ძლიერი სუსტი ქალი - თავი 17 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 17

2025-06-23 10:16:07+04:00

წინა თავი

გულის ტკივილის პირველი სიმპტომები მარინას ქმრის გარდაცვალების შემდეგ გამოუვლინდა, თუმცა იმკურნალა და ამ დრომდე ერთხელაც არ შეუწუხებია. ახლა კი… მამიდას ცუდად გახდომაში სალომე თავის თავს ადანაშაულებდა. დარწმუნებული იყო, რომ ვაკომ არაფერი იცოდა ქალის დაავადების შესახებ, თორემ აუცილებლად გააფრთხილებდა. სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მამიდას საავადმყოფოში მიიყვანდა, გოგონას თავისი დაემართა. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ღაწვებზე. შიშისგან სხეული ერთიანად უცახცახებდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ქალი გაუნძრევლად იწვა საკაცეზე და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

კლინიკაში მისვლისთანავე პაციენტი რეანიმაციაში შეიყვანეს. დაზაფრული სალომე მოსაცდელში დარჩა და მამაკაცივით ნერვულად დაიწყო ბოლთის ცემა დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში. ლოდინი გაიწელა. არა და არ დაადგა საშველი ექიმის გამოსვლას. გოგონა გულში ღმერთს შესთხოვდა მამიდას გადარჩენას.

როგორც იქნა, კარი გაიღო და მაღალი, სიმპათიური ქერა მამაკაცი გამოჩნდა.

_ როგორ არის, ექიმო? _ მიეჭრა სალი ექიმს.

მამაკაცმა სალათისფერი პირბადე მოიხსნა და გაიღიმა.

_ ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღე მოუწევს ჩვენთან დარჩენა. გამოკვლევებს ჩავუტარებთ, ანალიზებს ავუღებთ, მერე პასუხს დაველოდოთ და ვნახოთ. რაც მთავარია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დედათქვენია?

_ არა, მამიდაა ჩემი.

_ კეთილი.

_ შეიძლება ვნახო?

_ სამწუხაროდ, ვერ შეგიშვებთ. რეანიმაციაში მნახველების შესვლა აკრძალულია. ხვალ მობრძანდით, უკვე პალატაში იქნება და მოინახულეთ. დამშვიდდით, საშიშროებამ ჩაიარა, სანერვიულო არაფერია. მივხედავთ. აი, ეს რეცეპტი გამომართვით და წამლები შეიძინეთ. ჯერჯერობით ესენი დასჭირდება. რაც მალე მოიტანთ, მით უკეთესი. ექთანს გადაეცით. თუ შორს წასვლა გეზარებათ, უახლოესი აფთიაქი აქვე, ეზოშია.

სალიმ უაზროდ დახედა გაკრული ხელით ჩამოწერილი წამლების სიას, ექიმს მადლობა გადაუხადა და ეზოში გავიდა.

როცა ნაყიდი პრეპარატები ექთანს გადასცა, სთხოვა, ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ და თუ რამეა, შემატყობინეთ, იმწუთას აქ გავჩნდებიო. გაწრიპულმა, მჭახეხმიანმა მედდამ ნომერი ჩაიწერადა და შეჰპირდა, თუ მდგომარეობა გართულდა, დაგიკავშირდებითო.

სალი ტაქსით დაბრუნდა შინ. ჭიშკართან მეზობლის ხანში შესული ქალი, ნათელა შემოხვდა.

_ «წეღან სასწრაფო» დავინახე, _ თქვა მან, _ მშვიდობაა, შვილო?

სალომემ უამბო, რაც მოხდა. ქალი ძალზე შეწუხდა.

_ საწყალი მარინა, _ თავი გადააქნია მეზობელმა, _ ნამდვილი მოარული სიკეთეა. იმდენი კარგი მახსოვს მისგან, რომ არ ვიცი… მე ვილოცებ მისთვის, შვილო. დახმარება ხომ არ გჭირდება რამეში?

