საინტერესოა, მართლა უნდოდა ეკოცნა, თუ არა? ეკოცნა ისე, როგორც მამაკაცები ქალებს კოცნიან? იქნებ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია? იქნებ მოეჩვენა და მეტი არაფერი? იქნებ ტყუილად შეშინდა? ფიზიკურად ვაკო ძალიან მომხიბვლელი მამაკაცია, რომ იტყვიან, ზესიმპათიური. ძნელია, მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნო. შეხედავ თუ არა, ეგრევე ინუსხები. რატომ გაჰყვა სასეირნოდ? რატომ იქცევა ასე? თავისი ნებით რატომ იგდებს თავს სახიფათო სიტუაციაში? ხომ ხედავს, რომ მასთან შეხვედრით ჩიხში ემწყვდევა? _ ეკითხებოდა თავის თავს და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
მორჩა მკითხაობა! ახლა დროა, დედინაცვალს დაურეკოს.
_ მედიკო, საღამო მშვიდობისა, როგორ ხარ? _ თბილად მოიკითხა დედინაცვალი.
_ სალო! _ ქალი აღელვებული ჩანდა, _ როგორც იქნა, მეღირსა შენი ხმის გაგონება! მეგონა, აღარასდროს დამირეკავდი. ნაწყენი ხომ არ ხარ ჩემზე?
_ კარგი, რა, მედი, საიდან მოიტანე? უბრალოდ, დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე. ხომ კარგად ხარ?
_ მე რა მიჭირს, ვარ ძველებურად.
_ გავიგე, იმ დეგენერატს დაურეკავს…
_ ჰო, დამირეკა, _ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უპასუხა ქალმა.
_ და რა მინდაო, რა გითხრა?
_ უსიამოვნებები მაქვსო, შვილო.
_ მართლა? რას მეუბნები-თქო! რა მჭირსო?
_ არ დაიჯერებ და… სასამართლოში უჩივიან…
_ ამაში დაუჯერებელი არაფერია. დიდი ხანია, სამსახურში ყველაფერი ყირაზე დააყენა.
_ არა, არა, დედი, სამსახური არაფერ შუაშია. სხვა რამეში ადანაშაულებენ.
_ სხვა რამეში? კიდევ რა ჩაიდინა?
_ გაუპატიურებაში სდებენ ბრალს… ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ის ამის გამკეთებელი არ არის, მაგრამ ვიღაც გოგო უმტკიცებს ამას. უკვე შეიტანა თურმე განცხადება.
«ამის გამკეთებელი არ არის? სწორედაც რომ არის!» _ გაიფიქრა სალიმ. თავისი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ქმარი მსგავს რამეზე უკან არ დაიხევდა. მათი ურთიერთობა სხვა რამეზე კი არ იყო აგებული. იგი ანგარიშს არასდროს უწევდა, სურდა თუ არა სალომეს მასთან სექსი, როცა მოესურვებოდა და როგორც მოესურვებოდა, ისე ეუფლებოდა ცოლის სხეულს. მერე რა, რომ მეუღლე იყო? მისი სურვილიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა? არა, არც ერთხელ! სალომე კი უსუსური იყო, უმწეო და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. არც ჰქონდა აზრი. ამით მხოლოდ უარეს უსიამოვნებას აიკიდებდა. ამიტომაც ითმენდა, სანამ შეეძლო. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რომ უნდა გაყროდა.
_ მთხოვა, სალომე ჩამოვიდეს და გვერდით დამიდგესო. ამბობს, ჩემი ცოლი ერთადერთია, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლიაო. იქნებ…
_ მეტი საქმე არა მაქვს! თუ დააშავა, პასუხიც აგოს! ძალიანაც კარგი, თუკი გაასამართლებენ. მან დაიმსახურა ეს!
_ მარინას ნომერი მივეცი, ალბათ დაგირეკავს.
_ რა-ა?! _ იყვირა სალიმ, _ არავითარ შემთხვევაში! მე მას არ დაველაპარაკები. რატომ მიეცი ნომერი, რატომ? შენ არ გქონდა ამის უფლება!
_ ნუ ცხარობ, შემოგევლე. თუ მოინდომებდა, მაინც გაიგებდა, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ცოტათი მაინც არ გეცოდება? იქნებ დახმარებოდი? ამისთანა რა დაგიშავა?
_ შენ ყველაფერი არ იცი, მედი… მე მას ზუსტად იმიტომ დავშორდი, რომ… არ აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც მეგონა. ძალიან გთხოვ, თუ შემოგეხმიანოს, უთხარი, არ დამირეკოს. კარგი?
