ნანუკა ჟორჟოლიანი მის გარშემო დატრიალებულ სკანდალს ეხმიანება. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ქართველი ინფლუენსერები და სილამაზის სფეროსთან დაკავშირებული ცნობილი სახეები ერთ-ერთმა სააფთიაქო ქსელმა კორეაში, ცნობილი კორეული ბრენდის მიწვევით წაიყვანა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და განხილვა მოჰყვა. ცნობილი სახეების მიმართ არაერთი კრიტიკული შეფასებაც გაჟღერდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ კრიტიკის და, კონკრეტულად, მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ ვრცელი ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის გვერდზე გამოაქვეყნა: "გპასუხობთ ყველას - ვპასუხობს ყველა კითხვას" - დაწერა მან.
ნანუკა ჟორჟოლიანმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ შეარჩიეს ადამიანები, ვინც ამ მოგზაურობაში უნდა წასულიყო. განმარტა ისიც, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა მისთვის შემოსავლის წყაროა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
პირველ ქორწინებაში ნანუკას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
საბა ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილია, რომელიც მას ერეკლე კოდუასთან ქორწინებაში შეეძინა. ერეკლე და ნანუკა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და იქ უკრაინელ კატალინა დიდაზე იქორწინა, დაშორება ნანუკასთვის რთული აღმოჩნდა, რაზეც ტელეწამყვანმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. განქორწინებას თან ახლდა არაერთი ხმაურიანი ამბავი და კონფლიქტი კოდუას ახალ და ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა დეპრესიისა და რთული დღეების უკან მოტოვება შეძლო და დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამოტივაციო წერილებს სხვა ქალებისთვის ხშირად აქვეყნებს.