მალე მარინას მეგობრის ქალიშვილიც ჩამოვიდა. გამხდარი და აწოწილი ნინი მოზარდ ბიჭს უფრო ჰგავდა, ვიდრე გოგონას. წითური, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა, რაც საერთოდ არ უხდებოდა. ვიწრო სახე, კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები _ რომ არა თვალები, ერთ შტერ გოგონად მიიჩნევდა კაცი. თვალები კი მართლაც გამაოგნებლად ლამაზი ჰქონდა _ დიდრონი, ნაცრისფერი, წყლიანი…
_ ვაი, მგონი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს! _ შესძახა სალიმ, ნინი რომ დაინახა.
_ არ გადამრიო, საიდან? _ მარინა გაოცდა.
_ ხათუნას დეიდაშვილია, ონაშვილის… როგორ ხარ, პატარავ? ხათო რას შვრება, როგორ არის? სკოლის შემდეგ თვალით არ მინახავს.
_ რომელი ხათუნა, სალომე, რატომ ვერ ვიხსენებ? _ ცნობისმოყვარედ შეხედა მამიდამ ძმისშვილს.
_ ჩემი კლასელის, შენ არ იცნობ. ბოლო წელს გადმოვიდა ჩვენთან.
_ მართლა? არ გადამრიო! ნინის დედა და მეც კლასელები ვიყავით.
_ ვიცი, ხომ მითხარი. ნინი, მიცანი?
_ დიახ, როგორ არა. ხათუნა ხშირად გახსენებს. არ დამავიწყდება, ღამეებს რომ ათენებდით ჭორაობაში. ხათო საბერძნეთშია, იქ გათხოვდა და არის, რა, _ გაიცინა ნინიმ.
_ რამხელა გაზრდილხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, _ სალი გოგონას გადაეხვია.
_ აჰა, გასახსენებელიც ბევრი გქონიათ, რაღა გიჭირთ აწი! _ შესძახა მარინამ, _ ახლა თქვენ შეგიძლიათ იჭორაოთ.
სალიმ ირონიულად აწკიპა წარბები. ეს ბავშვი მაშინაც ნერვებს უშლიდა, როცა მის დეიდაშვილთან მეგობრობდა. იმდენად თავხედი და ცნობისმოყვარე იყო, გოგონებს ლაპარაკს არ აცლიდა, მაგრამ რაღას იზამდა, სხვა თუ არაფერი, მამიდის ხათრით მაინც მოუწევდა თავაზიანობის გამოჩენა.
საღამო ხანი იყო, როცა ვაკომ გამოიარა. ნინი და სალი აივანზე ისხდნენ. სალიმ მამაკაცს სტუმარი გააცნო. ნინიმ შეხედა თუ არა მოსულს, წამსვე აღტაცება გამოეხატა სახეზე და კარგა ხნის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია მისთვის. სალომეს მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია მისი რეაქცია. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ვაკო მართლაც «დაცემა» მამაკაცია და ნებისმიერი ქალის ყურადღების მიქცევა შეუძლია, ახალგაზრდისაც და «ძველგაზრდისაც». საბედნიეროდ, მამაკაცს უცხო გოგონას ხარბი მზერა არც კი შეუმჩნევია.
_ წავიდეთ, გველოდებიან, _ ხმადაბლა გადაულაპარაკა ვაკომ სალის.
_ სად მივდივართ?
_ თევზის რესტორანში. ვიცი, მოგეწონება.
_ ეჭვიც არ მეპარება. თევზი განსაკუთრებულად მიყვარს, _ გაიღიმა გოგონამ და წამწამები მორცხვად დახარა.
_ ეს პატარა სტუმარი დიდხანს რჩება თქვენთან? _ ჰკითხა მამაკაცმა, მანქანაში რომ ჩასხდნენ.
_ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ბინას იქირავებს.
_ თამამი გოგო ჩანს…
_ ნუ იტყვი… მართლაც რა პატარაა ეს სამყარო. მისი ნათესავი ჩემი კლასელი იყო, აქედან გამომდინარე, დიდი ხანია, ვიცნობ. ისეთი ცნობისმოყვარე და ჭორიკანაა, მტრისას! _ გაიცინა სალომემ.
_ დაიკიდე!
_ ეგრეც ვიქცევი.
