ძლიერი სუსტი ქალი - თავი 13 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 13

2025-06-18 11:22:54+04:00

წინა თავი

_ აუუუუუუუ! სად ხართ? მე დავბრუნდიიი! _ მარინას ომახიანმა ხმამ სალისა და ვაკოს ყურამდე გვიან მიაღწია, რადგან აივანზე ისხდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ.

_ აქ ვართ! _ გამოეპასუხა მამაკაცი.

სალიმ ვაკოს გადახედა და გული დაწყდა, რადგან მიხვდა, რომ მათი დღეღამისეული განმარტოება დასასრულს მიუახლოვდა. ვაკომაც უხალისოდ გაიღიმა და მანამდე მოაშორა სალის მხარს მკლავი, სანამ მარინა აივანზე ამოვიდოდა. მაგრამ ამ ხნის ქალის მოტყუება არც ისე ადვილი იყო. მან მსწრაფლ გადაიტანა მზერა ძმისშვილიდან ვაკოზე, მაშინვე შეამჩნია მათი მრავლისმთქმელი გამოხედვა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

_ მაპატიე, ასეთ დროს რომ მიგატოვე, საყვარელო. კიდევ კარგი, ვაკო რომ შენ გვერდით იყო და ყურადღება მოგაქცია. რას შვრება შენი ხელი?

_ გმადლობ, უკეთ ვარ, თითქმის არ მტკივა.

ვაკო წამოდგა და მარინას მიეგება.

_ დაბრძანდი, მარი. სალის ერთი სული აქვს, გაიგოს, რა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა ასეთი, რომ შინ მოსვლა ვერ მოახერხე. მე გავალ, დასალევს მოვიტან. ყავა თუ წვენი?

_ წვენი, _ ერთდროულად უპასუხეს ქალებმა.

_ ამწუთას იმ კატას ჰგავხარ, რომელმაც ლორის მსუყე ნაჭერი დაითრია, _ გამოუცხადა მამიდამ ძმისშვილს, როგორც კი მამაკაცი სამზარეულოში მიიმალა, _ კარგად გამოიძინე? _ ჰკითხა და წარბები ეშმაკური ღიმილით აწკიპა.

_ თუ ის  გაინტერესებს, ვიწექი თუ არა  მასთან, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება და ვერაფრით გაგახარებ, _ ირონიულად შენიშნა გოგონამ, _ და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვ, შენს წარმოსახვებს ფრთებს ნუ შეასხამ.

_ და მაინც, რაღაც მოხდა, _ მარინამ გამჭოლი მზერა ესროლა სალის, _ ბრმა უნდა ვიყო, შენი და მისი გარდასახვები ვერ შევამჩნიო. ხომ იცი, ასეთ რამეებს მე ვერავინ გამომაპარებს. თუმცა, დაკითხვას არ ვაპირებ. თქვენი პირადი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეხებათ, მე არაფერ შუაში ვარ.

_ მაგას ჯობია, მითხრა, სპეციალურად არ მოხვედი წუხელ შინ, არა? ჩამიწყვე მასთან მარტო დარჩენა, ხომ ასეა?

_ რა სისულელეა, სიხარულო. რაში უნდა დამჭირვებოდა ასე მოქცევა? ბავშვი ხომ არ ვარ? _ უდანაშაულო გამომეტყველება აღებეჭდა მარინას სახეზე, თანაც _ ზედმეტად უდანაშაულო, _ ხომ ავუხსენი ვაკოს, რომ მართლა გადუდებელი საქმე გამომიჩნდა? შინ დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, დროის ფუჭი დაკარგვა იქნებოდა მხოლოდ.

_ ასეთი გადაუდებელი რა იყო? _ უნდობლად შეხედა სალიმ, მამიდის ერთი სიტყვაც არ სჯეროდა.

_ ნაკვეთი რომ გავყიდე, ხომ იცი? იმის ფული ჯერ ბოლომდე არ მოუციათ, ამიტომ დილით ადრე უნდა დავდგომოდი თავს ჩემს კლიენტს, რომელიც იქვე, თინიკოს მეზობლად ცხოვრობს, ორი სართულით ზემოთ. დილუთენია რომ არ მივსულიყავი, მერე ვეღარ დავიჭერდი სახლში. ამიტომაც დავრჩი ღამისთევით.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სიმართლეს, მაგრამ სალიმ მაინც არ დაიჯერა. ყოველ შემთხვევაში ის მაინც, რომ ამის გამო ღამით აუცილებლად სხვის სახლში უნდა დარჩენილიყო.

