"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს" - დაწერა სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ.
ნუცამ ნიშნობიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს მისი ოცნების ბეჭედი იყო:
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობის ბეჭდის არაერთი ფოტო გაგვიზიარა. ბეჭედი ძალიან ჰგავს ცნობილი ბრენდის, Tiffany & Co. ნიშნობის ბეჭდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს - Tiffany Solest. ბეჭდის ღირებულება, დაახლოებით,19 000-დან 30 000 დოლარამდეა.
"დაუჯერებელია, რა რაოდენობის სიყვარული და მოლოცვა მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა, ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ", - წერს მომღერალი.
"დარენი პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა , როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი ირწმუნა, როცა ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარი, რომელიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული ხდებოდა.
ჩვენი კავშირი თავიდანვე რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად...
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ მხოლოდ პროფესიული სიყვარული არ იყო. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო და ეს ნამდვილი იყო!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე, ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა... და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ სავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ", - დაწერა ნუცა ბუზალაძემ.
დარენ პრინცი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში. უკვე 14 წლის ასაკში წამოიწყო ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა Prince Marketing Group – ბუტიკური ტიპის სააგენტო, რომელმაც 500 მილიონ დოლარზე მეტი გარიგება განახორციელა.
დარენი იყო აგენტი ისეთი ვარსკვლავებისა და სპორტსმენებისთვის, როგორებიც არიან: Magic Johnson, Larry Bird, Muhammad Ali, Joe Frazier, Hulk Hogan, Dennis Rodman, Charlie Sheen, Chevy Chase, Ric Flair და სხვები. მისი სააგენტო უზრუნველყოფს ხელშეკრულების საკითხებს, რეკლამებს, საჯარო გამოსვლებს და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებთან. გამოჩნდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა: Wall Street Journal, New York Times, USA Today, CNN, Fox & Friends, Dr. Oz და ჯეი შეტის პოდკასტში On Purpose.
როგორც ცნობილია, დარენი აქტიურად არის ჩართული დამოკიდებულებასთან ბრძოლაში. მას პირველად ოპიოიდებთან შეხება ჰქონდა 14 წლის ასაკში საზაფხულო ბანაკში. მიუხედავად კარიერული წარმატებისა, დამოკიდებულებამ 24 წელი გასტანა. მას ჰქონდა თითქმის ფატალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, რის შემდეგაც, 2008 წლიდან უარი თქვა ყოველგვარ ნივთიერებაზე და დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა ამ გზაზე სხვებსაც დახმარებოდა.
2018 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი:Aiming High: How a Prominent Sports and Celebrity Agent Hit Bottom at the Top (შესავალი დაწერა Magic Johnson-მა). წიგნი აღწერს მის კარიერულ აღმავლობას, დამოკიდებულებას, გადარჩენას და ცხოვრების ტრანსფორმაციას. ეს წიგნი გახდა საერთაშორისო ბესტსელერი და დღეს დარენი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, როგორც სპიკერი – საუბრობს დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასების ამაღლებაზე.
დარენმა დააარსა Aiming High Foundation – საქველმოქმედო ფონდი, სადაც შემოსული თანხის 100% ირიცხება დამოკიდებულების სამკურნალო დახმარებაზე. თანამშრომლობს Banyan Treatment Center-თან და არის Bridge Therapeutics-ის მრჩეველთა საბჭოში – ეს უკანასკნელი მუშაობს ოპიოიდური დეტოქსიკაციის ახალ პრეპარატზე, რომელიც FDA-ს დამტკიცებას ელოდება. ასევე თანამშრომლობს სკოლებთან, კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და მთავრობებთანაც კი – მათ შორის ოპიოიდური კრიზისის სამუშაო ჯგუფებთან.
"როგორც ამბობენ, „ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ“. ნუცას 2 წლის წინ, როგორც American Idol-ის ფინალისტს, ისე შევხვდი და დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ღვთის სიყვარულით, სულიერი ცხოვრების წესით და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადავწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა კარიერის გასაგრძელებლად, არცერთ ჩვენგანს არ წარმოედგინა ის, რაც ახლა გვაქვს.
ჩვენ ერთად დავიწყეთ ზრუნვა ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე და სწორედ ამ დროს გაჩნდა ჩვენ შორის სიყვარული. შენ უზარმაზარი გული გაქვს, შრომის საოცარი დისციპლინა, ხარ ერთგული და ბედნიერი. შენი გადამდები ენერგიით ყველა ოთხას ანათებ, სადაც შედიხარ. შენ მაიძულებ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე და ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო შენ გვერდით. მადლობა, რომ თქვი "დიახ". მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი კულტურით. ახლა ვიცი, რომ ცხოვრება ნამდვილად იძენს აზრს და რაც შენთვისაა შექმნილი, ის გზას აუცილებლად პოულობს. მიყვარხარ", - დაწერა დარენ პრიცმა საკუთარ გვერდზე და ნუცა ბუზალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.