_ შენ მე რამე დამიმალე, სალო? არის ისეთი რამ, რაც მე არ ვიცი? მამიდაშენს მაინც თუ მოუყევი, სინამდვილეში რაც ხდება? მე დედინაცვალი ვარ და შეიძლება არ მენდობი ბოლომდე, მაგრამ მარინა? ის ხომ შენთვის დედასავითაა… _ შეშფოთება გაისმა მედიკოს ხმაში.
_ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, _ მკაცრად წარმოთქვა სალომემ, _ გეტყვი მხოლოდ იმას, რომ არც თუ ძალიან კარგად მექცეოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავეყარე. ძლივს თავიდან მოვიშორე, მაგას რამეში დავეხმარები? გამორიცხულია!
მიუხედავად იმისა, რომ დედინაცვალმა კითხვები დააყარა, სალომემ არც ერთზე ამომწურავი პასუხი არ გასცა, მშრალად დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.
8 8 8
თერთმეტი სააათი იყო, მარინა რომ დაბრუნდა. სალი უკვე ლოგინში იწვა. თავი მოიმძინარა, არ უნდოდა ახლა მამიდის შეკითხებისთვის გაეცა პასუხი. ისედაც რთული დღე ჰქონდა. კედლისკენ გადაბრუნდა და საბანი თავზე წაიფარა. გონებიდან ყველა აზრი განდევნა, რაც ავთოსთან აკავშირებდა და ფიქრებში ადგილი მხოლოდ იმდღევანდელ სასიამოვნო მოგონებებს დაუთმო. თავიდან არც ვაკოზე უნდოდა ეფიქრა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მამაკაცი მის გონებაში სრულიად დაუკითხავად შემოიჭრა. ვერ შეძლო, შებრძოლებოდა ამ სურვილს… ვაკოთი გატაცება ძლიერი იყო. მამაკაცი ისე მოქმედებდა მასზე, როგორ მათრობელა ღვინო. ადრე იქნება, თუ გვიან, დარწმუნებულია, რომ მათი «პლატონური მეგობრობა» რაღაც სხვა, უფრო მეტში გადაიზრდება და ვერც ერთი და ვერც მეორე ამას წინ ვერ აღუდგება. იმის იმედიღა აქვს, რომ ეს ძალიან მალე არ მოხდება. სალის დრო სჭირდება, ამ აზრს რომ შეეგუოს, მოემზადოს, გაიაზროს ყოველი ნაბიჯი. ამწუთას იგი კატეგორიულად არ არის მზად სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ამ ეტაპზე მისთვის ფლირტიც კი მიუღებელია.
მეორე დილით, როგორც მოსალოდნელი იყო, მარინა მამიდამ კითხვებით შეუწუხა გული, როგორ გაატარეთ გუშინდელი დღეო. იძულებული გახდა, იმაზე მეტი მოეყოლა, ვიდრე აპირებდა, თუმცა ყველაზე საბედისწერო, «კინაღამ კოცნის» სცენას არ შეხებია.
_ კიდევ როდის დაგპატიჟებს? _ ცნობისმოყვარეობა კლავდა მარინას.
_ აბა რა ვიცი, მამიდა, კიო ხომ არ ვარ, მისი განზრახვა გამოვიცნო? თავისი გეგმების შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.
_ დარწმუნებული ვარ, დაგირეკავს, თანაც, ძალიან მალე, _ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ქალმა და ძლივს მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ ტელეფონის ზარი გაისმა.
_ აი, ესეც მე ვარ? აბა, რას ვამბობდი?! _ მარინას სახე გაებადრა.
სალის გული ლამის გაუჩერდა. გარეგნულად კი ინარჩუნებდა გულგრილ გამომეტყველებას, მაგრამ შინაგანად…
თუმცა ეს ვაკო არ აღმოჩნდა.
_ ჩემი კლასელი იყო, _ თქვა მარინამ, როცა ყურმილი დაკიდა, _ ჩემი გოგო ჩამოდის თბილისში და სანამ ბინას იქირავებს, რამდენიმე დღით შენთან დაიტოვეო. აბარებს თურმე წელს. უარს ვერ ვეტყოდი. განუყრელი მეგობრები ვიყავით მთელი ათი წელი და შემდეგაც, სტუდენტობისას, სანამ გათხოვდებოდა. შენ ხომ არაფერში შეგიშლის ხელს?
_ არა, რა თქმა უნდა.
