ძლიერი სუსტი ქალი - თავი 7 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 7

2025-06-11 11:40:06+04:00

წინა თავი

_ ორი ვარიანტი გვაქვს, _ დაიწყო ჩამოთვლა ვაკომ, _ აქედან რამდენიმე კილომეტრში ერთი პატარა რესტორანია, ჩვენებური კერძებით. სხვათა შორის, ძალიან გემრიელად ამზადებენ ყველაფერს. თუ არადა, მარკეტში შევიაროთ, მშრალი საჭმელი ვიყიდოთ და სადმე ბუნებაში განვმარტოვდეთ.

_ ჩემი აზრით, პიკნიკი ჯობია, _ გათამამდა სალი. ხალხმრავლობა მაინცდამაინც არ იზიდავდა, თანაც, ვაკოსთან სიმყუდროვეში ყოფნა უფრო ხიბლავდა, ვიდრე უცხო, ნასვამი ადამიანების ყაყანის მოსმენა.

_ ესე იგი, უკვე აღარ გეშინია ჩემი? _ ეშმაკურად შეხედა მამაკაცმა.

_ შიშით საერთოდ არავისი მეშინია. უბრალოდ, მამაკაცებს არ ვენდობი, თუმცა, ისიც მესმის, რომ ყველა ერთნაირი არ არის. ასე რომ…

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ყავა მშვენიერია, მაგრამ ცარიელ კუჭს საკვები სჭირდება. ხომ მეთანხმები?

_ გეთანხმები.

_ მაშინ გავუდგეთ გზას, _ სახე გაუნათდა ვაკოს, აშკარად უკეთეს ხასიათზე დადგა.

მარკეტში შეიარეს, ყველი, პური, ძეხვი, კიტრის მარინადი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო, მანგოს წვენი იყიდეს და პარკის გვერდით მდებარე ხეივანში, პირდაპირ მინდორზე დასხდნენ. როგორც ჩანს, ვაკო მომზადებული წამოვიდა, რადგან მანქანიდან პლედი გადმოიღო და ძირს დააფინა, ხოლო შავი, სქელი პულოვერი მხრებზე შემოახვია სალის.

_ რა სიმდიდრეა… აქ იმდენი რამეა, ორს კი არა, ხუთ ადამიანსაც ეყოფა, ძალიან მანებივრებ, ვაკო, _ გადაიკისკისა გოგონამ და სახედახელო სუფრის გაშლას შეუდგა.

_ ეგ რა არის! შენ რომ ჩემი ცოლი იყო, განებივრება მერე გენახა! არასდროს არაფერს მოგაკლებდი! და არც არასდროს მოგექცეოდი ისე, როგორც ჩემს საკუთრებას.

მზერა, რომლითაც მამაკაცმა ქალს გახედა, ერთდროულად სერიოზულიც იყო და მგრძნობიარეც. სალის ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. ამ მზერას რომ გაქცეოდა, ღვინით სავსე ჭიქა სასწრაფოდ მიიტანა პირთან და სულმოთქმელად დაცალა. მამაკაცმა არ შეიმჩნია მისი საქციელი, ვითომ უდარდელად შეუვსო ცარიელი ჭიქა, ყველი და პური გადაუღო და კიტრის მარინადის ქილის გახსნას შეუდგა. ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, რაც კიდევ უფრო იდილიურს ხდიდა მათ ერთად ყოფნას.

_ მაშასადამე, როგორც მივხვდი, მასთან დაბრუნებას არ აპირებ, არა? _ მოულოდნელი შეკითხვა დასვა ვაკომ.

_ ღმერთო ჩემო, არა! _ წამოიყვირა სალიმ, _ ამის გაფიქრებაც კი მზარავს.

_ იცი? ხანდახან, ისეთი ტიპის მამაკაცები, როგორიც შენი ქმარია, ქალებზე ადვილად მბრძანებლობენ, ეხერხებათ ცოლების მართვა. ბევრს უჭირს, წინ აღუდგეს ასეთ სიმკაცრეს…

_ ვიცი, მაგრამ მე არ მიჭირს. ავთოსთან დაშორება ყველაზე საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მას არასდროს დავუბრუნდები, _ გადაჭრით უპასუხა გოგონამ და თავმოხდილი ქილიდან კიტრის პიკული ამოიღო…

8 8 8

გემრიელად ისადილეს. სალის ლოყები აუფორაჯდა ღვინისგან, შემსუბუქდა კიდეც და ლაპარაკის საღერღელიც აეშალა. შუადღე გადასული იყო, როცა სუფრა აშალეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ჭიქა დალია, გოგონას მაინც ციოდა, ხელები და ფეხები მთლად გაეყინა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ დაუჩივლია.

უკანა გზაზე ვაკომ დაბალ ხმაზე ჩართო მაგნიტოფონი. ერთხანს ჩუმად მოდიოდნენ, მუსიკას უსმენდნენ მხოლოდ. სალის ავთოზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. არ უნდოდა, ყოფილი ქმარი გაეხსენებინა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ყველაფერში წუხანდელი ზარი იყო დამნაშავე. არა, არა, სანამ მედეას არ დაურეკავს და არ გაარკვევს, რა ჯანდაბა უნდოდა ავთოს, იქამდე ვერ მოისვენებს.

ის იყო, წყნეთში შევიდნენ, რომ მანქანის ძრავამ დაიგრუხუნა და ჩაქრა. მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა დაქოქვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ვაკომ ერთი გემრიელად შეიკურთხა, გადავიდა და მანქანას კაპოტი ახადა. კარგა ხანს უჩხიკინა რაღაცას, მერე კვლავ სცადა დაქოქვა… როგორც იქნა, მოახერხა.

_ რა ჭირდა? _ დაინტერესდა სალი.

_ საწვავის ამოქაჩვა უჭირს რატომღაც. ასეთი რამ არასდროს დამართია. მოგვიწევს გაჩერება და შემოწმება. აჯობებს, თავი დავიზღვიოთ, თორემ შეიძლება თბილისამდე ვერც ჩავაღწიოთ.

_ მაგრამ აქ მხოლოდ სახლებია ირგვლივ. სად უნდა შეაკეთო? _ შეშინდა სალი.

_ რა პრობლემაა. აქედან ჩემი სახლი სულ ათიოდე მეტრშია.

_ რა? სახლი? _ გოგონას გული გადაუქანდა, _ შენ რა, აქ ცხოვრობ?

ცოტა არ იყოს, გაოგნებულმა შეხედა მამაკაცს. აქ ირგვლივ ისეთი მდიდრული სახლებია… თუ რომელიმე მათგანი მას ეკუთვნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფანტასტიკურად მდიდარია… მაგრამ, თუ ასეა, რატომ აქამდე არ უთხრა? რაღაცას ატყუებს… წუხელ არ იყო, რომ გამოუცხადა, რესტორანთან ახლოს ვცხოვრობო? მაშინ წყნეთი რომ არ უხსენებია? იქნებ აგარაკი აქვს აქ? და მერე რა? სურს, რომ სალი თავისთან შეიტყუოს? რატომაც არა, მან ხომ უკვე მოიპოვა მისი ნდობა? ახლა რომ ახტეს და დახტეს, უხერხულიც კი იქნება, პატარა ბავშვივით გამოუვა უარის თქმა. იმიტომაც უთხრა ალბათ წამოსვლისას, მე ავირჩევ მარშრუტსო.

_ პატარა, მოკრძალებული სახლი მაქვს აქ, _ თქვა ვაკომ.

_ ნაქირავები, თუ საკუთარი? _ დაკონკრეტება მოითხოვა გოგონამ.

_ ჩემი სამუშაო მოითხოვს, რომ აქ თავშესაფარი მქონდეს. ხშირად მიწევს წყნეთში შეკვეთების აღება.

_ და რას აკეთებ?

_ სახლის დიზაინს, ბუხრებს, ხის კიბეებს და რა ვიცი, კიდევ ბევრ რამეს.

_ ესე იგი, დიზაინერი ხარ?

_ რაღაც მაგდაგვარი, _ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ვაკომ და მანქანა დააგორა.

_ ბევრი რამე გცოდნია…

_ უკვე კარგად შემისწავლე, არა? _ სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.

უზარმაზარ ორსართულიან სახლს მიადგნენ.

_ აი, აქ ვქირაობ ერთ ოთახს, ეს ჩემი უფროსის სახლია, _ თქვა ვაკომ და ხელი წინ გაიშვირა.

_ ვაუ! რა ლამაზია. შენი ბოსი ალბათ ძალიან მდიდარია, ასეთ ძვირფას სახლში თუ ცხოვრობს.