_ თინიკო როგორ არის? იყავით ექიმთან?

_ ო! ეგ კიდევ სხვა საკითხია. ქალბატონს ჩიყვი აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ აქვს ნერვოზი აკიდებული.

_ რას ამბობ! საოპერაციოა?

_ ჯერ არა, იქნებ მკურნალობას დაექვემდებაროსო. ვნახოთ, რა იქნება., თუმცა შედეგის დიდი იმედი არ მაქვს, ჩემი აზრით, მაინც ოპერაცია ჯობდა.

სლიმ არაფერი უპასუხა.

_ მიბრაზდები?

_ არა, _ გოგონამ ნელა მოაბრუნა თავი და ორაზროვნად შეხედა.

_ კარგი რა, მე შენ ისეთი საიმედო ადამიანის ხელში დაგტოვე, წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემზე უკეთ მოგხედავდა. მახსოვს, ერთხელ ფეხი გადამიბრუნდა და ვაკომ რომ გაიგო, გვერდიდან არ მომშორებია. შვილივით ზრუნავდა ჩემზე. ასეთ შემთხვევებში იგი შეუცვლელია, დამიჯერე. არ ვარ მართალი?

სალიმ თავისთვის ჩაიღიმა. «მამიდას აზრზე არ არის, რა დონემდე შეუცვლელია ვაკო, ალბათ ვერც კი წარმოიდგენს. არა მგონია, მისი საიმედო მეგობარი გაჭირვების ჟამს მას დაბანაშიც მიხმარებოდა.» სალიმ თავადაც არ იცოდა, რატომ მისცა ამდენის უფლება მამაკაცს, თუმცა კი ამის გაფიქრებაზე სიამოვნების ჟრუანტელმა დაურბინა სხეულში და კმაყოფილმა გაიზმორა.

გაახსენდა, როგორ ჩამობანა ვაკომ საპნიანი ზურგი და ბოლოს, პატარა ბავშვივით,  როგორ გაამშრალა პირსახოცით… თან წამითაც არ უცდია, ესარგებლა სიტუაციით, თორემ… განა უარს ეტყოდა რამეზე? უარის სათქმელად სწორედ რომ არ იყო სალომე მზად…

_ მართალი ხარ, მამი, შენი ახალგაზრდა ძმაკაცი თუ მეგობარი მართლაც შეუცვლელია, _ დაეთანხმა სალი, თან თავს ძალა დაატანა, მოგონებებიდან თავი დაეღწია, _ არ ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა, ალბათ თავს ვერაფერს გავართმევდი.

ამასობაში ვაკოც დაბრუნდა წვენის ჭიქებით ხელში. მის გამოჩენაზე სალის ისევ უცნაურად შეუტოკდა გული. მამაკაცს გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. მან წვენით სავსე ჭიქა წინ დაუდგა გოგონას, თან იდუმალი მზერა ესროლა. მარინა ყურადღებით მისჩერებოდა ორივეს, ტკბებოდა მათი უსიტყვო დიალოგით, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

_ რადგან უკვე აქ ხარ, მე აღარ შეგაწყენთ თავს. ისედაც, ახალი დღე დაიწყო, ჩემი წასვლის დროა, უამრავი საქმე მაქვს.

_ დიდი მადლობა, ვაკო, ამ სიკეთეს ხომ იცი, რომ არ დაგივიწყებ, _ მარინამ სალისგან შეუმჩნევლად, თვალი ჩაუკრა.

_ მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ, _ ხელები გულზე დაიწყო ვაკომ და ორივეს თბილად დაემშვიდობა.

_ მიხარია, ერთმანეთს რომ შეეწყვეთ, _ თქვა მარინამ, როცა მამაკაცი წავიდა, _ თავიდანვე მქონდა ამის იმედი. ცხოვრებაში არ მინახავს ერთმანეთზე ასე ძალიან შეყვარებული წყვილი.

_ ვის გულისხმობ? _ გაოცებულმა სალიმ დიდრონი თვალები მიაპყრო.