_ მიყვარს, როცა ჩემს სახლში ბევრი ხალხი ტრიალებს, განსაკუთრებით _ ახალგაზრდები. როგორ ვნანობ, შვილი რომ არ ავიყვანე. ჩემი ვერ გავაჩინე, სხვისი მაინც გამეზარდა.
_ რატომ ვერ გააჩინე, მამი? _ თავი ვერ შეიკავა სალომემ და საჭირბოროტო კითხვა დასვა.
მარინამ სევდიანად აიჩეჩა მხრები.
_ აღმოჩნდა, რომ უშვილო ვიყავი. მილების შევიწროება მქონდა. ბავშვის აყვანაზეც ვიფიქრე, მაგრამ ბიძაშენს მაინცდამაინც არ უნდოდა ეს. მეც აღარ გამოვიდე თავი. ჩვენთვის მთავარი ერთად ყოფნა იყო, დიდად არ გვაწუხებდა უშვილობა. ამას ახლა ვხვდები, მარტო რომ დავრჩი.
_ ნუ ამბობ ასე. მე აქ არ ვარ?
_ შენ კი ხარ, შვილო, მაგრამ რომ გამიფრინდები, მერე? ხომ დავრჩები ისევ მარტო?
_ კარგი, რა…
_ აბა, რა, ასეც უნდა მოხდეს. ღმერთმა დაგიფაროს ჩემსავით მარტოსულად დაბერება. სამაგიეროდ, შვილი რომ გაგიჩნდება, მე მოვუვლი და გავხალისდები. ჩემი შეცდომა არ გაიმეორო, სიხარულო. უშვილობა დიდი დანაშაულია, ეს იცოდე.
_ მაპატიე, რომ შენთვის მტკივნეულ თემას შევეხე.
_ რა სისულელეა. მთლად უბედურად კი არ მივიჩნევ თავს. თავისებურად, ბედნიერიც ვარ. რაც მთავარია, შენ მყავხარ, ახლა სხვა სადარდებელი აღარაფერი მაქვს. შენი ბედნიერებისთვის ვიბრძოლებ. მერე კი შენი შვილების კეთილდღეობისთვის, შენ ოღონდ გააჩინე და…
_ ჰო, როგორც კი მამობისთვის შესაფერის კანდიდატურას ვიპოვი, _ გაიცინა სალიმ.
_ მე მგონი, შენ უკვე იპოვე იგი.
სალიმ არაფერი უპასუხა, არც შეხედა გამზრდელს. ჯერ ძალიან ადრეა ასეთი ვარაუდების გამოტანა. რა იქნება ხვალ, არავინ იცის.
ცოტა ხნის შემდეგ ვაკომ მართლა დარეკა. სალიმ იგრძნო, რომ მღელვარებას ვერ მალავდა. გონებაგაფანტულმა ჩამოართვა ეშმაკურად მოღიმარ მამიდას ყურმილი…
_ მისმენ, სალი? _ ჩაესმა მამაკაცის ხმა.
_ ჰო, რა თქმა უნდა… რა მითხარი? _ უპასუხა დაბნეულმა.
_ ცუდ დროს ხომ არ დავრეკე?
_ არა, არა, ყველაფერი წესრიგშია.
_ მაშინ მითხარი, რას იტყვი ჩემს წინადადებაზე?
სალომეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა წინადადებაზე იყო საუბარი. მამიდას ყურმილი რომ გამოართვა, ვაკოს ხმის გაგონებით ისე ათრთოლდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია, საკუთარი ნერვების დაწყნარებით იყო გართული. ახლაც ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ხალათზე ცეცხლი წაეკიდა.
_ ივახშმებ ამ საღამოს ჩემთან ერთად? _ წინადადება გაუმეორა მამაკაცმა.
_ არ არის აუცილებელი, ყოველდღე დამპატიჟო, _ სწრაფად უპასუხა სალიმ, _ ისედაც ბევრი გექნება საქმე.
_ შენ და მარინას ორივეს გეპატიჟებით.
_ ა-ა!.. _ ამას კი არ მოელოდა სალი. «ჰგონია, რომ მამიდასთან ერთად უსაფრთხოდ ვიქნები და უარს ვერ ვეტყვი? თუ ეს მას სჭირდება «მესამე ზედმეტი», რათა თავისი გრძნობები უკეთ გააკონტროლოს და ჩემზე ხელი არ წაუცდეს?» _ გაიფიქრა და მსწრაფლ უპასუხა, _ უცებ ვერ მივხვდი, რას მთავაზობდი, ახლავე ვკითხავ მამიდას, _ უპასუხა გაწითლებულმა.
