ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა: ამბავი კლეოპატრაზე - Marao

ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა: ამბავი კლეოპატრაზე

2025-06-24 13:41:35+04:00

კლეოპატრა VII ფილოპატორი, ალბათ, ერთადერთი ქალი ფარაონია, რომლის სახელი ათასწლეულების შემდეგაც კი არ საჭიროებს დამატებით ახსნას. მის შესახებ დაიწერა ლეგენდები, დაიმკვიდრა სახელი კინოინდუსტრიაში და პოლიტიკურ საკითხებშიც. სინამდვილეში, კლეოპატრა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ “რომაელი კაცების სატრფო”.

  • მონიკა ბელუჩი, ვივიენ ლი, ელიზაბეტ ტეილორი... ყველაზე ლამაზი "კლეოპატრები" მსოფლიო კინოში

ბერძნული ფესვები ეგვიპტის ტახტზე

კლეოპატრა დაიბადა ძვ.წ. 69 წელს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში. თუმცა, ის წარმოშობით მაკედონელი ბერძენი იყო, პტოლემეუსთა დინასტიიდან, რომელიც ეგვიპტეს  ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მართავდა.

პატარა ასაკიდანვე გამოირჩეოდა გონიერებით. კლეოპატრა ერთადერთი იყო პტოლემეებიდან, ვინც ეგვიპტურად საუბრობდა. ეს არამხოლოდ პოლიტიკური სვლა, არამედ ხალხთან მიახლოების მცდელობა იყო.

cleopatra

ძალაუფლებისთვის ბრძოლა საკუთარ ძმებთან

კლეოპატრამ ძალაუფლება ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მოიპოვა. ის ოფიციალურად მართავდა ეგვიპტეს თავის უმცროს ძმებთან ერთად - ჯერ პტოლემე XIII-თან, შემდეგ - პტოლემე XIV-თან. სინამდვილეში, ეს საერთო მმართველობა ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მან საკუთარ ძმებთან ბრძოლაში, პრაქტიკულად, ძალაუფლება ერთპიროვნულად აიღო  ხელში.

ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდია მისი შეპარვა იულიუს კეისართან. კლეოპატრა ხალიჩაში იყო გახვეული და ასე შეაღწია რომაელ მმართველთან. ეს იყო არამარტო დრამატული სცენა, არამედ გონივრული დიპლომატიური მანევრიც - კეისრის მხარდაჭერით კლეოპატრამ თავიდან აიცილა გაძევება და განამტკიცა თავისი პოზიცია ეგვიპტეში.

  • კლეოპატრა, ეკატერინე II, იმპერატრიცა ვუ - ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში 

პოლიტიკა სიყვარულით 

კლეოპატრას იულიუს კეისარისგან შვილიც შეეძინა - პტოლემე კეისარიონი, თუმცა, ოფიციალურად, კლეოპატრას რომში არასდროს აღიარებდნენ, მიუხედავად კეისართან ურთიერთობისა. მისი იქ ყოფნა პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო.

კეისრის მკვლელობის შემდეგ კლეოპატრამ ყურადღება მიმართა მარკუს ანტონიუსისკენ. ეს იყო რომაული ძალაუფლების მეორე ნაწილი. მათ შორის რომანტიკული და პოლიტიკურად მოტივირებული კავშირი განვითარდა. მათ ერთად სამი შვილი ჰყავდათ .

ანტონიუსთან კავშირი, ერთი მხრივ, კლეოპატრას ძლიერ მოკავშირეს აძლევდა, მაგრამ მეორე მხრივ, კონფლიქტში შეჰყავდა რომის სხვა ძალასთან, ოქტავიანესთან (ავგუსტუსი). სწორედ ეს დაპირისპირება გახდა მათი ტრაგიკული დასასრულის მიზეზიც.

  • საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს 

ტრაგიკული დასასრული და ძლიერი ქალის ხსოვნა

ძვ.წ. 31 წელს აქტიუმის ბრძოლაში კლეოპატრას და ანტონიუსის ფლოტი დამარცხდა ოქტავიანეს ჯარებთან. ერთი წლის შემდეგ, ორივემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კლეოპატრას სიკვდილი გარშემორტყმულია ლეგენდებით. გადმოცემით, მან შხამიანი გველი გამოიყენა, თუმცა ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ მან თავი შხამიანი მცენარით ან ნემსით მოიკლა. 

კლეოპატრას სიკვდილის შემდეგ ეგვიპტე რომის პროვინციად იქცა - ეს იყო დამოუკიდებელი ეგვიპტური სახელმწიფოს დასასრული.

კლეოპატრა - სტილის და თავის მოვლის პიონერი?

კლეოპატრა თავის მოვლის ნამდვილი პიონერად ითვლება. ცნობილია, რომ ის იღებდა თბილ აბაზანას თაფლით, რძით და ვარდის ზეთით, რაც კანს სიმკვრივესა და გაახალგაზრდავებულ ეფექტს აძლევდა. ის ქმნიდა საკუთარი პარფიუმერიულ ზეთებს. ხშირად თავადვე აზავებდა სურნელოვან მცენარეებს. თვალის მოხატვის ხელოვნება კი მის სახეს უკვდავს ხდიდა.

დღესაც მრავალი თავის მოვლის ბრენდი იყენებს კლეოპატრას სახელს მისი "სილამაზის საიდუმლოებების" გამოყენებით.

  • ვინ შექმნა პირველი სუნამო და რა მიზნით გამოიყენებოდა ის? - ისტორია, რომელიც აქამდე არ იცოდით 

კლეოპატრა ერთდროულად არის ქალი, დედოფალი, პოლიტიკოსი, დედა, დიპლომატი და სტილის ხატი. მისი ცხოვრება შთაგონებად იქცა მხატვრებისთვის, რეჟისორებისთვის, მწერლებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ გაბედული ნაბიჯების გადადგმას. 

კლეოპატრა არ იყო ზღაპარი. ის იყო რეალური ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა.