_ შენმა თვალებმა მითხრა, საკუთარმა გამოხედვამ გაგყიდა. იცი? ყველა კაცი ერთნაირი არ არის, თუმცა შენმა მეუღლემ, ცოტა არ იყოს, მეც კი გამაოგნა. ძალიან მინდა დაგიმტკიცო, რომ კარგი მამაკაცებიც არსებობენ ამქვეყნად.
_ ალბათ არსებობენ, უბრალოდ, მე არასდროს შემხვედრია ასეთი, _ ღიმილით დაეთანხმა სალი.
_ ერთი წინადადება მაქვს. ხვალ გამოგივლი და ბაზალეთის ტბაზე წავიდეთ. იქ არაჩვეულებრივი ბუნებაა, მოგეწონება.
სალომე უარის თქმას აპირებდა, რადგან ჯერ ისე არ იყო ვაკოსთან დაახლოებული, რომ ამდენი დრო გაეტარებინა მის გვერდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დათანხმდა.
_ სიამოვნებით.
ტბა, ზღვა და მდინარე იმდენად უყვარდა, ვაკო კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, ცდუნებას წინ ვერასდროს აღუდგებოდა.
მამაკაცმა იდუმალად ჩაიღიმა, რამაც გოგონას გული აუჩქროლა. როგორ უხდებოდა ღიმილი, მოღიმარი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. კიდევ უფრო სიმპათიური ჩანდა და კიდევ უფრო… სასურველი. რა ჯანდაბა ეტაკა ამ საღამოს? მის ყოველ შემოხედვაზე ჟრუანტელი უვლის. ვაითუ, შეუყვარდეს?! არა, ეს გამორიცხულია. რა დროს კაცებზე ფიქრია, ცხოვრება თავზე ენგრევა! გარდა ამისა, არც ისეთი განსაკუთრებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მერე რა, რომ მაღალია და სიმპათიური? სიმაღლე და სილამაზე არც ალვის ხეს აკლია, როგორც მარინა მამიდა იტყოდა, მაგრამ რისი მაქნისია? მის ტოტებს საჩრდილობლადაც ვერ გამოიყენებს ადამიანი. ჰოდა, ეგრე!..
ძალიან კი უნდოდა, ეს «ჭეშმარიტება» ერწმუნა სალის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ვაკო ღუდუშაური მართლაც რომ მომნუსხველი მამაკაცი იყო, თითქოს ასხივებდა თავის მომხიბვლელობას. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მთავარი. ასეთი მამაკაცების უმრავლესობა თავიანთ გარეგნობას ღვთის საჩუქრად მიიჩნევენ და ისე მოაქვთ თავი, თითქოს მათზე უკეთესი ქვეყნად სხვა არავინ იყოს და ყოველთვის ქალისგან ელიან პირველ ნაბიჯს. დარწმუნებულნი არან, რომ ნებისმიერი ქალის შეცდენას შეძლებენ, თანაც ადვილად. ვაკო ამ მხრივ მართლაც რომ გამორჩეული იყო. ის სულაც არ ცდილობდა, შთაბეჭდილება მოეხდინა სალიზე. არ ტრაბახობდა, თავის გამორჩეულ თვისებებზე არ ლაპარაკობდა, თავს არ იქებდა… თუმცა კი მომთხოვნი ჩანდა, თითქოს მბრძანებლობდა სხვებზე. იცოდა, როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. მან უკვე აჩვენა ეს, როცა სალომეს მეგობრობა შესთავაზა. ხომ ადვილად დაითანხმა? ჰო, რა თქმა უნდა, სალი არც კი შეყოყმანებულა. ამასთან, არც ტაქტი აკლდა. კარგად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალთან. ჯენტლმენიც იყო, ამას ვერ დაუკარგავდით. ფაქიზად ეკიდებოდა ქალის გრძნობებს, ცდილობდა, თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯით არ გაენაწყენებინა მანდილოსანი. ამას სალომე არა მარტო მამიდის რეკომენდაციით, არამედ საკუთარი ინტუიციითაც გრძნობდა.
8 8 8
საღამოს ბოლოს სალომე უკვე აღარ იყო დაძაბული, ნერვიულობისგან თანდათან გათავისუფლდა და მოეშვა. ვაკომ სახლამდე მაიცილა და შეპირდა, ხვალ დილით, ცხრა საათზე გამოგივლიო. გამომშვიდობების ნიშნად ქალმა ხელი გაუწოდა მამაკაცს, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მხოლოდ ხელის ჩამორთმევას არ დასჯერდებოდა და აუცილებლად აკოცებდა. მოლოდინი იმდენა ძლიერი იყო და ალბათ სურვილიც, რომ გოგონას გულმა ბაგაბუგი აუტეხა, როცა ვაკომ მისკენ გამოიწია, მაგრამ… ახალმა მეგობარმა მხოლოდ ლოყაზე უჩქმიტა… მსუბუქად, მსუბუქად…
_ საღამომ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, _ თქვა მან სულში ჩამძვრომი ხმით, _ ვიმედოვნებ, შენც…
დამორცხვებუმა გოგონამ თავი დააქნია.
_ ჰო, მეც…
_ მოუთმენლად დაველოდები ხვალინდელ დღეს.
_ მეც… ძალიან კარგი ადამიანი ხარ… მაგრამ… იცი, რა? სულაც არ ხარ ვალდებული, ჩემს გასართობად ამდენი დრო დახარჯო.
_ ჩემი სურვილის საწინაამდეგოდ ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი, დამიჯერე, _ უპასუხა ვაკომ და თვალი თვალში გაუყარა.
მისი მზერა ჰიპნოზივით მოქმედებდა სალომეზე. ეს ულამაზესი დანისლული თვალები თითქოს მისი სულის სიღრმეში აღწევდა. სასიამოვნო ტალღამ სხეული გაუთბო. სანამ რამე მომხდარა, აჯობებს, შინ შევიდეს, თორემ ბევრი რამ გაუხდება სანანებელი. ათრთოლებულმა ძლივს გადაატრიალა გასაღები.
_ ღამე მშვიდობისა, ვაკო… და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა…
მარინას არ ეძინა. სალომე ამას არ მოელოდა. ეგონა, მამიდა შეკითხვებს დააყრიდა, საღამო როგორ გაატარეთო, მაგრამ, ამის მაგივრად, ქალმა ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა.
_ ეს წუთია, შენმა დედინაცვალმა დარეკა.
_ ხომ მშვიდობაა? ავად ხომ არ გახდა? ალბათ ნაწყენია, რომ არ ვინახულე, არა?
_ მშვიდობაა, კი, _ დაამშვიდა მამიდამ, _ უბრალოდ, ავთოს დაურეკავს მასთან და…
_ ავთოს? _ სალომეს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, _ რა ჯანდაბა უნდოდა?
_ შენზე უკითხავს, დაბრუნებას როდის აპირებსო. როგორც ჩანს, შერიგება უნდა.
_ რა-ა?! _ თვალები რისხვით აენთო, _ შერიგება? მოხარშული წაბლი არ უნდა? არასდროს! ეგ არ მოხდება, მამი, შენ მაინც ხომ იცი, რომ არ მოხდება! იმედია, მედეამ გააგზავნა ერთ ადგილას… ხომ არ დავურეკო?
_ ვუთხარი, ხვალ დაგირეკავს-მეთქი.
_ მაგრამ ხვალ დილით ვაკოს უნდა შევხვდე, ბაზალეთზე მივდივართ და როდის დავბრუნდებით, არ ვიცი, _ გაახსენდა გოგონას.
მარინას ღიმილმა გაუნათა სახე.
_ ძალიან საყვარელი ბიჭია, არა?
_ ჰო, საყვარელია, _ დაეთანხმა სალი, _ მაგრამ ძალიან გთხოვ, მამიდა, ნუ იქნები ილუზიების ტყვეობაში. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და მეტი არაფერი. ასე გადავწყვიტეთ. ამიტომ სხვა ამპლუაში ნუღარ მოიაზრებ მას, გეხვეწები.
