო თავის გულთან გამკლავება, რომელიც იდუმალად და გახშირებულად აუჩქროლდა. გონება უკიჟინებდა, გულგრილობა შეენარჩუნებინა და ყოველი ნაბიჯი აეწონ-დაეწონა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა _ მამაკაცი მასზე ძლიერად მოქმედებდა… მისი გამოხედვა და ღიმილი მისდა უნებურად აღაგზნებდა.

მერე რა? ეს არაფერს ნიშნავს, _ თავის თავს აიმედებდა სალი, _ პირველ თვეებში ავთოც კი აღელვებდა და სერიოზულადაც ფიქრობდა, რომ უყვარდა იგი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. როცა აღმოაჩინა, რა ხილიც იყო მისი უკვე ქმრად მოვლენილი «რჩეული», მწარედ ინანა, რომ მისთხოვდა. ავთო ახშობდა მის გრძნობებს, სულს უხუთავდა, ყველანაირად იყენებდა. აიძულებდა, ცოლქმრული მოვალეობა შეესრულებინა იქ და იმ დროს, სადაც და როცა ქმარს მოესურვებოდა. სულაც არ აინტერესებდა, იყო თუ არა სალომე ამაზე თანახმა. რა გარანტია აქვს, რომ ვაკოც მისნაირი არ აღმოჩნდება? რატომ უნდა წავიდეს ამხელა რისკზე? სანამ დაქორწინებამდე მივა საქმე, ყველას შეუძლია თავი მამა აბრამის ბატკნად მოგაჩვენოს!

_ მზად ხართ? _ ვაკომ მაცდური ღიმილი მიმოფანტა ოთახში და ქალებს გადახედა.

სალომეს ღია ცისფერი კაბა ეცვა, სხეულზე მოტმასნილი და ისე ვნებიანად გამოიყურებოდა, გულგრილად ვერავინ აუვლიდა გვერდს. აბრეშუმივით რბილი თმა კეფაზე ბუჩქად დაემაგრებინა. პატარა, ლამაზ ბიბილოებს ოქროსფერი, გრძელი საყურე უმშვენებდა, ყელს კი ოქროსფერივე წვრილი ჯაჭვი, ფოთლის ფორმის გულსაკიდით.

მკვეთრი მაკიაჟი არ უყვარდა, ყოვედღიურად მხოლოდ პომადას ისვამდა და წამწამებს იტუშავდა. მეტი არც არაფერი სჭირდებოდა, ისედაც კალმით დახატულს ჰგავდა.

ვაკოს დანისლულმა თვალებმა გამოპრანჭული სალომე თავიდან ფეხამდე შეამოწმ-შეათვალიერა.

_ თავბრუდამხვევად გამოიყურები, _ არც თუ ხმამაღლა წარმოთქვა.

სალომემ ნერწყვი ძლივს გადააგორა და შეეცადა, უშფოთველი გამომეტყველება მიეღო.

_ ეს ძველისძველი კაბაა, უკვე რამდენი წელია, მაცვია, _ თითქოს თავი იმართლა.

_ რა მნიშვნელობა აქვს. როგორც უნდა იყოს, ეს ფერი ძალიან გიხდება.

_ მეც მაგას არ ვეუბნები? შეხედე, როგრ აკვდება ტანზე, _ ჩაერთო ლაპარაკში მარინა, _ ვენაცვალე, ძალიან ლამაზი გოგო მყავს.

_ შენ ასე აპირებ წამოსვლას? _ ღაწვებშეფაკლულმა სალიმ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და კოპებშეკრული მიაჩერდა მამიდას.

_ მე ვერ მოვდივარ, სიხარულო. სამწუხაროდ, უჩემოდ მოგიწევთ წასვლა. წნევა მაქვს მაღალი, წამალი თუ არ დავლიე, შეიძლება წავიქცე.

_ რას ამბობ! უშენოდ არსად არ წავალ! _ სალიმ აღშფოთება ვერ დამალა.

_ ამ ერთხელ მაპატიე, ჩემო გოგონა, არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ რა ვქნა, შეუძლოდ ვგრძნობ თავს. შენც ხომ არ გინდა, ცუდად გავხდე და საღამო ჩაგიშხამო?

გაგრძელება იქნება