ღმერთო, რა ვეებერთელა სახლია! ნეტავ, რისთვის ყიდულობენ ადამიანები ამხელა სახლებს? _ შიშის დასაძლევად სალომემ სხვა რამეზე გადაიტანა ფიქრი. ან, თუკი ყიდულობენ, რატომ მთლიანად არ იყენებენ მას? სწორედ ეს აოცებს ხოლმე. ალბათ ვერასდროს გაიგებს, რატომ ხდება ასე. დარწმუნებულია, რომ ამ სახლის პატრონს რამდენიმე ოთახი ისე ექნება გამოკეტილი, თვეობით რომ არ შევა შიგ კაცი.
ვაკო წინ მიდიოდა, სალომე კი კრავივით მიჰყვებოდა უკან. დაბლა ჩავიდნენ თუ არა, გოგონამ ნესტის სუნით გაჟღენთილი ჰაერი შეიგრძნო, მძიმე და, ამასთან, მათრობელა, თითქოს ვიღაცის დაუდევარმა ხელმა ღვინო დაღვარაო.
ვაკომ შუქი აანთო. სალის გაოცების შეძახილი აღმოხდა. მარჯვნივ, ერთმანეთის მიყოლებით, სამი საშუალო ზომის ხის კასრი და ძველებური საწნახელი შეამჩნია, მარცხნივ კი… ოლიმპიური ზომის აუზი, რომელსაც თითქოს ოხშივარი ასდიოდა. ვაკო სწორედ იქითკენ გაემართა. იქვე პატარა მაგიდა იდგა სამი სკამით, ხოლო მასზე სამი თეფში იდო და ამდენივე გრძელფეხიანი ცისფერი ბროლის ბოკალი. აი, ამ სანახაობამ კი საბოლოოდ დაარწმუნა სალი, რომ მარინას წასვლა ვაკოსთვისაც მოულოდნელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ კაცზე სუფრას არ გაშლიდა.
_ ღვინო უკვე ჩავაცივე, _ თქვა მამაკაცმა, _ თუ გინდა, ახლა დავლიოთ, თუ გინდა, ვიცურაოთ და მერე.
_ აუზი ცხელი წყლით არის სავსე? ასე მგონია, ოხშივარი ასდის, _ შენიშნა სალიმ.
_ მთლად ოხშივარი არ ასდის, მაგრამ ცხელია. თოთო ბავშვებს რომ აბანავებენ, ზუსტად იმ ტემპერატურაზეა გაცხელებული, _ ღიმილით დააკონკრეტა ვაკომ.
მამაკაცს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, იღბალმა ასე რომ გაუღიმა. მთელი საღამო მარტო მოუწევთ ყოფნა! ორნი ივახშმებენ მხოლოდ! ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს ინატრებდა! კარგია, მარინა რომ წავიდა, ჭკვიანი ქალია, მაშინვე «მოწვა» სიტუაცია. რა სპექტაკლი გაითამაშა?! მაგარია! მადლობის მეტი რა ეთქმის? _ შეუმჩნევლად იღიმოდა. არადა, წუხანდელს აქეთ ადგილს ვერ პოულობდა. სალი ისე ელდანაკრავივით გადახტა მანქანიდან, თითქოს კბენას უპირებდა. გააშეშა კაცი. მიხვდა ვაკო, თავისსავე გრძნობებს რომ გაექცა ეს ლამაზი გოგონა, მაგრამ ასე ადვილად არ აპირებს, დაყაროს ფარ-ხმალი. მის ამგვარ საქციელს სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. აი, მან კვლავ დაპატიჟა სალი და ისიც დათანხმდა. სრულიად უპრობლემოდ. იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც მას ჰგონია?
_ ვფიქრობ, დალევა მერე აჯობებს, _ გადაწყვიტა გოგონამ.
_ მაშინ გავცუროთ. გასახდელი იქ არის, შუშის კარი რომ მოჩანს, _ ხელით ანიშნა ვაკომ.
ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ნახავს კაბის გარეშე. საინტერესოა, როგორი სანახავია გახდილი? ისეთივე ლამაზია, როგორც ჩაცმული? ძალიან ბევრი ქალი იცის ვაკომ, სამოსი რომ უმალავს სიმახინჯეს. შეხედავ, მოგეწონება, გაიხდის და… შეიძლება გული აგერიოს. იმედია, სალომე ასეთი არ იქნება! რა სიამოვნებით შეეხებოდა მის გლუვ კანს, ასე გამოწვევად რომ იმალება ვარდისფერი ქსოვილის მიღმა. აუცილებად იზამს ამას, ვითომ შემთხვევით მოუვიდა! აბა, ვაკო რისი ვაკოა, ასეთი რამ ვერ მოახერხოს! ოოო! როგორ სიგიჟემდე სურს ეს ქალი! ვერ ითმენს, ისე სურს! არც ერთი სხვა ქალი ასე არ მოსურვებია!
_ უკვე მაცვია, _ თქვა გოგონამ და კაბის ღილების შეხსნას შეუდგა.
შეცბუნებულს თითები უკანკალებდა. ჩვეულებრივ, ქალები არ იბნეოდნენ ასეთ დროს ვაკოს წინაშე. ის კი არა, როგორც წესი, გულმოდგინედ ცდილობდნენ თავიანთი ბრწყინვალებების დემონსტრირებას. სალომეს სიმორცხვემ კი აღტაცებაში მოიყვანა. რა სიამოვნებით დაეხმარებოდა ახლა ამ ღილების გახსნაში! თავად უფრო შენელებულად გააკეთებდა ამას, თან ხარბად, ნება-ნება შეისწავლიდა მისი სხეულის სიშიშვლის ყოველ ახალ სანტიმეტრს. ვერც ხვდებოდა, როგორი ვნებამორეული შესცქეროდა ქალის მოძრაობას, თვალს არ აშორებდა მის თითებს, მანამ, სანამ გოგონა მის ჩასაფრებულ მზერას არ მოერიდა და არ შეტრიალდა. ჯანდაბას! ასე თუ გააგრძელა, მის ნდობას ვერასდროს მოიპოვებს, როგორმე უნდა მოთოკოს თავი! _ დაუფიქრებელი საქციელისთვის თავის თავს გაუბრაზდა ვაკო, თვითონაც შეტრიალდა, შორტი გაიძრო და თავით გადაეშვა აუზში…
ისე ძლიერად უსვამდა მკლავებს, თითქოს გაურბოდა თავის მაცდუნებელს, ქალს, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი მშვიდი ცხოვრება. შემდეგ ჰაერი ჩაისუნთქა, ჩაყვინთა და ასე გავიდა მეორე ბოლოში. ამოჰყო თუ არა თავი, მოტრიალდა და თვალებით სალის დაუწყო ძებნა. როცა ვერსად დალანდა, შეშფოთებულმა წყლიდან ამოსვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ გოგონა კვლავ გაექცა. მოულოდნელად, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, წყალი შეირხა და ზედაპირზე სალი ამოტივტივდა. გოგონამ თვალებზე ჩამოყრილი სველი თმა თავის გაქნევით უკან გადაიყარა და ღიმილით მიაჩერდა. ამწუთას საოცარი სანახავი იყო.
_ მოდი, გინდა, ერთმანეთს გავეჯიბროთ?
მისი სითამამით გახარებულმა ვაკომ თავი დაუქნია.
_ გინდა, ფორა მოგცე? _ ეშმაკურად ჰკითხა.
_ არა, რა თქმა უნდა, _ მის ულამაზეს ლურჯ თვალებში გამოწვევა გაკრთა, _ თუკი მე გაგასწრებ, დაე, პატიოსნად გაგასწრო, _ კეკლუცად შესცინა გოგონამ.
ვაკოს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაესწრო მისთვის ამ ნაზ ქმნილებას, თუმცა არ შეიმჩნია. არადა, როგორც ჩანს, მამაკაცმა ვერ შეაფასა მისი შესაძლებლობები. სალი სწრაფად მიცურავდა, ძლიერი მოძრაობებით აპობდა ხელოვნურად წარმოქმნილ ტალღებს. ვაკო გაოგნებული დარჩა. მართალია, გოგონამ ვერ გაასწრო, მაგრამ შედეგი მაინც მოულოდნელი იყო, _ სალი მხოლოდ ორი-სამი წამით ჩამორჩა მას.