რესტორანში არც ისე ბევრი ხალხი იყო. ვაკომ კუთხის მაგიდა ამოირჩია და ოფიციანტს შეკვეთაც მისცა. სალიმ შეამჩნია, რომ იგი მთლად მშვიდად ვერ იყო, თითქოს რაღაცაზე ნერვიულობდა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა. როცა ჭამა-სმას მორჩნენ, ვაკომ თეფში განზე გასწია, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და განსაკუთრებულად იდუმალი მზერით ჩახედა სალის თვალებში. ისიც გაიტრუნა რაღაც უცნაურის მოლოდინში. მამაკაცმა მისი ჯანმრთელი ხელი ჯერ მუჭში ჩაბღუჯა, მერე ტუჩებთან მიიტანა და თითებზე ეამბორა.
_ სალი… _ წარმოთქვა ჩუმი, მაგრამ სულისშემძვრელი ხმით, _ მესმის, რამდენად უფრთხი იმას, რომ კვლავ დაუკავშირო შენი ცხოვრება მამაკაცს, მაგრამ მე უკვე არ შემწევს ლოდინის ძალა. უბრალოდ, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. მართალია, სულ ახლახან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ასე მგონია, საუკუნეა, გიცნობ და ეს ჩემთვის საკმარისია, თამამი წინადადება შემოგთავაზო… დამდებ პატივს, გახდე ჩემი ცოლი?
მათ შორის სიყვარულზე ჯერ ერთი სიტყვაც არ თქმულა და სწორედ ამიტომაც, სალი გაშტერდა. აქამდე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თითქოს სწორედ ერთმანეთის შეყვარებისკენ მიისწრაფვოდნენ ორივენი, მაგრამ დაქორწინება? რა სისულელეა, ასე როგორ შეიძლება? ჯერ რა დროს ეგ არის? არა, სალის ამ წინადადების მიღება არ შეუძლია. იგი ასეთი რამისთვის მზად არ არის და თვითონაც არ იცის, იქნება კი ოდესმე მზად? ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით თავს შეიკავებს. ჯერ ნაადრევია გათხოვებაზე ფიქრიც კი.
«არა», _ მიკნავებული ხმით გაეპასუხა თავის გულისთქმას..
«რატომ?» _ გულმა ცივად დაუსვა შეკითხვა..
«ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.»
«მზად არ ხარ? რატომ? რა გაყოვნებს?» _ არ ეშვებოდა შინაგანი ხმა.
«დრო მჭირდება.»
«რისთვის?»
ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ იგი კარგი ადამიანია.
«რა საცოდავი მიზეზია!» _ აღშფოთდა გული, _ «განა ბუნებაში არსებობს იმაზე მზრუნველი, დელიკატური და კეთილშობილი მამაკაცი, ვიდრე ვაკოა? შენ ხომ უკვე გიყვარს იგი… მაშინ, რა ხდება, რატომ ყოყმანობ?»
_ მე სისულელე წამოვროშე, _ ჩაფიქრებული სალის სმენას მამაკაცის ნაღვლიანი ხმა მისწვდა, _ მაპატიე და დაივიწყე. შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად, მენდო. მესმის შენი. ვხვდები, რომ ვიჩქარე. არ უნდა გამეკეთებინა ეს. მაგრამ ერთი რამ იცოდე. მე შენ ძალიან მჭირდები, სალი. მინდა, რომ ყოველი ღამე ერთად გავატაროთ, მინდა, მუდმივად ჩემ გვერდით იყო. მინდა… მთლიანად ჩემი იყო… ყველაფერი ერთად მინდა…
_ მაპატიე, _ ჩაილუღლუღა გოგონამ, _ სიმართლე გითხრა, შეძლებსდაგვარად, ვცდილობ, შევამზადო ჩემი თავი ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიე… ჯერ არ ვარ მზად… ძალიან მეშინია… ნეტავ შენც შეგეძლოს ცოტა მოიცადო…
_ რა თქმა უნდა, შემიძლია, რაზეა ლაპარაკი… _ უხერხულად გაიღიმა მამაკაცმა, _ წამო, წავიდეთ.
რესტორნიდან უხმოდ გამოვიდნენ, მაგრამ ვაკოს სალი პირდაპირ შინ არ წაუყვანია. ჯერ გაისეირნეს. მტკვრის სანაპიროს ფეხით დაუყვნენ. საოცრად ლამაზი იყო ღამის თბილისი. წყლის ზედაპირზე მთვარის შუქისგან არეკლილი ოქროსფერი ბილიკი თვალისმომჭრელად ციმციმებდა. გზადაგზა მათ სხვა წყვილებიც ხვდებოდნენ. საიდანღაც მუსიკის ხმა მოისმოდა. იგრძნობოდა, რომ სუნთქავდა ქალაქი, ღამის ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მეტეხის ტაძარს ჩაუარეს. ეს ადგილი თითქოს რომანტიკული სასიყვარულო პაემნებისთვის იყო განკუთვნილი, ისეთ ამაღლებულ განწყობაზე აყენებდა ადამიანს და სალი მიხვდა, რატომაც აირჩია ვაკომ სასეირნოდ სწორედ სანაპირო. იმისთვის, რომ მისთვის ცოლობა ეთხოვა. ორივენი მდუმარედ მიუყვებოდნენ ტროტუარს, ფიქრებში ღრმად ჩაფლულები. ვაკომ სალის თითები თავისაში ჩახლართა და ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი.
_ პირობას გაძლევ, რომ ზედმეტად დიდხანს არ გალოდინებ, ვაკო, _ დაიჩურჩულა გოგონამ.
_ შენ ხომ იცი, რომ მე არასდროს არაფერს გაწყენინებ.
სალიმ თავი დააქნია.
_ მაპატიე, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს. იმდენად დამაკომპლექსა ჩემმა წარსულმა, ეს შიში ვერა და ვერ მოვიშორე. არადა…
_ მესმის შენი.
_ წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია… მგონი, ასე ამბობენ, არა?
_ ჰო, ასე ამბობენ…
_ იმედია, არაფერი გამიფუჭებია… რას იტყვი?
ვაკო იმდენად სიტყვაძუნწობდა, სალი მოულოდნელად შიშმა აიტანა, სამუდამოდ ხომ არ დავაშინე ჩემთვის საოცნებო ადამიანიო.
მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა, მისკენ შებრუნდა, ხელისგულები მხრებზე დაადო და სევდიანად გაუღიმა.
_ შენ კი არა, მე გავაფუჭე ყველაფერი. იმის მაგივრად, რომ მომეთმინა და საჭირო დროს დავლოდებოდი, ავდექი და «ჰოპლა» დავიძახე, მხოლოდ ამის შემდეგ გადავხტი. პირიქით უნდა მოვქცეულიყავი. მაპატიე…
_ რა არის აქ საპატიებელი, არ გრცხვენია? _ ალერსიანად წარმოთქვა გოგონამ და ტუჩები მიუშვირა…
იმანაც აკოცა… აკოცა ისე ვნებიანად, რომ სალის სუნთქვა შეეკრა. ამწუთას თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ალოდინებდა ასეთ შეუდარებელ მამაკაცს. არც თავისი თავის ესმოდა. გრძნობდა მხოლოდ იმას, რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. აჩქარება არ უნდოდა. აჩქარებით ერთხელ უკვე წააგო… მეორედ წაგების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ავთოსა და ვაკოს შედარება არ შეიძლებოდა, აზრიც არ ჰქონდა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ _ ბუნებითაც და გარეგნობითაც. გარდა ამისა, როცა ახსენდებოდა, რამდენად დამთრგუნველი და დამღლელი პროცედურა იყო განქორწინება, გული უსიამოვნოდ ეწურებოდა. ამის ხელმეორედ განცდა ალბათ საბოლოოდ გააგიჟებდა.
8 8 8
მეორე დღეს ვაკომ არ გამოუარა… არც დაურეკა… ეს პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც სალიმ ხელი მოიტეხა. გოგონა შიშმა შეიპყრო. როგორც ჩანს, მამაკაცი მართლა განაწყენდა და ზურგი აქცია, ალბათ გადაწყვიტა, რომ მის გარეშეც იოლად გავიდოდა ცხოვრებაში.
მეორე დილით სალომე და ნინი ლილოში წავიდნენ, ბაზრობაზე. მთელი დღე იარეს, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი შეიძინეს და საღამოს დაღლლ-დაქანცულები დაბრუნდნენ შინ.
_ სახლში ყოფნას არაფერი სჯობს, _ დაღლილი ხმით შესძახა სალიმ, როგორც კი ეზოში ფეხი შედგა.
_ მეც ძალიან დავიღალე. მაგარი მოსაწყენი საქმეა ლილოში შოპინგი… წავალ, წყალს გადავივლებ, _ დაეთანხმა ნინი და ჭრელა-ჭრულა პარკები აივანზე მიყარა.