მარინა მამიდა, რა თქმა უნდა, ვაკოს წინადადებაზე თანახმა იყო…
_ საცურაო კოსტიუმებს თუ წამოიღებთ, კარგი იქნება. აუზით სარგებლობის უფლებაც მოვიპოვე, _ გაისმა ყურმილს მიღმა ვაკოს ხმა.
_ საცურაო კოსტიუმი? რას ამბობ! ჯერ ადრე არ არის ცურვის სეზონი? _ გაიკვირვა სალიმ და გაოცებული მზერა მამიდას მიაპყრო.
_ რატომ? მშვენიერი მზიანი ამინდია, თანაც, წყალი სპეციალურად გავათბე თქვენთვის. ასე რომ, ნამდვილი ეგზოტიკა გელით. _ კმაყოფილი ტონით უპასუხა მამაკაცმა.
სალომემ მხრები აიჩეჩა.
_ ექვსი საათისთვის შეძლებთ?
_ ალბათ.
_ კარგი, გელოდებით. შეხვედრის ადგილი უცვლელია, გუშინ სადაც ვიყავით, იქ ამოდით, _ თქვა ვაკომ და არც დამშვიდობებია, ისე გათიშა.
_ მგონი, მთლად ვერ არის შენი მეგობარი, _ გოგონამ მარინას გადახედა, _ რა დროს ცურვაა აპრილის თვეში?
_ გეხუმრა, შვილო, ამინდი არაფერ შუაშია. მაგ სახლში დახურული აუზია, ამიტომ გული არ მოგითმენს, არ გაცურო, _ გაიღიმა მამიდამ.
_ რა ვიცი, ვნახოთ, _ სალიმ კვლავ აიჩეჩა მხრები და შეფიქრიანებული თავის ოთახში გავიდა, უცნაურად უცემდა გული.
არა, ნამდვილად არ ელოდა, ასე მალე თუ დარეკავდა ვაკო და კიდევ თუ დაპატიჟებდა. აუზით სარგებლობის უფლებაც მოვიპოვეო… დაიჯეროს, რომ ასე ანებივრებს თავისი ბოსი? თვითონ როგორ ცხოვრობს ნეტავ? ცალი თვალით მაინც შეახედა მისი სახლისთვის. იქნებ, სადმე ერთოთახიან სოროშია მელასავით გამომწყვდეული? ამის გაფიქრებაზე გაეღიმა. მერე რა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, როგორი ადამიანია, თორემ ქონება ავთოსაც ჰქონდა…
…შვიდი დაწყებული იყო, მარინამ თავისი «ფოლკსვაგენი» რკინის ჭიშკარს რომ მიაყენა. ქალებმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრეს, რომ შავქონგურებიანი კარი ავტომატურად გაიღო და ვაკო გამოჩნდა. სალის, როგორც ყოველთვის, გული შეუქანდა მის დანახვაზე. მას თეთრი შორტი ეცვა მხოლოდ. მამაკაცის დაკუნთულმა ფეხებმა და მზემოკიდებულმა მკლავებმა სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. არ სცივა ნეტავ? მაგარი კაცია! ძალიან მოსწონს… და საშინლად უჭირს ამის დამალვა. რა ეშველება? მსახიობობა მაინც შეეძლოს!
ვაკო მარინას მიესალმა და სალისკენ შებრუნდა.
_ კეთილი იყოს შენი მობრძანება. მიხარია, რომ ისევ გხედავ, _ ისე თქვა ვაკომ, თითქოს მათი ბოლო შეხვედრიდან მთელი კვირა გასულიყო და არა ოცდაოთხი საათი.
სალომემ მამიდას გახედა, რათა თვალები იქამდე აერიდებინა ვაკოსთვის, სანამ ისინი ბუდიდან უნებართვოდ ამოცვივდებოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მაინც არ მოუწევს მასთან მარტო დარჩენა, თორემ…
მოულონელად მარინამ მსუბუქად შეჰკივლა და ლოყაზე შემოირტყა ხელი.
_ რა მოხდა? _ შეეშინდა სალის.
_ ახლაღა გამახსენდა, რომ დღეს თინიკოს უნდა გავყოლოდი ექიმთან, _ შეწუხდა ქალი, _ ღმერთო ჩემო, რა გულმავიწყი გავხდი!
