"ზოგს თავისუფლება უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია" - ნანული სარაჯიშვილის ინტერვიუ საინტერესო საკითხებზე - Marao

"ზოგს თავისუფლება უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია" - ნანული სარაჯიშვილის ინტერვიუ საინტერესო საკითხებზე

2025-06-24 13:03:54+04:00

ნანული სარაჯიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ის ნათელი ვარსკვლავია, რომლის სახელი და გვარი ნიჭსა და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. მას კარგად იცნობს ყველა თაობის მაყურებელი, როგორც კინოს, ასევე თეატრის სცენიდან. მისი სახელი უკვე მრავალი წელია, რაც ქართული ხელოვნების ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა მხოლოდ “მანანას“ როლითაც კი, თუმცა მისი კარიერიდან არაერთი დასამახსოვრებელი როლის გახსენება შეგვიძლია. 

  • "ჩემს დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი... ქიმიამ მოკლა ჩემი და; ჩემი დისშვილისთვის დედა გავხდი" - ნანული სარაჯიშვილი

ნანული სარაჯიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა „კვირის პალიტრამ“, რომელიც ფრაგმენტებსაც სტატიაში გთავაზობთ: 

„მანანა“

„ფილმი "მანანა", ეს იყო პირველი აღმაფრენა, პატარა ასაკში განცდილი დაუვიწყარი ემოციები. ურთიერთობა იმ დროის ვარსკვლავებთან. გადაღებების დროს გავხდი 12 წლის და ყველაფერი კარგად მახსოვს. სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია... რომელი ერთი ჩამოვთვალო, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობები იყვნენ, იყვნენ არაჩვეულებრივი პიროვნებები, მართლა ხელის გულზე მატარებდნენ. ისეთ გარემოში ვიყავი, შეუძლებელიც კი იყო, არ დამმახსოვრებოდა.

nanuli_sarajishvili

მამის დარიგება

„მამა მე და ჩემს დას ხშირად გვარიგებდა. მანანას როლი რომ შევასრულე,­ მაშინ მითხრა, შენ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სხვებისგან არ განსხვავდები, ისე უნდა იცხოვრო, როგორც სხვები ცხოვრობენ, მანანას როლი თავში არ აგივარდესო.”

შვილიშვილები

„ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილიშვილი, საყვარელი ბავშვები, რომლებსაც ვზრდი. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მათ შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ადამიანი ხანდახან დაღლი­ლი­ ხარ, ან განწყობა არ გაქვს, მაგრამ მათ რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება. უფროსი 10 წლის არის, პატარა - 3-ის.“

nanuli_sarajishvili

თბილისი

„სხვანაირი გახდა თბილისი, შეიცვალა ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. რატომღაც ბევრი აგრესია წამოვიდა, რომელიც ძველ დროში ნამდვილად არ იყო. იმ ასაკში ვარ, ძველი ყველაფერი კარგად მახსოვს და ახალთან შედარებას რომ ვაკეთებ, გული მტკივა. თბილი ურთიერთობა იყო, ყველანი ოჯახის წევრებივით ვცხოვრობდით, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა. სად წავიდა ეს ყველაფერი?

  • „ამ ვერელ გოგოს რატომ გათამაშებენ სულ კახელებსა და გოიმებსო...“ - ნანული სარაჯიშვილი

ამაზე სულ ვფიქრობ, ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა. ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ჯავახიშვილის, ბარნოვის ქუჩებზე მცხოვრებლებზე ვამბობდით, ჩემი მეზობელიაო. ახლა მეზობლობაც აღარ არის, ვერ გაიგებ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ძველმა მეზობლებმა ბინები გაყიდეს, ზოგი გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება.“

თავისუფლება...

"ზოგს უზრდელობა, უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია. ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. როცა შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს, როგორ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყო. თუმცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, როგორ იცხოვრო, როგორი იყოს ყოველდღიურობა. ვთვლი, რომ ზომიერებაა საჭირო, ზღვარგადასული თავისუფლებაც არ ვარგა."

ვარსკვლავის „ვარსკვლავი“

„სასტიკ უარზე ვიყავი, თქვენ არ იცით, როგორ წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბოლოს ნიკოლოზ წულუკიძემ მაინც "შემაბა". იმ დღეს ისე ვნერვიულობდი, არც ვიცი, რას ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ ეს დაფასებაა, პატივისცემაა, გამოხატული მადლიერებაა და მეც მადლიერი ვარ. რუსთაველზე რომ ჩავივლი, იმ ვარსკვლავისკენ სულ თვალს ვაპარებ, ისეთი ვარსკვლავების გვერდით ვარ, უკეთესი რა უნდა ინატრო.“