სალის უფრო და უფრო მოეძალა უგუნებობა. ფიქრებით ვაკოს დასტრიალებდა თავს, აინტერესებდა, რატომ გამოიჩინა მამაკაცმა მის მიმართ ასეთი უყურადღებობა. ნუთუ მართლა განიხიბლა? კი მაგრამ, რას მოელოდა? რომ ეგრევე ჩაუგორდებოდა მკლავებში? ჯერ ხომ წესიერად არც იცნობენ ერთმანეთს. რატომ ჩქარობს ასე? ხომ შეიძლება, მერე და მერე, როცა უფრო დაუახლოვდებიან, რაღაც არ მოეწონოთ ურთიერთობაში? ამაზე რატომ არ ფიქრობს, პატარა ბიჭი ხომ არ არის? თუ, რადგან მარტოხელაა, ერთი სული აქვს, როდის შეირთავს ცოლს და მისთვის სულერთია, ეყვარება თუ არა თავისი მეორე ნახევარი?
გარდერობი გამოაღო და ახალი შენაძენი მიმდევრობით შეალაგა თაროებზე. ვაკო რომ მოვა, აი, ამ კაბას ჩაიცვამს და შავ კაშნეს მოიხვევს ყელზე. წარმოუდგენია, რა რეაქცია ექნება მას, როცა ამ ფორმაში დაინახავს. ნაძლევს დადებს, რომ პირი ღია დარჩება. ნინისაც კი ჩამოუვარდა ყბა, გასახდელიდან რომ გამოვიდა «წელგამოწვართული». მართლა ძალიან მოუხდა… როგორ სექსუალურს აჩენს? მაგრამ გამოჩნდება კი იგი? მოვა რო-ო?
იმედი არ გაუცრუვდა. უკვე კარგა შეღამებული იყო, როცა ვაკო გამოჩნდა. სალომე სიხარულით მეცხრე ცას ეწვია მის დანახვაზე. ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა. მამაკაცმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, წინა დღეს რომ არ გამოჩნდა.
_ სამუშაოზე შევყოვნდი, ერთიანად ბევრი საქმე მომაწყდა, _ თქვა და ათრთოლებული ქალი გულში ჩაიკრა, თან ცხელი, მონატრებული კოცნით დაასაჩუქრა.
მისმა შეხებამ ყველა ეჭვი გაუფანტა სალომეს. მყისიერად სადღაც გაქრა იმის შიში, რომ ვაკოს იგი აღარ აინტერესებდა.
_ არა უშავს. ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხარ. მე ის უფრო მიკვირს, როგორ ახერხებ დროის გამონახვას, ჩემს სანახავად ყოველდღე მოხვიდე, _ დაამშვიდა შეყვარებული და სასტუმრო ოთახში შეუძღვა, სადაც ნინისთან ერთად ტელევიზორს უყურებდა.
_ მარინა სად გყავთ? _ დიასახლისი მოიკითხა ვაკომ.
_ დაქალებში გაისეირნა, ალბათ სადაცაა, მოვა, _ უპასუხა სალიმ და ტახტზე მის გვერდით მოკალათდა.
ნინის მის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და რამდენიმე წუთში იმდენი მოახერხა, რომ მსწრაფლ მიიპყრო მამაკაცის ყურადღება.
_ ბევრი გიმოგზაურიათ? _ სალაპარაკო თემის გამონახვა არ გასჭირვებია ნინის.
_ საკმაოდ, _ თავმდაბლად უპასუხა ვაკომ.
_ რომელ ქვეყნებში ყოფილხართ? _ არ მოეშვა გოგონა.
_ როგორ გითხრა… საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაში, აფრიკაში, ახალ ზელანდიაში…
_ მართლა? რა მაგარია?! ახალი ზელანდია კარგია?
_ არაჩვეულებრივი. სიტყვით ვერ გადმოვცემ, იმდენად საინტერესო ადგილების მონახულება შეიძლება.
ნინი ჩვეულებრივზე მეტად გამხიარულდა და კითხვები დააყარა მამაკაცს. ისიც დაუზარებლად პასუხობდა. სალომე ჩუმად იჯდა, თავისთვის და გრძნობდა, რომ ის აღფრთოვანება, რომელიც მამაკაცის გამოჩენით დაეუფლა, ნელ-ნელა სადღაც გაქრა. შეეცადა კიდეც, სალაპარაკო თემის შეცვლას, მაგრამ ნინი ჯიუტად უბრუნდებოდა დაწყებულ საუბარს. ვაკოც ხვდებოდა, რომ ყურადღების გარკვეული წილი სალისთვისაც უნდა დაეთმო, ამიტომაც შიგადაშიგ მასაც გადახედავდა და დამამშვიდებლად შეჰღიმებდა ხოლმე, ამასთან, გამომხატველად აზიდავდა წარბებს, თითქოს ეუბნებოდა: «რა ვქნა, მე თავაზიანი ადამიანი ვარ, არ შემიძლია, თანამოსაუბრესთან უხეშობა გამოვიჩინო».
რა თქმა უნდა, სალომესაც მშვენივრად ესმოდა, რომ ნინის სრული იგნორირება არ იქნებოდა ლამაზი საქციელი ვაკოს მხრიდან, მაგრამ ყოველთვის არის განსხვავება საერთო მეგობრულ საუბარსა და იმ საუბარს შორის, როცა ერთი ადამიანი მთლიან ინიციატივას თავის თავზე იღებს. როცა ტურიზმის თემა ამოწურეს, ნინიმ კოკა-კოლას ბოლო ყლუპები ხმაურით მოსვა, თუნუქის ცარიელი ქილა მაგიდაზე მიაგდო და მოულოდნელად სალის მიუბრუნდა.
_ მართლა, რატომ გაშორდი ავთოს?
_ რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს? _ კითხვითვე მიმართა მან თავხედ გოგონას და მხრები აიჩეჩა. ვერ გაიგო, რაღა ახლა მოუნდა მას ამის გაგება, როცა მთელი დღე ერთად იყვნენ? არ შეეძლო ცოტა ადრე ეკითხა ან ცოტა მოგვიანებით? ვაკოს თანდასწრებით რა საჭირო იყო ამაზე საუბრის წამოწყება?
_ უბრალოდ, ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ეგ არის და ეგ.
ნინიმ უსიამოვნოდ ჩაიცინა.
_ ამბობდნენ, რომ შენ მას სიმდიდრის გამო გაჰყევი. ახლა რა, აღარ აქვს ფული? სულ გაუნიავე, რაც ჰქონდა? ამიტომაც უკვე აღარ გჭირდება?
სალიმ იგრძნო, სირცხვილისგან როგორ აეწვა ლოყები, ვაკოს თვალს ვეღარ უსწორებდა.
_ რაც უნდა მომხდარიყო ჩვენ შორის, ვფიქრობ, რომ ეს შენ საერთოდ არ გეხება. ნუ გიყვარს სხვის საქმეებში ცხვირის უაზროდ ჩაყოფა, პატარა გოგო აღარ ხარ უკვე. გირჩევნია, ცოტა ჭკუას მოუხმო! _ გაღიზიანებულმა მიაყარა ნინის, თან ვაკოს დაჟინებულ მზერას გრძნობდა.
საინტერესოა, რა ხდება ამწუთას მის თავში? რას ფიქრობს? ნუთუ ჰგონია, რომ თავქარიან, ქარაფშუტა ქალთან აქვს საქმე, რომელიც სიმდიდრეს დახარბდა და მტაცებელივით მიითვისა მეუღლის მთელი ქონება? მერე კი, როცა ბოლომდე «გამოწოვა» და მშრალზე დატოვა, ეგრევე მიაგდო და გაშორდა? არა, ახლავე უნდა აუხსნას ყველაფერი, ახლავე! მაგრამ არა ამ თავხედის თანდასწრებით, რომელიც მისი ამ მდგომარეობაში ჩაყენებით დიდად ხალისობს. ხალისობს? ეს ის სიტყვა არ არის! ხალისობს კი არა, ტკბება, ნეტარებას განიცდის!
_ პირადად მე, არაფრით არ გავყვებოდი მდიდარ ადამიანს ცოლად, თუკი არ მეყვარებოდა, _ გამოაცხადა ნინიმ, _ ჩემი აზრით, ავთოს ალბათ აღარ შეეძლო იმის ყურება, როგორ ფანტავდი მის ფულებს. როგორც ჩანს, ბოლოს ყელში ამოუვიდა და…
_ და რა? _ თვალები რისხვით აენთო სალის.
_ მოგისროლა!.. «როგორც ჩერქეზმა ისარიიიიიიი», _ ღიღინით დაასრულა გოგონამ და ნიშნის მოგებით გამოხედა გაფითრებულ ქალს.
_ საკმარისია, გეყოფა! _ მკაცრად წარმოთქვა ვაკომ და ფეხზე წამოდგა, _ სალის პირადი ცხოვრება არც შენ გეხება, ნინი, არც მე და არც არავის სხვას.