მარინამ მრვალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები, მაგრამ არაფერი უთქვამს, შეუმჩნევლად ჩაეღიმა მხოლოდ.
_ მართლა, მართლა, _ სალომემ ხელები გულზე დაიკრიფა, _ სულ ცოტა ხანში თავადაც დარწმუნდები ამაში.
_ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე რა… როგორც გაგიხარდებათ, ისე მოიქეცით. მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ვაკო არაჩვეულებრივი ადამიანია.
_ მჯერა, მეც მომწონს, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად. წავალ, დავწვები, ძალიან დავიღალე, _ თქვა გოგონამ და ტანსაცმლის გახდას შეუდგა.
_ წადი, შვილო, წადი.
სალომემ ღიმილით გახედა მამიდას, ხალათი მოიცვა და აბაზანაში შეიკეტა…
იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს, ვაკოსთან გატარებულ საღამოზე ფიქრობდა… რამდენი ხანია, ასე კარგად არ უგრძნია თავი. რა არის, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერება? სიყვარული? მაგრამ სიყვარულს ვისთვის მოუტანია ბედნიერება? არავისთვის… არასდროს… პირიქით… სიყვარული კაეშანი და ღელვაა, ორთარძოლა, უძილო ღამეები… როცა შეკითხებით თავს იწამებ, სწორად იქცევი თუ არა. ეს აგონია უფროა, ვიდრე სიამოვნება. რა მოიგო, როცა ერთის შეყვარება სცადა? ტკივილი და მარტოობა, სხვა არაფერი. ამიტომაც ჯობია, ოცნების კოშკების აგებას არ შეუდგეს. ილუზიებით ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი რეალობად გადაქცევა. ეს არის ჭეშმარიტება…
თვითონაც არ იცოდა სალომემ, რატომ გამოიპრანჭა ასე საგანგებოდ. იმდენად გამომწვევად გამოიყურებოდა, ძალაუნებურად გაგექცეოდა თვალი მისი სხეულისკენ. მოკლე კაბა ეცვა, ღრმად გულამოჭრილი. ვიწრო სამოსი მის მრგვალ თეძოებსა და გრძელ ფეხებს კიდევ უფრო სექსუალურს აჩენდა. მანქანაში რომ ჩაჯდა, ვაკომ შეუმჩნევლად გააპარა თვალი მისი მაღალი მკერდისკენ.
_ იცი? წუხელ ბევრი ვიფიქრე და… გადავიფიქრე, _ თქვა მოულოდნელად სალიმ.
_ გადაიფიქრე? როგორც გენებოს… მაშინ შენ მითხარი, როგორ მოვიქცე.
_ ცოტა უფრო ახლო მანძილზე რომ გაგვესეირნა, არ შეიძლება?
_ შეიძლება, მაგრამ მაშინ მარშრუტს მე ავირჩევ.
_ კარგი, თანახმა ვარ.
_ მანგლისში ავიდეთ, არც იქ არის ნაკლები ბუნება.
_ ავიდეთ, _ ადვილად დაეთანხმა გოგონა.
ვაკომ უსიტყვოდ დაძრა ნაცრისფერი ჯიპი და მთელი სისწრაფით გააქანა. «რა ძვირფასი მანქანაა… ნეტავ, თავისია, თუ ითხოვა?» _ გაიფიქრა სალომემ, ფეხი ფეხზე გადაიდო და კაბა მუხლებზე ჩამოიწია.
_ რაღაც სევდიანი მეჩვენები… _ ვაკომ თავი მოაბრუნა და დაკვირვებით შეათვალიერა.
_ მამიდაზე ვფიქრობ…
_ რატომ, ცუდად ხომ არ არის?
_ არა, კარგად არის, მაგრამ მარტო დარჩა და მომეჩვენა, რომ წამოსვლისას მოიწყინა… რატომ არ დაპატიჟე, ის ხომ შენი მეგობარია?
_ რა თქმა უნდა, მეგობარია, თანაც ძალიან კარგი და საყვარელი მეგობარი, მაგრამ მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა ყოფნა. არ მინდა შენ გვერდით გატარებული წუთები სხვას გავუნაწილო. როგორ ფიქრობ, ეს დანაშაულია? _ მრავლისმეტყველი ღიმილი ესროლა მამაკაცმა.
სალომეს განგაშის ზარმა დაჰკრა გონებაში. იქნებ მაინც შეცდა და არ უნდა დაეჯერებინა მისთვის? ვინ იცის, რა აზრები უტრიალებს თავში.
_ როგორც ვატყობ, შენი შემოთავაზება არც ისეთი უანგაროა, პატივცემულო ვაკო, _ გესლიანად აღნიშნა ბოლოს.
მამაკაცს ღიმილი მაშინვე გაუქრა.
_ მაპატიე, ცუდი არაფერი მიგულისხმია. ვიფიქრე, ასე უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს-მეთქი. მამიდაშენთან ვერ იქნებოდი ბოლომდე გახსნილი, ასე არ არის? თუ რამე არ მოგწონს, დავბრუნდეთ… _ ვაკომ სვლა შეანელა.
_ არ ღირს გეგმის შეცვლა, _ მსწრაფლ შეაწყვეტინა გოგონამ… ალბათ იმის შეეშინდა, რომ მასთან განმარტოებულს აუცილებლად მოუწევდა თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. მარინას თანდასწრებით კი ვაკო თავის თავს ზედმეტი კითხვების დასმის უფლებას არ მისცემდა.
_ თუ ასეა, გავაგრძელოთ გზა, სხვა რა დაგვრჩენია, _ გახალისდა ვაკო და კვლავ მოუმატა სიჩქარეს.
რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო მატულობდა სიცივე, მიუხედავად იმისა, რომ მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა.
_ კარგია, რომ გამოიდარა, _ შენიშნა მამაკაცმა.
_ ჰო, მაგრამ მაინც ცივა.
_ უკანა სავარძელზე ჩემი პულოვერი დევს, შეგიძლია ჩაიცვა.
_ გმადლობ, მეც მომაქვს ჟაკეტი, მაგრამ ჯერ არ მინდა. თუ ძალიან შემცივდება, მერე მოვიხურავ, _ იუარა სალიმ.
გოგონა ხარბად ათვალიერებდა გარემოს. აქ მართლაც განსხვავებული ჰაერი იგრძნობოდა.
_ მანგლისში ლამაზი პარკი აქვთ, ცოტა ხნით შევიდეთ და გავიარ-გამოვიაროთ, ყავა დავლიოთ…
_ აქეთ არასდროს ვყოფილვარ.
_ როგორ, წყნეთში ნამყოფი არ ხარ?
_ წყნეთში კი, მაგრამ მანგლისში _ არასდროს.
_ ესე იგი, სიურპრიზი გამომსვლია და ეგ არის!
_ როგორც ჩანს…
სალომე ყოველი წამით ტკბებოდა. უნდოდა, ამის შესახებ ვაკოსთვის ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. მამაკაცი თითქოს ჯიბრზე, სულაც არ იხედებოდა მისკენ. ისეთი გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა, უცხო თვალს დაქირავებული მძღოლი ეგონებოდა…
თუმცა, სალის მხოლოდ ეჩვენებოდა ასე. ვაკო შიგადაშიგ შეუმჩნევლად აპარებდა მზერას გოგონასკენ და მისი ლამაზი მუხლისთავების ყურებით ტკბებოდა. სიამოვნებამოგვრილს მხოლოდ ისღა დარჩებოდა, მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს, რათა ხელები მისკენ არ გაქცეოდა. ამწუთას სალის მაგივრად მის გვერდით სხვა ქალი რომ მჯდარიყო, აუცილებლად ჩაუცურებდა ხელს მუხლისთავებს შუა, მაგრამ სალი სხვა ქალი არ იყო და მას ამას ვერ გაუბედავდა…
სალომეს ყურები დაუგუბდა. «როგორც ჩანს, სიმაღლის გამო წნევამ თამაში დაიწყო», _ გაიფიქრა და ორივე ხელი ყურებზე აიფარა.
