ნატო გელაშვილის განცხადება: "ხელები შორს! არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას" - Marao

ნატო გელაშვილის განცხადება: "ხელები შორს! არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას"

2025-06-13 13:35:05+04:00

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს.  დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა".

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს. 

ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..."

gelashvili_nato

მათე დევიძის ამბავი

გუშინ, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.

"იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება, შეიძლება დიდი ხანი ვერ გნახოთ… იცით, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბერს, გამთენიას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა….. მაგ დღეს ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე ძალის გამოყენება, ვეცადე გავრიდებოდი და ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ რაც მოხდა.

მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა", - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.

"სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა მათე დევიძე სასამართლოში შეკრებილებს. 

"მე ერთ პატარა ხის ნავში აღმოვჩნდი, რომელიც დიდმა ტალღებმა დიდ ოკეანეში შეითრია, აქეთ-იქით ახეთქებს და გადარჩენის გზას არ უტოვებს. ჩემს ნავს ნელ-ნელა ნახვრეტები უჩნდება" - წერდა განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მათე დევიძე ციხიდან. 

როგორც ცნობილია, მათე დევიძეს ჰყავს მშობლები, ერთი და და ბებია. მისი და, ელენე დევიძე და ბებია, ეთერ მჭედლიშვილი სასამართლოს ესწრებოდნენ. მათეს დედა კი ემიგრაციაშია: "მე ელენეს და მათეს გამო წამოვედი აქ. ელენეს რომ ესწავლა, მათეს ძვირადღირებული გიტარა სჭირდებოდა, რომ ბენდში დაეკრა.. მე საერთოდ არ მინდოდა ემიგრანტობა, რისთვის წამოვედი, რომ მათე დაეჭირათ?" - ამბობდა "რადიო თავისუფლების" რეპორტაჟში მათე დევიძის დედა.