_ რა თქმა უნდა, შენ და ვაკოს, სხვას ვის? _ ნიშნის მოგებით უპასუხა ქალმა.

_ შეყვარებულს? თანაც ძალიან შეყვარებულს? _ გაიმეორა ძმისშვილმა, _ ზედმეტი ნათქვამი ხომ არ არის, მამი, შენ მხრიდან? მგონი, ცოტას აჭარბებ.

ქალმა ტუჩები აიბზუა.

_ შეიძლება შენ ვერ ხვდები ამას ან არ გინდა აიღარო. იქნებ საკუთარ თავს არ უტყდები, რომ შეყვარებული ხარ? იცი, სხვისი გადასახედიდან რა ადვილი შესამჩნევია?

_ კარგი რა, ნუ მაცინებ.

_ არ გჯერა? მე რაც გინდა, ის მითხარი, მაგრამ შენს გუში თუ ჩაიხედავ, იქ სხვა რამეს აღმოაჩენ, _ მტკიცედ წარმოთქვა მარინამ, წვენი მოსვა, წამოდგა და ჭიქიანად გაუჩინარდა, რათა ძმისშვილი მარტო დაეტოვებინა თავის ფიქრებთან.

ნუთუ? ნუთუ მართლა შეყვარებულია? ასე ძალიან ეტყობა, ვაკო რომ მოსწონს? მერედა რა, რომ მოსწონს? განა ეს სიყვარულია? იქნებ მხოლოდ პრიმიტიული გატაცებაა და სხვა არაფერი? ქალია, ბოლოს და ბოლოს… ქალი, რომელიც ქმარს გაშორდა… ახალგაზრდა, ლამაზი… უცხო, სიმპათიური მამაკაცის ყურადღებამ თავბრუ დაახვია და ეგ არის… ხანდახან იმაზეც კი ფიქრობს, რომ ვაკო არაჩვეულებრივი საყვარელი იქნება. ჰო, რა მოხდა მერე! აბა, რა თავში იხლის მის ცოლობას? მეორედ გათხოვებას არ აპირებს! შენი ჭირიმე, მოიცა რა!! ერთხელ რომ გათხოვდა, რა ხეირი? არ ჯობია, საყვარელი გაიჩინოს და თავისუფლება შეინარჩუნოს? როცა უნდა და სადაც უნდა, იქ წავა, არავინ უბრძანებს, დღეს სახლიდან არ გახვიდე და სამსახურიდან რომ დავბრუნდები, შინ დამხვდიო. გამირეცხე, დამიუთოე, სადილი მომიზადე… უკვე დაიღალა ასეთი რამეებისგან. მაგრამ თუკი მამიდა სიმართლეს ამბობს? იქნებ მართლა ვერ ხვდება და ყურებამდეა შეყვარებული? არა, რა სისულელეა… მაგრამ მაშინ რატომ არის ასეთი აღგზნებული? ადრე მსგავსი ლტოლვა არასდროს ჰქონია მამაკაცის მიმართ. არც კი დასიზმრებია. ღმერთო, რაებზე ფიქრობს! ნუთუ ვერ ხვდება, რა შორს შეტოპა?! არის კი მზად ამისთვის? ხომ არ ჯობია, ცოტა შორს დაიჭიროს თავი? სანამ ცოლად გაჰყვებოდა, ავთოც არაჩვეულებრივი თაყვანისმცემელი იყო, ანებივრებდა და სიურპრიზებსაც უხვად უმზადებდა, მაგრამ შეუღლების შემდეგ სრულიად შეიცვალა. ის კი არა, მისი ორი დაქალიც ხშირად ჩიოდა მასთან _ რაც გავთხოვდით, საკუთარ ქმრებს ვერ ვცნობთო. ასეთები არიან მამაკაცები… დაქორწინების შემდეგ მბრძანებლობის სურვილი უათმაგდებათ, ცოლის ბატონ-პატრონად დაიგულებენ თავს და მის თავისუფლებას მაქსიმალურად უკვეცავენ ფრთებს. უნდა კი სალის, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ განმეორდეს მის ცხოვრებაში? არა და არა!

