ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მეტ დროს ვატარებთ ღია ცის ქვეშ, რაც ავტომატურად ზრდის მზის სხივების ზემოქმედებას.
როდესაც ტემპერატურა იზრდება, ბევრ ადამიანს, ვისაც პრობლემური ან აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს, უჩნდება კითხვა: როგორ დაიცვას კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან.

მზის სხივების ქვეშ ყოფნამ, შესაძლოა, პრობლემურ კანზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა ეს ეფექტი დროებითია და, ხანგრძლივი პერსპექტივით, მას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.
მზე დროებით აშრობს კანს და ცხიმიანობას ამცირებს, რაც აკნეს ასუსტებს, მაგრამ არსებობს სერიოზული უარყოფითი მხარეც: მზის ზემოქმედებამ შესაძლოა გაამწვავოს ჰიპერპიგმენტაცია, რაც ნიშნავს, რომ ლაქები შესაძლოა გაქრეს, მაგრამ კანის ფერი და ნაწიბურები უფრო მკვეთრი გახდეს. ამიტომ, მზისგან კანის დაცვა აუცილებელია.

როგორ დავიცვათ კანი სწორად?
აუცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ მზისგან დამცავი კრემი. აკნე ხშირად იწყება დახშული ფორებისგან. ცხიმი, ოფლი და კანის მკვდარი უჯრედები ფორებს ავსებს, ამ დროს კი არასწორმა მზისგან დამცავმა შესაძლოა ეს პრობლემა კიდევ უფრო გააუარესოს.
- აირჩიეთ ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი
ეს არ ახშობს ფორებს და არ ზრდის ცხიმიანობას, ისედაც ცხიმიანი კანისთვის.
- შეარჩიეთ მზისგან დამცავი კრემი თქვენი კანის ტიპის მიხედვით
კრემმა არ უნდა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. აკნესკენ მიდრეკილი კანი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მგრძნობიარეა. შეამოწმეთ პროდუქტის შემადგენლობა, რომ ინგრედიენტები არ იწვევდეს კანის გაღიზიანებას, წვას ან სიწითლეს.
- სწორად უნდა შეარჩიოთ კრემის სტრუქტურა
მძიმე, სქელი ან თეთრი კრემი, რომელიც კვალს ტოვებს ნაკლებად კომფორტულია და შეიძლება რეგულარულად ვერც კი გამოიყენოთ. შეარჩიე მსუბუქი ტექსტურის, თხელი კრემი ან გელი.
- განაახლეთ მზისგან დამცავი ყოველ 2–3 საათში
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დიდ დროს ატარებთ გარეთ და გახასიათებთ ზედმეტი ოფლიანობა.
- დღის ბოლოს აუცილებლად გაწმინდეთ სახე და წაისვით დამამშვიდებელი საშუალება
ძილის წინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად მოიშოროთ მზისგან დამცავი საშუალება და ისე დაიძინოთ. სუფთა და კარგად დატენიანებული კანი უფრო კარგად სუნთქავს და ახერხებს რეგენერაციას. შედეგად კი უფრო ჯანსაღად გამოიყურება.
მზისგან დაცვის გამოყენება ცხელ დღეებში უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი, რომ ზაფხულის ცხელი დღეებით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.