_ არა უშავს, მალე გაგივლის, ცოტაც მოითმინე, _ მიუხვდა მამაკაცი და თბილად გაუღიმა.
გოგონას პასუხი არ გაუცია. რატომღაც, ლაპარაკის ხასიათი გაუქრა.
ქვედა მხრიდან მიადგნენ პარკს. გაშლილ მინდორზე ხალხი კანტი-კუნტად ირეოდა. ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ ახლად ამწვანებულ მდელოს.
_ ყავას ხომ დალევ? _ ჰკითხა ვაკომ.
_ დავლევ, ოღონდ სხვა არაფერი მინდა, _ თავი დაუქნია სალიმ.
პატარა კაფეს მიადგნენ, რომელიც ჯიხურს უფრო ჰგავდა, ვიდრე კაფეს. მამაკაცმა ორი უნალექო ყავა შეუკვეთა.
_ ნამცხვარს არ გასინჯავ? თითო ნაჭერი ავიღოთ, _ შესთავაზა მამაკაცმა.
_ არა, გმადლობ, ჯერ არ მშია.
_ როგორც გინდა.
ვერა და ვერ აეწყო საუბარი. სალომე გულში თავის თავს უბრაზდებოდა, რატომ იჩქარა მასთან შეხვედრა. ხომ შეიძლებოდა, ჯერ უფრო ახლოს გაეცნო იგი, უფრო გაშინაურებოდა და მერე გაჰყოლოდა სასეირნოდ. აი, როგორი დისკომფორტი შეექმნათ გასეირნების ნაცვლად. ეს უკეთესია? ვაკო თავაზიანობას კი ინარჩუნებდა, მაგრამ ისეთი მხიარული და მეგობრული ვერ იყო, როგორც წინა საღამოს. აშკარად ეტყობოდა, რომ მასაც გადაედო სალის უხასიათობა. ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა, ვეღარ გაუძლო დაძაბულობას და გაუბედავად წარმოთქვა.
_ შენი წყენინება არ მინდოდა, მაპატიე…
ვაკომ ყავა მოსვა და ამ ხნის განმავლობაში, პირველად ჩახედა გოგონას თვალებში.
_ როცა მე გითხარი, შენთან გატარებული წუთები არ მინდა სხვას გავუნაწილო-მეთქი, ცუდი არაფერი მიგულისხმია, შენ კი დაიბოღმე. ეს მხოლოდ სიტყვის მასალა იყო და მეტი არაფერი. სულაც არ ვაპირებ, რამე ისეთი ჩავიდინო, რაც შენს სურვილს შეეწინააღმდეგება. უკაცრავად, მაგრამ დამავიწყდა, რომ შენ ყველა მამაკაცი საზიზღარი ტირანი გგონია.
გოგონა შეიშმუშნა.
_ ალბათ ყველა არა.
_ მაგრამ შენ არ მაძლევ შანსს, დაგარწმუნო ამაში. თუკი მართლა ასეა საქმე და გიძნელდება ჩემ გვერდით ყოფნა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს მეგობრობას აზრი არა აქვს.
მამაკაცმა ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოთქვა.
_ შენ არასწორად გამიგე, _ თავი იმართლა სალიმ, _ მე, უბრალოდ, ნერვები მაქვს გაფუჭებული იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე. გარდა ამისა, წუხელ ავთოს დაურეკავს ჩემს დედინაცვალთან და… ამან მთლად მომშხამა. უფრო ამის გამო ვარ უხასიათოდ.
_ შენს ყოფილ ქმარს? _ ვაკომ თავი გადახარა და გვერდულად გახედა.
გოგონამ თავი დაუქნია.
_ რა უნდოდა?
_ უნდა, რომ შევურიგდე.
მამაკაცს უცნაურად შეერხა წარბები და სალის ეს არ გამოპარვია.
_ და მერე… შენ?
გოგონამ მსუბუქად აიჩეჩა მხრები.