მოულოდნელად მარინამ გამოსძახა, ტელეფონთან გიხმობენო. კისრისტეხით გავარდა სასტუმრო ოთახში იმ იმედით, რომ ვაკო ურეკავდა. ეს წუთია, წავიდა და უკვე ვეღარ ითმენს. მგონი, ჩემზე უარეს დღეშია, ფიქრობდა გზადაგზა, მაგრამ…

ყურმილი აიღო თუ არა, მიხვდა, რომ ქმარყოფილი შერჩა ხელთ.

_ გამარჯობა, სალი. მე ვარ…

_ გიცანი…

_ როგორ ხარ?

_ მშვენივრად. რა გინდა, რატომ მირეკავ?

_ მომენატრე. შენ არა?

_ ასეთ შემთხვევაში, თავად დაგირეკავდი.

_ მეგონა, ამ ხნის განმავლობაში წყენა გაგივლიდა და შემირიგდებოდი. ვიცი, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე, მაგრამ ადრე ვერ ვხვდებოდი ამას. ახლა მივხვდი და ძალიან ვნანობ. მომეცი კიდევ ერთი შანსი და ყველაფერს გამოვასწორებ.

_ არ გინდა… ნუ ცდილობ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ეს შენს ძალებს აღემატება.

_ რატომ გგონია?

_ კარგად გიცნობ და იმიტომ.

_ კარგი, გასაგებია… ისე მაინც არ დამეხმარები?

_ რაში?

_ შენმა დედინაცვალმა არ გითხრა?

_ ჰო… მითხრა.

_ მერე?

_ რა მერე? მე რა შუაში ვარ?

_ მომისმინე…

ავთო კარგა ხანს ლაპარაკობდა. სალი ერთხანს უგულისყუროდ უსმენდა, ბოლოს მოკლედ მოუჭრა.

_ ავთო, მაპატიე, ახლა ძალიან ცუდად ვარ, უნდა დავიძინო. მოგვიანებით დამირეკე, კარგი? იქამდე მოვიფიქრებ, როგორ მოვიქცე, _ და მის პასუხს არც დაელოდა, ისე დაკიდა ყურმილი.

ახლა ავთოზე ფიქრის თავი არ ჰქონდა., ძლივს იდგა ფეხზე, თვალები ებლიტებოდა. ნახევრად მძინარემ პლედს დაავლო ხელი, იქვე ტახტზე მიწვა, პლედი გადაიფარა და რამდენიმე წუთის შემდეგ ღრმა ძილს მისცა თავი.

8 8 8

მთელი დღე გათიშულს ეძინა, გვერდი არ შეუცვლია. საღამო ხანს, უკვე შებინდებულზე, თითქოს რაღაცამ შეაკრთოო, შეშინებულმა გაახილა თვალები და…

ტახტზე, მის ფეხებთან, ვაკო ჩამომჯდარიყო…

_ ხომ არ შეგაშინე?

_ მერედა როგორ, ვერც წარმოიდგენ, _ გოგონამ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, _ რომელი საათია?

_ მალე დაღამდება.

_ ღმერთო, რამდენი მიძინია! დიდი ხანია, მოხვედი?

_ ეს წამია…

_ გამოიძინე?

_ არა… შენგან განსხვავებით, ძილი არ გამეკარა, თუმცა კი, ძალიან ვეცადე. მაინც აქეთ გამომიწია გულმა. ვიფიქრე, დავხედავ, რგორ არის-მეთქი. გტკივა?

_ არა… შენ თუ ასე წარამარა ივლი აქ, სამსახურს დაკარგავ. არ მინდა, შენი ცხოვრების ხელის შემშლელი ფაქტორი გავხდე.

_ მერედა, რა ლამაზად ახერხებ ამას, რომ იცოდე. მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი «ხელისშემშლელი ფაქტორი» ხარ.

_ განსაკუთრებით მაშინ, როცა საავადმყოფოში ვიმყოფები თაბაშირის გადასახვევად, _ სიცილი წასკდა სალის.

_ საავადმყოფში ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მომენტები, მაგრამ თავადაც კარგად იცი, მე რაც ვიგულისხმე. ხომ არ ნანობ, რაც წუხელ მოხდა? გული ხომ არ გეთანაღრება რამეზე?

სალიმ უარის ნიშნად თავი გადააქნია და მთელი სახით გაიღიმა, მეტად აღარ შეეძლო თავის შეკავება, სახეზე მისი ნახვით გამოწვეული «ერთი დიდი სიამოვნება» ეწერა.

