ორი წლის წინ, 2023 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რუსკა ქარქაშაძე დაქორწინდა. მაშინ რუსკა 20 წლის იყო, მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძე კი 32-ის. ასაკობრივმა სხვაობამ მაშინვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მსახიობსაც ხშირად წერდნენ.
რუსკამ გამომწერების კითხვებს პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ჭკვიანი და მიზანდასახულია, 20 წლის ასაკში ქორწინება ხელს არაფერში შეუშლის: "პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგად მოგცემს მოტივაციას, უკეთესი გახდე", - წერდა რუსკა.
წყვილს ბედნიერი ოჯახი აქვს - ცოტა ხნის წინ ისინი პირველი შვილის, ზუკას მშობლებიც გახდნენ. რუსკა და ლაშა შვილთან ერთად ბევრს მოგზაურობენ და კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. მიუხედავად ამისა, კითხვებს ასაკობრივი სხვაობის შესახებ მაინც იღებენ. ამჯერად რუსკა სწორედ ამის შესახებ წერს:
- როგორ ფიქრობ, ცოლ-ქმარს შორის რამდენი წელი უნდა იყოს განსხვავება?
- სიტყვა "უნდა" არ ჯდება ამ კონტექსტში. "უნდა" ის, რაც ორ ადამიანს აბედნიერებს.
- უთქვამთ შენთვის, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობა არ არის კარგი? იყო აგრესია?
- არ ვთვლი, რომ კატასტროფული ასაკობრივი სხვაობაა ჩემსა და ლაშას შორის. არა, ვისგან უნდა ყოფილიყო აგრესია? ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. უცხო ადამიანების აზრს კი არასდროს გავითვალისწინებდი გადაწყვეტილების მიღების დროს.
რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.
დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში. ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა. ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“. 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.
2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
მოგვიანებით რუსკა ქარქაშაძე არაერთ სატელევიზიო შოუსა თუ გადაცემაში გამოჩნდა, ქორწინების შემდეგ კი ეკრანზე იშვიათად ჩნდება.
რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას", - ამბობდა მსახიობი.
რუსკა ქარქაშაძესა და ლაშა მოწონელიძეს ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.