_ მაგრამ უკვე გვიანაა, რა დროს ექიმია? _ შენიშნა გოგონამ, _ შეგიძლია დაურეკო და მოუბოდიშო…
_ არაფრით არ შეიძლება, _ ხელები გაასავსავა მამიდამ, _ ეწყინება, ხომ ვიცი მაგის ხასიათი. თანაც, საღამოს დაიბარა იმ კაცმა, სახლში უნდა გასინჯოს. ჯერ კიდევ მოესწრება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩემ გარეშე ფეხს არ გაადგამს სახლიდან. ალბათ როგორ მელოდება… ვაკო, საყვარელო, ხომ მაპატიებ? ჩვენი მეგობრობის ხათრით… უნდა დაგტოვოთ, ბავშვებო!
მარინამ მეგობარს გადახედა… იქნებ თავიდანვე იყვნენ მოლაპარაკებულნი? _ ეჭვი შეეპარა სალის, მაგრამ ვაკოს ისეთი გულწრფელი გაოცება ეხატა სახეზე, ძნელი იყო ეჭვის შეტანა. თუმცა ეს გაოცება რამდენიმე წამში კმაყოფილი გამომეტყველებით შეეცვალა.
_ რაზეა ლაპარაკი, როგორც შენთვის ჯობია, მარი. შენს ძმისშვილს მე მივხედავ და გპირდები, ცივ ნიავს არ მივაკარებ! _ გაუღიმა მამაკაცმა.
როგორც კი მარინა წავიდა, ვაკო სალის მოუტრიალდა.
_ როგორც ვატყობ, საღამო იმაზე მეტად სასიამოვნო იქნება, ვიდრე ველოდი.
სალიმ წარბები შეყარა.
_ შენ რა, იცოდი, მამიდა ბოლო წუთებში რომ გაიქცეოდა?
_ როგორ გეკადრება, რა თქმა უნდა, არა, _ გააპროტესტა მამაკაცმა, _ მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მისმა წასვლამ ძალზე დამაღონა, _ ღიმილით დააყოლა და მისი დანისლული თვალები მტაცებლური მზერით დააცხრა სალომეს მკერდს…
გაწითლდა… რა გაწითლდა…. თვალები სად წაეღო, არ იცოდა.
_ შემომხედე… _ შეცვლილი ხმთ ამოთქვა მამაკაცმა.
როდის, როდის ასწია თავი და შეხედა.
_ მხოლოდ ერთი პირობით დავრჩები, _ თქვა სალიმ, თან უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მისი მზერისთვის გაეძლო.
_ თუკი ჩემს ხელებს თავის ნებაზე არ მივუშვებ, არა? _ გამოიცნო ვაკომ და ღრმად ამოიხვნეშა, _ ჰო, მახსოვს ეგ წესი, გულმავიწყობა ჯერ არ დამწყებია. მოდი, ჯერ დაბლა, მარანში ჩავიდეთ და რამე დავლიოთ.
ყვავილებით გარშემორტყმულ უზარმაზარ ეზოს შემოუარეს და უკანა მხარეს, სარდაფში ჩამავალ კიბეს ჩაუყვნენ. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სალი, ცოტა არ იყოს, შიშმა შეიპყრო. ვაითუ, თავის სიტყვას გადავიდეს და ხელი მოხვიოს ან… არა, არა, ახლა რომ აკოცოს, გულიც წაუვა. ამას არ დაუშვებს. მთლად ეგრე კი არ არის საქმე. მერე რა, რომ მასაც მოსწონს. სალომე ძლიერი ქალია, ასე ადვილად არ აჰყვება ცდუნებას და არც გონება დაებინდება მისი შეხებისას. მით უმეტეს, ახლა, როცა სულ მარტონი არიან ამხელა სახლში. ასეთ მომენტში ქალის თავდაცვის ინსტინქტი უფრო გაძლიერებულად მოქმედებს. მისი ყოველი ნაბიჯი ზედმეტად ფრთხილი და მოზომილია. ცუდი ის არის, რომ შიში ჩაეჭრა. აი, ამ შიშს ვერ უხერხებს ვერაფერს. არადა, რა ოხერი რამ არის ეს შიში. თუ ერთხელ მიეცი უფლება, შენს სხეულში ჩაიბუდოს, უფრო და უფრო იზრდება და მეტად და მეტად ძლიერად იკიდებს ფეხს. სწორედ ეს არ უნდა დაუშვას.
ჰოდა, არ დაუშვებს. ის ხომ ძლიერი ქალია! მართლა ასეა, ჰაიჰარად კი არ ინუგეშებს თავს. ასე რომ არა, აქამდე, ყველაზე ცოტა, რვა-ცხრა მამაკაცს მაინც დანებდებოდა…
გაგრძელება იქნება