_ თვითონ არ ცხოვრობს. ეს მისი აგარაკია. ზაფხულობით ამოდის ხოლმე აქ, ცოლ-შვილთან ერთად.

_ არაჩვეულებრივია! _ აღფრთოვანება ვერ დამალა გოგონამ.

ვაკო მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა სალის. ჟრუნატელმა დაუარა, როცა მამაკაცის გამოწვდილ ხელს შეეხო. თავი გვერდზე მიაბრუნა, რათა მამაკაცს მისი რეაქცია შეუმჩნეველი დარჩენოდა. როცა მან ხელი შეუშვა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, თან საკუთარ თავზე ბრაზობდა, გრძნობას გამოვლენის საშუალება რომ მისცა. თუმცა, როგორ უნდა შეეჩერებინა იგი, თუკი აქამდე მის არსებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა? მსგავსი ჟრჟოლა ხომ აქამდე არასდროს განუცდია. არადა, მამაკაცს დღეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ მოვლენების პროვოცირება მოეხდინა. ის ნამდვილი ჟენტლმენივით იქცეოდა.

ვაკომ წინ გაუსწრო და მოჩუქურთმებულ ხის კიბეს აუყვა.

_ ეს შენი გაკეთებულია? _ სალომემ ხელი გადაუსვა ლამაზ რიკულებს.

_ ჰო, ჩემია, _ გულგრილად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

_ კარგი ხელი გქონია, _ შეაქო გოგონამ და გაწითლდა.

ვაკომ არაფერი უპასუხა, გასაღები მოარგო კარს, გააღო და მანდილოსანი წინ გაატარა.

_ ძალიან საყვარელი სახლია, _ გულწრფელად აღიარა სალიმ, _ გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი.

_ აქ ყველაფერია, რაც მე მაწყობს, _ დაეთანხმა იგი.

_ არც მე მაწყენდა ასეთი სახლი, თუმცა უფრო პატარაზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდი, თუნდაც ქალაქგარეთ, _ შენიშნა გოგონამ.

ოთახის შუაგულში ვეებერთელა ყავისფერი ხალიჩა ეგო, კედლებზე იმავე ფერის, ოღონდ უფრო ღია ტონალობის შპალერი იყო გაკრული. ტყავის სამეული და კრემისფერზოლებიანი ფარდები მდიდრულ იერს მატებდა იქაურობას. მარცხნივ ბარის დახლი შენიშნა სალიმ, რომლის უკან, კედლის მთელ გაყოლებაზე, უზარმაზარი აკვარიუმი იყო განთავსებული. ზღვის წყალმცენარეებით გალამეზებული. პატარა, ფერადი თევზები კუდის ქნევით დაცურავდნენ ჟანგბადის ბუშტებით გაჯერებულ წყალში.

_ ამ თევზებს ვინ უვლის? _ ცოტა არ იყოს, გაიოცა.

_ ერთი ქალია, აქაური მაცხოვრებელი, ყოველდღე ამოდის და უვლის… თევზებსაც და სახლსაც, _ დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა ვაკომ.

_ ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი.

_ ჰოდა, თუ ასეა, აგერ დაჯექი, წვენი დალიე, მე კი გავალ და მანქანას მივხედავ, კარგი?

_ კარგი.

_ იმედია, არ მიწყენ.

_ არა მგონია, მაგრამ იქნებ რამეში დაგეხმარო?

_ რა საჭიროა, ტყუილად გაისვარო შენი ლამაზი ხელები. ნუ შეწუხდები, ეს კაცის საქმეა და როგორმე თავად გავწვდები.

_ რა შოვინიზმია! _ წარბები შეჭმუხნა სალიმ, _ გგონია, რადგან ქალი ვარ, ფიზიკური შრომა არ შემიძლია? არც ისეთი ნაზი ვარ, როგორიც ვჩანვარ. «დედიკოს გოგო» არასდროს ვყოფილვარ, სხვათა შორის და ბევრ რთულ საქმეს კაცებზე ნაკლებად არ ვაკეთებ.

ვაკოს ხარხარი აუტყდა. ისე მიამიტურად ამბობდა სალი ყოველივე ამას, მამაკაცი ძალზე გამხიარულდა.

_ ძალიანაც კარგი, თუ ასეა. სხვა დროს აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ არა ახლა. დამელოდე, მალე მოვალ.

ვაკო გავიდა. სალიმ ერთხანს შეიცადა, მაგრამ მერე გულმა არ მოუთმინა და გარეთ გავიდა. თვალებით ვაკოს დაუწყო ძებნა. უეცრად სუნთქვა შეეკრა. მამაკაცი წელს ზემოთ გაშიშვლებულიყო და მანქანას უჩხიკინებდა. დაკუნთული, გარუჯული მკლავები და ფართო მხრები სასიამოვნოდ ულაპლაპებდა მზეზე. სპორტსმენივით ჰქონდა სხეული დაჭიმული.

სალომეს უცნაური რამ ემართებოდა. მაჯა აუჩქარდა, სისხლმა საფეთქლებში აასხა… სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა. სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, რათა სული მოეთქვა და დამშვიდებულიყო. თავისი ქმრის გარდა, შიშველი მამაკაცი ასე ახლოდან რამდენი წელია, არ ენახა.

შეეცადა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი. ეს სახლი, მაგალითად, ძალიან კარგია, მდიდრული და გემოვნებიანი, მაგრამ… ძალიან დიდია. რა საჭიროა ამხელა საცხოვრებელი ფართი? შეიძლება ისე გავიდეს დრო, ყველა ოთახი ვერც ვერაფერში გამოიყენო. მართალია, მოეწონა, მაგრამ თავისთვის ასეთს არასდროს იყიდის. აი, მხოლოდ ერთი სართული რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, უფრო მყუდრო და მოხერხებული. პატარა ოთახები შედარებით კომფორტულია, ვიდრე ასეთი უზარმაზარი დარბაზები. მათი ავეჯით გავსება არ გინდა? თუმცა, ეს სახლი სულაც არ არის ავეჯით გადატვირთული, პირიქით, მეტი სიხალვათეა და უხდება კიდეც ინტერიერს.

აი, სამზარეულო კი მართლაც კარგია. ორკარიანი მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა და ვერცხლისფერი კარადები… ალბათ ძალიან ძვირფასია, ასეთი მოსკოვშიც კი არ უნახავს არავისთან. ეჰ, ნეტავ მისი იყოს ეს ყველაფერი. რამდენი ხანია, ასეთ სამზარეულოზე ოცნებობს. უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი.

სალი ისე ჩაიძირა ფიქრებში, ვერც კი შეამჩნია, როგორ მოუახლოვდა ზურგიდან ვაკო. როცა მოტრიალდა, ლამის მკლავებში ჩაუვარდა მამაკაცს. მოულოდნელობისგან ისე შეხტა, ინსტინქტურად მკლავში სტაცა ხელი და მისი კუნთების ძალაც მაშინვე შეიგრძნო. კვლავ წამოუარა შეუცნობელმა სასიამოვნო, დაუოკებელმა ტალღამ…

შეშინებულმა შეხედა ვაკოს და, როგორც სარკის ანარეკლში, ისე დაინახა მის თვალებში თავისი იდუმალი სურვილები. არა, კი არ დაინახა, შეიგრძნო… თავს უშველე, სანამ გვიან არ არის, სანამ არ ჩაგიდენია ის, რაც შეიძლება შემდეგ ინანო, ჩასძახოდა საღი აზრი, მაგრამ გოგონას ძალა აღარ შესწევდა, გონების კარნახს დამორჩილებოდა… მოეჩვენა, რომ საუკუნეა, აქ დგას, მამაკაცის მკლავებს ჩაფრენილი, გახშირებული გულისცემით… რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს… გოგონა გრძნობდა, როგორ ელეოდა ნელ-ნელა ძალა… მაშინაც კი, როცა ვაკო მისკენ დაიხარა, ადგილიდან ვერ დაიძრა, თვალები დახუჭა მხოლოდ და დაელოდა, რა მოხდებოდა… გრძნობდა, რომ იმ რაღაცას ვეღარ გაექცეოდა…

მაგრამ… უეცრად ვაკო წელში გასწორდა, ღრმად ამოიოხრა და განზე გადგა. სალიმ იგრძნო, როგორ განიხიბლა.

_ რაშ დაგჭირდა ამის გაკეთება? _ ცოტა არ იყოს, უკმეხად ჰკითხა მამაკაცმა.

_ რისი? _ ლამის ფეხებამდე გაწითდა გოგონა.

_ ჩემი შეხება?!

