"25 წლის შემდეგ გავაკეთე პირველად ჩემი სოლოკონცერტი. აბა, მანამდე სულ ხელს მიშლიდნენ, სულ შავ სიაში შესული მომღერალი ვიყავი. არასდროს მპატიობდნენ არც ნიჭს და არც სამშობლოს სიყვარულს, საბედნიეროდ, გავარღვიე ამდენი ბოროტებისგან შექმნილი ჯებირი…
არავის ეგონა, რომ მე შევძლებდი ამდენ ხანს დგომას და სიმღერას, თან, ხარისხის დადებას. ძალიან ბევრი ჩასაფრებული პოზიციიდანაც იყო კონცერტზე, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, მათი იმედები არ გამართლდა… როცა სცენაზე ვდგავარ, არაფერი მახსოვს სიმღერისა და შემოქმედების გარდა…“ - თქვა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.
ეკა კვალიაშვილმა ცოტა ხნის წინ, 23 მაისს სოლო-კონცერტი გამართა, რომელშიც მონაწილეობას მისი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი და ნატო გელაშვილის ვაჟი, მომღერალი ლუკა ჭოხონელიძეც იღებდნენ. კონცერტამდე ეკა კვალიაშვილმა თქვა, რომ მსმენელი მას ახალ, კომპოზიტორის ამპლუაში გაიცნობდა. საღამოზე მან მამიდის, ცნობილი კომპოზიტორის, მარიკა კვალიაშვილის რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
ამ მნიშვნელოვან დღეს ვრცელი პოსტი მიუძღვნა ნუკა კვალიაშვილმაც:
"პირველ რიგში, უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ ადამიანს, ვინც მუშაობდა თავდაუზოგავად საღამოს ჩასატარებლად, მუსიკოსებით დაწყებული, წამყვანით, მომღერლებით, მუსიკალური ხელმძღვანელობით, ორგანიზატორით დამთავრებული. ასევე ზე უღრმესი მადლობა, ვინც დაესწრო დედას საიუბილეო კონცერტს და დაგვაფასა. პარალელურად, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მომწერა ან დამირეკა და გამიზიარა საოცარი ემოციები, საოცარი საღამო გამოვიდა, სიყვარულითა და დაფასებით სავსე, როგორც კი დაიდება სრული კონცერტი, აუცილებლად გაგიზიარებთ მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ მოახერხა დასწრება", - წერდა ნუკა.
"ჩემს კონცერტს ვუძღვნი სიყვარულს და ჩემს ქვეყანას, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას", - თქვა ეკა კვალიაშვილმა.
ქერათმიანი, მომხიბვლელი ეკა კვალიაშვილი ქართულ სცენაზე წლების წინ გამოჩნდა. 1990-იანების თაობამ მისი სიმღერები ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.
- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რა როლი შეასრულა ამაში ოჯახმა - დედამ, მამამ და მამიდამ - ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა?
- მუსიკისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული ბავშვობის წლებიდან მოდის. ჩემს ახლობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თავიდანვე მომღერლად დავიბადე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "ხელოვნების სავანე" და ამ სავანეში ჩემზე ყველა ზრუნავდა. მშობლების თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკში უკვე სრულფასოვნად ვლაპარაკობდი და ვმღეროდი. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი, რჩეული სიმღერები მქონდა, რომელსაც სულ ვმღეროდი და ეს სიმღერები საკმაოდ სერიოზული, არაბავშვური იყო. ოჯახმა მუსიკისადმი ჩემი მიდრეკილება შენიშნა და საქმეში მამიდა - მარიკა კვალიაშვილი ჩაერთო, მას დედაჩემმაც მხარი აუბა და ტელევიზიაში მიმიყვანეს.
- სცენაზე პირველი გამოსვლა როგორ გახსენდებათ?
- ის დღე ძალიან ტკბილად მახსენდება: საბავშვო გადაცემაში გამოვედი და მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შევასრულე. მახსოვს, იმ გადაცემას გენიალური ტელეწამყვანი - ჯულიეტა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ასე შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. 3 წლის შემდეგ ისევ მივედი სატელევიზიო გადაცემაში და ისევ მამიდას სიმღერა შევასრულე. ამის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ სრულყოფილი მუსიკალური განათლება მიმეღო: ჯერ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით, ამის შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, სიმღერა არასდროს შემიწყვეტია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად იყვნენ ჩართული.