_ დღეს დილით უნდა დამერეკა ჩემი დედინაცვლისთვის, მაგრამ, გჯერა, რომ დამავიწყდა?
სალი ისე იყო დილიდან აფორიაქებული, მართლა დაავიწყდა მედეასთან დარეკვა. ჯერ იყო და, მთელი ღამე ვაკოზე ფიქრში გაათენა, მერე იმაზე ნერვიულობდა, რა ჩაეცვა, ბოლოს კი, როცა ეს პრობლემაც გადაჭრა, მთელი გულისყური ჭიშკრისკენ ჰქონდა მიმართული, მამაკაცი როდის მოაკითხავდა, რის გამოც ქმარყოფილი და დედინაცვალი საერთოდ გადაავიწყდა.
_ ხდება ხოლმე, ამას ნუ მიიტან გულთან ახლოს. უკან რომ დავბრუნდებით, აუცილებლად შეგახსენებ, რომ დასარეკი გაქვს. შენმა ქმარმა იცის, სადაც ხარ? შესაძლებელია, ჩამოვიდეს?
_ არა მგონია, _ ყოყმანით უპასუხა წარბებაწეულმა, რადგან თავადაც არ იყო ამაში ბოლომდე დარწმუნებული.
_ კი მაგრამ, რისი იმედი აქვს? რა აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება შეურიგდე? თუ ყველაფერი არ გითქვამს ჩემთვის? _ ვაკოს საკმაოდ არასასიამოვნო გაუხდა ტონი.
სალომე მოიღუშა. არ უნდოდა, ავთოზე ელაპარაკა. ვაკოს სულაც არ ეხებოდა მათი ურთიერთობის დეტალები, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა ეპასუხა.
_ სიმართლე გითხრა, მას არ უნდოდა ჩემთან განქორწინება. ვერც კი მიხვდა, რატომ გავშორდი. ის თავის საქციელში ცუდს ვერაფერს ხედავდა.
_ ნამდვილი ბრმები ისინი არიან, ვისაც დანახვა არ სურს, _ ცინიკურად ჩაიცინა მამაკაცმა.
_ აი, ზუსტად მოარტყი! ეგ არის პრობლემა, სხვა კი არაფერი! _ წამოიძახა სალიმ, _ რადგან სუვენირებს მჩუქნიდა და რაღაც სისულელეებზე ხარჯავდა ფულს, რახან კომფორტულ ბინაში მაცხოვრებდა და მისი მეგობრების გართობისთვის არაფერს იშურებდა, მიაჩნდა, რომ მე არაჩვეულებრივი, მაძღარი ცხოვრება მქონდა. ამ დროს თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მეც მსურდა, მეგობრები მყოლოდა, დაქალებთან გამევლო, რაღაც დამოუკიდებლად მეკეთებინა. იმის წარმოდგენაც კი უჭირდა, როგორ შეიძლებოდა, უკმაყოფილო ვყოფილიყავი. არ ესმის, რა მტანჯავდა, რა მაწუხებდა.
_ ვწუხვარ, რომ გუშინდელი საღამო მისმა ზარმა ჩაგიშხამა. არადა, წუხელ ისეთ ხასიათზე დადექი, აშკარად გეტყობოდა, როგორ განიტვირთე, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდი. დღეს კი ისევ ისეთი დაძაბული და შეშინებული ჩანხარ, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს.
სალის მწარედ გაეღიმა.
_ არც მე მეგონა, თუ ასე შეიცვლებოდა სიტუაცია. მისმა ზარმა ზედმეტად იმოქმედა ჩემზე. არადა, მართლა ძალიან ვაფასებ, რასაც ჩემთვის აკეთებ. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ… ასე მოხდა. თუმცა, მე დღევანდელი დღითაც კმაყოფილი ვარ.
მამაკაცმა ამჯერად ცალი წარბი აზიდა.
_ მართლა?
_ რა თქმა უნდა.
_ აბა, მაშინ არც სადილზე მეტყვი უარს, არა?
სალომემ ირგვლივ მიმოიხედა.
_ ჰო, მაგრამ აქ სად უნდა ვისადილოთ?