ძლიერი სუსტი ქალი - თავი 16 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 16

2025-06-22 11:20:48+04:00

წინა თავი

უყურებდა, როგორ აუჩქარებლად უახლოვდებოდა ვაკო, როგორც ავაზა… მოქნილი და მსუბუქი ნაბიჯებით… და ისეთივე საშიში…

როცა იგი მოუახლოვდა, გული ლამის ამოუხტა ბუდიდან. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა… მამაკაცის _ ცივი და დაუნდობელი მზერით, ქალის _ შეშინებული და დაუცველი გამოხედვით. სალის ერთიანად დაეჭიმა სხეული. მიუხედავად იმისა, რომ მრისხანებას ვერ იოკებდა, გრძნობდა, როგორ თრთოდა მისი მკერდი მამაკაცის სიახლოვით. უყვარდა თუ სძულდა? ამწუთას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ვაკო ძალიან ახლოს მივიდა მასთან, ხელები მომუშტა და კბილებში გამოცრა.

_ სანამ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლი, მინდა სამახსოვროდ დავიტოვო, როგორია, როცა ვერაგ, ანგარებიან ძუკნას კოცნი, _ ამ სიტყვებით მის ტუჩებს წაეტანა.

სალიმ თვალები ზიზღით დახუჭა და შინაგანად დაიძაბა. გადაყლაპოს მისი ნათქვამი, თუ ინსტინქტს დაემორჩილოს?..

არა, ამ სიტყვების იგნორირება შეუძლებელია. ინსტინქტმა გაიმარჯვა. გოგონამ უთაბაშირო ხელი ჰაერში აღმართა და სანამ ვაკო გონს მოეგებოდა, მთელი ძალით გაულაწუნა სილა.

დაზაფრული მამაკაცი უკან გადაქანდა. თვალებში დაბნეულობა დაეტყო. სალი კმაყოფილი მისჩერებოდა, თავდაპირველად როგორ გაუთეთრდა მამაკაცს გასილაქებული ლოყა, მერე კი გაუწითლდა. სინანული არ უგრძნია. მან დაიმსახურა ეს. გაზულუქებული ხეპრე!

_ რაც დათესე, ის მოიმკე, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა, _ ახლა კი, კეთილი ინებე, ჭიშკარი გამიღე და გამიშვი.

_ ჯერ მივიღებ იმას, რაც მინდა, _ ჯიბრში ჩაუდგა მამაკაცმა.

_ წადი შენი! _ ზიზღით ესროლა სალიმ.

გოგონამ ვერ მოასწრო, მისთვის ხელი შეეშალა, განძრევაც კი ვერ მოასწრო, რომ მამაკაცმა წელზე მძლავრად მოხვია მკლავი, თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.

ერთადერთი რამ იყო ამ კოცნის მიზანი _ მისი დამორჩილება, დამცირება, განადგურება…

თუმცა, ამ შეხებით გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, როგორ სიგიჟემდე უყვარდა ეს საშინელი კაცი, ადამიანი, რომელმაც ასე შეურაცხყო… უყვარდა, მიუხედავად ყველაფრისა. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? როგორც ჩანს, ყოფილა… მაგრამ სალი არ მოდუნებულა, არც კვნესა აღმოხდომია. სიამაყე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა სიყვარულზე. მან ხომ იცოდა, რომ ეს კოცნა არ იყო სიყვარულით ან, თუნდაც, ვნების მოძალებით გამოწვეული. ვაკოს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ სალი მის «პროვოკაციულ» ნაბიჯს აჰყვებოდა, კოცნაზე კოცნით უპასუხებდა და ამით მის ხელახლა ცდუნებას შეეცდებოდა, რათა საბოლოოდ პატიებისთვის მიეღწია. აი, სწორედ მაშინ ჰკრავდა იგი სიძულვილით ხელს და კიდევ ერთხელ დაამცირებდა.

ამას ვერ ეღირსება! არც ისეთი სულელია სალი, ჩანაფიქრს ვერ მიუხვდეს! მით უარესი ვაკოსთვის, თუკი ასე იფიქრა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი ადამიანი, როგორიც სალომეს ეგონა. ჰოდა, ძალიანაც კარგია, რომ დროზე მოიშორა თავიდან.

კარგა ხნის ჭიდილის შემდეგ მამაკაცის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ოდნავ განზე გადგა. ლურჯი თვალები სიბრაზისგან უცნაურად უელავდა, მუხლები კი ისე უკანკალებდა, გულში ღმერთს შესთხოვდა, ოღონდ აქ, ეზოში, მის ფეხებთან არ წაქცეულიყო, რათა საბოლოოდ არ შელახულიყო მისი ღირსება.

_ ეს გეყოფა? _ ჩაიცინა ვაკომ.

_ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება! ყელამდე ვარ შენი პატივისცემით, _ სუნთქვაგახშირებულმა მწარედ ამოთქვა, _ გააღე კარი და ახლავე გამიშვი აქედან!

ვაკოს სიძულვილით ანთებოდა თვალები, კისრის ძარღვები ძლიერად დაჭიმვოდა.

_ გაეთრიე აქედან! _ ხმადაბლა უბრძანა გოგონას.

ჭიშკარი ნელა და უხმაუროდ გაიღო… შემდეგ კი ასევე ნელა და უხმაუროდ დაიხურა სალის ზურგს უკან…

8 8 8

_ ყოველთვის მე რატომ უნდა დამემართოს ყველაფერი საშინელებაააა! _ გულამოსკვნით ტიროდა სალომე და მამიდას ეხუტებოდა.

მარინა დაზაფრული იდგა. იმდენად შეძრა ძმისშვილის მონათხრობმა, გული დაეთუთქა.

_ დაწყნარდი, შემოგევლე, დაწყნარდი. როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობა მოხდა. მე დაველაპარაკები ვაკოს, ნუ გეშინია, _ თავზე მზრუნველად უსვამდა ხელს გოგონას და მის დამშვიდებას ცდილობდა თავადაც ცრემლმორეული.

_ ძალიან გთხოვ, მამი, არ გინდა, გემუდარები, _ სალომემ თავი ასწია, _ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. ისედაც, არაფერი სერიოზული ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა.

_ იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შვილო, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა მამიდამ და ლოყაზე მოუსვა ხელი, რათა ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლები მოეწმინდა, _ თორემ, რომ მოგენდომებინა, ახლა ცოტა უფრო შორს იქნებოდა თქვენი ურთიერთობა წასული და ასე არ გართულდებოდა. მორჩი ტირილს, ამით საქმეს ვერ უშველი, მოვიფიქროთ რამე.

_ ნინი სად ბრძანდება? _ სალის ახლაღა გაახსენდა გულღრძო სტუმარი.

_ ბინა შეიგულა სადღაც და მის სანახავად წავიდა… ერთი ეს მითხარი, საიდან მოიიტანა ნინიმ, რომ შენ სიმდიდრის გულისთვის გაჰყევი ავთოს ცოლად? ეს ხომ სიცრუეა?

სალიმ მხრები აიწურა.

_ სამწუხაროდ, არ არის სიცრუე, მამიდა. სკოლაში სულ დამცინოდნენ კლასელები, რადგან ჯიუტად ვამტკიცებდი, მდიდარ კაცს მივთხოვდები-მეთქი. იმთავითვე აკვიატებული მქონდა ეს იდეა. არ იცი, როგორ მექცეოდნენ, როცა ერთი და იგივე ტანსაცმლით დავდიოდი ყოველდღე. ამის მეტი გოგოებს სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. ყოველივე ამის გამო არ მინდოდა, ჩემს შვილებსაც იგივე გზა გამოევლოთ, რაც მე. ჰოდა, აი, მივაღწიე ჩემსას და შედეგიც სახეზეა. იმაზე მეტად ვისჯები, ვიდრე დავიმსახურე.

_ მაგრამ მერე ხომ მიხვდი, რომ ცდებოდი? ხომ დარწმუნდი, რომ ბედნიერება სიმდიდრეში სულაც არ არის? განა არ მოუყევი ვაკოს, რაც გადაგხდა შენს ქმართან?

_ რაღაც-რაღაცები მოვუყევი, მაგრამ არა ყველაფერი, _ ამოისლუკუნა გოგონამ, _ მაგრამ ის არ მითქვამს, რატომ გავყევი ცოლად. მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი, მერე და მერე ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის _ ჩემი აზროვნებაც. რა უნდა მეთქვა? მის ფულებს დავხარბდი-თქო? გამიგებდა კი? არ გამიგებდა. ცუდია, რომ მაშინვე არ მითხარი მისი სიმდიდრის შესახებ. რომ მცოდნოდა, ახლოს არ გავიკარებდი, ზედაც არ შევხედავდი.

_ მაპატიე, საყვარელო, _ დამნაშავესავით გაიღიმა მარინამ, _ არ შემეძლო ამის თქმა, რადგან თავად მთხოვა, ამაზე კრინტი არ დამეძრა. ვერ გავცემდი. უნდა გამიგო… მას თავისი სიმდიდრის გამო ბევრჯერ შექმნია ქალებთან ურთიერთობაში პრობლემები.

_ კი მაგრამ, შენ მაინც ხომ მიცნობდი, რა აზრი ჰქონდა ჩემთან ამის დამალვას? ხომ იცოდი, რომ მდიდარ კაცს ყელზე არ ჩამოვეკიდებოდი?

_ ვიცი, სიხარულო, ვიცი და დამნაშავე ვარ. სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის. ვიფიქრე, როცა გაიგებს, მისთვის ეს სიუპრიზი იქნება-მეთქი.

_ მაგარი სიურპრიზი კი მომიზადეთ ორივემ. რატომ, რატომ? რაში დაგჭირდათ იმის გათამაშება, თითქოს ხელოსანი იყო და სარემონტო სამუშაოებით ირჩენდა თავს? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? მეც დამაჯერეთ, რომ ერთი კეთილი, შრომისმოყვარე, პატიოსანი კაცი იყო. რა საშინელებაა!

_ არის კიდეც ასეთი, შენ რა გგონია, _ დარწმუნებით წარმოთქვა მარინამ, _ მართლა ყველას ეხმარება, ყველას მამა და მარჩენალი ეგ არის. ამასთან, წარმატებული ბიზნესმენია.

_ ახლა მაინც მითხარი, რა ბიზნესი აქვს? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე?

_ მეღვინეა, შვილო და ფერმერიც. უამრავი დაქირავებული მუშახელი ჰყავს. თავის ფერმა აქვს, ძროხებს და ცხვრებს უვლიან და რა ვიცი, ათას სხვა საქმეს აკეთებენ.

_ კი მაგრამ, როდის ასწრებს ამ ყველაფერს, როცა ყოველდღე ჩვენთან არის?

_ ეს ახლა არის ჩვენთან, რაც შენ ჩამოხვედი, თორემ სულ სოფელში იყო, ორ კვირაში ერთხელ თუ მოახერხებდა ჩამოსვლას. რაც შენ გაგიცნო, მოუკლო იქით სიარულს, თუმცა უყურადღებოდ არ ტოვებს თავის საქმეს. შენ რომ აქ ხედავ, იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ დადის. დილაუთენია, ხუთ საათზე გავარდება ხოლმე, დახედავს თავის მეურნეობას, განკარგულებებს გასცემს და მერე კვლავ უკან ბრუნდება. შორს კი არ არის, აქვეა, თეთრიწყაროში. წყნეთიდან გადადის, მოკლე გზით.

_ აჰა, გასაგებია… ეს იგი, ის წყნეთის სახლიც მისია, არა?

_ კი, მისია და არამარტო ის…

_ არ მინდა, ნურაფერს მეტყვი, არ მაინტერესებს მისი უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა.

_ კარგი, დაწყნარდი, გთხოვ.

კიდევ კარგი, მამიდას არ უნახავს ვაკო ისეთი, როგორიც სალომემ ნახა ამ დილით. თუმცა, არც უცდია ამის მოყოლა. გახსენებაც კი არ უნდოდა იმ შეხვედრის. როგორი უხეში იყო, როგორი უკმეხი… ისე მოექცა, რომ აგრძნობინა, შენ მიმართ კეთილგანწყობილი არასდროს ვყოფილვარ და დიდად არც მომწონდიო. მის მიმართ მხოლოდ წუთიერ ლტოლვას განიცდიდა ალბათ, როგორც ყველა მამაკაცი, რომელიც ხორციელი ჟინის დაკმაყოფილების შემდეგ ზურგს აქცევს ხოლმე ქალს და სხვა საკბილოს ძებნაში გადაერთვება. კიდევ კარგი, აქამდე არ მივიდა საქმე. კიდევ კარგი, ისეთი არაფერი ყოფილა მათ შორის, რომ ახლა სანანებელი გახდომოდა. რამდენჯერმე აკოცა მხოლოდ, ეგ იყო და ეგ. რა საშინელება იყო დილანდელი შეხვედრა! ან ის კოცნა რას ჰგავდა! პირუტყვული, დამამცირებელი! როგორი წამოვიდა იქიდან! განადგურებული და შეურაცხყოფილი, თითქოს ტალახში ამოსვარესო… ამის გახსენებაზე გული უარესად დაუმძიმდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი დაადესო მკერდზე. ძლივს მილასლასებდა ქუჩაში, გაფითრებული ფეხებს ვეღარ გრძნობდა და ალბათ სადღაც გაიშხლართებოდა კიდეც, ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო.

_ ჩემი აზრით, აჯობებს, ვაკო საღამოს ვახშამზე დავპატიჟო. თქვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგრჩათ სალაპარაკო, _ შემპარავად წარმოთქვა მარინამ.

_ გაგიჟდი? მეორედ არ გამაგონო ეგ! არავითარ შემთხვევაში! იცოდე, სახლიდან წავალ! — კატეგორიულად იუარა სალიმ. მამიდის წინადადება იმდენად აღმაშფოთებლად ეჩვენა, რომ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

_ რატომ, რატომ? ისეთი არაფერი მომხდარა, რომ რაღაც სისულელეების გამო ერთმანეთს დაემდუროთ. არ ჯობ…

_ არც კი იფიქრო, მამი! უკვე დავიღალე ახსნა-განმარტებებით და თავის მართლებით, თანაც, უკვე არანაირ ლაპარაკს არ აქვს აზრი.

_ აზრი მაშინ ექნება, როცა დრო გაივლის და ვაკო თანდათან მიეჩვევა იმას, რაც გაიგო, _ დარწმუნებით უპასუხა მარინამ, _ ტყუილად ადანაშაულებ იმაში, რომ ასე მოგექცა. როცა საყვარელ ქალზე ასეთ რამეს გაიგებ, გაბრაზდები, აბა რა იქნება? მით უმეტეს, მსგავსი შემთხვევა იმდენჯერ ჰქონია ცხოვრებაში, რომ თავი აქვს კაცს გაბეზრებული. დავაცადოთ ცოტა ხანს, გადაუვლის, დამშვიდდება, აწონ-დაწონის ყველაფერს და მერე…

_ ოჰ, მამიდა, მამიდა… რა გულუბრყვილო ხარ. არ გინდა, რა! პრინციპულად მოვითხოვ, არ დაუძახო! გასაგებია? _ თავისაზე იდგა სალი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მარინას დაპატიჟებაზე უარს ვერ ეტყოდა, იმდენად სცემდა ამ ქალს პატივს.

ამ დროს კიბეზე ფეხის ხმა მოისმა. სალის სუნთქვა შეეკრა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, აივანზე ნინი გამოჩნდა. გოგონამ მის აწითლებულ თვალებს რომ შეხედა, ადვილად მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ არ შეიმჩნია და მოჩვენებითი სიხალისით წამოიძახა.

_ იცით, რა ბინა ავაგდე? ძალიან მაგარი! ხვალვე გადავალ!

სალიმ და მარინამ ერთმანეთს გადახედეს. ნინიმ უდარდელად გააგრძელა.

_ ვაკო არ მოსულა? როგორ მოუვიდა? ცუდია… მინდოდა გამოვმშვიდობებოდი. საღამოსაც არ შემოივლის, მარინა დეიდა? _ სალისთვის ვერ გაბედა შეკითხვა, ამიტომ მარინას მიუბრუნდა აბეზარი გოგონა.

«ჰო, რა თქმა უნდა, ისეთი ამბავი დაატრიალა, ახლა აქ რაღა გააჩერებს», _ გაიფიქრა სალიმ. ის კი არა, გაუკვირდა კიდეც, ასე უცებ რომ გადაწყვიტა ნინიმ მარინას სახლიდან გადასვლა. დარწმუნებული იყო, რომ გოგონას სიგიჟემდე მოსწონა ვაკო და რადგან სალიში სერიოზული მეტოქე დაინახა, იმიტომაც გახსნა კარტები.

_ მეგონა, რამდენიმე დღე კიდევ დარჩებოდი, პატარავ, _ თბილად უპასუხა მარინამ, რადგან უსიტყვოდ ჩაწვდა ძმისშვილის აზრებს.

_ არა, რა აზრი აქვს. რადგან ბინა ვიშოვე, ბარემ გადავალ, რატომ გაგაწვალოთ, _ ნიშნის მოგებით გაიღიმა გოგონამ, _ თანაც, დაქალთან ერთად ვიქნები, ქირის ფულსაც გავიყოფთ და საერთო ენასაც უკეთ გამოვნახავთ.

რა საზიზღარი არსებაა! ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არადა, ძალიან კარგად იცის, როგრ დაუნგრია სალის ცხოვრება. დაუნგრია კი? იქნებ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია? რატომ ჰგონია, რომ შეყვარებულია ვაკოზე? ასე რომ ყოფილიყო, ხომ მაშინვე დათანხმდებოდა ცოლობაზე? იქნებ მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვას განიცდიდა მის მიმართ და არა სიყვარულს? ქალია, ბოლოს და ბოლოს… მამაკაცის ყურადღებამ თავბრუ დაახვია და ეგ იყო, მეტი კი არაფერი. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ კიდევ დიდხანს ვერ გაიგებდა, რა საშინელი პიროვნება ყოფილა ღუდუშაური, რა საზიზღარი ხასიათი ჰქონია. ეჰ… ნინი კი წავა თავის გზაზე, მაგრამ თვითონ რა ქნას? საით გაიქცეს? მოსკოვში დაბრუნება ცოცხალი თავით არ უნდა. ავთოს დანახვას სიკვდილი ურჩევნია. აქ რომ დარჩეს, რას მოიგებს? ეს ტკივილი როგორღა გადაიტანოს? თვითონაც ხომ არ გადავიდეს ნაქირავებში და მუშაობა დაიწყოს? იქნებ როგორმე გადააყოლოს გული. მერე თავისუფლად შეძლებს მამიდა, როცა გაუხარდება, მაშინ დაპატიჟოს თავისი «ძმაკაცი». სალისგან ნებართვის აღება არ დასჭირდება.

8 8 8

რამდენიმე დღის განმავლობაში მარინა გულმოდგინედ ცდილობდა სალის დარწმუნებას იმაში, რომ როგორმე დალაპარაკებოდა ვაკოს, მაგრამ გოგონა სასტიკ უარზე იდგა, ვერაფრით გადააფიქრებინა.

ერთ მშვენიერ დღესაც, ვაკო თავად ესტუმრა მარინას, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ იმ დროს, როცა სალომე შინ არ იყო. მაინცდამაინც იმ დღეს წავიდა იგი დედინაცვლის სანახავად. რაც ჩამოვიდა, მედეა ჯერ არ უნახავს, ამიტომაც სინდისი ქენჯნიდა.

ქალს ისე გაუხარდა გერის დანახვა, ტირილი დაიწყო. დიდხანს ილაპარაკეს, უამრავი რამ გაიხსენეს წარსულიდან, ბევრიც იცინეს და ცოტათი იტირეს კიდეც. სალი საღამომდე დარჩა დედინაცვალთან, ამიტომაც, აბა, საიდან გაიგებდა, მამიდას «საპატიო» სტუმარი თუ ჰყავდა.

როცა შინ დაბრუნდა, მარინამ მაშინვე აუწყა ვაკოს ვიზიტის შესახებ.

_ მინდოდა, გონს მომეყვანა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, _ სევდიანად თქვა მარინამ, _ სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ასეთი ჯიუტი თუ იქნებოდა.

_ ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი, _ გაბრაზდა სალი, _ რაში გჭირდებოდა ხვეწნა-მუდარა? ისედაც ნათელია, რომ ამ საქმეს არაფერი ეშველება. ახლა მაინც ხომ მიხვდი, რომ შეუძელებელია მისი გადარწმუნება? დაანებე, რა, თავი!

_ მაგრამ თქვენ ისე უხდებით ერთმანეთს…

_ ეს შენ გგონია ასე, მამიდა, _ რაც შეიძლებოდა, თბილად აღნიშნა სალიმ, _ გეხვეწები, შეეშვი მაგ კაცს, მე უკვე დავივიწყე ყველაფერი, მასაც გაუვლის… შენ რა გჭირს, რაღაც ცუდად გამოიყურები, რამე ხომ არ გაწუხებს?

_ არაფერიც არ მაწუხებს შენი ამბის გარდა, _ ხელი აიქნია მარინამ, _ მინდა, რომ ორივენი მოეგოთ გონს. რას ხედავთ კარგს იმაში, ერთმანეთს რომ აუბედურებთ? ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიეთ სიტუაცია, ნუთუ ასე ძნელია ეს?!

_ გინდა, ჩაი გაგიკეთო? ფერი არ გადევს სახეზე, _ ბანზე აუგდო სიტყვა სალიმ.

_ ჩაი არა ის! თუ გინდა, ჩემთვის რამე გააკეთო, ჩემი ხათრით, კიდევ ერთხელ დაელაპარაკე იმ კაცს.

_ მაპატიე, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია… წავალ, წამოვწვები, თორემ ძალიან დავიღალე, _ ჩუმად თქვა სალიმ და ოთახიდან გავიდა, თუმცა, საძინებლამდე მისვლაც ვერ მოასწრო, რომ საშინელი ბრაგვანის ხმამ ადგილზე გააშეშა.

როცა უკან მოტრიალდა, სასოწარკვეთილმა შეჰკივლა. მარინა მამიდა იატაკზე უგონოდ ეგდო.

გაგრძელება იქნება