ინფლუენსერი თათია თექთურმანიძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს და მარტოხელა დედობის გამოცდილების შესახებ წერს:

"ზოგადად, დედობა არის რთული და მარტოხელა დედობა ორმაგად რთულია, თუმცა, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვართმევ თავს. ქალს ძალიან ბევრი რამ შეუძლია, საერთოდ გადავაფასე ჩემი შესაძლებლობები. ისედაც ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ მთებს გადავდგამ.
ჩემი შვილი არის საოცარი, უდიდესი სიყვარულია, ცხოვრების აზრი და ბედნიერებაა. სადაც არ უნდა წავიდე, რა გარემოებაც არ უნდა იყოს, არსად ვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მასთან ერთად. ასე რომ, სხვა ყველა სირთულე ამ გრძნობასთან შედარებით არაფერია", - წერს თათია.
თათია თექთურმანიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პარტნიორთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადავ მან მეგობრებს შვილის მოლოდინის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. კითხვებს, ვინ იყო მისი მეუღლე, ის ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა. იშვიათად აქვეყნებდა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თათია თექთურმანიძეს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ელაია დაარქვა.მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად აქვეყნებს ქალიშვილის ფოტოებს, პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის გაურბის. თათიამ მხოლოდ ის გაამხილა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მეუღლეს დაშორდა და ახლა ელაიას მარტო ზრდის.

ვინ არის თათია თექთურმანიძე?
თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ კულინარიული პროექტ "მასტერშეფიდან" გაიცნო, სადაც მას "დესერტების პრინცესასაც" ეძახდნენ. თათიამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და თავმდაბლობით მალევე შეაყვარა და დაამახსოვრა. ამ პროექტის შემდეგ მან მონაწილეობა კიდევ არაერთ პოპულარულ შოუში მიიღო და, ამის პარალელურად, ინფლუენსერიც გახდა. თათია დღეს განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად უკეთებს რეკლამას სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას. ამასთან, ის საკუთარ გამომწერებს მარტივ და გამოცდილ რეცეპტებსა და რჩევებსაც უზიარებს.
"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე", - ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.