მისმა უკმეხმა ტონმა ნინის აშკარად წაუხდინა ხასიათი, ხოლო სალომეს გული მადლიერებით აევსო, ვაკოს სახით დამცველი რომ გამოუჩნდა, მაგრამ მამაკაცმა ნათქვამს მყისვე დააყოლა.
_ ჩემი წასვლის დროა, ხვალ ადრე უნდა გავიდე სამსახურში. არ გამაცილო, დარჩი, _ ცივად თქვა და მხოლოდ წამერად ესროლა მზერა.
სანამ სალომე რამეს იტყოდა, მამაკაცი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
_ უკაცრავად, მაგრამ ვაკო საქმის კურსში არ იყო? _ გულუბრყვილოდ იკითხა ნინიმ…
8 8 8
მამაკაცს ბოღმა ახრჩობდა. ეგონა, სალი სრულიად განსხვავებული იყო, სხვებს არ ჰგავდა. დარწმუნებული იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ქალებთან, რომლებთანაც აქამდე ჰქონია ურთიერთობა და რომლებიც გულმოდგინედ ცდილობდნენ მის «გამოწველას». თუმცა, როგორც ჩანს, ის მათზე ეშმაკი აღმოჩნდა და შეძლო, აღმატებით ხარისხში ეთამაშა მიამიტი ქალის როლი… მაგრამ მარინა? მან რატომ დაუმალა სიმართლე? ამიტომაც აძალებდა ასე მოწადინებულად, ჩემს ძმისშვილს დაუახლოვდიო? ნუთუ ყველა ქალი ერთნაირია? როგორი კეთილშობილი ეგონა მარინა, სათნო, უეშმაკო… თურმე, სადა ხარ! ქვეყანა ფარისევლებით ყოფილა სავსე და ვერ უგრძნია!
როცა ნინიმ წამოაყვედრა სალის, სიმდიდრის გამო მისთხოვდი ავთოსო, ვაკომ იფიქრა, ეს ჩვეულებრივი ქალური ყბედობა იყო მეტოქის დასაჩრდილად, როცა ერთი ცდილობს, ჩირქი მოსცხოს მეორეს, რათა მამაკაცს თავის უპირატესობა აგრძნობინოს, მაგრამ… საკმარისი გახდა, სალომესთვის შეეხედა და… მისმა შემცბარმა მზერამ აგრძნობინა, რომ ნინი სიმართლეს ღაღადებდა. ამან, უბრალოდ, გაანადაგურა.
ახლა უკვე ბრაზობდა თავის თავზე. ასე როგორ მოტყუვდა? როგორ ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა მარინა? წარმოგიდგენია? გამოუჩნდა ესეც მამა აბრამის ბატკანი! უმწიკვლო გოგონა, რომელიც ქმარმა გაამწარა განუწყვეტელი ეჭვიანობით! კი, როგორ არა! ისე, როგორ გულუბრყვილოდ აჩვენებდა თავს?! წამითაც არ უგრძნობინებია ვაკოსთვის, მისი სიმდიდრის შესახებ თუ იცოდა რამე. თურმე ყველაფერი სცოდნია… მაგრამ მან რატომ მიიჩნია, რომ არაფერი ეცოდინებოდა? მამიდამისი არ ეტყოდა განა? მას ხომ თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ სალი მისთვის მიეთხოვებინა? გამონახეს ახალი «მოსაწველი» სასიძო! ვერ მოგართვეს, ქალბატონებო! მისთვის ყველაფერი დღესავით ნათელია! ვეღარ მოატყუებთ უკვე. კიდევ კარგი, დროზე აეხადა სიმართლეს ფარდა! ამას კი იმ პატარა გოგოს უნა უმადლოდეს, ასე რომ ეკეკლუცებოდა. ჰმ! სალისგან მაგარი მსახიობი დადგებოდა. ცოლობაზეც რომ უარი უთხრა? ცოტა მაცალე, ასე ნაუცბათევად გააწყვეტილებას ვვერ მივიღებო! აფერისტობის უმაღლესი დონე!.. რატომ? რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ რაც შეიძლება, მეტი გაეგო მასზე? საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ მეორედ შეცდომას არ დაუშვებდა? საწყალი ავთო… ალბათ არ აღმოჩნდა საკმარისად მდიდარი, ვერ დააკმაყოფილა ბოლომდე ცოლის მოთხოვნილებები…
გაგრძელება იქნება