_ შენ? _ კითხვა შეუბრუნა გოგონამ.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ მოვიდოდი, _ ჩუმად უპასუხა მამაკაცმა და მისკენ მიიჩოჩა…

ამჯერად მთელი გზნებით აკოცა, როგორც შეყვარებულ მამაკაცებს ჩვევიათ ისე. სალი თრთოლვამ მოიცვა.

_ ძლივს წესიერად არ გაკოცე? _ ჩაიჩურჩულა ვაკომ და კვლავ მის ტუჩებს წაეტანა.

იგი ფრთხილობდა, რომ სალომეს ნაღრძობი ხელი არ ტკენოდა. მძლავრად მიიხუტა მკერდზე და გოგონამ იგრძნო, როგორ არათანაბრად და ძლიერად უცემდა გული მამაკაცს. არც მისი გული იყო უკეთეს დღეში. ლაპარაკი რომ შეძლებოდა, სასიყვარულო ფრაზების მთელ კორიანტელს დააყენებდა… კოცნა უსაზღვროდ ხანგრძლივი და მათრობელა აღმოჩნდა. ქალი და მამაკაცი თავდავიწებას მისცემოდნენ, თუმცა, მათ სმენას მალევე მისწვდა აივანზე მოარული მარინას ფეხის ხმა.

_ უბრალოდ, ვერ გავძელი ამის გარეშე… _ ჩაიდუდუნა მამაკაცმა, როცა გოგონას ხელი შეუშვა.

_ მეც, _ აღიარა დამორცხვებუმა სალიმ, კოცნამ თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა, რაღა დროს ძილი იყო! _ დიდხანს დარჩები?

_ რამდენ ხანსაც გაგიხარდება.

_ მაგრამ შენ ხომ წუხელ მთელი ღამე არ გიძინია…

_ სულაც არ მეძინება… უფრო მეტიც, შენ გვერდით ერთი-ორი ღამე კიდევ არ დავიძინებ.

_ თვალსაც არ მოხუჭავ? _ ეშმაკურად ახედა გოგონამ.

_ არც ერთი წამით.

_ აი, გმირიიი! _ შესძახა გამხიარულებულმა სალიმ, _ სამაგიეროდ, ხვალ დილით, სამსახურში რომ გახვალ, მთელი დღე იყვინთავებ. ვფიქრობ, აჯობებს, წახვიდე და გამოიძინო.

_ ჯერ მაცალე, ცოტა ხანს გიყურო, გავძღე შენი ცქერით…

გოგონამ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

_ უკვე გვიანაა…

_ ჩვენ შეგვიძლია შენს საძინებელში გადავინაცვლოთ… რამდენიმე წუთით მაინც, _ ზედ ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა.

_ მამიდაჩემი გინდა, გააგიჟო? შოკში ჩავარდება!

_ მარინა? გგონია, მისი შოკირება ამ გზით მოხერხდება? _ გაიცინა, _ მე მგონი, პირიქით, აღტაცებულიც კი დარჩება. მას ხომ ასე ძალიან უნდა ჩვენი დაახლოება.

_ ეგ ვიცი.

_ როგორ ფიქრობ, ხვდება, რაც ჩვენ შორის წუხელ მოხდა?

_ ჰო.

_ მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა, არ ღირს მის რეაქციაზე ნერვიულობა.

და მან კვლავ აკოცა. და სალიც კვლავ თრთოლვამ აიტანა. მჭიდროდ მიეკრო მამაკაცის ფართო მკერდს და მკლავები კისერზე მოხვია. მოულოდნელად სასტუმრო ოთახში მარინა შემოვიდა, თუმცა წყვილს არც უცდია, ერთმანეთს მოწყდომოდნენ… აზრი არ ჰქონდა… მაგრამ მარინას ნათქვამმა წამსვე გაანელა ის ეიფორია, რომელშიც ვაკო და სალი მის შემოსვლამდე იმყოფებოდნენ.

_ მოუყევი ვაკოს შენი ქმრის ამბავი?

