ვაკომ მესამე ჭიქა ჰოლანდიური ვისკი ისე გადაჰკრა, თვალიც არ დაუხამხამებია, თითქოს სასმელი წყალგარეული ყოფილიყო.
არადა, თავიდანვე გააფრთხილა მარინა, ჩემი ქონების შესახებ შენს ძმისშვილთან არაფერი წამოგცდესო. მან კი ენას კბილი არ დააჭირა და ყველაფერი წამოაყრანტალა. იქნებ მამიდა-ძმისშვილი იყვნენ ერთმანეთთან შეკრულები და არა ვაკო და მარინა? იქნებ ესეც ერთგვარი სპექტაკლი იყო, ქალების მიერ წინასწარ დადგმული? როგორც ჩანს, ასეა. ფაქტია, ნინიმაც იცოდა მისი შემოსავლების შესახებ და ამიტომაც ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა, რათა ვაკოსთვის თვალი აეხილა. თან როგორი კომენტარები გააკეთა? პირდაპირ მიახალა, რა ცოდვებიც ჰქონდა ამ ლამაზ არსებას!
კარგია, რომ დროზე გაიგო სიმართლე, თორემ უფრო რომ შეეტოპა, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდა. არადა, როგორ ტრაბახობდა ხოლმე, «ოქროსმაძიებელი» ქალის გამოცნობა ერთი შეხედვით შემიძლიაო… და მაინც ბრიყვულად წამოეგო ანკესზე. სალის კოხტა სხეულმა და მომაჯადოებელმა თვალებმა თავბრუ დაახვია. რა მარტივად დაიჯერა მისი გულის ამაჩუყებელი ისტორია უიღბლო სიყვარულზე, შეეცოდა კიდეც. გამწარებული მამაკაცი კარგა ხანს აქნევდა თავს აქეთ-იქით. როგორ მოახერხა, ასეთი სიშტერე გამოევლინა? ნამდვილი ბრიყვია!..
არადა, რა ლამაზი დღეები გაატარეს ერთად. როგორ სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, მისი შეხება, მოფერება… არასდროს დაავიწყდება მარანში გატარებული საღამო, აუზში შეჯიბრების წუთები… ალბათ დიდხანს აღარ მოუნდება მარნისკენ გახედვა! ამწუთას როგორ ეზიზღება იქაურობა!
ვაკომ კიდევ ერთი სირჩა ვისკი გადაჰკრა და სააბაზანოში შევიდა… ყინულივით ცივ წყალს შეუშვირა მხრები და ცხვირ-პირი… სუნთქვა შეეკრა… სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა, სწორედ ეს იყო აუცილებელი… რადაც უნდა დაუჯდეს, გონებიდანაც უნდა განდევნოს ის ქალი და სხეულიდანაც.
მაგრამ არა! ეს შეუძლებელი აღმოჩნდა! გაყინული გამოვიდა სააბაზანოდან, მაგრამ სალი ისევ და ისევ «ქალბატონობდა» მის გულსა და გონებაში. გადაწყვიტა, კიდევ დაელია. ვისკის ბოთლს ხელი დაავლო და საძინებელში განმარტოვდა…
ცოტა ხანში ისე დათვრა, აღარაფერი ახსოვდა…
8 8 8
დილით გვიან გაეღვიძა. ნაბახუსევზე თავიც დამძიმებოდა და გულიც… ტრუსის ამარა გავიდა სამზარეულოში, ყავა მოიდუღა და აივანზე, სავარძელში ჩაესვენა… კვლავ და კვლავ სალიზე ფიქრობდა. როგორი დარწმუნებული იყო მის გულწრფელობაში, ბავშვივით მიამიტი ეგონა… თურმე სულ ტყუილად! ერთხელაც ვერ შეატყო, გამორჩენის მიზნით რომ ცდილობდა მასთან დაახლოებას. ის კი არა, წყნეთში, აგარაკზე რომ აიყვანა, გამოუცხადა, ვერაფრით გამიგია, ეს ხალხი ამხელა სახლებს რა მიზნით იშენებსო… ჰო, ასე იყო! იმ დღეს და იმ სიტყვებს რა დააავიწყებს! როგორ გაუხარდა, როცა სალიმ ეს გამოუცხადა. მერედა, როგორი გულუბრყვილობა იგრძნობოდა მის ნათქვამში?Qრას წარმოიდგენდა, რომ… არც ეს სახლი შეუქია, როგორც ახსოვს. მხოლოდ ის მანსარდი მოეწონა, რომელზეც უთხრა, ნაქირავები მაქვსო. რატომ? იმიტომ, რომ პატარაა და მყუდროო… ჰმ! როგორ გააცურა ამ ვერაგმა ქალმა!
რომ არა ნინი, ვაკო ვერაფერს გაიგებდა სალის მიზანდასახული ზრახვების შესახებ. მხოლოდ დაქორწინების შემდეგ აეხილებოდა თვალები. თანაც, რა გენიალური, ღირსეული სვლა გააკეთა?! ჯერ არ ვარ მზად ხელმეორე ქორწინებისთვისო… ლამის დაიჯერა… ლამის კი არა, დაიჯერა. რა თქმა უნდა, სალის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვაკო ძალიან მალე გაუმეორებდა წინადადებას დაქორწინების თაობაზე. იცოდა, რომ დიდხანს არ მოუწევდა ლოდინი. ნინიმ კი ყველა ძალისხმევა წყალში ჩაუყარა.
აუუუუუ! რა საშინელი შეგრძნებაა, როცა თავს მოტყუებულად გრძნობ! არადა, როგორ უყვარდა… მზად იყო, მასთან ერთად მთელი ცხოვრება გაეტარებინა… წარმოდგენილიც კი ჰქონდა, როგორ ირბენდნენ მათი შვილები ამ ეზოში, ამ აივანზე… აი, მაშინ კი ვეღარ იტყოდა სალომე, ამხელა სახლი რაში სჭირდებათ ადამიანებს, როცა ოთახების უმრავლესობა მთელი ცხოვრება გამოკეტილი აქვთო…
_ ჯანდაბას! ამის დედაც! _ ხმამაღლა შეიგინა და ისეთი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას, რომ ყავით სავსე ფინჯანი შექანდა და ცხელი სითხე მამაკაცს მუხლზე გადაესხა, _ ჯანდაბას! _ კვლავ დაიყვირა, ამჯერად ტკივილისგან და ხტუნვა-ხტუნვით მოშორდა მაგიდას.
სწრაფად ჩაუყვა კიბეს, სარდაფის კარი გააღო და ტკივილისგან სახედაღმეჭილი თავით გადაეშვა აუზში. რამდენჯერმე გაცურა ერთი ბოლოდან მეორემდე, შემდეგ წყლიდან ამოვიდა და შეზლონგზე გადაწვა. არა, არც ფიზიკურმა დატვირთვამ უშველა. უწინდებურად ბრაზობდა და მრისხანებდა. როგორ მოიქცეს? რა ჯობია? ახლავე წავიდეს სალისთან, პირში მიახალოს, რასაც მასზე ფიქრობს და საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, თუ დარჩეს და ასე, შეუბრალებლად ამოშალოს თავისი ცხოვრებიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე?..
მეორე ვარიანტი შედარებით ბრძნული ეჩვენა, მაგრამ მაინც…
_ ვაკო, სად ხარ? _ მოესმა ნაცნობი ხმა და შუბლშეკრულმა ხელები მომუშტა.
როგორ შემოვიდა ჩაკეტილ ჭიშკარში? იქნებ წუხელ თავად დაავიწყდა მისი დაკეტვა, როცა გონებაარეული დაბრუნდა შინ?
_ სალი?! _ მშრალად წარმოთქვა და დაბნეული, მისდა უნებურად, წელში გაიმართა.
გოგონა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იასამნისფერი, სხეულზე კოხტად მოტმასნილი მოკლე კაბა ეცვა, რაც განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს მისი ფეხების სილამაზეს, ყელზე კი შავი, გრძელი კაშნე შემოეხვია. წამით გაშტერდა! აშკარად იგრძნობოდა, რომ სალის ბიუსტჰალტერი არ ეცვა, ისე გამომწვევად ეტყობოდა კაბის შიგნიდან ძუძუსთავები. რატომ? უნდა, რომ აცდუნოს? თუ ცალი ხელით ვერ შეძლო ლიფის შეკვრა? «ჰო, სიმართლეს ბოლო ვარიანტი უფრო შეესაბამება», _ უხასიათოდ გაიფიქრა და თავს ძალა დაატანა, რომ მისთვის მკერდზე არ შეეხედა. სალომე მოუახლოვდა და ჯიქურ დაუდგა წინ. მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი და სევდა აღბეჭდილიყო. თუმცა ეს არაფერს ცვლიდა. მას ბრწყინვალედ შეეძლო გულგატეხილი ქალის როლი ეთამაშა, მშვენივრად გამოსდიოდა ეს… და თუ არ თამაშობდა, არც ამით იცვლებოდა არაფერი. თორმეტი საათის წინ ისეთი «საკბილო» დაკარგა, რა დააყენებდა კარგ ხასიათზე?
_ უნდა ვილაპარაკოთ, _ აღელვებულმა წარმოთქვა სალიმ, თან ცდილობდა, თვალებში არ ჩაეხედა მამაკაცისთვის, თითქოს გაურბოდა მის მზერას.
_ მართლა? _ ექიდნურად დაეკითხა ვაკო, _ ვფიქრობ, წუხელ საკმარისი ინფორმაცია მომაწოდეს იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რა ტყუილად დამიკარგავს დრო.
ოჰ, ეს დაწყევლილი ჰორმონები! აზრებიც, გულიც და სხეულიც კონტროლს კარგავდნენ ამ ქალის სიახლოვეს! ჯანდაბას! რაღა ახლა მოუნდა მოსვლა? არ შეეძლო, ცოტა შეეცადა, სანამ ვაკო თავს მოიწესრიგებდა? ნაბახუსევზე თავი ჯერ კიდევ უსკდებოდა, არც წვერი ჰქონდა გაპარსული, არც კბილები გამოუხეხავს, არც… ერთი სიტყვით, საშინელი სანახავი იყო. ჩაცმულიც კი არ იყო წესიერად! ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა სალისთან ურთიერთობის გარკვევა.
_ ყველაფერი უნდა აგიხსნა, _ გოგონა ნერვულად შლიდა და ხრიდა თითებს, ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს და პარალელურად ქვედა ტუჩს სიმწრით იკვნეტდა.
მამაკაცმა მის მუდარით სავსე მზერას ვეღარ გაუძლო.
_ წავალ, ყავას მოვადუღებ, _ ჩაიბურტყუნა და გატრიალდა, გეზი სამზარეულოსკენ აიღო.
სალის იქ ყოფნა ვაკოსთვის ამწუთას საშინლად აუტანელი იყო, მაგრამ რა ექნა? ხომ არ გააგდებდა სახლიდან, როცა ხედავდა, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ქალი? გაზქურაზე ჩაიდანი ხელახლა შემოდგა და სააბაზანოში გავარდა კბილების გასახეხად. შემდეგ საძინებელში გავიდა და სასწრაფოდ ამოიცვა შავი შორტი და უსახელო მაისური.
როცა აივანზე დაბრუნდა, სალი სავარძელში მოკალათებული დახვდა.
_ არ მეგონა, შენს განკარგულებაში, მარნისა და აუზის გარდა, მთელი სახლიც თუ იყო, _ შეცბუნებული მიუბრუნდა იგი მამაკაცს.
_ ნუთუ? _ ცივად შეხედა ვაკომ.
_ ჰო, საიდან უნდა მცოდნოდა? _ მისი ტონი არ ესიამოვნა გოგონას.
_ მე კი მგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცი ჩემზე.
_ ეგ კი, მაგრამ… უფრო სწორად, მეგონა, რომ ვიცოდი… მთლად დამაბნიე… რას გულისხმობ, იქნებ ამიხსნა?
აი, ისევ ის უმაღლესი კლასის თამაში! აშკარად შეცდა ეს ქალი პროფესიის შერჩევაში!
ვაკომ წარბები შეჭმუხნა და უნდობლად მიაჩერდა სალომეს.
_ მოდი, ჯერ შენი და შენი ქმრის ურთიერთობაში გავერკვეთ, _ უსიამოვნო ტონით წარმოთქვა მამაკაცმა.
სალი შეიშმუშნა. აშკარა იყო, მოსალოდნელი საუბარი კარგს არაფერს უქადდა.
_ შენი კლასელის ნათესავმა გარკვევით გამოაცხადა, რომ ანგარებით გათხოვდი. ეს მართალია?
გოგონამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. წამით შეყოყმანდა, არ იცოდა, რამდენად შეიძლებოდა, ვაკოსთან გულახდილი ყოფილიყო.
_ დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. მეც ასე გავიგო? _ ლამის წაისისინა მამაკაცმა და მზერით გაბურღა.
_ ჰო, მართალია, _ როგორც იქნა, აღიარა სალიმ, _ მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე ადვილი გასაგებია, როგორც შენ გეჩვენება.
_ თუკი მართლა იმიტომ გათხოვდი, რომ მდიდარი კაცის ცოლი გამხდარიყავი და არა სიყვარულის გამო, რაღა უნდა მომეჩვენოს? _ ნესტოები დაებერა გაღიზიანებულ ვაკოს, _ როგორ გამიცრუე იმედი, რომ იცოდე. ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთი ეშმაკი, ფულზე გაგიჟებული დედაკაცი თუ იქნებოდი. რა იდიოტი ვყოფილვარ.
მისი ყოველი სიტყვა ნემსივით ერჭობოდა სალომეს გულში.
_ იცი რა? შენ ბევრი რამ არ გესმის, ვაკო, _ დაიწყო თავის მართლება, _ მე საშინელ სიღარიბეში გავიზარდე. ვხედავდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, რომ საჭმელი არ მოგვკლებოდა. სკოლაში სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი. გამოსაშვებ საღამოზე დედაჩემის ახალგაზრდობისდროინდელი კაბა მეცვა, რომელიც მკერავმა ჩემს ტანზე გადააკეთა. სწორედ მაშინ დავიფიცე, რომ ამ მდგომარეობას პირველივე შესაძლებლობისთანავე დავაღწევდი თავს.
_ და იმის მაგივრად, რომ სიყვარულით შეგექმნა ოჯახი, გადაწყვიტე, თავი დაგეზღვია, არა? ამიტომაც ფულიანი სამიზნე შეარჩიე? _ ექიდნურად ჩაიცინა ვაკომ, _ განა არ იცი, რომ სიყვარული და ანგარება ერთ ქვაბში არასდროს მოიხარშებიან? სერიოზულად ფიქრობდი, რომ დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდებოდა? ასე გეგონა?
როგორ უნდოდა მას, გოგონას ერთი «ჰო» ეთქვა, რომ რაღაცით მაინც გაემართლებინა თავისი საქციელი, უნდოდა ეფიქრა, რომ თავად შეცდა და რომ სალი უზნეო ქალი სულაც არ იყო, მაგრამ მისმა პასუხმა უკანასკნელი იმედიც ჩაუკლა.
_ მას მოვწონდი, გატაცებული იყო ჩემით… მეც მეგონა, რომ მიყვარდა. ვფიქრობდი, რომ ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, საკმარისი იყო ნორმალური ოჯახის შესაქმნელად. მეგონა, შევძლებდი მის ატანას…
ვაკომ გოგონას ხმაში თითქოს გამოწვევა დაიჭირა.
_ ანუ, გამოდის, შენ მხოლოდ ისარგებლე იმით, მას რომ მოეწონე, _ კბილებშუა გამოცრა მამაკაცმა, _ როცა საკუთარი თავი დაარწმუნე, ავთო მიყვარსო, შენ თვალწინ ალბათ დოლარის კუპიურები აფრიალდნენ, არა? კიდევ კარგი, დროზე ამეხილა თვალები. საკმარისია… მეყოფა ფულზე მონადირე თოჯინების მოთვინიერება. ეგ რომ მდომებოდა, აქამდე ცხრა ცოლს გამოვიცვლიდი.
სალიმ კოპები შეიკრა.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ რა იყო, ვერ ხვდები, რა ვიგულისხმე, თუ არ გინდა მიხვდე? არც ისეთი მიამიტი ხარ, როგორც თავს იკატუნებ, _ მწარედ ჩაიღიმა ვაკომ, როგორც ჩანს, ამ პატარა ხარბს არ მოსწყინდა კომედიის თამაშიო, _ იმ შენს ნინის რომ არ წამოცდენოდა ეგ ამბავი, კარგ ჩიტსაც დავიჭერდი. მასთან ვალში ვარ, ვაღიარებ.
ვაკო წამოდგა და კვლავ მაგიდას დაეჯახა. სალის რომ არ დაეჭირა, ყავის ფინჯანი ამჯერად დამსხვრევას ვერ გადაურჩებოდა. მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა, ხელები მხრებზე შემოაწყო, თითებით ძლიერად მოუჭირა ლავიწის ძვლებზე და მუქარით დაიჩურჩულა.
_ თუკი იმის იმედი გაქვს, რომ მაინც დამარწმუნებ, თითქოს არ იცოდი ჩემი შემოსავლების შესახებ, წინასწარ გირჩევ, ხმა არ ამოიღო… იმიტომ, რომ შენს გულწრფელობაში უკვე ძალიან მეპარება ეჭვი. არ მაინტერესებს, რას იტყვი, ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია.
სალი ადგილზე გაქვავდა, როგორ არ სურდა იმის მოსმენა, რასააც მამაკაცი ეუბნებოდა. რატომ თავიდანვე არ უთხრა მამიდამისმა, რას საქმიანობდა მისი ახალგაზრდა მეგობარი? ან თავად ვაკომ რატომ დაუმალა? სალიმ რა იცოდა, მდიდარი თუ იყო? ახლაც კი არ იცის, რას წარმოადგენს მისი სიმდიდრე, რისი პატრონია, რა ბიზნესი აქვს ან რა საშუალებით შეიძინა ასეთი სახლები. რატომ უნდა დაემალა ან ერთს, ან მეორეს მისთვის ეს ამბავი?
_ როგორც ჩანს, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. თურმე შენ ყველაფერი იცოდი და განგებ მომაჩვენე თავი, თითქოს სათნოების განსახიერება იყავი, _ ირონიულად შენიშნა მამაკაცმა.
მისი ხმა მკვახედ და შეურიგებლად ჟღერდა, მისი თითები კი… ო, როგორ უჭერდა სალის ეს ძლიერი თითები, როგორ სტკენდა ძვლებს… პარალიზებულივით იდგა.
ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და შეირხა.
_ შენ მართლა ასე გგონია? _ ძლივს გასაგონად იკითხა და ჯიქურ შეხედა მამაკაცს.
არა, მას ასეთი ვაკო არ ახსოვს, ასეთი შეცვლილი და გაბოროტებული ჯერ არ უნახავს, ასეთი უხეში და ქედმაღალი და… სულაც არ მოეწონა იგი.
_ მგონია, აბა რა? შენ თავიდანვე საქმის კურსში იყავი.
_ არა, მე… არასდროს…
_ რა არასდროს? რა არასდროს, ერთი მითხარი! არ გეგონა, შენს თამაშს თუ გავშიფრავდი? _ დამცინავად გადააქნია თავი, _ ამ «გაუგებრობაში» ერთი რამ მიკვირს მხოლოდ… რატომ უარყავი ჩემი წინადადება, როცა ცოლობა გთხოვე? თუ ესეც ერთგვარი ტრიუკი იყო, რომ უკეთ დაგერწმუნებინე შენს ავკარგიანობაში? ჭკვიანური საქციელია, ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, შემდეგ ჯერზე უყოყმანოდ დამთანხმდებოდი ამაზე.
სალიმ გაოცებული მზერა მიაპყრო ამ მისთვის სრულიად ახალ, უცხო ადამიანს.
_ და თავში აზრადაც არ მოგდის, რომ შეიძლება ცდებოდე? _ ძალიან, ძალიან მშვიდი ტონით შეეკითხა.
მამაკაცმა ლამის თმის ძირებამდე აზიდა წარბები, თითქოს გაუგონარი რამ მოისმინაო.
_ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მეტყველებს, ძვირფასო. მგელი მგლობას არ მოიშლისო, ხომ გაგიგია? თუ ერთხელ წაუცდება ადამიანს ხელი ცუდზე, მერე ჩვევაში გადასდის. გათხოვებაც ასე არ არის? ერთხელ ჭირს, თორემ მერე გზა გაკვალულია. სიმართლე გითხრა, გულწრფელად მეცოდება ავთო. როგორც ჩანს, ნინი მართალი იყო. როცა შენი ქმარი მიხვდა, რომ «დააბოლე», დროზე დაუსვა წერიტილი შენთან ურთიერთობას. ასე არ არის?
_ წადი შენი! _ ვეღარ მოითმინა სალიმ და ხელი უხეშად ჰკრა, _ სხვა დროს, როცა კიდევ ერთხელ ჩავარდები პანიკაში, რომ ვიღაც შენს ფულებზე ნადირობს, ჯერ კარგად გაარკვიე, ვისთან გაქვს საქმე, დასკვნები კი მერე გამოიტანე. სირცხვილია, უსაფუძვლოდ წაუყენო ბრალდება ადამიანს, მით უმეტეს _ ასეთი უხეში და დამამცირებელი ფორმით, _ სალიმ თავი ამაყად ასწია, ზიზღნარევი მზერა ესროლა ვაკოს, დემონსტრაციულად გატრიალდა და ჭიშკრისკენ გაემართა.
ქუჩაში გამოსულმა ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა. ერთიანად უკანკალებდა სხეული. მიხვდა, ასეთ ყოფაში ვეღარ მიაღწევდა სახლამდე, გზის გაგრძელებას ფეხით ვეღარ შეძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ტაქსი გაეჩერებინა.
ღმერთო, ეს რა დღეში ჩაიგდო თავი? რატომ, რისი გულისთვის? საიდან უნდა სცოდნოდა, ვაკო მდიდარი იყო, თუ ღარიბი? მისთვის არავის არაფერი უთქვამს, მინიშნებითაც კი არაფერი წამოსცდენია არავის. მისთვის გასაგები იყო, რასაც იფიქრებდა მამაკაცი, როცა ნინიმ ვერაგულად წამოიწყო საუბარი მის ქორწინება-განქორწინებაზე და არც გაემტყუნებოდა… და მაინც, რატომ თავად არაფერი უთხრა თავიდანვე? რაში დასჭირდა ამის დამალვა?
მოულოდნელად რაღაც აზრმა გაუელვა თავში, მსწრაფლ მიტრიალდა და ეზოში შებრუნდა.
_ რომ მეუბნები, მეთამაშებოდიო… შენ… შენ… იქნებ საკუთარ თავსაც შეხედო? თუკი მე რაღაც დაგიმალე, შენც იგივე არ გააკეთე? _ სიმწრისგან ენა დაება გოგონას.
_ მე ამის სერიოზული საფუძველი მქონდა, _ მკვახედ უპასუხა მამაკაცმა, _ მას შემდეგ, რაც ფული ვიშოვე, ქალებისთვის ცოცხალი სამიზნე გავხდი, შენნაირი ქალებისთვის.
_ გამოდის, რომ მოკრძალებული ხელოსნის ამპლუა მხოლოდ კარგად შენიღბული მსახიობური თამაში იყო? ეჭვი არ მეპარება, რომ მამიდაჩემი თავიდანვე გააფრთხილე, ჩემთვის შენს ქონებაზე არაფერი ეთქვა.
_ რა მნიშვნელობა აქვს, მარინას რა ვუთხარი? უკვე ყველაფერი გარკვეულია. ახლა ვიცი, როგორი ადამიანიც ხარ.
_ შენ ის იცი, როგორი ვიყავი, _ აღშფოთდა სალი, _ და არა ის, ახლა როგორი ვარ. მე შეცდომა დავუშვი და ვაღიარე კიდეც ეს. უფრო მეტიც, დავისაჯე კიდეც ამისთვის. და თუკი სიმართლე მართლა გაინტერესებს, მხედველობაში მიიღე _ რომ მცოდნოდა, მდიდარი იყავი, არც კი გამოვიხედავდი შენკენ, შეყვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად მეზიზღება მდიდარი მამაკაცები. აი, აქ მაქვს ამოსული, _ საჩვენებელი თითი ყელთან მიიტანა, _ თვითკმაყოფილი გაბღენძილი ფანატიკოსები! ამწუთას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში! და თუ ფიქრობ, რომ ბედნიერი ხარ ჩემი გზიდან ჩამოცილებით, მინდა იცოდე, რომ მეც იგივეს განვიცდი, _ აცახცახებულმა სათქმელი დაამთავრა თუ არა, გატრიალდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
გაოგნებულმა ვაკომ თვალი მიადევნა მიმავალს, მერე გასძახა.
_ სალომე!
გოგონა არ შეჩერებულა.
_ სალომე!
_ მშვიდობით, ვაკო, _ უკანმოუხედავად ესროლა გოგონამ და ჭიშკარს მიაუხლოვდა.
სახელურს ხელი ჩამოჰკრა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. კვლავ დაეჯაჯგურა, თუმცა ამაოდ. გასაგები იყო, რაც მოხდა. ვაჟბატონს, როგორც მილიონერს, თუ მულტიმილიონერს, ცხოვრება დისტანციურ მართვაზე ჰქონდა «გადაწყობილი». ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამაკაცმა ცხვირწინ ჩაუკეტა ჭიშკარი, რათა იგი ეზოდან ვერ გასულიყო. აჰა, ახლა მისი ტყვეც კი გახდა. საინტერესოა, რას უპირებს? განა რამე დარჩათ ერთმანეთისთვის სათქმელი? გოგონამ ერთი ღრმად ამოიოხრა და რკინის ალაყაფს ზურგით მიეყრდნო.
გაგრძელება იქნება