_ ვააა! მაგრად გამაოცე, ყოჩაღ! _ შეაქო აღფრთოვანებულმა.
ორივენი ქოშინით სუნთქავდნენ.
_ სკოლაში პირველი ვიყავი ცურვაში, ოლიმპიადებზე გავდიოდი.
_ ესე იგი, სკოლის ღირსებას იცავდი?
_ ჰო, რაღაც ამდაგვარი.
_ შენს ადგილას, ცურვას პროფესიად გავიხდიდი. სკოლის კი არა, ქვეყნის ღირსებასაც კიდაიცავდი, ამაში დარწმუნებული ვარ.
_ აი, რაზეც არასდროს მიოცნებია, _ თავი გადააქნია სალიმ.
_ აბა, რაზე ოცნებობდი?
რამდენიმე წუთის წინ ასეთი ლაღი, მხიარული, დაძაბულობისგან მოშვებული გოგონა უეცრად საპირისპიროდ შეიცვალა. მამაკაცს ზურგი აქცია და უხასიათოდ ჩაილაპარაკა.
_ არაფერზე! _ მერე ფეხები აუზის კიდეს გაჰკრა და საპირისპირო მიმართულებით გაცურა.
რა ეწყინა? ამისთანა რა უთხრა? იქნებ ვიღაცამ ან რაღაცამ შეუშალა ხელი, მისი ოცნებები ახდენილიყო და, მისდა უნებურად, სალის მტკივნეულ ადგილს შეეხო?
ვაკო იდაყვებით ჩამოეყრდნო აუზის კედელს და გოგონას საშუალება მისცა, ცოტა ხნით მარტო ეცურა, მისი თანხლების გარეშე, თან სიამოვნებით ადევნებდა თვალს მის მოქნილ მოძრაობებს, უხმაუროდ რომ მიაპობდა წყალს. «ოღონდ კი მენდოს, ოღონ კი მომყვეს… ოღონ კი შემომიშვას თავის ცხოვრებაში, თავის იდუმალ სამყაროში. როგორ მაცოფებს ჩვენ შორის აღმართული ეს ცივი კედელი!» _ ფიქრობდა მამაკაცი. რამდენჯერაც მოეჩვენა, რომ მწვერვალს მიაღწია, იმდენჯერ დაბლა დაანარცხა გოგონამ. არა, ასე არაფერი გამოვა. როგორმე უნდა მოიპოვოს ეს ქალი, რადაც უნდა დაუჯდეს, ის მისი უნდა გახდეს! _ მტკიცედ გადაწყვიტა, მაგრამ ურთიერთობას ისეთი პირი უჩანდა, რომ ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე გამოდგებოდა.
ათიოდე წუთის შემდეგ თავადაც შეუერთდა სალის და მის გვერდით გაცურა. გოგონას განზე არ გაუწევია. კარგა ხანს დელფინებივით მანევრირებდნენ აუზში, ყვინთავდნენ, ტრიალდებოდნენ, ცურვის სტილს იცვლიდნენ და არც ერთხელ არ უცდია ვაკოს, ოდნავ მაინც შეხებოდა სალის.
ამგვარმა თამაშმა ძლიერ ააღელვა მამაკაცი, უფრო მგრძნობიარე გახდა თითქოს, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ გოგონაც იგივეს განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალები ანთებოდა, ენერგიამოზღვავებული გულიანად იცინოდა და ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ვაკოს ერთი სული ჰქონდა, თავის ძლიერ მკლავებში გამოემწყვდია იგი და კოცნით დაეხრჩო. როცა სალომემ გასასვლელისკენ გაცურა, ვაკო იმედგაცრუებამ მოიცვა.
_ დავიღალე, _ თავი იმართლა სალიმ და თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად გაშლილი მკლავები უმწეოდ დაკიდა ჰაერში, _ როგორც ჩანს, ფორმიდან ამოვვარდი. ხედავ, ხელის მტევნებმა ყურები როგორ ჩამოყარეს? _ გადაიკისკისა და აუზიდან ამოვიდა.