სალიმ ამოიკვნესა. რა უადგილოდ იცის ამ ქალმა რაღაცების წამოროშვა… რა დროს ეგ იყო? ამწუთას სულაც არ სურდა, ვაკოსთან თავის ყოფილ მეუღლეზე ესაუბრა. მამაკაცი ცოტა ხნით იყო მოსული და უნდოდა, ეს დრო სიამოვნებაში გაეტარებინა, მისი გვერდით ყოფნა გემრიელად შეეგრძნო… და მისი ტუჩების სიტკბოც….

_ მასთან დაბრუნება გადაწყვიტე? _ ჰკითხა ვაკომ და გამოხედვა ყინულივით ცივი გაუხდა.

_ რა თქმა უნდა, არა, _ შეცბა სალი, _ ჩვენ სულ სხვა თემაზე ვისაუბრეთ.

_ ამ დილით დაურეკა, _ გააგრძელა მამიდამ, _ ვიღაც თანამშრომელმა უჩივლა, გამაუპატიურაო და სარჩელი შეუტანა სასამართლოში. ავთოს უნდა, რომ სალომე დაეხმაროს ამ საქმეში.

_ და როგორ უნდა დაეხმაროს?

_ ალბათ მოწმედ დაუდგეს, სხვა რა შეუძლია სალოს? _ მხრები აიჩეჩა მარინამ.

_ უკვე გასაგებად ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, _ სწრაფად დაამატა სალიმ, სანამ ვაკო ამ ყველაფრიდან არასასურველ დასკვნებს გამოიტანდა.

მაგრამ შეცდა… მამაკაცი ნელ-ნელა დამშვიდდა.

_ დარწმუნებული ხარ, რომ მეტჯერ აღარ შეგაწუხებს? თუ კიდევ დაგირეკავს, მე…

გოგონამ ტუჩებზე ხელი ააფარა.

_ აღარ დარეკავს. მიხვდა, რომ აზრი არა აქვს ჩემთან ლაპარაკს. ყველაფერი დამთავრდა.

_ და თუ არ გაიგებს ამას, ჩემთან ექნება საქმე, _ დაამატა მარინამ, _ არ დავუშვებ, ვინმემ ჩემს ძმისშვილს გული ატკინოს. ვინც უნდა იყოს იგი.

_ და იმ დროს მეც თუ აქ აღმოვჩნდები, ჩემს აზრსაც გავუზიარებ, დიდი სიამოვნებით, _ მუქარა გაისმა ვაკოს ხმაში, _ თუ გინდა, ჩავალ მოსკოვში და დაველაპარაკები, არ გამიჭირდება… არც დავიზარებ…

სალომეს ესიამოვნა მამაკაცის ასეთი რეაქცია, მაგრამ მისი შემოთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა.

_ სხვისი ჩარევა არ არის საჭირო. მე თვითონ მოვუვლი ჩემს პრობლემას. ასე აჯობებს.

_ დეგენერატი! ამისთანა ქალი გვერდით ჰყავდა და არ შეიფერა. ახლა, როცა გაუჭირდა, მიხვდა, რაც დაკარგა! კარგ დროს კი გაახსენდა. აქამდე სად იყო? თავიდანვე ვხვდებოდი, რა ხილიც ბრძანდებოდა, მაგრამ ვინ მომისმინა? შენი საქმისა შენ იცი, შვილო. ერთი რამ დაიმახსოვრე მხოლოდ: თავი არავის დააჩაგვრინო. შენ ამას არ იმსახურებ, ამისთვის არ გამიზრდიხარ! იმედია, თავს აღარ მოგვაბეზრებს. თუ კიდევ დარეკავს, აღარ ელოლიავო, ერთხელ და სამუდამოდ მოიშორე თავიდან, რომ სამუდამოდ დაგვავიწყოს თავისი სახელი.

ასეც მოხდა. ავთომ ორი დღის შემდეგ კვლავ დარეკა და სალომემ ისეთი დღე აყარა, მას შემდეგ მამაკაცს სურვილი არ გასჩენია, ყოფილ ცოლს შეხმიანებოდა.

ვაკო თითქმის ყოველდღე მოდიოდა მარინას სახლში, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, მაშინვე სალის სანახავად მოეშურებოდა. ხან სად დაეხეტებოდნენ, ხან სად _ ფეხით, მანქანით… რამდენჯერმე ღამითაც დარჩა მათთან, სწორედ იმ ოთახში, რომელიც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი…

ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო სალის ცხოვრებაში.

გაგრძელება იქნება