ვაკო თავს ძლივს იკავებდა, თითქოს ცეცხლი მოედო სხეულზე, გული არეულად უცემდა. ხელები ისე უცახცახებდა, იძულებული გახდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია. ქალის სურნელი თავბრუს ახვევდა… დარწმუნებული იყო, ახლა მისთვის რომ ეკოცნა, გოგონა არასდროს აპატებდა ამას. უფრო მეტიც, შეიძლებოდა სამუდამოდ შეზიზღებოდა კიდეც. ამწუთას შეიძლება, სალი თავის თავს კონტროლს ვეღარ უწევს, მაგრამ ეს მხოლოდ წამია სიგიჟის, წამი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ჭკვიანი და თავშეკავებული ქალი აცდუნოს…

თუკი შეეცდება, რომ შეთავაზებული მეგობრობის ზღურბლს გადააბიჯოს, სამუდამოდ დაკარგავს ამ უმშვენიერეს ქმნილებას. მიუხედავად იმისა, რომ გონის დაკარგვამდე სურდა ახლა სალის გულში ჩახუტება, მისი სიყვარულსთვის შექმნილი სხეულის მკლავებში მოქცევა, მაინც უნდა მოეხმო გონებისთვის და მოთმინებით აღჭურვილიყო. ჯობია, სალი დღევანდელი დღით იმედგაცრუებული დარჩეს, ვიდრე საბოლოოდ დაკარგოს ვაკომ იგი.

_ მე… მე არ შეგხებივარ, _ ენა დაება გოგონას, _ იმ გაგებით არ შეგხებივარ, შენ რაც იგულისხმე. კინაღამ წონასწორობა დავკარგე, რადგან ვერ გავიგე, როგორ შემოხვედი და შემეშინდა. რა სულელი ხარ, ეგ როგორ იფიქრე?

ამ წუთებში სალი განუმეორებელი იყო _ ლამაზი ცისფერი თვალები უბრწყინავდა, ღაწვები აწითლებოდა, სხეული უთრთოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ იგი არავითან შემთხვევაში არ გამოუტყდებდა ვაკოს, ამ წამიერმა შეხებამ რა ძლიერად იმოქმედა მასზეც. და ეს უკანასკნელი ცდუნებას რომ აჰყოლოდა, გოგონა სწორედ იმ აღგზნებით უპასუხებდა, რომლის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა ამწუთას.

ვაკო შეეცადა, სუნთქვა შეეკრა და თვალი აერიდებინა სალისთვის, მაგრამ… ეს იგივე იყო, დინების საწინააღმდეგოდ ეცურა… ძალიან გაუჭირდა.

_ საკმარისად დიდი ხანი დაგჭირდა წონასწორობის შესანარჩუნებლად, _ კბილებშუა გამოცრა მამაკაცმა, _ შენი საქციელი გამოწვევას უფრო ჰგავდა.

სალომე გაშრა. თვალები ბრაზიანად დააკვესა, ვაკოსკენ ზურგით შეტრიალდა და ასე გაჩერდა, პასუხის ღირსადაც არ გახადა. ამ წუთას იგი უნიჭოდ დაჭიმულ სიმს ჰგავდა და ამაში მხოლოდ ვაკო იყო დამნაშავე. მამაკაცმა გულში დატუქსა თავისი თავი. დროზე უნდა გაცლოდა გოგოს, სანამ შეეხებოდა და ეს შეხება მასში ვნებას აღძრავდა.

_ მანქანა წესრიგშია? _ სალის ხმა ოდნავ უკანკალებდა. უკვე ყელამდე იყო ვაკოს პატივისცემით. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩააღწევდა თბილისამდე, მამაკაცის დანახვაც არ უნდოდა. მორჩა! მეტჯერ აღარ დათანხმდება მის შემოთავაზებებს. არავითარი გასეირნება!

ვაკო თითქოს მიუხვდა. უკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე.

_ თითქმის. წამით შემოვირბინე, რადგან წყალი მომწყურდა. შენ არ გწყურია? ერთად დავლიოთ, _ რაც შეიძლებოდა, თბილად წარმოთქვა მან, ცდილობდა, ბუნებრივად მოქცეულიყო, თუმცა მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ გამოსდიოდა. მაინც არ გაიტეხა იხტიბარი, მაცივარი დინჯად გამოაღო, წვენის ორ ქილას ხელი წაავლო. ერთი მარჯვენა ხელში გადაიტანა, მეორე კი ქალს ასე, შორიდან გაუწოდა.

გაგრძელება იქნება