_ გმადლობ, ნათელა დეიდა, ექიმები არაფერს დააკლებენ, იმედია, _ უპასუხა სალიმ, _ ახლა მას კი არა, მგონი, მე უფრო მჭირდება დახმარება, ამ თაბაშირის გადამკიდე, არ ვიცი, რა მეშველება. ხელი მოვიტეხე და…

_ უი, უი, ეს რა მითხარი, გენაცვალე, _ შეიცხადა ქალმა, _ მითხარი, რა გავაკეთო და აქ ვარ.

_ რა ვიცი, თუ ძალიან გამიჭირდა, შემოგძახებთ, ხომ შინ იქნებით?

_ როცა გაგიხარდეს, შვილო, სახლში ვარ, აბა სად უნდა ვიყო! _ ნათელამ მკლავზე ალერსიანად მოუსვა გოგონას ხელი და ვაი-ვიშით გაემართა თავისი ჭიშკრისკენ.

8 8 8

ღამით არავის დაურეკავს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მარინას მდგომარეობა არ გართულებია. სალომეს ცუდად ეძინა, წარამარა ეღვიძებოდა ოფლში გახვითქულს. ერთი-ორჯერ ძილში წამოიყვირა კიდეც და დაფეთებული ზეზე წამოხტა.

გათენებას წესიერად არც დალოდებია, დილაუთენია ადგა და სააავადმყოფოსკენ გაეშურა. მარინა უკვე პალატაში დახვდა, იმ ღამესვე გადაუყვანიათ. იგი უკეთ გამოიყურებოდა. თავთან ახლა სხვა ექიმი ეჯდა და მაჯისცემის სიხშირეს და გულის დარტყმების რიტმს შესაბამისი ხელსაწყოებით უკონტროლებდა. სალის დანახვაზე ქალს სახე გაუბრწყინდა.

_ რა უშნო ხუმრობა გამომივიდა, საყვარელო, არა? _ უთხრა სალის, როცა ექიმი პალატიდან გავიდა, _ შენ კიდევ ამის დამატება გინდოდა, ისედაც მოშლილი გაქვს ნერვები.

გოგონამ ლოყაზე აკოცა.

_ ჩემი ბრალია, მამი, მე გავაფუჭე ყველაფერი. რომ მცოდნოდა, გული გაწუხებდა…

_ საიდან უნა გცოდნოდა, სიხარულო, როცა მე არასდროს არავისთან დამცდენია ამის შესახებ? _ შეაწყვეტინა მამიდამ, _ რატომ უნდა დავამძიმო სხვები ჩემი პრობლემებით? ყველას თავისი გასაჭირი აქვს. შენ როგორ ხარ?

_ რა ვიცი, აბა… რაც მთავარია, წუხანდელ ღამეს ცოცხალი გადავურჩი.

_ ვაკოსთან ხომ არ დაგირეკავს?

ძმისშვილი საწოლზე ჩამოჯდა და თავი გააქნია.

_ არა, არ დამირეკავს. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა… მეგონა, აჯობებდა, თუ შენ შეატყობინებდი ამ ამბავს, _ დარცხვენილმა თვალები დახარა.

_ მე-ე? აბა, როგორ, პატარავ? გგონია, ადგომის უფლებას მაძლევენ? შენ რომ დაურეკო, რა მოხდება?

_ არც არაფერი, მამიდა. კარგი, რადგან ასეა, როგორც კი შინ მივალ, აუცილებლად შევეხმიანები.

_ ჩემი ჭკვიანი გოგო! _ ჩურჩულით წარმოთქვა მარინამ და თვალები დახუჭა. როგორც ჩანდა, ხანმოკლე საუბარმაც კი დაღალა მისუსტებული ქალი.

_ დაძინება გინდა, ალბათ, არა?

_ დაძინება? ა-აქ? _ ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, _ ეს შეუძლებელია, შემოგევლე. საავადმყოფოში რა დამაძინებს! ზოგიერთებივით კი არ ვარ, ოღონდ ავად გახდნენ და მთელი დღე რომ შეუძლიათ პალატაში გორაობა და ძილი. თანაც, ამათ ხელში ვერც მოასწრებ გამოძინებას. წარამარა შემოდიან _ ხან ექთანი, ხანაც ექიმი და ან წნევას მიზომავენ, ან ნემსს მიკეთებენ, ან კიდევ რაღაცას «ხიმანდრობენ». წეღან კარდიოგრამა კიდევ ერთხელ გადამიღეს. იცი, რა? ჩემი აზრით, გადადება არ ღირს. იქნებ გახვიდე და ახლავე დაურეკო იმ ბიჭს, სანამ სამსახურში წასულა.

_ მაგრამ… მე არ მაქვს მისი ნომერი.

_ ასეთ მდგომარეობაში, შენ წარმოიდგინე, არც მე მახსენდება… მოიცა, ახლავე გავიხსენებ.

მარინამ რამდენიმე წუთით კვლავ დახუჭა თვალები, მერე კი გამოკვეთილად, თითო ციფრის წარმოთქმით უკარნახა ძმისშვილს ვაკოს ტელეფონის ნომერი.

სალიმ სიტყვასიტყვით გაიმეორა მამიდას ნაკარნახევი და უხალისოდ გავიდა პალატიდან. ახლა, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა, მასთან დარეკვა იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

რეგისტრატურაში შევიდა და ტელეფონი ითხოვა. თეთრხალათიანმა ქალმა გვერდითა მაგიდიდან აპარატი გადმოდგა და სალის წინ დაუდო.

ვაკოს ხმა გაიგონა თუ არა, გოგონას ეგრევე მუხლები მოეკვეთა.

_ სალომე ვარ, _ ჩახრინწული ხმით ძლივს ამოთქვა.

დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ კი…

_ აქ მეტჯერ აღარ დარეკო! _ მამაკაცის უკმეხმა ხმამ ბოლომდე გაანადგურა.

აქამდე კიდევ ეჭვობდა, რომ ვაკოს სიბრაზე გადაუვლიდა და მასთან შერიგებას მოინდომებდა. ახლა კი, მისმა პასუხმა საბოლოოდ გადაუწურა იმედი. საშინელი გრძნობა დაეუფლა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ხელმეორედ აკრიფა ნომერი, თან სიმწრის ოფლი ასხამდა. თუმცა ამწუთას საკუთარი ემოციების გაანალიზების დრო არ იყო. მას უნდა შეეტყობინებინა ვაკოსთვის მარინას მდგომარეობის ამბავი. მეექვსე ზარი რომ გავიდა, ავტომოპასუხე ჩაირთო.

_ «გამარჯობა. ვინც არ უნდა იყო, მინდა გითხრა, რომ შინ არ ვარ. დამიტოვე შეტყობინება და თავად დაგირეკავ».

_ ვაკო, _ ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა სალიმ, _ ვიცი, რომ სახლში ხარ. გთხოვ, აიღო ყურმილი. ჩემ გამო არ გირეკავ. საქმე იმაშია, რომ მარინა მამიდ…

_ მარინა? _ მოულოდნელად გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა, _ მარინას რა მოუვიდა?

_ საავადმყოფოში დავაწვინე, _ შვებით ამოისუნთქა გოგონამ.

_ ჯანდაბას! რა ცუდი ამბავია, რა ჭირს, რა დაემართა?

_ გულის შეტევა ჰქონდა.

_ დღეს?

_ არა, წუხელ საღამოს.

_ ახლავე მოვალ, _ სწრაფად ჩაილაპარაკა ვაკომ და გათიშა.

სალის კარგა ხანს ჩაესმოდა ყურში ტელეფონის წყვეტილი ზუმერის ხმა. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოეგო და ყურმილი დაკიდა.

სანამ ვაკო მოვიდოდა, სალი დამშვიდებას შეეცადა. არ უნდოდა, მამაკაცს ამ ყოფაში დაენახა. ისედაც საშინელი სანახავი იყო, ღამენათევს სახე გაფითრებოდა, თვალის უპები ჩაშავებოდა.

მამაკაცი იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე სალომე მოელოდა. ალბათ გიჟივით მოქროდაო, გაიფიქრა გოგონამ. როგორც კი პალატაში შემოვიდა, მაშინვე მარინასკენ გაეშურა, სალისთვის ზედაც არ შეუხედავს.. ის კი არა, მისალმებაც არ აღირსა. შეწუხებული სახით მიეახლა ქალს, დაიხარა და აკოცა, მერე კი მისი ხელი ხელში აიღო.

_ თავში როგორ მოგივიდა აზრად, ავად გამხდარიყავი, არ გრცხვენია? _ გაეხუმრა.

მარინამ თბილად გაუღიმა.

_ რა კარგია, ასე სწრაფად რომ მოხვედი, ჩემო კარგო.

_ ჯერ კითხვაზე მიპასუხეთ, ქალბატონო, _ აგრძელებდა ხუმრობას მამაკაცი, _ რა დროს ავადმყოფობა იყო?

_ ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი… როგორც ჩანს, დავბერდი.

_ იცი, რა? გულის შეტევა არაფრის გამო არ ხდება. რამეზე ინერვიულე?

_ დიდი ხანია, გული მაწუხებს, პირველი შემთხვევა კი არ არის…

_ რას ამბობ! როდიდან? რაც მე გიცნობ, მსგავსი არაფერი მახსოვს…

_ ჩემი ქმარი რომ დაიღუპა, პირველი სერიოზული შეტევა მაშინ დამემართა.

_ შემდეგ?

_ მერე დიდხანს ყველაფერი კარგად იყო, არ შევუწუხებივარ. როგორც ჩანს, დამინდო დროებით. ახლა კი გეყოფა «ბაირამობაო», გამომიცხადა და ა! შედეგიც!

_ და ეს რამ გამოიწვია? ახლა რაღაზე ინერვიულე? _ ვაკომ თავი მოატრიალა და გამჭოლი მზერა სალის დაასო.

_ მე რა ვიცი, _ ტუჩი აიბზუა მარინამ, _ დაავადებულ გულს მიზეზი არ სჭირდება. იქნებ ჯობია, ამაზე არ ვილაპარაკოთ.

_ მამიდა, მე წავალ, _ ხმადაბლა თქვა სალომემ, _ მოგვიანებით ისევ მოვალ. საჭმელსაც გაგიმზადებ და მოგიტან.

გოგონა პასუხს არ დალოდებია, თავდახრილი უხმოდ წამოდგა და მხრებჩამოყრილი გავიდა პალატიდან.

8 8 8

შუადღე თითქმის გადასული იყო, სალი კლინიკაში რომ დაბრუნდა. მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ ვაკო კვლავ მარინას საწოლთან იჯდა და ქალს ჩაფიქრებული დასჩერებოდა. ავადმყოფი თვლემდა. გოგონამ ჩანთიდან სანოვაგე ამოალაგა, მაცივარი გამოაღო და მოტანილის შიგ შელაგებას ისე შეუდგა, მამაკაცისთვის ხმა არ გაუცია.

_ შენთან ლაპარაკი მინდა, _ კბილებშუა გამოცრა ვაკომ, როცა გოგონა საქმეს მორჩა. ამით მიანიშნა, რომ იგი მის დაბრუნებას ელოდებოდა.

აშკარა იყო, მან ყველაფერი ათქმევინა მარინას, რაც წინა საღამოს მოხდა, რამაც მისი გულის შეტევა გამოიწვია და ახლა ჭკუის სწავლება უნდა დაეწყო ან საყვედურებით სურდა მისი ავსება.

სალი წელში გაიმართა და უსიტყვოდ მიჰყვა უკან. ეზოში გამოვიდნენ. გარეთ საკმაოდ ცხელოდა, ისეთი დახუთული ჰაერი იდგა, სუნთქვა ჭირდა. სალომემ უარესი დისკომფორტი იგრძნო. საინტერესოა, რა უნდა უთხრას? ჰგონია, თავს დააჩაგვრინებს? არამც და არამც! გოგონა შედგა. თავი ამაყად ასწია და მტრული მზერით მიაჩერდა მამაკაცს.

_ რის თქმას აპირებდი? _ მკვახედ იკითხა და იგრძნო, როგორ დაეცვარა ხელისგულები.

მის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო, მამაკაცის სიახლოვე მაინც ძლიერად მოქმედებდა მასზე. ეს კი სასოწარკვეთილებაში აგდებდა. ნეტავ შეძლებოდა ამ ურთიერთობის დავიწყება და წარსულში დაბრუნება… იმ მომენტამდე, სანამ მას გაიცნობდა.

მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. გოგონამ მის ცივ მზერას ვეღარ გაუძლო და განზე გაიხედა.

_ ძალიან ვნერვიულობ მარინაზე, _ დაიწყო მან.

_ შენ წარმოიდგინე, მეც, _ ირონიულად მიუგო.

_ მას აწუხებს ის, რომ… რომ… ჩვენ…

_ რა ჩვენ? _ ხაზგასმით ჰკითხა.

_ რომ ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებები არ დაემთხვა ერთმანეთს.

_ რას მელაპარაკები, მართლა?! რა დიპლომატიური ფორმულირებაა! _ სარკასტულად ჩაიცინა სალიმ, _ ამიტომაც გაიყო ჩვენი გზები, არა? არ აღმოგვაჩნდა ერთნაირი მსოფლმხედველობა… რა სამწუხაროა.

_ ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამთავრებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ…

_ ვაკო, მე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე ჩვენს ურთიერთობას უკვე ფიქრის დონეზეც არ ვუშვებ. ამიტომ, რაც არ უნდა მითხრა ახლა, იცოდე, რომ არაფერზე თანახმა არ ვიქნები!

_ იქნებ ჯერ მომისმინო? მოსმენა არ გასწავლეს სკოლაში? _ გესლიანად მიმართა მამაკაცმა, _ პირადად მე, რომ იცოდე, შენი დანახვაც არ მინდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენი მოვალეობაა, მარინას ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. არც ამაში მეთანხმები?

_ დავუშვათ, გეთანხმები, მერე? ამით რისი თქმა გინდა?

_ იმის გამო, რომ მან არ ინერვიულოს, იქნებ ისე მოვაჩვენოთ თავი, ვითომ კვლავ ვაგრძელებთ მეგობრობას. მის დასანახავად გავაკეთოთ ეს.

სალომეს ნერწყვი ყელში გაეჩხირა. ის სულ სხვა რამეს ელოდა. ის, რასაც ვაკო სთავაზობდა, მათ ერთხელ უკვე გამოიარეს და აი, რით დამთავრდა ყველაფერი!

_ თანახმა ხარ? _ ისე ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა, რომ სალიმ ძლივს გაიგონა მისი შეკითხვა.

თანახმაა? ახლა რომ დათანხმდეს, ხომ იცის, რის ფასადაც დაუჯდება მას ეს თანხმობა? ისედაც, ყველა ნერვი ცალ-ცალკე უხტის მთელ სხეულზე, თითქოს მარტივ მამრავლებად იყოს დაშლილი. არც ერთი კიდური თავის გემოზე არ ემორჩილება, რომ აღარაფერი ვთქვათ გულზე. და ყოველივე ამის შემდეგ მის წინადადებას დათანხმდეს? მერედა, როგორ ითამაშოს? შეძლებს კი? მისთვის ალბათ ადვილია, რადგან ჰგონია, რომ სალომე კარგი მსახიობია და ნიჭიერად შეასრულებს უკვე ნათამაშებ როლს, მაგრამ სინამდვილეში განა მართლა ასეა? არა, ეს შეუძლებელია! სალი ამას ვეღარ შეძლებს. ეს გადაწყვეტილია! მით უმეტეს, რომ ვაკო ვერასდროს მიხვდება, რაც ხდება ახლა მის სულში!

_ ამოთქვი ბოლოს და ბოლოს, ხარ თუ არა თანახმა? _ უკმეხად გაისმა მისი ხმა და კიდევ უფრო მოიქუფრა.

_ ჰო! _ ისე მოწყვეტით თქვა გოგონამ, თავადაც გააუკვირდა, ასე მარტივად რომ გამოუვიდა პასუხი.

_ მგონი, მთლად ბოლომდე არ უნდა იყო დარწმუნებული შენს ნათქვამში… _ შენიშნა მამაკაცმა.

_ თანახმა ვარ. სხვანაირად როგორ გითხრა, ვიმღერო? მესმის, რომ მამიდას ახლა სიმშვიდე სჭირდება. ყველაფერს გავაკეთებ მისი გულისთვის, რადაც უნდა დამიჯდეს ეს. ახლა არის დამაჯერებელი ჩემი პასუხი?

_ ის ერთადერთ რამეზე ოცნებობდა.

_ ნუთუ? და რაზე, თუ საიდუმლო არ არის? _ დამცინავი კილო არ შორდებოდა სალის.

_ იმაზე, რომ ჩვენ დავქორწინებულიყავით.

_ შეიძლება… მაგრამ ეს რომ გამორიცხულია, იმედია, კარგად გესმის, _ ჩამწყდარი ხმით უპასუხა გოგონამ და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

_ ძალიან მნიშვნელოვანია, მან იფიქროს, რომ ჩვენ მოვაგვარეთ ჩვენი პრობლემები და შევრიგდით, _ გააგრძელა ვაკომ, _ ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელდება. მერე კი, როცა შინ დაბრუნდება, ნელ-ნელა შევაპარებთ, რომ ასე სულაც არ არის. იმ დროისთვის საშიშროებაც ჩავლილი იქნება. მანამდე ფრთხილად უნდა ვიყოთ… შენც და მეც…

სალიმ კიდევ ერთხელ გადააგორა ნერწყვი და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

_ ვიცი, რომ ეს ორივესთვის ძნელი იქნება და გაგვიჭირდება, _ გააგრძელა ვაკომ.

_ თანაც როგორ გაგვიჭირდება… ზედმეტად…

_ გეყოფა, სალი, რა! _ შეჰყვირა უეცრად მამაკაცმა, _ არ არის საჭირო ასეთი ირონია. ამწუთას, მგონი, სულ სხვა რამეზე ფიქრობ, ვიდრე ჩვენს საერთო პრობლემაზე! _ ამ სიტყვებით მან მხრებში მძლავრად ჩაავლო ხელები, შეაჯანჯღარა და აიძულა, თვალებში შეეხედა მისთვის, _ ეს ყველაფერი ჩემთვისაც ისეთივე უსიამოვნოა, როგორც შენთვის, მაგრამ მოგვიწევს… და არ მოგცემ საშუალებას, ჩვენი დაშორებით მარინას ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნათ.

_ ეს არც მე მინდა, _ ერთობ მშვიდად უპასუხა სალომემ და ჯიქურ ჩახედა თვალებში, _ გგონია, შენზე ნაკლებად მინდა მისი გამოჯანმრთელება? გგონია, მსიამოვნებს, ავად რომ გახდა? მის მეტი, ფაქტობრივადა, არავინ მყავს. ამიტომ, თუ ვინმეს ინტერესებში შედის მისი კარგად ყოფნა, ჩემსაში, პირველ რიგში… ის ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია ამქვეყნად. სწორედ ამიტომაც ვადანაშაულებ ჩემს თავს იმაში, რაც დაემართა და ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვინელებ ამას. მისი გულისთვის მზად ვარ, მსხვერპლი გავიღო. სულაც არ მსურს, ჩემმა საქციელმა ან სიტყვებმა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ინფარქტამდე მიიყვანოს.

_ სამწუხაროდ, ეს უკვე მოხდა, _ გესლიანად შენიშნა ვაკომ, _ ამიტომ უკვე გვიან არის შენი მონანიება. ახლა კი შევბრუნდეთ უკან. ვინ იცის, იქნებ ნერვიულობს, იქ რომ არ ვართ.

პალატის კართან მისული ვაკო სალისკენ მოტრიალდა.

_ ჩვენი შეთანხმება უკვე ძალაშია, ამიტომ, კეთილი ვინებოთ და ძალიან ბუნებრივად მოვიქცეთ, _ თქვა მამაკაცმა, სწრაფად მოიქცია მისი სახე ხელებში და შუბლზე აკოცა.

გაგრძელება იქნება