იქნებ შეეშინდა? წყალში გამართული ეს თამაშობები ძალიან წააგავდა სასიყვარულო ფლირტს და რაც უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა გოგონა თავს, მით უფრო ეუფლებოდა აღგზნება. რა თქმა უნდა, მსგავსიც კი არაფერი დასცდენია მის ბაგეებს, მაგრამ სუნთქვა ადვილად გასცემდა მის გულისნადებს _ გაუმართლებლად მძიმე და ზომაზე მეტად გახშირებული, თუნდაც ასეთი აქტიური ვარჯიშებისთვის. გარდა ამისა, ვაკოს მოეჩვენა, რომ მის ზღაპრულ ლურჯ თვალებში რაღაც იდუმალი გაკრთა, რომელიც ძალიან წააგავდა სურვილს…
_ აქ სადმე შხაპის მიღება შეიძლება? _ იკითხა სალიმ, როცა მამაკაცი ფეხდაფეხ მოჰყვა.
ვაკომ შენიშნა, რომ გოგონა მის მზერას გაურბოდა. ნირწამხდარი გაღიმებას შეეცადა.
_ წამოდი, გაჩვენებ, _ მოკლედ მოუჭრა.
როგორ უსაზღვროდ ლამაზი აღნაგობა აქვს, _ გაიფიქრა ვაკომ, _ ხორბლისფერი, მკვრივი და გლუვი კანი, არც ძალიან გამხდარი, არც მსუქანი. საჭირო ადგილას საჭიროდ ხორცსავსე. ლაჟვარდისფერი საცურაო კოსტიუმი ეცვა, თითქმის თავისივე თვალების ფერი, თეძოებზე ღრმად ამოჭრილი, რაც კიდევ უფრო გრძელს აჩენდა მის ჩამოსხმულ ფეხებს. მკერდი ღრმად ჩაუდიოდა და ვაკო ვერაფერს უხერხებდა თავის თავს, თვალს ვერ აშორებდა ამ მიწიერ საოცრებას. მისმა აზრებმა კვლავ საშიში მიმართულება მიიღო და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ზრდილობის ჩარჩოებში ვეღარ მოექცეოდა. ამ აღმოჩენამ ძალზე შეაშინა.
გასახდელმა და, განსაკუთრებით საშხაპემ, რომელიც ზურმუხტისფერი კაფელით იყო მოპირკეთებული, სალიზე ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. წყალს რომ ივლებდა, თან ესმოდა, სადღაც, ძალიან ახლოს, ვაკომაც როგორ მოუშვა წყალი. მისდა უნებურად, გოგონამ წამით გაშიშვლებული წარმოიდგინა იგი და… თავხედმა სურვილმა წამოუარა… მის კაბინაში შესულიყო და ვაკოს დაკუნთულ სხეულს თითებით შეხებოდა… შეეგრძნო მისი სიძლიერე, გამოეკვლია იგი… და მასაც შეხებოდა მამაკაცი…
იგრძნო, ამის გაფიქრებაზე როგორ გაუშრა პირი. აკანკალებულმა თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და გახურებული სახე და მკერდი წყლის ცივ შხეფებს მიუშვირა. არადა, წინ მთელი საღამოა! შეიძლება ღამეც!… რა სისულეებს როშავს, მთლად გადაიარია! _ უჩვეულო აზრებით შეშფოთებულმა წყალი გადაკეტა და პირსახოცი ტანზე შემოიხვია, თითქოს ამით ცდილობდა ამბოხებული ვნების ჩახშობას, ასე რომ უწამებდა ათრთოლებულ სხეულს.
როცა ვაკო საშხაპიდან გამოვიდა, სალი უკვე ჩაცმული დახვდა. იგი აუზთან ჩაცუცქულიყო მის მოლოდინში. სალის ისე მოსწონდა აქაურობა, სურვილი გაუჩნდა, სამუდამოდ აქ დარჩენილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი თითქმის უხმაუროდ მოძრაობდა, გოგონამ მაინც იგრძნო, როგორ მოუახლოვდა იგი და მის ზურგს უკან გაჩერდა. სალი დაიძაბა. აი, ახლა მხრებზე ხელს დაადებს და… მაგრამ ეს არ მოხდა.
