"ისევ დავფრინავ! წინ დიდი თავგადასავალია" - მაია ასათიანის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება - Marao

"ისევ დავფრინავ! წინ დიდი თავგადასავალია" - მაია ასათიანის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება

2025-06-06 15:22:38+04:00

"16 წლის ვიყავი, როცა ჩემზე პირველი რეპორტაჟი გააკეთეს, როგორც ნიჭიერ ბავშვზე, რომელსაც ამ ასაკში გადაცემა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა. უბედნიერესი ვიყავი, ყველას ვუყვებოდი, ქუჩაში კი არ დავდიოდი, დავფრინავდი, წლები გავიდა და მივეჩვიე… რუტინის ნაწილი გახდა.

დღეს ის საოცარი განცდა განმიმეორდა, ისევ დავფრინავ! ჩემი პატარა M110 BMG-იმ გადაიღო. ისევ 16-ის ვარ და ვგრძნობ, რომ წინ დიდი თავგადასავალია“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში. 

  • "მთავარია მიზანი დაისახო და შრომა არ დაგეზაროს" - მაია ასათიანის საოცარი ტრანსფორმაცია 

ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა თავის მოვლის საკუთარი ბრენდი, სახელწოდებით M110 შექმნა. ბრენდი აერთიანებს კანის მოვლის საშუალებებს და ამის შესახებ ვიდეოებსა და რჩევებს თავად მაიაც ხშირად აზიარებს. 

"ბოლო წლების მანძილზე, სულ მინდოდა, ასე, Jlo -სავით დავმჯდარიყავი და წინ ჩემი თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება დამეწყო... თუ ბევრს შრომობ და მიზნისკენ სწორად მიდიხარ, ოცნებები ხდება!" - წერდა ის ცოტა ხნის წინ. მაია ასათიანის ოცნება მართლაც ახდა და ახლა ის სულ სხვა სფეროში, თუმცა ასევე წარმატებით იკვლევს გზას. 

ASATIANI_MAIA

მაია ასათიანის განვლილი გზა

მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.

  • ძველი თაობის 8 გამორჩეული ტელეწამყვანი 

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. 

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • „7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის" - მაია ასათიანი 

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:

"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები".