მისი მეუღლე სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია: გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე დაქორწინდა - Marao

მისი მეუღლე სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია: გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე დაქორწინდა

2025-06-19 12:45:50+04:00

მსახიობ გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ქსენია ბეზუგლოვაა. წყვილის ქორწილი რომანტიკულ გარემოში შედგა. ქსენიას მაქმანებით გაფორმებული თეთრი კაბა ეცვა, ასევე თეთრებში იყო გამოწყობილი გიორგი ფერაძეც. გიორგი და ქსენია გასულ წელს დაინიშნნენ, ქორწილი კი ერთი წლის შემდეგ, ქსენიას დაბადების დღეს დაამთხვიეს. 

gia_peradze

gia_peradze

ვინ არის გიორგი ფერაძის რჩეული - ქსენია ბეზუგლოვა?

ქსენია ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია. უმშვენიერესი ქსენია სპიკერია და დაინტერესებულ ადამიანებს მოტივაციის პოვნასა და გაზრდაში ეხმარება. ქსენია ეტლით მოსარგებლე 2008 წელს გახდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. 

peradze

გიორგი ფერაძის ისტორია 

გიორგი, რომელსაც მამის სახელს, გიას ეძახიან, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადვეც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.

  • გია ფერაძის შვილების, უმცროსი გია ფერაძისა და მარიკუნა მიქატაძის ფოტოები და და-ძმის გაცნობის ისტორია

გიორგი ფერაძემ და მარიკუნა მიქატაძემ ერთმანეთი პირველად მამის დაკრძალვისას ნახეს. ემოციურად იხსენებდა მარიკუნა ძმასთან შეხვედრას მაშინ, როცა გიორგი მამისადმი მიძღვნილ საღამოზე იყო ჩამოსული: "როცა დავინახე, მეგონა, რომ მამა და ძმა ერთდროულად დავიბრუნე" - იხსენებდა მარიკუნა.

გიორგი ფერაძის ოჯახი უცნაური ბედის აღმოჩნდა... გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ. 26 წლის ირინა მიქატაძის გარდაცვალებამ შეძრა მთელი ქალაქი და ქვეყანა. ინტერესს კი ამწვავებდა ის, ბრალდებული ყველასთვის ცნობილი მსახიობი, გია ფერაძე იყო.

ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ, ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში. ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში კი გარდაიცვალა.

ირინა მიქატაძე 26 წლის იყო. მას და გია ფერაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ირინას მშობლებმა, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

"ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს. ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია, – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძე გაზეთ "პრაიმტაიმს".

  • მარიკუნა მიქატაძის ტრაგიკული ბედი და ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე - გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ამბავი

ტრაგიკულად გარდაიცვალა გიორგი ფერაძის და, მარიკუნა მიქატაძეც. მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში. მარიკუნას ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც მისი დედის, ირინას სახელი ჰქვია.