_ წამო, ვნახოთ, როგორ მიდის ვახშმის საქმეები, _ შესთავაზა ვაკომ, გოგონას წინიდან მოუარა და ხელი გაუწოდა, _ არ მოგშივდა?
ერთი ნოტიც კი არ შეინიშნებოდა მის ხმაში, რომ რაიმე არასასურველი და უღირსი ქმედება ჰქონოდა განზრახული. თუმცა, როცა წყალში დგაფუნობდნენ, სალი დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მასზე არანაკლებად იყო აღგზნებული. თუ მართლა ასეა, გამოდის, რომ ის გაწაფულად აკონტროლებს თავის თავს და ამისთვის მადლიერიც კი უნდა იყოს მისი. აი, მასაც რომ გააჩნდეს ასეთი რკინის ნებისყოფა, რა მაგარი იქნებოდა?!
გოგონამ მის გამოწვდილ ხელს არც შეხედა, მკვირცხლად წამოდგა და მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა. მამაკაცს მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა თეძოებზე შემოხვეული! სალიმ ტუჩები მოკუმა და მზერა აარიდა. მისმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა…
_ ხშირად გაძლევენ უფლებას, აუზ-ზით ისარგებლო? _ რაღაც მომენტში სალის ხმა ჩაუწყდა და წამოწითლებულმა გულში ინატრა, რომ მამაკაცს არ ეკითხა მისთვის, რა დაგემართაო.
_ ჰო, ნებისმიერ დროს, _ უპასუხა ვაკომ, წამითაც არ შეიმჩნია მისი დაბნეულობა.
«გამიმართლა, მაგრამ როდემდე?» _ გაიფიქრა სალიმ და ნაბიჯი შეანელა, რათა მამაკაცი წინ გაეტარებინა. ვაკო კიბისკენ გაემართა. გოგონა თვალს არ აშორებდა მის გაშლილ, ფართო მხარ-ბეჭს და ხვდებოდა, რომ მის გარდა, სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. მიდიოდა და თავის თავს გულის ხმით ეკითხებოდა, შეძლებდა კი წინ აღდგომოდა საკუთარი სხეულის ბუნებრივ ჯანყს? ეს ხომ ჩვეულებრივი მოთხოვნილება იყო _ სექსუალური მოთხოვნილება _ ექვსი თვეა, მამაკაცი არ შეხებია… საინტერესოა, ამწუთას თუ გრძნობს ვაკო მის მზერას, ზურგს რომ უხვრეტს? ან იმას თუ გრძნობს, რა განცდებშიც არის სალი?
_ შეგიძლია ამით ისარგებლო, _ დაუდევრად წამოისროლა ვაკომ.
რა-ა? კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს მასთან ერთად წყალში? რა მაცდუნებელი წინადადებაა! _ გაიფიქრა სალიმ, ხმამაღლა კი თქვა.
_ სამწუხაროდ, ამას ვერ ვიზამ. ჯერ ერთი, ძალიან შორსაა ჩვენი სახლიდან და მეორეც, შენ გარეშე ვერ გავბედავ მარტომ გავცურო. ერთი წუთით წარმოიდგინე, ოჯახის პატრონი შინ რომ დაბრუნდება და თავის აუზში უცხო ქალს აღმოაჩენს. არ გაგიჟდება?
ვაკომ თავი მოაბრუნა და ჩაიცინა.
_ დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება.
რაც მართალია, მართალია, ყველაფერში მისი დანისლული თვალებია დამნაშავე. წამით შეეფეთა მის მზერას და ეს საკმარისი აღმოჩნდა, მუხლები მოკვეთოდა. იმწუთას ფეხი წამოჰკრა საფეხურს, თუ უბრალოდ, წაიბორძიკა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ მიხვდა, რომ ძირს ვარდებოდა. მისმა შეშინებულმა წამოძახილმა აიძულა ვაკო, მომენტალურად შემობრუნებულიყო. მამაკაცმა ხელი გაუწოდა, რათა დაეჭირა გოგონა, მაგრამ სალი ისე «მიზანსწრაფულად» მიექანებოდა უკან, რომ ვაკოსაც კი გამოსდო ფეხი და ორივე ერთდროულად დაგორდა კიბეზე…
გაგრძელება იქნება ორშაბათს